მსოფლიოს ნარკომაფია მართავს

პაბლო ესკობარი - მსოფლიო მასშტაბის ნარკობარონი, და ამავე დროს ამერიკული სპეცსამსახურებს სპეცაგენტი?!

პაბლო ემილიო ესკობარ გავირია, მე 20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასტიკი კრიმინალი 1949 წელს კოლუმბიის პატარა ქალაქ როინგეროში დაიბადა. "მოღვაწობა" წვრილმანი ქურდობით დაიწყო, საფლავებს ძარცვავდა, შემდეგ ძვირადღირებული ავტომანქანების გატაცება-დაშლა-რეალიზაცია დაიწყო, ამ "ბიზნესიდან" მდიდარი კოლუმბიელების გატაცებაზე გადავიდა, საბოლოოდ კი ნარკობიზნესში ჰპოვა "ნავსაყუდელი". 24 წლის ასაკში სამ მსხვილ ნარკომოვაჭრესთან ერთად კოკაინის კარტელი დაარსა სახელწოდებით "მედელინის კარტელი" და აშშ-ის მთავარი კოკაინით მომმარაგებელიც გახდა. 1989 წელს ჟურნალმა "ფორბსმა"" მისი ქონება სამ მილიარდ დოლარზე მეტად შეაფასა.

ესკობარს ერთი დადებითი თვისება მაინც ჰქონია, კოლუმბიელ ღარიბებს ეხმარებოდა, ცდილობდა თავი კოლუმბიელ "რობინ ჰუდად" წარმოეჩინა და აქედან გამომდინარე, ღარიბთა ფენაშიც ისევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც დამნაშავეთა სამყაროში. როგორ ყიდულობდა ესკობარი კორუმპირებულ კოლუმბიელ ჩინოვნიკებს, ხოლო "ურჩებს" როგორ უსწორდებოდა უსასტიკესი მეთოდებით, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. 80-იან წლებში მან საკუთარი ბიზნესის ლეგალიზება გადაწყვიტა, 1982 წელს არჩევნებში კენჭი იყარა და კონგრესმენი გახდა, ბოლოს კოლუმბიის პრეზიდენტობაც მოუნდა, მაგრამ ბინძური წარსული გამოუქექეს. მართალია, პრეზიდენტი ვერ გახდა და პოლიტიკიდანაც გუდა-ნაბადი აუკრეს დონ პაბლოს, სამაგიეროდ სასტიკად იძია შური მისი ლუსტრირების ინიციატორ იუსტიციის მინისტრზე. ესკობარის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქციებს, მის მტრებთან ერთად, უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, მათ შორის ბავშვები. ესკობარის აღვირახსნილი თარეში ყელში ამოუვიდა, როგორც კოლუმბიის, ისე აშშ-ის ხელისუფლებებს და დაიწყო მასზე დევნა-თვალთვალი, სერიოზული ხიფათი, რომ იგრძნო, ესკობარმა ოჯახთან ერთად გერმანიას მიაშურა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების ჩარევით, გერმანიუმ უარი უთხრა თავშესაფარზე, მისი თვითმფრინავი ჰაერიდან მიაბრუნეს კოლუმბიისკენ. საბოლოოდ, იგი 44 წლის ასაკში საკუთარ სახლში მოკლა პოლიციის სნაიპერმა. ესკობარს მეუღლე და ორი შვილი დარჩა, ვაჟი ხუან ესკობარი და ქალიშვილი მანუელა, რომლებიც მამის სიკვდილის დროს არასრულწლოვნები იყვნენ. ესკობარის ოჯახი მოგვიანებით არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად, ხუანმა სახელი და გვარი შეიცვალა, სებასტიან მაროკინის სახელით ცხოვრობდა წლების განმავლობაში. სახელ-გვარნაცვალი თავისუფალი ცხოვრებით კი ტკბებოდა, სადაც აღარ იყო სროლები და მუდმივი შიში, მაგრამ თავს მაინც არ თვლიდა ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ ხუანს მამა ძალიან უყვარდა, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა მასთან, არ ამართლებდა მისი ცხოვრების წესს და განსაკუთრებულ სისასტიკეს. 2009 წელს ხუან ესკობარმა დედამისთან და "მედელინის კარტელის" ორ მსხვერპლთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი "მამაჩემის ცოდვები", ამ ფილმით მან მამამისის მსხვერპლთ და კოლუმბიელ ხალხს პატიება სთხოვა პაბლო ესკობარის საქციელის გამო. მიმდინარე წელს, რუსული პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელმა სამართალდამცავებმა ხუან ესკობარი და დედამისი ნარკომაფიის ფულის "გათეთრების" ბრალდებით დააპატიმრეს. გამოძიების ვერსიით, ესკობარები ფინანსების ლეგალიზებაში ეხმარებოდნენ კოლუმბიელ ნარკობარონ ხოსე პიედრატე სებალოსს, რომელიც არგენტინის ციხეში ზის და აშშ-ში ექსტრადიციას ელოდება. ამ საქმეში ლეგენდარული სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მაურინიო სერნაც ყოფილა გარეული.

