რას ბურჭალობს ბურჭულაძე, ანუ აქა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვერ გაყიდა 9 მილიონად ცოლმა თავისი მომღერალი ქმარი, სახელად პაატა

კეშას ბლოგი

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო – როცა ბურჭულაძემ პოლიტკაში მოსვლა გადაწყვიტა – გადაწყვიტა და არ დაახანა:
როგორც კონფიდენციალურმა წყარომ გვიამბო, ბატონმა პაატამ ცოლი მიუგზავნა ივანიშვილს – 60 წლის პაატას უკვე სასიმღერო კარიერის გაგრძელება არ უნდა, პოლიტიკაში უნდა მოსვლა და აბა, თქვენ იცით, 9 მილიონი უნდა ამ ამბავსო.
მაშინ ვერ გაუგია ივანიშვილს, რად უნდოდა ბურჭულაძის სასიმღერო კარიერის დასრულებას და პოლიტიკაში მოსვლას 9 მილიონი და არ უყიდია ბურჭულაძე…

აბა, ბანი, იყიდება ბანი, სულ რაღაც 9 მილიონად…
აბა, ბანი, ვინ იყიდის ბანსა?

ბურჭულაძემ ასე არ იყოო, თავად უნდოდათ ჩემი ყიდვა და არ გავიყიდეო, პოლიტიკაში მთხოვდნენ მოსვლას ფულის სანაცვლოდ და ფული არ ავიღე – ისე მოვედი პოლიტიკაში, მოვედი, ვიბოდიალე და გავიქეციო.
ჰოდა, სანამ პოლიტიკაში იყო დიდი ბანი, გაიქცა და ჩრდილოეთს შეაფარა თავი, გაიქცა და რუსეთში გამოჯდა, გაიქცა და რუსულ კულტურას ჩაუჯდა…
რა ფერისაა რუსული ფული, ბატონო პაატა?
სულ ერთია ფულის ფერი, ბატონო პაატა?

ბატონმა პაატამ, მაშინ, რამდენიმე წლის წინ ბრძანა – ივანიშვილმა ჩემზე რომ თქვა, ფულს ვთხოვდი, ტყუილია, მაგრამ არ ვუჩივლებ, იმიტომ რომ მე თბილისში გაზრდილი კაცი ვარ და ვერ ვუჩივლებ, მოვიდეს და თბილისურ პასუხს გავცემო.
მანამდე ვენის ციხეში დაწერა ბურჭულაძის თბილისში გაზრდილმა შვილმა – ვენის ციხის დღიურები.
მანამდე რუსს უმღერა რუსი ჯარისკაცების მემორიალთან…
ახლა, კობას ემუქრება დავითაშვილს – უნდა გიჩივლო შეურაცხყოფისთვისო.
ანუ, ვიღაცას შეიძლება ვუჩივლოთ, ვიღაცას – არა?
ესაა თბილისელობა, ასე ითხოვს თბილისი?

ვერ უჩივლებს ივანიშვილს – ვერა, იმიტომ რომ იცის, ჩანაწერი იქნება სადღაც აუცილებლად, როგორ მიაგზავნა ცოლი, გამყიდეო, სარფიანად გამყიდე და 9 მილიონი მომიტანეო.

ქმარი 9 მილიონზე ნაკლებად ქალმა როგორ უნდა გაყიდო.
მერე იყო, გადაგდებების სერია, გადააგდო ჯაფარიძე, გადააგდო ყველა, ვინც გაეკარა და ვისაც გაეკარა – გადააგდო სახლის მეპატრონეც კი – სადაც ოფისი ჰქონდა – ოფისის ფული არ გადაიხადა, იმ კაცმა, ვისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს, ოფისის ფული არ გადაიხადა – რატომ უნდა გადაეხადა, ვერ მოუტანა ამ ოფისმა მოგება, ვერ გაყიდა ამ ოფისმა.

მერე იყო „იავნანა“ – საერთოდ არაფერი შეხება რომ არ აქვს „იავნანამ რა ჰქმნა?!“-სთან და ძილისპირული რომ იყო მხოლოდ.
ბევრი რამ დაიწერა ამ საქველმოქმედო ფონდზე, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს – მაგრამ არ შეგვპასუხებია ბურჭულაძე – დოკუმენტურად როცა ვედავებით, იქ შეპასუხება არ უყვარს.

რა ქნას, თბილისელი კაცია და არ შეუძლია დოკუმენტებით საუბარი.
რა ქნას, წლებია დოკუმენტებს ვთხოვთ, არ გვაძლევს და კიდევ აქეთ ველანძღვინებით და მეტი რა ჰქნას, რას ვთხოვთ მეტს.
ხოდა, მე პირველი ვიყავი, ვინც „საერთო გაზეთი“-ს ფურცლებიდან გაგაგებინეთ, რომ გადამგდებია თქვენი ბანი, რომ ჩავიდნენ გურიაში, იმ გურიაში, სადაც გურულები გურულად მოიხსენიებდნენ ამ თბილისელ ვაჟკაცს – 8 სულიანი ოჯახი წაიყვანეს სახლის სანახავად, ოთახები აარჩევინეს ბავშვებს, ფოტოები გადაუღეს ოთახებში და სახლებში, რაღაც დოკუმენტები აკეთებინეს, მერე სოფლის გაშლილ სუფრასთან ჩასკდნენ და წამოვიდნენ.
გავიდა დრო და სახლის მეპატრონეს უთხრეს – გაყიდე სახლი, რას გველოდებიო.

