მივმართავ ქართველ ხალხს - ახლა უნდა ვივაჟკაცოთ, მივიდეთ საარჩევნო ყუთთან და საქართველო ნაციონალებისგან გადავარჩინოთ!

გვესაუბრება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მაგალითად, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების საშუალებასაც არ აძლევენ.


_ თუ ამ საკითხების სიღრმეებში წავალთ, გაზეთის ფორმატი ვერ დაიტევს, იმდენად საშიში ნაღმი დევს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში.
თუმცა, უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ინტერვიუს მსურს ერთმნიშვნელოვნად გასდევდეს ჩემი განწყობა _ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის უკუღმართად განხორციელებული კოჰაბიტაციის შედეგი.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას.
მე მიმაჩნია, რომ სახელისუფლებო პარტიას უფრო მეტ შედეგს მოუტანდა ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატად დაესახელებინათ. ამით "ქართულმა ოცნებამ", გარკვეულწილად, შეიზღუდა თავი.
"ნაცმოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს კი სხვა განზრახვები აქვთ. კიდევაც თქვა სააკაშვილმა _ ამ არჩევნებით უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დემონტაჟიო. სააკაშვილის მოსაზრებით, "ქართულ ოცნებას" არჩევნებით ხელისუფლებას ვერ წაართმევ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებით შეფუთულ პროცესებში არეულობის დიდი გეგმა დევს.
იმ შემთხვევაში, თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთიდან პიარის ცნობილი სპეციალისტები ჰყავს ჩამოყვანილი _ ვერ გაიმარჯვებს, მათ სათადარიგო კანდიდატი ჰყავთ ბაქრაძის სახით.

_ რას ფიქრობთ, რუსეთი ხომ არ ჩაერევა არჩევნებში?

_ ორი ცნობილი "პიარშჩიკი" უკვე გამოაგზავნეს. თქვენი აზრით, ეს ხალხი ისე წამოვიდა, არავინ იცის რუსეთში და ვერც ვერავინ გაიგებს? ცხადია, საქართველოში არეულობა რუსეთის ინტერესებში შედის. რაც მეტად აიმღვრევა აქ წყალი, მით მეტ `ღლავს~ დაიჭერენ.
სერგეენკოს პირადი მიწერ-მოწერა გაასაჯაროვეს რუსებმა და ამით ის გვითხრეს, რომ ყველაფერი ვიცით, რასაც აკეთებთ და რაც ხდება საქართველოშიო.
დღეს შექმნილი ვითარება იმის შედეგია, რომ `ქართულმა ოცნებამ~ პოლიტიკურად და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეცდომები დაუშვა და კიდევ ვიმეორებ, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა არ გაასამართლა "ნაციონალური მოძრაობა".
დამისახელეთ მსოფლიოში სახელმწიფო, რომლის მთავრობაც ომს წააგებს და მერე ზეიმობს.
ჰიტლერმა თავი მოიკლა, ნაპოლეონიც გაიქცა ქვეყნიდან, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?!

_ რომის იმპერატორმა _ ოტონმა თავი მოიკლა ბრძოლაში წაგების მერე. ნერონმაც თავი მოიკლა, ხალხის მტრად რომ გამოაცხადეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმემ აქაც იგივე უნდა გააკეთოს, მაგრამ სინდისმა მაინც შეაწუხოთ და გაჩუმდნენ.

_ დიახ, დიახ. ამიტომ არის აუცილებელი ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან" და რომ იტყვიან, ცივ წყალს გადაასხამს მათ ელექტორატს.
შემიძლია გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც თავს არ დაუხრის "ნაცმოძრაობას".
მაგრამ, მოდით, დავუშვათ, გაიმარჯვა ბაქრაძემ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ხელისუფლებაში მოვა "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ფრთა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებამ არ გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ ჩვენ, ხალხმა ხომ გავასამართლეთ, ხომ გამოვუტანეთ განაჩენი?

გინდა ვაშაძემ გაიმარჯვოს, გინდა _ ბაქრაძემ, ორივე შეიწყალებს სააკაშვილს და მერე ნახეთ თქვენ შეწყალებული მიშას ჯლიგინი საქართველოში.

_ რა შეუძლია ასეთ ვითარებაში "ქართულ ოცნებას"?

_ "ქართულ ოცნებას" რომ შეძლებოდა, აქამდე არ მიიყვანდა საქმეს.
ხომ გახსოვთ, კიდევაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა: მე დავბრუნდი იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა ხალხსო.
ჩვენ სხვა რა გზა გვაქვს, თვითონ უნდა ვიაქტიუროთ, ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად, ყოველგვარ უკმაყოფილებასა და გაჭირვებაზე მაღლა დავდგეთ და გადავარჩინოთ არა "ქართული ოცნება", არამედ ქვეყანა.