ერთი ძალზე საგულისხმო დეტალი, წლების წინ ჩემმა რესპოდენტებმა, გამოცდილმა პოლიციელებმა მითხრეს, პაბლო ესკობარი წლების განმავლობაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) საიდუმლო თანამშრომელი იყო, ამის წყალობით გამდიდრდა და მოიპოვა განუსაზღვრელი უფლებები. ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ 90-იან წლებში სომხეთში თვითმფრინავით შემოდიოდა ესკობარის კოკაინი. არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ორი ცნობილი "მხედრიონელის" მკვლელობაში, რომლებიც თბილისის ცენტრში ავტომანქანში ჩაცხრილეს, ესკობარის ხალხის ხელი ერიაო. ხუან ესკობარი თავის წიგნში "პაბლო ესკობარი დანაშაულის ადგილზე" წერს, რომ მამამისი კოკაინის რეალიზაციით ცსს-თვის მუშაობდა, ამ ბიზნესიდან შესული ფულით იმ დაჯგუფებებს აფინანსებდნენ, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში კომუნიზმს ებრძოდნენ. მამაჩემი ამ სპეცსამსახურისგან ყიდულობდა ნარკოტიკების მიწოდებაზე კონტროლს, ასე რომ, მარტო ის არ შოულობდა ნარკობიზნესით ფულსო.

ტრანსნაციონალური კრიმინალი და საქართველო

პროფესიონალმა "ოპერატივნიკმა", პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგნიძემ ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში აშკარად იკვეთებოდა საერთაშორისო კრიმინალის არსებობის ნიშნები. ყველა ქვეყნის დამნაშავეთა სამყარო ცდილობს ე.წ. შეუმდგარ ქვეყნებში დაიმკვიდრონ სათანადო ადგილი, ასეთ ქვეყნებში იგულისხმება მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, საქართველო. ადგილობრივი მოსახლეობა ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გარბის, სამაგიეროდ უამრავი უცხოტომელია აქ დასაქმებული, რომლებსაც მყარი ვალუტით უხდიან ხელფასს, ერთია, ვალუტის უზარმაზარი ნაკადი რომ გაედინება ქვეყნიდან და ლარი უფასურდება, საქართველო უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ერთეული "იმპორტული" თვითდასაქმებულების გარდა, თავად უცხოელ "ინვესტორებსაც" თავიანთი ქვეყნებიდან შემოყავთ მუშახელი, რა წარსულისა და რეპუტაციისაა ეს სამუშაო "ძალა", ამას არავინ აკონტროლებს, ისევე, როგორც მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. სამაგიეროდ, ამ სამუშაოში მათ კოლოსალურ თანხებს უხდის ხელისუფლება, არც იმას ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ეს ფული რეალობას. გავა რაღაც პერიოდი და სკანდალი ატყდება ხოლმე დიდი ფულის "მოხსნასთან" დაკავშირებით, მაგრამ მაშინვე მიაჩუმათებენ.

ინვესტორის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თაღლითებთან გვაქვს საქმე. 
ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფებები იქ მიდიან, სადაც ფული "კეთდება". ეს თურმე მსოფლიო პრობლემაა, იგივე რუსეთში ჩინელების გარდა, უკვე ნიგერიელებისა და ვიეტნამელების დაჯგუფებების პრობლემა დამდგარა და ეს უკანასკნელნი უკვე საქართველოშიც ჩამოდიან. რესპოდენტის განცხადებით, უცხოელმა კრიმინალებმა ჩვენზე კარგად იციან, სად "კეთდება" დიდი ფული, რადგან მათი "უფროსობა" კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. ეს ხალხი რომ დაიჭირონ, ყველა სპეცსამსახურის ექს-თანამშრომელი იქნება, ყოფილი სპეცსამსახურელი კი არ არსებობს, მით უმეტეს საზღვარგარეთ. "აბრეშუმის გზის" მატარებელმა უკვე გაიარა საქართველოში, ასე რომ ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც უნდა ველოდოთ, თუ უკვე არ არიან, თუნდაც უზბეკური, რადგან საქართველო დიდი ხანია ნარკოტრანზიტული ქვეყნად ითვლება. კიდევ შეიქმნება ასეთი დაჯგუფებები, ჩამოყალიბდება ჩინური მაფიის "ტრიადის" ე.წ. ფილიალი, მით უმეტეს, ამისთვის არსებობს ფონი, უამრავი ჩინელია საქართველოში. სავარაუდოდ, ნიგერიელებსაც აქვთ შექმნილი საკუთარი კრიმინალური დაჯგუფება. ბოლო ხანს, ყველას ირანელმა ნარკოიმპორტიორ-რეალიზატორებმა აჯობეს. ირანში ეს დანაშაული სასტიკად ისჯება, ამ კუთხით საქართველო "ოაზისია", ალბათ ამ მიზეზითაცაა გამოწვეული ირანელების ასეთი მოძალება, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას, განსაკუთრებით ქართულ მიწებს. 