გავიდა დრო და ოჯახის უფროსს უთხრეს – ვინ ხარ, ვის დაკარგვიხარ, არ გიცნობთო.
გავიდა დრო და მე მითხრეს – არ ჩავსულვართ გურიაში, ტყუილია, არ ვყოფილვართ მაგ ოჯახთან საერთოდ, არც მაგათი დოკუმენტები გვაქვს და არც მაგათი ფოტოებიო.

ფეხზე დადგა სოფელი, ობლებს ვის დაგაჩაგვრინებთ, მთელი სოფელი მოწმე არა ვართ – ერთ სუფრასთან არ ვისხედით და ობლების გახარებისთვის არ გლოცავდითო?

რა გზა ჰქონდათ, გაჩუმდნენ, გაისუსნენ – ჩაიმალნენ.
არც იმ დოკუმენტურ ფილმზე გაუღიათ ხმა, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ფულს ათეთრებდა ამ თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციით, ჩრდილოვან და ჩრდილოეთის ბიზნესებზე საუბრობდნენ.

800 ათასის ღირებულების სახლები იყიდეს და ამისათვის მილიონ ორასი ათასზე მეტი ჩაირიცხეს ხელფასები.
სად გაგონილა საქველმოქმედო თანხას აჭარბებდეს ხელფასი?
სად გაგონილა აქამდე?

ნახევარი მილიონით მეტი ხელფასებზე, ვიდრე ქველმოქმედებაში?
ჩვენ რომ ბოლო ლარს ვრიცხავდით, იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს ნახევარი მილიონით მეტი ხელფასებში?
ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელი არ იყიდება? – ვის სჯერა ახლა მაგის.
არ იყიდება კი არა – ვერ იყიდება.

ისე, იცოდა, ეტყობა, შეჩვეული იყო, ეტყობა, თორემ, ასე ცა მოწმენდილზე ვის მოუვა თავში თავის გაყიდვა? ყიდულობდნენ, ეტყობა, მანამდე, ჰყავდა, ეტყობა მანამდე მყიდველი – მაგრამ მყიდველიცაა და მყიდველიც, თანხაცაა და თანხაც…
რა ფერის ფული გინდათ, ბატონო პაატა?

ახლაც ნაცების გვერდით დგას, ახლაც იმათ უსწორებს კუდს…
არ ღირს ნაცების გამონაცვალი ბანი 9 მილიონი.

აი, ჩვენ კი ვღირვართ, ბურჭულაძემ და მისნაირებმა ნამდვილად უნდა შემოიტანონ ბიუჯეტში მილიონები – უფასოდ არ ვუსმენდეთ ამათ ბჟუტურს – დავაწესოთ გადასახადი – დამღალა უფასო სისულელებმა – ფული რომ ექნებათ გადახდილი ამ სისულელეების საუბარში, იქნებ უფრო მარტივად ასატანი იყოს მოსმენა.

და გულწრფელად მაინტერესებს – რატომ გაიწელა ასე ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშების შესწავლა – მესმის, რომ კარგად მღერის, მაგრამ – მით უფრო მეტი მოეთხოვება ხელოვნებასთან ნაზიარებ ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანების ნდობას იყენებს.
თუ ჩვენ ვტყუით და ეს კაცი ცამდე მართალია – ჩვენ დაგვიჭირეთ, ჩვენ, ვინც ფაქტებით ვამბობთ, რომ მატყუარა – დაგვიჭირეთ ცილისწამებისთვის.
თუ არადა, გამოიძიეთ ბურჭულაძის საქმე, კორუფციით დაწებული, ტყუილით გაგრძელებული და ახალი ეთნოდაპირისპირების დაწყების მცდელობით დასრულებული.

თუ არადა, ეგრე როგორ გამოვა, ვისაც რაც უნდა ის თუ უნდა აკეთოს, ვისაც რა მოეპრიანება, იმის თქმა თუა შესაძლებელი?
არ მინდა, ნუ იმღერებს, არ მინდა, ნუ გამოვა საქართველოს სახელით, ისედაც სულ რუსეთის სახელით გამოდის – ნუ იმღერებს, არ გვემღერება ახლა მაინც, ახლა, როცა კაცებს ცოლები ყიდიან და ვერც ყიდიან.

გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ფოტოებს რომ უღებდნენ ბავშვებს სახლის ფონზე, ოთახებს რომ არჩევინებდნენ – უკვე იცოდნენ, რომ ამ სახლს არ იყიდნენ, უკვე იცოდნენ, რომ ტყუილი იყო მათი სიხარული.
გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ვიღაცისთვის საჩვენებლად უნდოდათ ის ფოტოები, რომ ეთქვათ, აი, სახლი ვუყიდეთ და ბედნიერები არიანო.
მე გული მეწურება და ის ოჯახი ისევ მიწურში ცხოვრობს.
მე გული მეწურება, ის ოჯახი მიწურში ცხოვრობს და ეს ითხოვდა კიდევ 9 მილიონს.

скачать dle 12.0