რას მალავს მეუფე იაკობი?

"ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას… მაგალითად, მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი”.
წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი

გასულ კვირას მეუფე ანტონმა (ბულუხია) წმინდად იმერული კილოთი ბრძანა: არ გავჩერდები საქართველოში თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნებაო.

ბოდბელი მეუფე იაკობი (იაკობაშვილი)უფრო შორს წავიდა და პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი უწოდა.
ამ მეუფეებს არც შევარდნაძის დროს გამოუხატავთ პროტესტი, არც სააკაშვილის დროს უცდიათ საქართველოდან წასვლა, როცა სინოდალურ განჩინებებს ბოკერია, უგულავა და ძმანი მათნი უწერდნენ, არც მარგველაშვილის პრეზიდენტობისას გასჩენიათ პროტესტის გრძნობა და რაღა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება გახდა მაგათვის მეორედ მოსვლა და აპოკალიპსი, აი, ეს არის საინტერესო.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას რომ ეს მეუფეები ღვთის კი არა, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსახურები იყვნენ, მისგან იღებდნენ სუბსიდიებს და დივიდენდებს სიჩუმისთვის და თანხმობისთვის ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯის კურთხევაში?!

მაშინ ზოგი სააკაშვილს კოცნიდა გულ-მკერდზე და ხატების გვერდით იმ არანორმალურის პორტრეტი ეკიდა თითქოს წმინდანი ყოფილიყოს, ზოგი როლანდ ახალაიას აძლევდა რეკომენდაციას პატრიარქთან _ ჯილდო რომ მიეღო, ზოგი სანდრა რულოვსს ნათლავდა და ზოგიერთი ბაჩო ახალაიას აღსარებებს იბარებდა.

მაშინ რატომ არ გამოვიდა არც ერთი მღვდელთმთავარი და არ გააპროტესტა, რაც ხდებოდა 10 წლის განმავლობაში?
ამაზე უპასუხებენ: ვლოცულობდით, ბატონო, ხელისუფლებას ღმერთს ვავედრებდითო. 

კი, ასე იყო: მწამებლებსა და ჯალათებს ეკლესია ყოველ დილით ლოცავდა და მრევლსაც აიძულებდა სანთლები დაენთოთ მიშას სიცოცხლისათვის.
თუმცა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მეუფე იაკობზე (იაკობაშვილი) ერთმა დიდი ხნის მრევლმა, ასაკოვანმა კაცმა მითხრა: მისი სწავლება არც ქრისტიანობაა და არც იუდაიზმი, ეგ არის რაღაც ჰიბრიდი, მიშას დემოკრატიასავით არისო.

ბოდბელი მღვდელმთავარი მას შემდეგ გახდა საზოგადოების განსაკუთრებული დაინტერესების ობიექტი, რაც საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად შარშან ნოემბერში ვაშინგტონში იმყოფებოდა, როგორც მაშინ თქვეს, ინტერ-რელიგიურ შეხვედრებზე და კონფერენციაზე დასასწრებად.
დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებისგან შედგებოდა. ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (ჩDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

ვაშინგტონში დაწყებული მჭიდრო „მეგობრული“ ურთიერთობა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სტუმრობით გაგრძელდა ბოდბეში, მეუფე იაკობთან…

არადა, სჯულის კანონის მიხედვით, აკრძალულია მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა არათუ სტუმრად მიიღოს, არამედ პური გატეხოს არამართლმადიდებელთან, რომელიც წმინდა სამების, როგორც ერთარსების მგმობელი და უარმყოფელია…
მაგრამ მოუსმინეთ, რას ამბობს მეუფე: „არის რაღაცა, რასაც არ დათმობს ადამიანი, ხო? არის რაღაც, რასაც არ დავთმობთ, თუ საჭირო გახდა [კონკრეტული ნაბიჯები] რა პრობლემააა, მარტო ქადაგება არა, რა“…
„2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საუბარი მომიწევდა…

ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ.
კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუბნებით რა, სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან რა, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო~… – განაცხადა მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის განხილვის პერიოდში ქორეპისკოპოსმა.
დააკავირდით მისი მეტყველების სტილს: „გეუბნებით, რა“, „მარტო ქადაგება არა, რა“, – ჰგავს ეს ტონი ეპისკოპოსის მეტყველებას? 
მუქარას უფრო ჰგავს, ჩემი აზრით, რომელიც დღევანდელ დღეს ისე უადგილოა, როგორც ღორის თავ-ფეხი სამარხო სუფრაზე.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქმიანი კაცია. ის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელი გახლავთ და ამავე დროს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფრომაციაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას განიხილავს, წერია:

„დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებათა უმეტესობა 2011 წლის პირველ ნახევარზე მოდის და მათგან უმსხვილესი (936,000 ლარი) ფონდს გამარტივებული შესყიდვების პროცედურების გზით მიენიჭა 2011 წლის 15 აგვისტოს“.

ბოდბელი მეუფე „ციანიდის საქმეშიც“ აქტიურად ფიგურირებდა.

