"ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, განათლების სფეროში ამდენი არასპეციალისტი სად იპოვეს და საიდან მოიყვანეს?"

განათლების სისტემა დიდი ცვლილებების მოლოდინშია. ორთვიანი დაკვირვების შემდეგ გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სამინისტროში საფუძვლიანი საკადრო წმენდა ჩაატარა.

განათლების სფეროში განხორციელებული თუ განსახორციელებელი რეფორმების შესახებ განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე გვესაუბრა:

– როგორც დარგის სპეციალისტი და მასწავლებელი, წლების განმავლობაში, ჩემს სტატიებსა და მოხსენებებში ძირითადად, ორი მიმართულებით ვამახვილებდი ყურადღებას: ერთია ეროვნული სასწავლო გეგმა და მეორე — ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2005 წელს, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმის საცდელი ვარიანტი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანეს, უამრავი კითხვა და შენიშვნა გამიჩნდა. ყველაზე მეტ კითხვას აჩენდა ის, რომ ძირითად სამოქმედო დოკუმენტში ცოდნა მთლიანად იგნორირებულია და თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია უნარ-ჩვევებზე, არადა ძველი სასწავლო პროგრამები ცოდნაზე ორიენტირებული გახლდათ. რა თქმა უნდა, ის პროგრამები მოძველებული იყო და რა ცოდნას აძლევდა, საკითხავია, მაგრამ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მხოლოდ ის იყო მითითებული, რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს და არსად ეწერა, რა უნდა იცოდეს მან.

– რატომ?

– ამას იმით ხსნიდნენ, რომ უამრავი ინფორმაცია დაგროვდა და ყველაფრის სწავლა შეუძლებელია, ამიტომ მოსწავლეს ისეთი უნარები უნდა გამოვუმუშაოთ, რომ თვითონ შეძლოს სწავლაო. ესეც ახალი ტერმინია, რომელიც ჩვენს დარგშიც 2005 წლის შემდეგ დამკვიდრდა. მაშინ ჩემი პირველი შენიშვნა იყო, რომ უნარ-ჩვევები კონკრეტული ვერ იქნება, ზოგადია და შეიძლება ზედმეტად დაგვაბნიოს. წარმოიდგინეთ, მასწავლებელი შეფასებას წერს არა ცოდნაში, არამედ უნარ-ჩვევებში, რადგან მოსწავლის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ეს გახლავთ.

– რა ვითარებაა ეროვნული გამოცდების მიმართულებით?

- ეროვნულ გამოცდებზე ორიენტეცია აღებულია ფაქტობრივ ცოდნაზე. მაგალითად ავიღოთ ქართული ენა, რომელიც საკმაოდ რთული საგანია. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მისი საკითხები ძალიან ზოგადად არის წარმოდგენილი. მაგალითად, მითითებულია, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს სახელისა და ზმნის ძირითადი კატეგორიები და უნდა შეეძლოს მათი სწორად გამოყენება. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ზმნის ძირითად კატეგორიებზე ენათმეცნიერები დღემდე დავობენ, არსად არ არის მითითებული რა უნდა იცოდეს ამ კატეგორიებიდან ბავშვმა. არადა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სწორედ ფაქტობრივი გარემოებების ცოდნაზე გამახვილდა ყურადღება, რამაც ერთგვარი სტიმული მისცა რეპეტიტორობის დაწყებას და გაძლიერებას. ბუნებრივია, როცა სკოლა ბავშვს სათანადო ცოდნას ვერ აძლევს, რეპეტიტორის ინსტიტუტი აუცილებელი ხდება.

– ეს სკოლის ბრალია თუ საგამოცდო ცენტრის?

– ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მე როგორც ენის სპეციალისტი ყოველთვის ვამბობდი, კიდევ კარგი, რომ არსებობს ერთიანი ეროვნული გამოცდები, იმიტომ რომ სკოლა მთლიანად უნარ-ჩვევებზეა ორიენტირებული და ბავშვები გამოცდების გამო მაინც სწავლობენ რაღაცას. მეორე ამბავია მასწავლებლის მომზადების საკითხი. ჯერ კიდევ რეფორმამდე გაჟღერდა, რომ დაწყებითი სკოლა 1–6 კლასებით განისაზღვრებოდა. პირველი კითხვა, რაც მაშინ გამიჩნდა, იყო — როგორ უნდა ვასწავლოთ 1–6 კლასებში, ყველა საგანი ერთმა მასწავლებელმა თუ საგნობრივი სწავლება გვექნება? ამ კითხვაზე პასუხი ვერც მაშინ მივიღე და მერე. პირადად მე ძალიან ცოტა მეგულება ისეთი მასწავლებელი, რომელიც 1–6 კლასში შეძლებს ყველა საგნის სწავლებას. ჩავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, იქ ისეთ უნარებზეა საუბარი, რომ ერთი მასწავლებელი ერთდროულად, სამივე საგანში ვერ მისცემს, ამიტომ ეს საკითხი ცოტა გაურკვეველია. 2011–12 წლების შემდეგ ყველას მასწავლებლობის უფლება მისცეს, ვინც სასერტიფიკატო გამოცდებს ჩააბარებდა.

