საცხოვრებელი სახლებია თუ ტოქსიკური ნივთიერებებით გამოტენილი კრემატორიუმები, სადაც ნელი და მტანჯველი სიკვდილი გველოდება?

ტყვია და სისხლში მისი შემცველობა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამას სექტემბერში, ესტონეთის საელჩოს თანამშრომლებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრების საგანგაში განცხადებები მოჰყვა, რომლებსაც საქართველოში ყოფნის პერიოდში სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა დაუდგინდათ.

„საერთო გაზეთს“ ასოციაცია "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს" თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე ესაუბრა:

– რატომ არის მომატებული ტყვიის შემცველობა? დავიწყოთ იმით, რომ რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების და ბენზინის მაფია მოქმედებს და ჩვენი ყველა უბედურება საბაჟოდან იწყება. რაც კი იმპორტზე შემოდის, ყველაფერს თავისი მაფია ჰყავს. სანამ ბიზნესი ასე კარტერულ გარიგებებზე იმუშავებს, მანამდე არაფერი გვეშველება, ამიტომ პირველ რიგში ამ სფეროს მოწესრიგებით უნდა დაიწყოს. როცა ჰაერის ტყვიით დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ბენზინისა და თავად ავტომობილების ხარისხი, უფრო სწორად, უხარისხობა გახლავთ. არც ერთი ჩვენი მეზობელი არ უშვებს თავის ტერიტორიაზე ისეთ ძველ მანქანებს, როგორც ჩვენ. ეს მანქანები როგორც არ უნდა ვარემონტოთ და რაც არ უნდა შევუცვალოთ, იმ კონდიციამდე მაინც ვერ მივა, რომ ეკოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, თუმცა ეს მთავარი უბედურება არ არის.. ჩვენ ჰაერის დაბინძურებას მარტო ქუჩაში ვზომავთ, მაგრამ იცით, ბინებში რა ხდება? რასაც ქუჩაში ვიწამლებით, ათჯერ იმაზე მეტად ვიწამლებით ჩვენს საკუთარ ბინაში.

– საკუთარ ბინაში რამ და როგორ შეიძლება მოგვწამლოს?

– რამ და არც ერთ სამშენებლო, მოსაპირკეთებელ თუ სანტექნიკურ მასალას, რაც საქართველოში შემოდის, საბაჟოზე არავინ ამოწმებს, ამიტომ რაც მსოფლიოში ნაგავია, ყველაფერი ჩვენთან შემოაქვ თ. გაივსო საქართველო უხარისხო სამშენებლო თუ სარემონტო მასალებით. ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია საღებავებში, წებოებში და სხვა დამხმარე სამშენებლო მასალებში. საღებავები, რომლებიც ეკოლოგიურ სისუფთავესთან ახლოს იყო, საქართველოში აღარ შემოდის, იმიტომ, რომ თურქეთიდან უფრო იაფფასიანები შემოყარეს. ხელოსნებისგან გამიგია, კარგი საღებავია, უცბად შრებაო.. ამ დროს, რაც უფრო ადრე შრება, მით უფრო მეტ ტყვიას შეიცავს და მით მეტად მომწამლავია, მაგრამ მარტო საღებავები? ახალი სახლები სულ ტოქსიკური სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით არის ნაშენები და გამკითხავი არავინაა. რკინა-ბეტონიდან დაწყებული, ყველა საშენი და მოსაპირკეთებელი მასალა შესამოწმებელია და შემოწმების ნაცვლად, ტყვია და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები ჩვენი ხელით შეგვაქვს ბინებში. ეს ევრორემონტი კი არა, ევროსიკვდილია, ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ორგანიზმში დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება. უნდა არსებობდეს აუცილებელი მოთხოვნა, რომ ჩაბარების დროს ბინა შემოწმდეს საშენებლო- ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებზე, როგორც ტოქსიკურ მასალებზე ასევე, რადიაციაზე და რადონზე. ეს გახლავთ რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე მომწამვლელი და ჰაერზე ცხრაჯერ მძიმე რადიაქტიული გაზი, რომელსაც თეთრ სიკვდილს ეძახიან. ის ყველგან და ყველაფერშია: მიწაში, წყალში და ა.შ. რადონის გამოსხივებამ მთელ მსოფიოში უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, ამიტომ დაიწყეს რადონომეტრების შექმნა და სამშენებლო მასალების შემოწმება, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი ჯერ გაჟღერებულიც არ არის..

