არჩილ ხომასურიძე: "ყველა სამედიცინო სიახლე, რომლითაც შესაძლებელია უშვილობის მკურნალობა, საქართველოში ჩვენ დავნერგეთ!"

ვაგრძელებთ ინტერვიუების ციკლს "წარმატებული ქართველი ექიმები".

გვესაუბრება იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი არჩილ ხომასურიძე.

_ ბატონო არჩილ, მოდით, ზოგადად, შეაფასეთ ქართული სამედიცინო სფერო. რა მდგომარეობაა დღეს ქართულ მედიცინაში?

_ მწარედ მეღიმება და უნდა გითხრათ, ძალიან მძიმე ვითარებაა. მაგალითად, როცა თვითონ მე მჭირდება მკურნალობა, ვფიქრობ, ვის მივმართო. მაშინ, როცა, თუ არ ვცდები, 46 000 სერთიფიცირებული ექიმია საქართველოში. ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს, თუმცა ძირითადი მაინც განათლების დაბალი დონეა.

პირადად მე გახლავართ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და თვითკრიტიკულიც ვარ, როცა მედიკოსების განათლებაზე ვლაპარაკობ.

მთელი ცხოვრება მივუძღვენი რეპროდუქტოლიოგიას, რომელიც მე დავაარსე საქართველოში, ანუ უშვილობის მკურნალობას, ქალთა კონტრაცეპციას, სქესობრივ მოშლილობებს, იმპოტენციას, კლიმაქსს და ა. შ.
ამ დაავადებების მკურნალობა დაიწყო და წარმატებით გრძელდება ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში რა ნოვაციაც არის დანერგილი რეპროდუქტოლოგიასა და მეანობა-გინეკლოლგიაში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩვენს დაწესებულებაში არის განხორციელებული. კერძოდ, ლაპარასკოპიური ოპერაციები პირადად ჩემი ინიციატივით, ბატონმა ედუარდ ვეინბერგმა დანერგა ჩვენს ინსტიტუტში. ეს მოხდა 1986 წელს. პირველი ენდოსკოპიური ოპერაცია ჟორდანიას ინსტიტუტში გაკეთდა.

ბრწყინვალე ქირურგი გახლდათ აწ გარდაცვლილი ედუარდ ვეინბერგი. ღვთით ბოძებული ნიჭი ჰქონდა. ჩვენმა ინსტიტუტმა დანერგა კონტრაცეპცია, ინვიტრო განაყოფიერება. ჩვენთან დაინერგა ანდროლოგიაც.

_ მაგრამ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დღეს თითქოს უკანა პლანზე აღმოჩნდა.

_ თქვენ შეიძლება იცით, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლები პირდაპირ გამოგვყარეს ჩვენი ისტორიული შენობიდან და ამან გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენა იქონია მის საქმიანობაზე.
როგორც ჩემს ყურს მოსწვდა, თავის დროზე, ამ შენობით და თვითონ რეპროდუქტოლოგიით სანდრა რულოვსი იყო დაინტერესებული. ის სწავლობდა კიდევაც რეპროდუქტოლოგიას, მაგრამ მერე თავი დაანება. ეტყობა, მიხვდა, ასე ადვილი არ არის ამ დარგის შესწავლა.

იმ ხანებში, როცა კახა ბენდუქიძე ყველაფერს ყიდდა "სინდისის" გარდა, ჩვენს შენობასაც დაადგეს თვალი. შემოგვთავაზეს, თვითონ გვეყიდა ეს შენობა, მაგრამ ვერ შევძელი იმდენი თანხის მოძიება, რასაც გვთხოვდნენ და მაშინ უკვე როგორც ჩანს, ამ "ბრძოლაში" აქტიურად ჩაერთო კეზერაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილი. ვინ გაიმარჯვა, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ გამოგვაგდეს იქიდან.

_ რამდენს გიფასებდნენ შენობას?

