იდლიბის ყულფი

მსოფლიო პოლიტიკაში გასულ კვირას რამდენიმე მოვლენა მოხდა, რომლებიც ექსპერტებმა სენსაციადაც მიიჩნიეს. ყოველივე შაბათს ირანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გადაფარა.

მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და პენტაგონი ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ, მათ შორის კიბერსივრცეში, ირანს, რუსეთსა და ჩინეთს ასახელებენ, მაგრამ ტერორიზმისგან არც ეს ქვეყნები არიან დაზღვეულნი. შაბათს ირანის ქალაქ ახბაზში სამხედრო აღლუმი გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავტომატური იარაღიდან გახსნეს ცეცხლი. შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა. თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აშშ ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. ტერაქტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა საუდის არაბეთში არსებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განახორციელა. თუმცა, მოგვიანებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. `ისლამური სახელმწიფოს~ მებრძოლებმა აიღეს. მიუხედავად ამისა, ირანის მხარე კვლავ აშშ-ს ადანასაულებს და აცხადებენ, ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავენო. ირანელებს აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ უპასუხა. მისი განცხადებით, აშშ-ის მხარე არ აპირებს ირანის შინაურ საქმეებში ჩარევას და არც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დგასო. თავდამსხმელები ირანელებმა ადგილზე გაანადგურეს. ჰასან როუჰანის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა, ვინც მომხდარ ტერორისტულ აქტთან არის დაკავშირებული, სასტიკად დაისჯება. რა გაგრძელება მოჰყვება მომხდარს, კვლავ დაიძაბება ვითარება რეგიონში თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. სამეზობლოში სიტუაციის დაძაბვა ჩვენთვის, საქართველოსთვისა საზიანოა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სტუმრობდა მეუღლითურთ. დუდას ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი იყო. ამერიკელი მიმომხილველები აღნიშნავდნენ, რომ დუდამ საკმაოდ დაიმცირა თავი ტრამპთან ლაქუცითო. სტუმარი დონალდ ტრამპს არწმუნებდა, პოლონეთში განთავსებული ბაზა რუსეთის წინააღმდეგ ციტადელი გახდებაო. ამის გარდა, შესთავაზა ბაზას "ფორტ ტრამპი" დავარქვათ სახელადო. დუდა მზად არის, გაიღოს 2 მლრდ დოლარი ბაზის განთავსებისთვის. რუსეთის შესახებ კი ტრამპმა უპასუხა: "…ვთვლი, რომ რუსეთი აგრესიულად იქცეოდა. ისინი ძლიერ ძალას სცემენ პატივს. ყველაზე ძლიერები კი ახლა ჩვენ ვართ".

დონალდ ტრამპმა დუდას ბაზის განთავსებაზე არაფერი უთხრა, საკითხი, ფაქტობრივად, ღიად დატოვა. ხოლო კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, სანქციების დაწესებას არ გეგმავს. ექსპერტებისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია მისი მოსაზრების შეცვლა.

ჩინეთისთვის დაწესებული სანქციები უკვე სრული ძალით ამოქმედდა. ექსპერტები შიშობენ, აშშ-ჩინეთის ორმხრივი სანქციები შესაძლოა, ფართომასშტაბიან სავაჭრო ომში გადაიზარდოს და სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა. ტრამპს მოსალოდნელი სავაჭრო ომში აშშ-ის მხარე დაუმარცხებლად მიაჩნია. მისივე განცხადებით, ის ყველანაირად შეუშლის ხელს, რომ ჩინეთმა არ განავითაროს ტექნოლოგიები სხვა ქვეყნებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გავლენა მცირდება და უკვე არაეფექტური გახდა. რა შედეგით დასრულდება აშშ-ჩინეთის (და არამარტო მათი), ფაქტობრივად, ეკონომიკური ომი, მალე გამოჩნდება. ერთი კი უნდა გავიხსენოთ _ ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) თავისი პრეზიდენტობისას გაზარდა საბაჟო გადასახადი, მაგრამ ერთი წლის თავზე გააუქმა ეკონომიკური ზარალის გამო.

ორი კვირის წინ თეირანში გამართულ სამიტზე, სადაც ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სირიის საკითხს განიხილავდნენ, რამდენიმე საკითხი ღიად დარჩა, რადგან რეჯიფ თაიფ ერდოღანი არ დაეთანხმა კოლეგებს. გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეწვია. მოლაპარაკება ორ პრეზიდენტს შორის დაძაბული რომ იყო, ამის შესახებ შეხვედრის ხანგრძლივობაც მეტყველებს _ 4,5 საათი. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. შეთანხმდნენ, 10 ოქტომბრამდე ყველა შეიარაღებულმა ოპოზიციამ, რომლებიც იდლიბის პროვინციაში იმყოფება, უნდა გაიტანოს მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები. 15 ოქტომბრამდე კი თავად ტერორისტებმა უნდა დატოვონ პროვინცია. ამის გარდა, შეიქმნება დემილიტირიზებული ზონა სირიის სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის 15–20 კმ-ის სიღრმეში. კონტროლს მშვიდობის დამყარებაზე რუსეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრებმა მოაწერეს.

