გელა ზედელაშვილი : მტრების აღლუმი

(დასასრული, დასაწყისი იხ. "სგ" N28.)

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საერთოდ, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერა უსასრულოდ შეიძლება. თუმცა ამ ეტაპზე ამ წერილით დავასრულებ და ერთგვარ, ანუ ჩემებურ დასკვნასაც დავდებ.


ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, აქვს თუ არა მას ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც აიქნევს, დაიქნევს და უამრავ სასწაულს ჩაიდენს? თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრის ჭკუით, ივანიშვილი არის რობოტი, უსულო, უგულო, უხორცო ადამიანი, რომელიც ფულის გარდა არაფერს იძლევა. გინდათ, უფრო ჰუმანურად ვთქვა? ბევრის მდარე გონებით, ივანიშვილი არის ძროხა, რომელიც ფულს იწველება და იწველება, მას არ აქვს არაფრის დარდი, არ სტკივა, არ უხარია, უგრძნობია, რკინაა. სწორედ ამის გამო გაავდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი – 2012 წლიდან ჩვენში ბევრი “დოლარების წვიმას” ელოდებოდა და იმედი გაუცრუვდა. ამას წინებზე ერთ-ერთი ტელევიზიით სიუჟეტი გავიდა, სადაც ბირჟაზე ჩამომჯდარი კახელი იძახის, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ გვინახავს, რუსებს მივუერთდებით და ისინი შეგვინახავენ, აბა, როგორო?! ვატყობ, ბატონ ბიძინას მალე ეტყვიან, ამ ქვეყნად მოსვლა არ გვითხოვია, შენ არ გაგვაჩინე, მაგრამ თავში ქვა იხალე და გვარჩინეო. პრინციპში, ამას გარკვეულ წრეებში უკვე ამბობენ კიდეც. კაი, კაი, მე არ გამიჩენიხართ, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, მაინც გარჩენთო, – თქვა ივანიშვილმა და ასე ჩამოეკიდა 5 ათასამდე ადამიანი მის ჯიბეს. ამათგან ზოგი ხელოვანია, ზოგი სპორტსმენი, ზოგი მეცნიერი, ზოგიც ვითომ დამსახურებული მუშაკი. ალბათ, გახსოვთ, ორიოდე წლის წინათ მსახიობებს უთხრეს, შეიძლება სტიპენდიები (დახმარებები) შეგიწყდეთ, ქველმოქმედებასაც აქვს საზღვარიო… უთხრეს და ატყდა ერთი ამბავი – რას ჰქვია, შეგვიწყდეს, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და უნდა მოგვეცესო… ბიძინა ვინ არი, რო ეგრე მოგვექცესო?! ჰოდა, მართლაც, ბიძინა ვინ არი, რო ჯულიეტა ვაშაყმაძეს ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარი არ მიართვას და მისმა ძემ კიდევ კვირაში ერთხელ ორი საათის განმავლობაში იგივე ბიძინას არ აგინოს?! ნუ, ეხლა, ქალბატონ ჯულიეტას ადგილზე ნამუსიანი ადამიანი ამ ფულს არაფრისდიდებით არ მიიღებდა, მაგრამ “დაიმსახურა” და რა ქნას? ეს ივანიშვილი კიდევ ის კაცი არ არის, გულში ბოღმა ჩაიბუდოს და ჯულიეტა გადააგდოს! თუ გინდათ, გიორგი შენგელაიას მაგალითი გავიხსენოთ კიდევ ერთხელ (ეს ხომ უმადურობის კლასიკური ნიმუშია?), რომელმაც პრეტენზიები წამოაყენა, ჩემ ძმას 5 ათასს აძლევს და მე კიდევ 3 ათასს, მაგას უნდა, რომ ძმები ერთმანეთს გადაგვკიდოსო. გამოგიტყდებით, როცა ბატონ გიორგის ვუყურებ, სიბერისა მეშინია, მაგრამ ზოგიერთი ახლობელი მანუგეშებს, არ იდარდო, ეგ ახალგაზრდობაშიც ეგეთი ოღრაში იყოო. არა, მეც კარგად ვიცნობ, ბევრი გვისაუბრია, რაღაც უპრინციპო პრინციპები კი აწუხებს, მაგრამ ამხელა ხელოვანმა ამ დონეზე რანაირად უნდა გაუბეროს?!