_ 300 დოლარი ერთი კვადრატული მეტრი. ამდენი ფული საიდან უნდა მეშოვნა? და ამ დროს გამოჩნდნენ ე.წ. ინვესტორები, რომლებიც გვპირდებოდნენ _ მედიცინას ხელს არ ვახლებთ, თქვენ იმუშავეთ, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთო. როგორც კი ხელი მოვაწერე შეთანხმებას, დაიწყეს ჩვენი შევიწროება და იძულებული გავხდით, წამოვსულიყავით იქიდან.

ჩემი ცხოვრება შევწირე ამ ინსტიტუტის წარმატებულ ფუნქციონირებას და რეპროდუქტოლოგიის დაარსებას, აბორტების სრული ლიკვიდაცია მოვახდინეთ, ინვიტრო განაყოფიერებით დღემდე თითქმის 8000 ბავშვია დაბადებული. საზოგადოება იცის ვის მიერ გაკეთდა ეს, მაგრამ არჩილ ხომასურიძის პერიოდში დაიშალა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი. როგორ მებრძოლა "ავტორიტეტებთან"?!

მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ და დაშლილ-დაფანტული ჟორდანიას ინსტიტუტისგან ისევ შევქმენით გუნდი, რომელიც დღეს კვლავ წარმატებულად საქმიანობს.

მუშაობა დავიწყეთ 2012 წელს. შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ალტერნატივა.

_ ძველი შენობა კოსტავას ქუჩაზე შეფუთულია. არავინ იცის, რის აშენებას აპირებენ იქ.

_ ის ისტორიული შენობა შეფუთული კი არა, შიგნიდან მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია მხოლოდ გარე ფასადი. ის 1000-წლოვანი ნაძვი, ინსტიტუტის ეზოში რომ იდგა, მოჭრეს. გააოხრეს იქაურობა.

_ აქ, ამ ახალ კლინიკაში, დღეს ყველა გინეკოლოგიურ დაავადებას მკურნალობთ?

_ რა თქმა უნდა. ჩვენთან ყველაფერი იგივეა, რაც იყო თავიდანვე ჟორდანიას ინსტიტუტში.
იკითხავთ, რა ხდება ახალი?!

ახალი თითქმის ყოველ დღე ხდება. ჩვენ ვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებებს და დღეში რომ თუნდაც ასეთი გზით ერთი ბავშვი დაიბადება, არ არის ახალი ამბავი?

მაგალითად, მამაკაცების საიმედოდ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დაახლოებით, 30 წლის წინათ, მამაკაცი უნაყოფოდ ითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი სპერმატოზოიდების რაოდენობა სპერმაში 80 მლნ-ზე ნაკლები იყო, ახლა თუ თუნდაც ერთი სპერმატოზოიდი, ისიც ცუდად მოძრავი თუ არსებობს მამაკაცის ორგანიზმში, ისიც შეგვიძლია "გავაცოცხლოთ" და ხელოვნური განაყოფიერება განვახორციელოთ.

ქალთა რეპროდუქტოლოგიაში უფრო რთული ვითარებაა, მსოფლიოში ქალების 40% ინვიტრო განაყოფიერებას საჭიროებს.
საქართველოში უშვილობის მკურნალობა მაღალ დონეზეა და მიმაჩნია, რომ იოსებ ჟორდანიას სურვილი ამ მხრივ, ჩვენ შევასრულეთ და ყველა სამედიცინო სიახლე, რომლითაც შესაძლებელია უშვილობის მკურნალობა, საქართველოში დავნერგეთ.
ამ კუთხით კარგად მოღვაწეობენ ჩემი ყოფილი მოწაფეები, შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის ქართველი სპეციალისტები: გია ცაგარეიშვილი, ლია ჭყონია და სხვები.

ასე რომ, ტრადიცია გრძელდება და ჟორდანიას ინსტიტუტი კვლავ ხალხის სამსახურშია.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0