დასავლეთის პრესის მიმომხილველებმა რუსეთ-თურქეთის შეთანხმება მსოფლიო დონის სენსაციად აღიარეს. იდლიბში დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ჯერჯერობით გადაიდო. ამით თურქეთმაც შვებით ამოისუნთქა, რადგან იდლიბის პროვინცია თურქეთს ესაზღვრება. ამის გარდა, ჟენევის პლატფორმაზეც გაგრძელდება მოლაპარაკება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეებსა და ოპოზიციას შორის. სირიის კონსტიტუციაზე კი ასტანის ფორმატში იმსჯელებენ.
ექსპერტების შეფასებიოთ, იდლიბის ყულფი გაიხსნება და არ ჩაიჭრება ნაჯახით. აღნიშნავენ, რომ ერდოღანს არ აწყობდა იდლიბზე ფართომასშტაბიანი შეტევა, რადგან იქ არიან მებრძოლები, რომლებსაც თურქეთი მფარველობს. ამასთან, ადვილი შესაძლებელი იყო თურქეთისა და რუსეთის ჯარების პირდაპირი შეტაკება. იდლიბში იგეგმებოდა ქიმიური იარაღით შეტევის პროვოკაცია, რითიც გზა გაეხსნებოდა კოალიციის (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი) ჯარებს, შეეტიათ სირიის სამთავრობო ჯარებისთვის. ქიმიური შეტევის პროვოკაციას ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია `თეთრი ჩაფხუტები~ ამზადებდნენ. მათ მოახერხეს და გადაიღეს კიდეც კადრები ვითომ განხორციელებული ქიმიური შეტევისა.

თურქეთის პრეზიდენტის შემდეგ სოჭს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. ევროპარლამენტზე და ევროკავშირზე განაწყენებული ორბანი რუსეთზე ამყარებს იმედს. თუმცა, არც მანამდე იყო გულგრილი რუსეთის მიმართ.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მსოფლიო ელოდებოდა კორეის ნახევარკუნძულზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას. ექსპერტები ბირთვული იარაღის გამოყენებასაც ვარაუდობდნენ, ამჟამად ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. წლეულს უკვე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს ჩრდილოეთის ლიდერი კიმ ჩინ ინი და სამხრეთის პრეზიდენტი მუნ ჯინ ინი. გასულ კვირას მუნ ჯინ ინი ფხენიანში ჩავიდა. კიმ ჩინ ინი სტუმარს თვითმფრინავის ტრაპთან მეუღლის თანხლებით დახვდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოფიციალურ შეხვედრაზე გამოჩნდა ჩრდილოელი ლიდერის მეუღლე.

მუნ ჯინ ინს მართლაც პომპეზური დახვედრა მოუწყეს. მოსახლეობა ფხენიანის ქუჩებში ორივე კორეის დროშებით და ყვავილებით იყო გამოსული. თვალშისაცემი იყო ორი ლიდერის შეხვედრა _ ისინი ისე ჩაეხუტენ ერთმანეთს, თითქოს ახლო ნათესავები იყვნენ. აეროპორტიდან რეზიდენციისკენ ერთი მანქანით გაემართნენ. უსაფრთხოების წესები დაარღვიეს და ლიმუზინს ლუქი ახადეს, ფეხზე იდგნენ და მოსახლეობას ისე ესალმებოდნენ. პრეზიდენტების მეუღლეებმაც იოლად გამონახეს საერთო ენა და თბილად ბაასობდნენ. მუნ ჯინ ინის ვიზიტისას ბევრ ხელსეკრულებას მოაწერეს ხელი. თუმცა მთავარი სამშვიდობო ხელშეკრულება გახლდათ. ამის შესახებ კიმ ჩინ ინმა განაცხადა: `.. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამშვიდობო დეკლარაციას, რომლითაც საბოლოოდ დასრულდა წყეული საომარი რიტორიკა~. თავის მხრივ, მუნ ჯინ ინმა მასპინძელს ერთიანი კორეის დროინდელი რუკა აჩუქა. კიმ ჩინ ინი საპასუხო ვიზიტს სეულში წლის ბოლომდე განახორციელებს. საინტერესოა, როგორ დახვდება სამხრეთის მოსახლეობა ჩრდილოეთის ლიდერს.

გია ბურდული
скачать dle 12.0