იმ პერიოდში დაეჯახა აშკარად პატრიარქის სიძეს და დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს და, როგორც ამბობენ, ცემა-ტყეპაც გამართულა.
მერე საინფორმაციო საშუალებებთანაც დაადასტურა მეუფემ: კარგად მიიბერტყა ერთი ადამიანიო. ამ ერთ ადამიანში, ცხადია, ოხანაშვილს გულისხმობდა.
წლების წინ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სამთავროს დედათა მონასტრის ყოფილ მორჩილთან, რომელიც ამბობდა: საპატრიარქოში იარაღის ტრიალი იყო, არა მე ვარ უფრო ადრინდელი მღვდელმსახური და არა მეო.

მაშინ ცოტა არ იყოს, მეეჭვებოდა ამ ამბის სისწორე, მაგრამ ახლა ვხვდები, ესენი არაფერზე რომ არ დაიხევდნენ უკან.
სამწუხაროდ, დღეს უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ბოდბელი ქორეპისკოპოსი მანქანის მოპარვისთვის არის ნასამართლევი და ეს კიდევ არაფერი – მეუფე იაკობი „მხედრიონის“ წევრი ყოფილა და სამოქალაქო ომის დროს თბილისის კომენდანტის გელა ლანჩავას მოადგილე. ავტომატით დადიოდა თურმე ქალაქის ქუჩებში.

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთი იღუმენის მოწოდებას წავაწყდი. ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე მეუფე იაკობს მკვლელს უწოდებდა და ეკლესიის გახლეჩაში ადანაშულებდა. აი, რას წერდა მღვდელმონაზონი:

“ყოვლად სამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მღვდელნო, ქრისტეს მიერ დიაკონნო, სამონაზვნო დასნო ზიარნო დედაეკლესიისა, ქრისტეში საყვარელო ერო, მოგმართავთ რა, პირველ რიგში, უმორჩილესი თხოვნითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვოთ პატრიარქის ჩამობრძანება საქართველოში, რათა მიხედოს საქმეს, რომელიც ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააფუჭა და ეკლესია პოლიტიკური ნიშნებით შუაზე გაყო, საერთო ძალებით აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა სინოდის განჩინებებს, რაც საეკლესიო კანონიკით დასჯადია და აღვივებს შუღლს ხალხთა შორის, რაც სისხლის სამართლებრივადაა დასჯადი, ენატრება რა საბჭოთა კავშირის რეჟიმი და ძველბიჭური გარჩევები, რასაც თავადვე ადასტურებს ამბიონიდან. მოგიწოდებთ, ზემოთ ხსენებულ ქორეპისკოპოსს არ მიმართოთ არანაირ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აღსარების საიდუმლოსთნ და მოვითხოვოთ გამოაშკარავდეს მისი ბიოგრაფიის 10 წელიწადი. ეს მოთხოვნა თანხვედრაშია მოციქულების მიერ დადგენილ კანონთან. განსაკუთრებით კი სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიებულ იქნას კონსტანტინე და კახაბერ იაკობიშვილების (კონსტანტინე მეუფე იაკობია, კახაბერი კი მისი ძმა) 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს დისლოკაციისა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალური ცნობები. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში...

...ეხლა დამირეკოს, რატომ არ მირეკავს არ გაინტერესებთ? ვთავაზობ მეუფე იაკობს დამირეკოს ეხლა და დამირეკოს სასწრაფოდ. ვერ მირეკავს? ეს იმას ნიშნავს, მას, მას და პიტალო კახას ერისკაცობაში ბირჟაზე ჩემს გვერდით არ დავიყენებდი. კიდევ 15 წუთი ველოდები მის ზარს. თუ არ დარეკავს, რა განცხადებებს გავაკეთებ კიდევ, თვითონ უფრო კარგად იცის. მთელი საქართველო კი უფრო კარგად გაიგებს".

ჩვენ ცხადია, არ ვიცით, რა საიდუმლო არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს იღუმენს, მაგრამ ვითვალისწინებთ ჟურნალისტის მოვალეობას – მან კატა უნდა დაინახოს ბნელ ოთახში და დაიჭერენ თუ არა მას, ეს ჩვენს პრეროგატივას სცილდება. არც ის არის ჩვენი მიზანი დავამტკიცოთ, ნამდვილად იყო "მხედრიონელი" მეუფე იაკობი, არის თუ არა მკვლელი, მოიპარა თუ არა რაიმე, ან შეგნებულად ხლეჩს თუ არა ეკლესიას, საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი და არსებობს ჭორი, რომელიც ძალიან ხშირად არ შეიძლება სიმართლის მარცვალს არ შეიცავდეს.

პატრიარქი აცხადებს: ნუ ჩაერევით პოლიტიკაში მღვდელმსახურებო, ეკლესია ყოველთვის ნეიტრალური იყო, შეინარჩუნეთ ზომიერებაო, მაგრამ მეუფე იაკობი კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ხან საჯაროდ, ერში, ხან ამბიონიდან მრევლისთვის და თან დასძენს, პატრიარქის მოწოდება მე არ მეხებოდა, მე არ ვქადაგებ პოლიტიკურადო.

თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების დროს მიუთითებდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს: საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთაო. მრევლს მოუწოდებდა, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაეშვათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვებაო.

ძალიან მერყეობს ეს ჩვენი მეუფე, რაღაც, ძალიან…

აბა, რას უნდა ნიშნავდეს ის განცხადება, რაც მან ამერიკაში ვიზიტის მერე გააკეთა: „ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატიაო“?
რელიგიის ისტორიისა და წმინდანების ნაშრომების გათვალისწინებით, მეუფე რუსეთზე სხვა რამეს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ...
საბჭოთა კავშირის პირობებში აღზრდილი იერარქიის მემკვიდრე სასულიეროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ხელდამსხმელი არაფერზე ფიქრობდა, გარდა სასულიერო პირთა რაოდენობისა.


გარკვული დროის წინ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, სადაც იუწყებოდნენ, რომ ბულგარეთში საეკლესიო კრიზისი მძვინვარებდა. სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვდნენ, რომელთა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა. შედეგმა მრევლი შეძრა. სპეცსამსახურებთან კავშირში არ აღმოჩნდა თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, მათ შორის პატრიარქიც. დანარჩენები КГБ-სთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა.

ეს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად მოვიტანე, რომ ლუსტრაცია არა ხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სასულიერო პირებშიც უნდა მოხდეს და გაირკვეს ბოლოს და ბოლოს, ვინ რატომ აქტიურობს ასე თავგამოდებით პოლიტიკურ ასპარეზზე…


2003 წელს ბოდბელი ეპისკოპოსი კონმეუფე იაკობი სტანტინე იაკობაშვილი, ბერად აღიკვეცა და მერე უკვე 2010 წლიდან იწყება მისი იერარქიული სვლა ზემოთ, ეპის- კოპოსის ტიტულამდე. მოარული ხმებით, ქორეპისკოპოსს პატრიარქის ტახტისკენ უჭირავს თვალი.

უკვე მერამდენე პირზე ვწერ, რომლებსაც პატრიარქობა უნდა, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ტახტი ერთია – მსურველი ბევრი.

„მინდა მასმედიას ვთხოვო – ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით, თორემ იცით, სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს… ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არა ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ". – ბრძანა ამას წინათ ბოდბელმა ქორეპისკოპოსმა.

მეტი თავმდაბლობა გმართებთ მეუფეო, ასე აშკარად მითითება – რაც თქვენი საქმე არ არისო და პატარა ბავშვივით თითის დაქნევა არ ეკუთვნის მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილ ქართულ მასმედიას!..

მაგრამ კვლავაც იმუქრებით, მეუფეო: თუ საჭირო გახდება, ჩვენს ძალას გაჩვენებთ, ნახევარ მილიონ ადამიანს გამოვიყვან ქუჩაშიო. რისი ნახევარი მილიონის გამომყვანი ხარ შენ… _ არ გამომყვანის ასე და ისეო, _ დაუწერა ვიღაცამ ფეისბუკზე მეუფეს.

თუ ამდენი ადამიანის გამოყვანა შეგეძლოთ, გამოგეყვანათ, მეუფევ, იმ დროში, როცა "ნაცმოძრაობა" უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ქათმებივით ხოცავდა, როცა 2500 ადამიანი ციხეში ჰყავდა გამომწყდეული, როცა ცხინვალიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა და ადგილობრივ ქართველობას გავეშებული მტრის პირისპირ ღვთის ანაბარა ტოვებდა, როცა 12 აგვისტოს ჯერ კიდევ გაუციებელი ქართველი ბიჭების ცხედრებზე ცეკვავდა და "გამარჯებას" ზეიმობდა.

გამოგეყვანათ მაშინ, მეუფე, ის 500 000 ქართველი. 500 000-ს თავი დავანებოთ, 5000 კაცი გამოგეყვანათ, ჯანდაბას, 500 კაცი მაინც გამოგეყვანათ, ამდენს თუ ვერ მოახერხებდით, 50 კაცი გამოგეყვანათ, ან სულაც 5, ან მარტო გამოსულიყავით, თუ საქართველო ასე გიყვარდათ.

ხანდახან მგონია, რომ ნატოში და ევროკავშირში შესვლა სამოთხეში შესვლაში გეშლებათ, მეუფევ _ სულ ნატო და ევროკავშირი რომ გაკერიათ პირზე, უფრო შორს რომ არ წავიდეთ, ერთი ის იკითხეთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი „ცხვარი“ დაკარგეთ, რამდენი ადამიანი გახდა იეღოველი, 50-იანელი, ბაპტისტი, რამდენი შეუერთდა სხვადასხვა მწვალებლურ სექტებს იმის გამო, რომ თქვენ, მეტწილად, სამშენებლო ბიზნესით იყავით დაკავებული, მიწების დაკანონებას და სიმდიდრის დაგროვებას ჩქარობდით და მრევლისთვის ვეღარ მოიცალეთ?

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ამასობაში „მგელმა“ გააჩანაგა თქვენი ფარა და ვინც დარჩა, აღარც მათშია რწმენა, იმედი და სიყვარული.


ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0