კარგი, გასაგებია და ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კაცი უდიდესი ქველმოქმედია (თუმცა შალვა ნათელაშვილს ამაშიც შეაქვს ეჭვი), 2012 წლამდე მართლა სასწაულები ჩაიდინა, მაგრამ დარჩა თუ არა შემდეგ იგივე სასწაულმოქმედად და დაუშვა თუ არა საბედისწერო შეცდომები? ჩემი აზრით, ის ისევ დარჩა უდიდეს ქველმოქმედად, მაგრამ პოლიტიკაში დაუშვა შეცდომები. არა, ე.წ. ქართულ პოლიტიკას, ე.წ. ქართველ პოლიტიკანებს და ე.წ. ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ეს შეიძლება ეს არც არის ივანიშვილის მიერ დაშვებული შეცდომები, ეს ჩვენი ბუნების, მოდგმისა და ჯიშის გამოვლინებაა. გავიხსენოთ 1937-იანი წლები, რატომ მოხდა, რომ რეპრესიებმა საქართველოში უფრო მძლავრად გაშალა ფრთები, ვიდრე აზრებაიჯანში, სასომხეთსა თუ სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში? რატომ იყო ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში? იმიტომ, რომ აქ უფრო მეტი ჩამშვები, მოღალატე და გამყიდველი აღმოჩნდა. წერდნენ და წერდნენ “დანოსებს” ავაზაკები პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ. ამ ქვეყნის ცხოვრება ძალიან კარგადაა ასახული ფილმ “მონანიებაში”. დრო გადის, ტექნოლოგიები ვითარდება, ცხოვრებაც თითქოს წინ მიდის, მაგრამ დააკვირდით, ჩვენი ცნობიერება ისევ ღალატით, გამყიდველობით, ბოღმით და ათასნაირი უბადრუკობით იკვებება. აქ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები მახსენდება:
“ერთადერთი, ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს, ესენი არიან დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. მათ უთხრეს, კი, მაგრამ თქვენ არ ხართ საქრათველოს მოქალაქეები? კანდელაკს და ბაქრაძეს უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოსო. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეს თქვა 2015 წლის 19 ნოემბერს, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებამდე. ახლა როგორ გგონიათ, იგივე კანდელაკი და ბაქრაძე 1937 წელს რომ მოსწრებოდნენ, არ იქნებოდნენ სახელოვანი “დანოსჩიკები”? იქნებოდნენ და ნახევარ საქართველოსაც აუგებდნენ ანდერძს, ყველა დარბაისელს დააპატიმრებდნენ, დახვრეტდნენ და ვინც გადარჩებოდა, გააციმბირებდნენ. ესენი იმათი შთამომავლები არიან, ხალხს გულაგებში რომ ალპობდნენ, სისხლი ყივის, გენი არ იკარგება. მართალია, გადამწყვეტ მომენტებში მოღალატეებს არ უმართლებთ, მათ წადილს არ ითვალისწინებენ, მაგრამ ქვეყანა მაინც ზიანდება. ბოლო პერიოდში პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყოფილი თუ ახლანდელი გარემოცვის წინააღმდეგ მიდის მასირებული შეტევა მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიის საშუალებით. განგებ ხდება ფაქტებისა თუ გამოგონილი ზღაპრების გამუქება, კორუფციული ჯოჯოხეთის დახატვა. ეს შეტევა უკრაინაში სააკაშვილის გაქსუების დღიდანვე დაიგეგმა, თავიდან გახლდათ გეგმა “ბ”, მაგრამ დღეს უკვე გახდა გეგმა “ა”. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი “რჩეულის”, სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც “ნამაღლარი” მომღერალს ეუბნება, ნოდარ მელაძე უნდა გახდეს “ფილს კომანდერიო”. ნიჟარაძე თავის მხრივ უმტკიცებს, რომ ნოდარმა ჩაისვარა და უკვე სუნი ასდის. გაიხსენეთ? ჰოდა, ახლა ნოდარი უკვე გახლავთ “ფილდ კომანდერი”, რომელიც აცხობს და აცხობს ყოველ შაბათს ფარულ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს. აქ ვერ გაიგებთ, რა დამონტაჟებულია და რა გამოგონილი, ბიზინა ივანიშვილთან დაახლოებული თუ ვერ დაახლოებული პირები საუბრობენ რაღაც გარიგებებზე, წილების გადანაწილებაზე, აღებ-მიცემობაზე. შეიძლება ორი ადამიანი სულ სხვა თემაზე საუბრობდა, შეიძლება ბიზნესიც ახსენეს, შეიძლება ფულზეც წაუცდათ სიტყვა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ ორივეს “დიქტოფონი” უდევს ჯიბეში. ხალხი ერთმანეთთან მეგობრობს, ისინი ერთად დადიან რესტორნებში, ერთმანეთს დითირამბებს უძღვნიან, ერთმანეთს ემაგობრებიან და ამავე დროს ერთმანეთს ფარულად წერენ. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ მხრივ შავ დღეში? რასაკვირველია, როდესაც ყოველი მეორე მოღალატე და პროვოკაციის მომწყობია, როდესაც ყველა “სპეკულიანტობს” შენი სახელით, რათა მილიონები იშოვოს, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი. მით უმეტეს მაშინ, როცა გვარამია-მელაძის მიერ მომზადებულ ე.წ. სკანდალებს შენივე გუნდის წევრი “აპრავებს”. აგერ, წინა შაბათს გამოგდებულ სიუჟეტში ვინმე დავით ჭიჭინაძეც მონაწილეობს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაითხოვეს “ქართული ოცნებიდან”. ბატონი დავითი ისე ლაპარაკობს მწყაზარი სახით, გეგონება, ამ ხელისუფლებაში არ ბრძანდებოდეს და გეგონება, თავს არ იწონებდა, მე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი გახლავართო. ჰო, კიდევ ერთი… გეგონება, პარლამენტარობას სამშენებლო ბიზნესს არ უთავსებდეს და გეგონება, ზემოთ მჯდომისთვის “განკუთვნილი” სიკეთეებით არ სარგებლობდეს. ესე იგიო, პრემიერი და ვიცე-პრემიერი რომ 700 მილიონს მოიპარავენ, ქვეყანაში უკვე ძაან ცუდადაა საქმეო, – იძახის მელაძის გადაცემაში ბატონი ჭიჭინაძე. კი, მაგრამ ეს ის კაცია არ არის, ყოფილ პრემიერს კბილებით რომ იცავდა და ამტკიცებდა, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარიაო?! დიახ, იცავდა და იმასაც ამბობდა, გლეხს რომ რამის სწავლა უნდოდეს, ხელში თოხს არ აიღებდაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ თვითონ ჭიჭინაძესაც არ ჰქონია უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული!

იცით, რატომ გავიხსენე ჭიჭინაძის მაგალითი? თქვენი არ ვიცი და… მე უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე ჩამოყალიბდა ხროვა, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება და ირაზმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ხროვაში ერთიანდებიან როგორც გარეულები, ისე შინაურები და როგორც ზვიად გამსახურდიას მაგალითმა გვიჩვენა, ამ შემთხვევაში შინაურები უფრო საშიშნი არიან. ახლა უფრო ცოტა შორს წავალ: ვინ გამოიყვანა პოლიტიკურ ავანსცენაზე ორი თენგიზი – კიტოვანი და სიგუა? რა თქმა უნდა, ბატონმა ზვიადმა. წინასწარ განჭვრეტდა პრეზიდენტი, რომ ცოტა ხანში ერთი რკონის ტყეში გავარდებოდა, მეორე კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდებოდა? რა თქმა უნდა, ვერა. ორი თენგიზიდან ერთმა, რომელიც უაღრესად განათლებულია და მე თუ მკითხავთ, ცოცხალი ენციკლოპედიაა, ჩემთან საუბარშიც აღიარა, რომ რაც მათ ჩაიდინეს, ეს გახლდათ წმინდა წყლის სამხედრო გადატრიალება. მეორე თენგიზი ისევ რკონის ტყეშია, ისე ძველ ჩვენებას აწვება და ჰგონია, რომ ის ეროვნული გმირია. არადა, მახსოვს, როცა ზვიად გამსახურდიამ სიგუა წარმოგვიდგინა პრემიერ-მინისტრად, მაშინ საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში ვმუშაობდი და ყველა გახარებული იყო, ძალიან წამოსადეგი, ძალიან სიმპატიური პრემიერი გვყავსო. ბიძინა ივანიშვილმაც წარმოგვიდგინა არაერთი წარმოსადეგი და სიმპატიური პიროვნება, არაერთზე ამყარებდა იმედს… თქვენ წარმოიდგინეთ, როცა “ნაციონალების” მომავალზე ვედავებოდი, მაშინაც კი სჯეროდა, რომ ჩვენ დასაკარგი კადრები არ გვყავდა და როგორმე ისინი უნდა შემოგვებრუნებინა, ქვეყნის მშენებლობის საქმეში გამოგვეყენებინა. ის საერთოდ არ ფიქრობდა ღალატის ასეთ მასშტაბებზე. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და ვინმე ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება არ ენდობოდა, ცხვირწინ გაუცოცხლებდნენ და რაღაც გაუგებარ გარიგებებში დაადანაშაულებდნენ. მოდით, ვთქვათ სიმართლე, რაში სჭირდება ივანიშვილს ვინმეს ტელევიზია (როცა თვითონ სამი ტელევიზია დახურა), ვინმეს სრულიად ურეიტინგო “იბერია”, ან თამბაქოს წიტიანი ქარხანა, ან ავტომობილების ქარაქუცა გარაჟი? ამ ადამიანმა არაერთხელ გასაგებად განაცხადა, საქართველოში ბიზნეს-ინტერესები არ გამაჩნია და არც მომავალში მექნებაო. არა, მაინც აკვეხებენ ყველგან მის სახელს, მაინც ცდილობენ მისი სახელით რაღაც მაქინაციების ჩატარებას, რომელსაც მერე პოლიტიკური მტრები, ანუ პოლიტიკურ-სოციალური ავაზაკები იყენებენ. ეს ავაზაკობა დღეს არ დაწყებულა, ერთ საუკეთესო მაგალითს გაგახსენებთ: 2012 წლის ზაფხულში, “ნაცებისთვის” საბედისწერო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რასაც ახლა “რუსთავი 2” აკეთებს, იგივეს აკეთებდა ე.წ. ტელეკომპანია “რეალ ტვ”. ეს გახლდათ გურამ დონაძის მიერ მართული კანტორა (მაშინ გურამი გახლდათ დღევანდელი ნოდარი). მოდიოდნენ ამ “რეალ ტვ”-დან ე.წ. ჟურნალისტები – ვალერი კვარაცხელიას შვილი, თაკო კვარაცხელია და ლაშა ბერულავას ცოლი (გვარ-სახელი აღარ მახსოვს) ივანიშვილის პრეს–კონფერენციებზე, რათა მოეწყოთ პროვოკაციები. ერთხელ თაკო კვარაცხელია ეკითხება – ბატონო ბიძინა, ამ დილით რა დავალება მოგცათ ვლადიმერ პუტინმა? ბატონი ბიძინა გაღიზიანდა, დაუწყო ჭკუაზე დარიგება. მე ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე: შვილო, თაკო, ეგ შეკითხვა მამაშენ ვალერის რომ დაუსვა, უკეთესად არ გიპასუხებს?! პროვოკატორები გაჩუმდნენ, სახეები წაეშალათ. აი, ნახეთ თავხედობის უმაღლესი დონე, იმ ადამიანის შვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს და ვლადიმერ პუტინს გმირად მოიხსენიებს, ივანიშვილს პრორუსულობაში ადანაშაულებს. ეს გახლდათ დაგეგმილი პროვოკა- ცია და იგივე კამპანია გრძელდება დღესაც, ანუ მეთოდი “ნაცხუხულას” არ შეუცვლია. დიახ, რაც ხარ და იყავი შენ, ზუსტად ის უნდა გადააბრალო სხვას.

მეტსაც გეტყვით, იმავე პერიოდში გურამ დონაძის ერთი მოწაფე გამოვარ- და და დაიწყო მტკიცება, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა მთხოვა, შევხვდი და დიდი ფული შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარიო. ეს ამბავი მაშინ საკმაო დოზით გასკანდალდა, მაგრამ მერე ე.წ. ჟურნალისტი ტყუილებში გამოიჭირეს და ამ სფეროდან საერთოდ გაქრა. იმ ბიჭის გვარსა და სახელს არ ვახსენებ, უკვე ფერფლწაყრილია, არ მინდა, საზოგადოების თვალში სარკოფაგიდან ამოვიღო. ფული არა, იხვის ტოლმა, ივანიშვილს რა სჭირდა (რა სჭირს) სამაგისო, ვიღაც გამვლელი პროვოკატორისთვის ფული შეეთავაზებინა, მის გავლენას დახარბდა, პროფესიონალიზმს თუ სახელსა და დიდებას? აი, ეს ბინძური კამპანია დღემდე გრძელდება და ახლა საქმეში უკვე ზაზა ოქუაშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის მსგავსნი არიან ჩარეულნი, რა თქმა უნდა, შინაური მტრების ხელშეწყობით. ვინ არის ლევან ყიფიანი, რომელიც თურმე ივანიშვილის სახელით საქმეებს აგვარებდა? ან აგვარებდა კი? მე ცოტა ეჭვი მეპარება. არავინ, ის მოხვდა “ქართული ოცნების” გუნდში ვიღაცის დამსახურებით და არა ივანიშვილის მეცადინეობით. დღეს “მავნები” გაჰყვირიან, ყიფიანი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი გახლავთო. უკაცრავად, 2011–2012 წლებში “ქართული ოცნების” დაფუძნების აქტს ხელს ყველა აწერდა და ბოლოს 3500 ადამიანი მოგროვდა (დაფუძნებისთვის ეს საჭიროზე მეტი იყო, თორემ მილიონებზეც ავიდოდა). ჰოდა, იმას ვამბობდი, დღეს მიდის ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, დაუკვირდით, შინაური და გარეული მტრები ცდილობენ, საეჭვო და გაყალბებულ ჩანაწერებში თუ უსუსურ ფაქტებში მისი სახელი გააკვეხონ. მიუხედავად იმისა, რომ სიცრუის ფაბრიკა მთელი ძალით მუშაობს, ამ მხრივ მაინც უჭირთ – ვერა და ვერ ნახეს სერიოზული ხელჩასაჭიდი!

