დავით უსუფაშვილის ვნებები

დავით უსუფაშვილი, სხვებთან შედარებით, განათლებული კაცია, მაგრამ მან ვერა და ვერ მოიგო ქართველი ხალხის გული, რა 1%-იანიც იყო, იგივე დარჩა. ამას, რასაკვირველია, აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. აი, პირადად მე, როცა ტელევიზორში ვუსმენ, სულ მგონია, რომ ნახევარს თინა ხიდაშელის (ცოლის) დაწერილს კითხულობს, ანუ გაზეპირებულს იმეორებს. არადა, ვიცი, შეიძლება ასე არ არის.

და მაინც, რა არის დავით უსუფაშვილის ურეიტინგობის მიზეზი? მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, არ უნდა ჰქონოდა ურიგო მომავალი, 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუმთავრებია, იურიდიული განხრით. თუმცა მას ხშირად უხსენებენ პირველ "ჩეპეს" – მაშინ, როცა კომუნისტური პარტია იშლებოდა, ფაქტობრივად დაიშალა, წინა დღეს შევიდა მის რიგებში. არა, ეს არ გახლავთ დიდი კომპრომატი, კომუნისტურ პარტიაში ვინ არ შესულა და გამოსულა, მაგრამ შავ ლაქად მაინც რჩება – მან ეს აქტი ჩაიდინა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა იქიდან ხალხი გამორბოდა.

მოგვიანებით დავითს ჰკითხეს, ეს როგორ გააკეთეო? რას ამბობთ, პარტიაში იმიტომ შევედი, რომ შიგნიდან დამენგრიაო. ვერაფერს იტყვი, თუ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მთელი ცხოვრება სოციალიზმს ებრძოდნენ, ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს და ფაქტობრივად, ამ საქმეს შეეწირნენ კიდეც, უსუფაშვილი უფრო მაგარი გამოდგა – შევიდა, მიიხედ-მოიხედა, იქით ჩაქუჩსა ძვრა უყო, აქეთ ნამგალსა წიხლი ჰკრა, ლენინის ბიუსტს თვალებში თითი ატაკა და ოდესღაც უძლეველი პარტია დაანგრია, უცებ ხუხულად აქცია. ნუ იცინით… მართალია, ეს ამბავი ზუსტად ნაცარქექიას "პონტსა" ჰგავს, მაგრამ ფაქტია, ამ ადამიანმა კომუნისტურ პარტიას დედა უტირა. თუმცა იცით, როცა ტანისამოსიდან მტვერი ჩამოიბერტყა, რა გააკეთა? აი, უკან მობრუნებულმა კომუნისტებმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რომ დაამხეს და დასაწყისში "სახელმწიფო საბჭო" დაირქვეს, იქ შევიდა, მრჩევლად დაიწყო მუშაობა. არ ვიცი, კიტოვანს, სიგუას და შევარდნაძეს მისი რჩევა რა ფეხებად უნდოდათ, მაგრამ ეს სოფლიდან ჩამოსული ტიპი, რატომღაც, სტუდენტობის დროიდან მოყოლებული, სულ "ხოდში" იყო. ამბობენ, უსუფაშვილი ქიზიყის სოფელ მაღაროდან როა, ამას საგულდაგულოდ მალავს, ამ მხრივ დაკომპლექსებულია, დედაქალაქელობას აწვებაო. არადა, მშვენიერი სოფელია ზემო მაღარო, ლამის ზედ აკრავს სიღნაღს და მშვენიერი ხედებიც აქვს. მე მგონი, მან ამით უნდა იამაყოს. მერე რა, რომ სოფლელია, არც ქალბატონი თინა ხიდაშელი გახლავთ დედაქალაქელი, საგარეჯოს სოფელ ანთოკში გაიზარდა, რა პრობლემაა? მეტიც, თინას მამა – ანზორი ცნობილი "გაიშნიკი" იყო, არც ეგაა პრობლემა!

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ერთი რამ ცხადია, დღეის მდგომარეობით გამომცხვარ ლიბერალ დავით უსუფაშვილს აშკარად ჰქონდა მიდრეკილება კომუნისტობისკენ, კომუნიზმისკენ და დიადი მომავალიც "ეჭყანებოდა", რომ არა ავადსახსენებელი მიხეილ გორბაჩოვი და მასხარა რონალდ რეიგანი. პრინციპში, ესენი კი წაეხმარნენ უსუფაშვილს, მაგრამ თვითონაც დაუშვა მიუტევებელი შეცდომა – უკვე გითხარით, შევარდა პარტიაში და ჩამოშალა, შემოეშალა, ანუ ვერ მოზომა. არაუშავს, ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ერი თავისუფალიაო, თქვა დავითმა და ედუარდ შევარდნაძის ეგიდით დაიწყო ახალი კონსტიტუციის წერა… პრინციპში, წერა რა, სხვები წერდნენ და ესეც კითხულობდა. აი, ამ დროს სულზე მოუსწრეს ამერიკელებმა, სხვა სიომ დაუბერა, იურისტების ერთმა ნაწილმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დააფუძნა, დამფუძნებელთა შორის დავითიც აღმოჩნდა. მეტიც, შემდეგ თავმჯდომარე გახდა. ეს იყო უკეთესი ტრამპლინი, ვიდრე კომუნისტური პარტია. დაიწყო უსუფაშვილის ცხოვრებამ საათივით წიკწიკი – გაჩნდა ამერიკულ-ევროპული პროექტები, უცხოეთში წასვლა-სწავლის შანსი, შევიდა დიუკის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში, დაამთავრა, ჩამოვიდა და ეგრევე დანიშნეს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარედ. ეს ისტორიული ფაქტი მოხდა 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში.