— თქვენი აზრით, წყალში ტყვიის მაღალი შემცველობა სასმელი წყლის პლასტმასის მილებში გატარებას არ უკავშირდება?

– გააჩნია, პლასტმასის მილი რომელი მასალისგან არის დამზადებული და შემოწმებულია თუ არა. ტოქსიკური პლასტმასიც შეიძლება იყოს და რკინაც. ალბათ იცით, რომ სანამ ატომური ელექტროსადგურზე კატასტროფა მოხდებოდა, ჩერნობილი სამრეწველო რეგიონი იყო და ათასობით ქარხანა და წარმოება ჰქონდა. ავარიის შემდეგ ჩერნობილის ტერიტორია გამოცხადდა მკვდარ ზონად, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა იქ პარტიზანულად შესვლა და ლითონის ჯართად გამოტანა დაიწყეს. შემდეგ ეს ლითონი გადაადნეს და მილები, არმატურები, „შველერები“ და სხვა სამშენებლო მასალები დაამზადეს. მოგვიანებით, რადიაციით დაბინძურებული 100 ტონა ლითონის სამშენებლო მასალა მოსკოვში შეიტანეს და როგორც ჩანს, შემოწმების გარეშე დაიწყეს მშენებლობაში გამოყენება. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით „გასკდა“. იაპონელებმა რომელიღაც საბავშვო ბაღთან, გაიარეს, სადაც მილებს ამონტაჟებდნენ. რომელიღაცას ჯიბეში დოზიმეტრი ედო და განგაში ატეხა. გაყვნენ და ნახეს, რომ იმ ბაღში ყველა მილი რადიაციულად დაბინძურებული იყო და ბავშვებს წყლის ნაცვლად, შხამს ასმევდნენ. ამის მერე ატყდა ერთი ამბავი და ცხადი გახდა, რომ რუსეთი ამ მასალას ქვეყნის ტერიტორიაზე არ გააჩერებდა. მაშინ ითქვა, რომ ეს ჩალის ფასად ნაყიდი მილიონი ტონა რადიაციური ლითონი საქარველოში გივი თარგამაძემ და მისმა ძმამ შემოიტანეს. ამიტომ ვამბობთ, რომ შესამოწმებელია ყველაფერი.. მშენებარე, უკვე აშანებული თუ მომავალში ასაშენებელი..

– გამოდის, რომ ჩვენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ვაკეთებთ ეკონომიას და საბოლოოდ, მკურნალობაში ორმაგ ფულს ვიხდით. არავისთვის საიდუმლო არაა, საქართველოში მძიმე დაავადებების რიცხვმა იმატა და თურქეთის კლინიკები ქართველი ონკოპაციენტებით სავსეა..