– მათ შორის არაპედაგოგიური პროფილის კადრსაც არა?

– დიახ. სურვილის შემთხვევაში, ამ გამოცდებზე ნებისმიერს შეეძლო გასვლა მიუხედავად იმისა, რა საბაკალავრო განათლება ჰქონდა მიღებული. ინჟინერი იქნებოდა, აგრონომი თუ ასტრონომი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მერე უცბად გადაწყვიტეს, რომ მასწავლებლის მომზადება 4 წელიწადში ვერ მოესწრება და ისევ 5 წლიანი სასწავლო გეგმები მოვამზადოთო და გაჩნდა ე.წ. 300 კრედიტიანი პროგრამა. ეს 300 კრედიტიანი პროგრამა ნიშნავდა მასწავლებლის მომზადებას 5 წელიწადში, ოღონდ ის თავისი სტატუსით განათლების მაგისტრს გაუტოლდებოდა. 3 წლის წინ დავიწყეთ ამ გეგმებზე მუშაობა, მაგრამ მერე ეს ამბავი შეფერხდა და ამ 300 კრედიტიანი პროგრამების მომზადება მხოლოდ დაწყებითების მასწავლებლებისთვის მოესწრო. იცით, როდის გაიარა ამ 300 კრედიტიანმა პროგრამამ აკრედიტაცია? წელს, ივლისის თვეში, როცა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა და იმ არჩევანში პედაგოგიური მიმართულება არ ეწერა. ვერც ეწერებოდა იმიტომ, რომ არ ივლისამდე აკრედიტებული არ ყოფილა. როგორ შეიძლებოდა ამ პროგრამების ივლისში აკრედიტაცია? ეს ხომ ძალიან დიდი შეუსაბამობაა, მაგრამ მთავარი შეუსაბამობა ის არის, რომ დღემდე მასწავლებლის სამოდელო გაკვეთილის შეფასებაში მასწავლებლის ცოდნასა და კომპეტენციაზე ყურადღება არ მახვილდება და მთელი აქცენტი უნარ-ჩვევებზეა გადატანილი. არ შეიძლება ცოდნის ასე იგნორირება. ის უნარ-ჩვევები უნდა იყოს ცოდნის შედეგი და არა მექანიკური წვრთნის, თორემ მაშინ კინოლოგებს შევიყვანდით ბავშვებთან.. წვრთნა ყველაზე კარგად მათ იციან.

— „ქართული ოცნების“ხელისუფლებაში ყოფნის 6 წელიწადში განათლების სფეროში 4 მინისტრი შეიცვალა, თუმცა, ბატიაშვილის მოსვლამდე ცვლილებების აუცილებლობაზე არავის უფიქრია..

— შეიცვალა მარტო ის, რომ ადრე თუ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მარტო სოციალურად დაცველი ოჯახის შვილებისთვის მუშაობდა, მარგველაშვილის მინისტრობის დროს ყველასთვის უფასო გახადა. უფასო ქვეყანაში არაფერი არ არის და იცით, ვის ხარჯზე განხორციელდა ეს ცვლილება? 2012 წელს ჩემმა საბაზო და საშუალო სკოლის სახელმძღვანელოებმა გრიფი მიიღეს, მაგრამ ფაქტობრივად, ჰონორარი არ აგვიღია იმიტომ, რომ წიგნები სახელმწიფომ შეისყიდა და გამომცემლობებს კაპიკები გადაუყარა. 

– მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ თქვა, რომ მისი თანამდებობიდან გაშვება გრიფირების პროცესს არ უკავშირდება..

– არ ვიცი რას უკავშირდება, მაგრამ ბოლო გრიფირების პროცესში ისეთი დარღვევები იყო, მსგავსი 90-იან წლებშიც კი არ მინახავს, როცა კორუფცია ყვაოდა. წინა წლებში ჩვენ ყოველთვის გვქონდა ექსპერტებთან შეხვედრის და აზრის გაზიარების შესაძლებლობა, ახლა ამაზე ფიქრიც გამორიცხულია. როგორც დარგის სპეციალისტს, ყველაზე მეტად ის მაღელვებს ამდენი არასპეციალისტი სად იპოვეს და საიდან მოიყვანეს? 

საუბარი რომ აღარ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ განათლების სფეროში შესაცვლელი და გასაკეთებელი ძალიან ბევრია, ამიტომ წარმატება ვუსურვოთ ახალ მინისტრს ამ არც თუ ისე ადვილ საქმეში.

ნელი თორდია
скачать dle 12.0