ბარემ აქვე აღვნიშნავ… "რესპუბლიკელებს" (ძმები ბერძენიშვილები, დავით ზურაბიშვილი და სხვები) თავიდანვე აქვთ "წამოკიდების" მეთოდი – ვინც ხელისუფლებაში მოდის, უცებ შეეტენებიან, მხარს დაუჭერენ, პარლამენტში შევლენ და მერე იჭერენ გაუგებარ ლიბერალურ კურსს, მიუღებელ იდეებზე ბოდვას და დგებიან განზე. ამას ჩვენებურად ღალატს ეძახიან. იყვნენ უზენაეს საბჭოში, შემდეგ შევარდნაძესთან, შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან და… ასევე უპრობლემოდ აღმოჩნდნენ კოალიცია "ქართულ ოცნებაში". კარგად მახსოვს ამ თემაზე ჩემი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან:

– "რესპუბლიკელებზეა" ატეხილი ერთი ამბავი, ნეტა რაში გჭირდებოდათ, რატომ დაიყენეთ გვერდით მოღალატეები?
– "რესპუბლიკელებს" რას ერჩი, რას უწუნებ?
- ყველას წამოეკიდნენ, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა და მერე უღალატეს. უჯიშო კოსმოპოლიტები არიან და მოვა დრო, თქვენც გიღალატებენ.
- განათლებული ხალხია… თუ ვინმე არასწორ გზას დაადგება, მე კი არა, ქვეყანას უღალატებს. ახლა ასეა საჭირო, არ ინერვიულო, მე ყველაფერი ვიცი, ისე იქნება საქმე, ვერც კი წარმოიდგენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, "რესპუბლიკელები" უღალატებდნენ, განზე გაუდგებოდნენ, მაინც მისცა მათ სრული კარტბლანში – ადგილები პარლამენტში, ადგილები სამინისტროებში და რაც მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე დროს ახდა ჩემი ნათქვამიც (ამას დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდებოდა), უჯიშოთა მოდგმა ტრადიციულად გადგა გვერდზე და ყველაფერზე დაიწყო ვაჭრობა. სწორედ ამ ვაჭრობის შედეგი გახლდათ, თინა ხიდაშელი რომ გახდა თავდაცვის მინისტრი. რა იყო ვაჭრობის საგანი 5 წლის განმავლობაში? უსუფაშვილს უნდა მიეღო ის კანონები და ცვლილებები, რასაც იღებს დღეს ირაკლი კობახიძე. ფაქტობრივად, დავითმა დაიწყო იმნაირივე მოქმედება, როგორც დაიწყო კომუნისტურ პარტიაში – შეყო თავი და შიგნიდან თხარა გვირაბი, დააზიანა "ქართული ოცნება". როდესაც მას ახსენებდნენ, რომ ესა და ეს კანონიაო მისაღები, ასე და ასეა საქმე გასაკეთებელიო, ის ყოველთვის თავს იკატუნებდა და დრო გაჰყავდა. მიუხედავად ამისა, როცა წინა პარლამენტს ყავლი გაუვიდა, დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, დატოვე უჯიშოთა ჯოგი, გადმოდი "ოცნებაში", მაინც გამოსადეგი კაცი ხარო. უარი თქვა დავითმა, თანაპარტიელებს გაუწია ანგარიში თუ რამე სხვა მოსაზრება ჰქონდა, არ ვიცი. პრინციპში, თანაპარტიელების ხათრით რომ მოქცეულიყო ასე, მაშინ აღარ დატოვებდა "რესპუბლიკურ პარტიას" და აღარ შექმნიდა "შენების მოძრაობას", ყოვლად უსახურ ორგანიზაციას, სადაც არც არავინ შედის, არც არავინ გამოდის.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, დავითმა (ერთი შეხედვით) პოლიტიკური გზის გაკვლევა დამოუკიდებლად დაიწყო. დაუკვირდით, ის ყოველთვის ასე იქცეოდა, ყოველთვის იყო ურეიტინგო და თითქოს უპერსპექტივო, მაგრამ ცხოვრებაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ხოლმე, რაღაცებს გაარტყა – ბოლოს და ბოლოს, 5 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის მეორე პირი, 1%-იანი ადამიანისთვის განა ეს ცოტაა? კაი, ახლა იტყვით, ეგ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებააო, მაგრამ ხომ იყო, ხომ "გაარტყა" კაცმა რაღაცას?!

რა შანსი აქვს ბატონ უსუფაშვილს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი? არავითარი. მაშ რატომ იყრის კენჭს, არ იცის? აი, მე მყავდა ერთი დიდი ბებია, თუ ისეთ რაღაცას ჰკითხავდნენ, რაც არ იცოდა, ეგრევე უპასუხებდა ხოლმე: ეშმაკმა რო სილა გკრათ, მე რა ვიცი?! მთლად ასე არ გიპასუხებთ, მაგრამ საქართველოში ვის თავში რა იხარშება, როგორ იხარშება, რატომ იხარშება, ძალიან ძნელი გასარკვევია!

ისე, რაღა დაგიმალოთ და… დავითი ხშირად ბასტი-ბუბუსაც მაგონებს თავისი ჰაბიტუსით და საუბრის მანერით. ეს ნამდვილად არ არის კომპრომატი, დამიჯერეთ.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0