– რადგან კლინიკები ახსენეთ, გეტყვით, რომ სამშენებლო მასალები საავადმყოფოებშიც კი არაა შემოწმებული. ბევრჯერ შეთავაზეთ, რომ გვყავს სერტიფიცირებული ჯგუფი, გვაქვს შესაბამისი ხელსაწყოები და შეგიძლია შემოწმების დაწყება, მაგრამ პასუხიც არ გვაღირსეს. წარმოიდგინეთ, ძვირადღირებულ ოპერაციებს აკეთებენ და შემდეგ პაციენტები „გაზის კამერებში“ შეჰყავთ, რომლებიც სავსეა ტოქსიკური აირებით, რადონით, რადიაციით, მძიმე მეტალებით და ათასი უბედურებით. ეს მაინც არ უნდა შეამოწმო? როგორ უნდა მისცე საავადმყოფოს სერტიფიკატი ისე, თუ სამშენებლო ეკოლოგიაზე არ გყავს შემოწმებული? დროზე თუ არ დავიწყეთ სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაცვაზე ზრუნვა, მალე გვიან იქნება. ქალაქის მერია იქნება თუ ტექნიკური ზედამხედველობა, ვინც ამ შენობებს იბარებს, მათმა შვილებმაც ხომ ამ ქალაქში უნდა იცხოვრონ? რაზე ფიქრობენ, რატომ აძლევენ ამის უფლებას? 14 წელია, ამაზე ვიბრძვი, სად არ დავწერე, როგორ არ ვეცადე და ნაბიჯი ვერ გადავადგმევინე. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ეხება? რამდენჯერმე მივმართე ამირან გამყრელიძის სამსახურს, მაგრამ არაფერი.. მსოფლიო სტატისტიკა გვეუბნება, რომ ადამიანთა 50%-ზე მეტი სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობისგან გამოწვეული მძიმე დაავადებებით იღუპება და ჩვენ ჯერ ის ნორმებიც არ დაგვიდგენია, რომლებიც სიკვდილიანობას იწვევს. არც დაუდგენიათ, არც დაუმუშავებიათ და არც აუმოქმედებიათ. ყოველდღიურად ვიღაცა ავადდება, ვიღაცას დაავადება უმძიმდება და ვიღაცა კვდება და გამკითხავი და მომკითხავი არავინაა..

– როგორც ვიცი, საბჭოთა კავშირის დროს რაღაც მსგავსი ნორმები არსებობდა და ნაციონალური მოძრაობის დროს გაუქმდა, თუმცა არც დღევანდელ ხელისუფლებას უზრუნია აღდგენასა თუ ახლის შექმნაზე..

– საქმეც ამაშია, რომ არსებობდა და ამ ყველაფერს მშენებლობის სამინისტრო არეგულირებდა. 2004 წელს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გააუქმეს, რომ ასე ეპარპაშათ. ამიტომ არის ასეთი განუკითხაობა სეისმოუსაფრთხოებაში და როდის დაგვემხობა ეს სახლები, კაციშვილმა არ იცის, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. . ჯანმრთელობის დაცვას მიმართავ და ჩვენ არ გვეხებაო, მერიას მიწერ და ჩვენ არ გვეხება, თვითონ მშენებლის და ინვესტორის პრობლემააო.. გამოდის, სულ რომ ამოვწყდეთ ამ დაავადებებისგან, პასუხს არავინ არაფერზე აგებს.

– ამოწყვეტის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს?

– ერთადერთი გამოსავალია, რომ გაჩნდეს პასუხისმგებელი სტრუქტურა, როგორიც ადრე მშენებლობის სამინისტრო იყო და ზუსტად ახლა არის ამისთვის ხელსაყრელი მომენტი. სამინისტროების შეცირება რომ მოხდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების სამსახური ჩამოაცილეს და მთავრობის ადმინისტრაციას დაუქვემდებარეს, რომელსაც კახიშვილი ხელმძღვანელობს. იქ უკვე დარჩა ინფრასტრუქტურა, ანუ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და მშენებლობის დეპარტამენტი. დაარქვან ბარემ მშენებლობის სამინისტრო და გახსნან სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ტყვია იქნება თუ სხვა ტოქსიკური გამონაბოლქვი და რადიაცია. ამ საქმეში ჟურნალისტებმაც უნდა დაგვიჭირონ მხარი და მთელმა საქართველომაც, თუ გვინდა, რომ ამ ჭირს გადავურჩეთ.

ნელი თორდია
скачать dle 12.0