ახლა როცა ათასი ჯურის უცხოტომელი მოაწყდა ქვეყანას, ბუნებრივია, დანაშაულის ალბათობამ იმატა. ჩვენმა უსაფრთხოების დაცვისა და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, თუ არ დაუწყიათ, სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა, რასაც გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტები ჭირდება, რადგან ტრანსნაციონალურ კრიმინალში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები არიან ჩართულ-გარეულნი. ჩინელები რომ ჩამოდიოდნენ, მათ თავისი ქვეყნის სამსახურები გარკვეულ თანხას უხდიდნენ საქართველოში რომ დამკვიდრებულიყვნენ.

მსოფლიოს დიდი ხანია მაფიოზური სტრუქტურები მართავენ

ეს განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში გამოჩნდა. მაფია, იტალიური სიტყვაა და ორგანიზებულ დანაშაულობებს ნიშნავს, რომელმაც გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულიდან, უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს მათივე ქვეყნების სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ, საერთაშორისო დამნაშავეთა სამყაროს "საქმიანობა" მთლიანად მათზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლამ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროშიც. თუ მანამდე "კანონიერი ქურდი" ქმნიდა თავის გარშემო დანაშაულებრივ ბანდას, 90-იანი წლებიდან კრიმინალური ე.წ. სააქციო საზოგადოებების ჩამოყალიბება დაიწყო, რომელთაც გარკვეულ პირთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. აქ შედიოდნენ, როგორც სპეცსამსახურის წარმომადგენელი, ისე ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ჩინოვნიკი და ა.შ. კრიმინალური სამყაროს მართვას თურმე ყოველთვის ცდილობდნენ სახელმწიფოების პირველი პირები და ხანდახან წარმატებითაც. ცნობილი იურისტის ჰელმუტ შტიბერის თეორიის მიხედვით ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში "კანონიერი ქურდის" ორდენი, ამერიკელი განგსტერების მაფიოზური დაჯგუფებები, იაპონური "იაკუძა", ჩინური "ტრიადა" და სხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც ახდენდნენ ხელისუფლებები ხალხის დამორჩილებას და დაკაბალებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვითონ სახელმწიფოები გახდნენ კრიმინალურები, რისი მაგალითებიც უამრავია უახლეს ისტორიაშიც. თუ პოსტსაბჭოთა კრიმინალურმა სამყარომ კაპიტალისტური ქვეყნების ზეგავლენით განიცადა ცვლილება, თავის მხრივ კაპიტალისტური სამყაროს კრიმინალურმა სფერომაც განიცადა ცვლილება პოსტსაბჭოთა სივრცის გამოისობით. იქ "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი არ არის, მაგრამ ჩამოყალიბდნენ ე.წ. კარგი ბიჭები, რომლებსაც სერიოზული ავტორიტეტი გააჩნიათ და სიტყვაც ეთქმით. 

რაც შეეხება საქართველოს, დღეს აქაც ყველა ქვეყნის კრიმინალი ცდილობს დაფუძნებას, რადგან, როგორც კი ქვეყანაში ვითარება მოწესრიგდება, მერე ძალიან ძნელი იქნება საკუთარი "ნიშის" დამკვიდრება. უცხოტომელები ცდილობენ თავიანთი ე.წ. გეტოების შექმნას, დამცავი ბარიერების გაძლიერებას. ჩვენმა შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა რამდენი მოთხოვნაც არ უნდა გააგზავნოს "ექსპორტიორ" ქვეყნებში, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ ხალხის შესახებ, არცერთი ქვეყნის სპეცსამსახური არ გვეტყვის სიმართლეს. უცხოტომელების პოზიციები სულ უფრო მყარდება, რადგან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, მედია და ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც საკმაოდ საეჭვო წყაროებიდან ფინანსდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ იმიჯი შეულახონ უსაფრთხოების დაცვისა და პოლიციის ოპერატიულ სამსახურებს, ღიად ეწევიან მათ დისკრედიტაციას. ე.წ. სამოქალაქო სექტორი და მედიასაშუალებების ნაწილი ძალიან კარგად ხვდება, რომ ამ აჟიოტაჟით ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან, მაგრამ მსუყე გრანტების გამო, ყველაფერს კადრულობენ.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0