ჩვენი ცივილიზაცია უფსკრულისკენ მიექანება

დანიაში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომ ნამდვილი დანიელები და ნამდვილი ფრანგები არ არსებობენ, და მისმა კრიტიკამ იმ ხალხის მიმართ, ვინც ღია არ არის დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ცვლილებებს ეწინააღმეგება.

დანიელ სტუდენტებს მაკრონმა განუცხადა “თქვენი ენაც კი მხოლოდ დანიური არ არის, ის ევროპულია. იგივე მოცემულობაა ფრანგების შემთხვევაშიც,”ამავე დროს მაკრონმა გააკრიტიკა ფრანგები, რომლებიც ღია არ არიან დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ჯიუტად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს…საზოგადოების აზრი და დარდიც როგორც ჩანს გლობალიზაციის „სინათლით“დაბნელებულ ევროპელ „პირველებსაც“ნაკლებად აღელვებთ…

ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი პიერ რაბი ხუთიოდე წლის წინ თითქოს მარტივად, მაგრამ საინტერესოდ უხსნიდა გატანჯულ საზოგადოებას, რომ კრიზისი ადამიანურია, სულიერია, ღრმაა, გარეგნულად, ერთის შეხედვით ფინანსურია, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა გავიგოთ რომ ის უწინარეს ყოვლისა შინაგანი და ფსიქოლოგიურია, მისი საწყისი ღრმა მიზეზები არის ადამიანის შიგნით, მის სიღრმეში. ეს მიზეზებია სულიერ და კულტურულ ღირებულებათა, ეთიკის, საერთო აზრის, საერთო პრობლემების, საერთო ამოცანების და საერთო ინტერესის განცდის დაკარგვა და ესაა ადამიანის მრავალი ნაკლის სიხარბის, სიძუნწის, ეგოიზმის, მომხვეჭებლობის, ძალაუფლებისკენ სწრაფვის, სხვებზე ბატონობის, სხვათა გაკონტროლების სურვილის შედეგი. დღევანდელი ადამიანი არსებითად გადაიქცა მატერიალისტ, ასოციალურ და ეგოისტ, ათეისტ ვინმედ და მან დაივიწყა ან უარყო თავისი ფუნდამენტური ღირებულებები.

დღევანდელი ადამიანი ნაკლებად გულწრფელია და ის ჩამოშორდა ეთიკას. ის აღარაფრად აგდებს ღვთაებრივ ძალებს და თაყვანს სცემს საკუთარ თავს. დღევანდელი ადამიანი მოხიბლა და გადააგვარა მისმა საკუთარმა სურვილებმა, მისწრაფებებმა, გარყვნილობამ. დღევანდელი ადამიანის მიზანია სიამოვნება და მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭა იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. მან დაივიწყა მთავარი: ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა, სინდისთან, გონიერებასთან მჭიდროდ დაკავშირებული რაღაცა რასაც ვერ იპოვი გარე სამყაროში და მით უმეტეს ვერ იპოვი უსასრულო თავაშვებულობა ავხორცობაში. ბედნიერება არის ბუნებასთან, ჩვენს დედა-მიწასთან, სამყაროს ყველა არსებებთან და ძალებთან ჰარმონიის ნაყოფი. ჩვენი ცივილიზაცია უფსკრულისკენ მიექანება და მას ვერაფერი უშველის მანამდე სანამ გვამოძრავებს ეგოიზმი და სანამ რაღაც გამორჩენის გულისთვის ყველა ებრძვის ყველას. პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლება სამყარო. ყველაფერი მოდის ჩვენი შინაგანი სამყაროდან, ყველაფერი გამოიკვეთება ჩვენი სულიდან, ფსიქიკიდან ფიზიკური სამყაროსკენ, აი რატომაა აბსოლუტურად ფუნდამენტალური შინაგანი ფსიქოლოგიური ასპექტი. აი რატომ ეწერა ძველ საბერძნეთში დელფოს აპოლონის ტაძრის კართან: „ადამიანო, შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს და ღმერთებს“. მაგრამ დღეს არის ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, პოლიტიკური კრიზისები, ირგვლივ ინგრევა და ქრება სახელმწიფოები, დახეტიალობენ ომებისგან თუ კლიმატური კატასტროფებისგან გაგიჟებულ ადამიანთა მასები. მარტო 2015- წელს გერმანიაში დაასახლეს ორ მილიონზე მეტი მიგრანტი. არის ტერორიზმიც. ყველაფერი ეს იწვევს შინაგან, სულიერ კრიზისებს. მეთვრამეტე საუკუნიდან დაწყებულ და წყვეტილად მიმდინარე დექრისტიანიზაციის პროცესსაც აქვს თავისი შედეგები…