შეიძლება ვინმემ დაარწმუნა "ქართული ოცნების" მესვეურები, "ნაცმოძრაობა" მაგალითად, "ევროპული საქართველოთი" ჩავანაცვლოთო, მაგრამ ეს ვერაგული ჩანაფიქრია _ ხალხმა შეიძლება მოითმინოს "ქართული ოცნების" და "ნაცმოძრაობის" გაუთავებელი პაექრობა, მაგრამ ბოკერიას ვერ მოითმენს.

სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პოლიტიკურ ველზე სხვა ძალები არ ჩანან _ "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო" "გირჩი", "მირჩი" _ ანუ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობის" ქოფაკები. როცა საჭირო გახდება, ამ "ქოფაკებს" დაუძახებენ, უბრძანებენ, რომ ერთ გუნდად შეიკრან და მაშინ იქნება ჩვენი საქმე უფრო უარესად.
მე თუ ვხვდები ამას, ეს არ უნდა იცოდეს "ქართულმა ოცნებამ"?

თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ქართველ ხალხს _ ახლა უნდა ვივაჟკაცოთ, მივიდეთ საარჩევნო ყუთთან და საქართველო გადავარჩინოთ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც გამოვა ქუჩაში, თავს სასიკვდილოდ დადებს და "ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს. 

დღეს საქართველოში "ქართული ოცნების" მომხრეები, ე.წ. "2012-იანელები", რომლებმაც მოიტანეს გამარჯვება 2012 წელს, ნებისმიერ რაიონში დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ეს ხალხი არის იგნორირებული. ისინი ცოცხალი თავით `ნაცმოძრაობას~ მხარს არ დაუჭერენ. ეს ადამიანები უნდა შევკრიბოთ. ამიტომ შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა "2012-იანელები _ ღირსეული საქართველოსთვის". ჩვენ მთელ საქართველოში გავერთიანდებით. ქუჩაში დავწვებით და "ნაცმოძრაობას" არ დავაბრუნებთ! ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც "ნაცმოძრაობას" სამკვდრო-სასიცოცხლოდ დავუდგებით წინ და ხელისუფლებაში არ მოვუშვებთ! ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

"ქართულ ოცნებას" და მტერს შორის რომ არ დგას ეს უანგარო, მებრძოლი ხალხი, იმიტომ არის ჩატეხილი ხიდი. 2012 წლის მონაპოვარს არ დავთმობთ. ვერავინ დაგვიდგება წინ.

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: "ქართული ოცნების" და საქართველოს გადარჩენა აქ არის და ჩვენ ამას გავაკეთებთ!
რეგიონებში "ნაციონალებს" ყველგან უკვე ბაზისი აქვთ შექმნილი ადგილობრივ ხელისუფლებებში. კადრები ჰყავთ შეშვებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში _ ნათესავი, მეგობარი, ოჯახის წევრი, დეიდა, მამიდა, ყველა ჩასაფრებული ჰყავთ საკრებულოებში და გამგეობებში. უმალავენ ამას ბიძინა ივანიშვილს? არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ვინ დაამხო ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე? _ ვინ და თავისმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც შეთქმულება მოუწყვეს.
პირადად მე, ფოთში, 2012-ში ოთხი "მამალი" ნაციონალი მყავდა გადმობირებული, რომელთაგან ორი ახლა საკრებულოშია "ქართული ოცნების" სახელით.

ცხვრის ქურქში გახვეული მგლების გარემოცვაშია ბიძინა ივანიშვილი და როდის გაუკეთებენ მუხთალ საქმეს, არავინ იცის.
შესამჩნევი რყევები რომ დაიწყება, მაშინ გაიქცევიან ვირთხები გემიდან და უკვე გვიანი იქნება.
ჩვენ, ხალხმა, ამას წყნარად ვუყუროთ?

თუ არ ვიმოქმედეთ, ეს იქნება ჩვენი მცონარობა, ჩვენი ლუარსაბ თათქარიძეობა და ამას არავინ გვაპატიებს.
ამისთვის შეიქმნა "12-იანელები _ ღირსეული საქართველოსთვის" და არა იმისთვის, რომ რაიმე თანამდებობები გვინდა. ჩვენ ვართ ხალხი, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გამოვტაცეთ ქვეყანა ხელიდან ნაციონალებს და ახლაც დავდგებით თუნდაც საბედისწერო ბრძოლაში ნაცებისგან საქართველოს გადასარჩენად.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0