ადამიანებმა, მათ შორის ევროპელებმაც, დაკარგეს მოსვენება და ისინი ეძებენ სულიერების წყაროებს ევროპის გარეთაც…

2017 წლის დასაწყისში გარდაცვალებამდე ცვეტან ტოდოროვმა თავის დასმულ კითხვას – რა უნდა გვახსოვდეს მეოცე საუკუნიდან რომელმაც ნახა რომ გულუხვი უტოპიები გადაიქცნენ ყველაზე უარეს ტოტალიტარიზმებად? მან ასეთი პასუხი გასცა — კომუნიზმი იყო დაპირება რომელმაც მოხიბლა მილიონები. ნაციზმმა ვერ მოხიბლა ამდენი. ნაცისტური პროპაგანდა ვერ მოგატყუებს ისე როგორც მოგატყუებს კომუნისტური პროექტი… კომუნისტები ინანიებენ და ანტიკომუნისტები ხდებიან, რითაც ინარჩუნებენ სიმპატიის კაპიტალს და იღებენ ნობელის და იმანუილ კანტის პრემიებს. არ დავივიწყოთ რომ მსოფლიოს უდიდესმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ აშშ-მ, მოსპო ჰიროსიმა და ნაგასაკი 1945 წელს. იაპონიისთვის ატომური ყუმბარების დაშენა გაამართლეს იაპონური მილიტარიზმის ოდიოზური ბუნებით და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აუცილებლობით, მსხვერპლთა „უსასრულოდ მეტი რაოდენობის“ არდაშვების სურვილით. მაგრამ ეს არგუმენტები არაა დამაჯერებელი. შესაძლებელი იყო ომის სხვა საშუალებებით დამთავრება. 

ტოდოროვი განმარტავდა, რომ მილოშევიჩის „საზიზღარი“ რეჟიმისთვის ბოლოს მოღება და იუგოსლავიის ტერიტორიაზე სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა კარგი მიზანი იყო, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არ იყო საჭირო ამ ქვეყნის კიდევ უფრო დანგრევა, სერბებს და ალბანელებს შორის ისეთი სიძულვილის ჩამოგდება, რომელიც არ ჩაწყნარდება არც ექვსი თაობის შემდეგ. არსებობს საშინელი გამოთქმა “ჰუმანიტარული ომი“ სამწუხაროა, რომ ეს გამოთქმა დაწერა ვაცლავ ჰაველის კალამმა კაცისა ვინც ესოდენ აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას ტოტალიტარიზმს. ვაცლავ ჰაველი ლაპარაკობს „ეთიკურ ომზე~ და „ჰუმანიტარულ ბომბებზე“, ბომბი მუდამ სასტიკი და ულმობელია მიუხედავად იმისა რომ არსებობს სამართლიანი ომები. მე არ ვარ პაციფისტი ამბობდა ტოდოროვი და განმარტავს, რომ ომი რომელიც ცდილობს გენოციდის გაჩერებას გამართლებულია. დღეს ვიცით რომ ასე არ ყოფილა კოსოვოში. ეს ალბათ არის ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი გაკვეთილი, აღარ უნდა გჯეროდეს რომ პროექტი კარგია თუ კი ამ პროექტის განხორციელებამ გამოიწვია ტრაღედიები. უნდა გავიგოთ რომ პროექტში რომელიც გულისხმობს სხვებისთვის სიკეთის დაძალებას ბომბებით და ასე შემდეგ, არის რაღაცა რასაც მოყვება დიდი ბოროტება. 

ვიეტნამის დაპყრობისას წვავდნენ და კლავდნენ, მაგრამ ჰანოიმდე მისულმა ბერტმა პირველ რიგში ადამიანის უფლებათა დეკლარაცია დაამაგრა ახლად დანგრეულ სასახლეზე. უნდა უარვყოთ სიკეთის აბსოლუტური განსაზღვრება, სულ მცირე არ უნდა ვენდოთ მას? უბრალოდ სიკეთე არ უნდა გავაიგივოთ სოციალურ პროექტთან. თვითონ საზოგადოება როგორც მთლიანობა არ იქნება სიკეთე. სოციალური უსაფრთხოება, სახელმწიფო, სახელმწიფო ტრანსპორტი, ტელევიზორი კარგია, მაგრამ სიკეთე სხვაა…ინდივიდი კარგია მაგრამ არა ბაზრის, ულტრალიბერალური ეკონომიკის აზრით. ცვეტან ტოდოროვი გახლავთ ავტორი წიგნისა “ ბოროტების ხსოვნა, სიკეთით ცდუნება” სადაც კითხვას დარჩება თუ არა მეოცე საუკუნე ისტორიისთვის სტალინის და ჰიტლერის საუკუნედ? ასე პასუხობს-შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ეს მეტისმეტად დიდი პატივი იქნება ტირანებისთვის. 

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0