რა უნდა ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირებას და ვიღაც არიფების დაბოლებას? არც არაფერი! მაგალითად, ჩემთან ძალიან ბევრი რეკავდა, ძალიან ბევრი მოდიოდა (ახლაც ბევრს აქვს სურვილი), ამაზე ერთ-ერთ წინა წერილშიც მოგახსენეთ, ყველას რაღაცა ჰქონდა სათხოვარი. ამ შემთხვევაში მთავარი ის გახლდათ, რომ ტელევიზორში, პრეს- კონფერენციების დროს იხატებოდა საჩემო სურათი – ისე ჩანდა, თითქოს მე და ბატონი ბიძინა ყოველ საღამოს სტაფილოს წვენს ერთად მივირთმევდით. ახლა, მე რომ მავანთათვის დაპირებები მიმეცა, საქმეებს მოგიგვარებთ, “მაყუთი” დადეთ, ან წილში ჩამსვით-მეთქი, როგორ ფიქრობთ, უარს რომელი იტყოდა? არა, სულაც არ ეცოდინებოდა ივანიშვილს არაფერი, შემეძლო, უფრო დაბალ დონეებზეც მეჩალიჩა, ან საერთოდ არ მეჩალიჩა და რაიმე თაღლითური სქემა შემედგინა, ხომ ვიშოვიდო კაი “მაყუთს”? კი, რაღაცას მოვახერხებდი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ მთხოვნელთაგან რამდენი ჩამწერდა ფარულად?

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასიდან ასივე ჩამწერდა! სამწუ- ხაროდ, ჩვენში არიან ადამიანები (ბიზნესმენები, საქმოსნები), რომლებსაც ყველა დროში მოსვრილი აქვთ ერთი ადგილი და როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, ეგრევე იწყებენ საქმეების მოკვარახჭინებას იქ, სადაც ჭუჭრუტანას ნახავენ. როდესაც მიხეილ სააკაშვილის ნიღბიანი ბიჭები შეცვივდნენ “იბერიაში”, იქ ვიყავი, მთელი ღამე ეზოში გავატარე. ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ სულო ცოდვილო, ახლა ვფიქრობ, ნეტა მართალი ხომ არ იყო სააკაშვილი? არა, ავტომატებით შევარდნას არანაირად არ ვამართლებ, მაგრამ როგორც ჩანს, ოქუაშვილებისა და ჩხეიძეების ბიზნეს-მიღწევები ყოველთვის უკავშირდება გადასახადების არგადაუხდელობას. მოიცადე, მე თუ ორიოდე თეთრი მაქვს შემოსავალი და აქედან ზუსტად ვიხდი ბიუჯეტში, შენ, გამილიონერებულო, რატომ არ იხდი წლების განმავლობაში, რა, წითელი კოჭი ხარ? იმ ხელისუფლებას ფეხებზე ეკიდა, არ გადაიხადე და დაგადგა ავტომატით, ესენი სიტყვიერად გეუბნებიან, ზრდილობიანად, თერთმეტჯერ გრაფიკსაც გიდგენენ და შენ მაინც უარს ამბობ, თან ვიღაც ყიფიანთან ლაყბობის ჩანაწერებს ავრცელებ, ეს სადაური წესია, ასე რომელი საზოგადოება დაგიდგება მხარში? სხვათა შორის, სააკაშვილის დროს ხალხი ნიღბებისა და ავტომატების გამო აღშფოთდა, თორემ არავის უთქვამს, ოქუაშვილი ცამდე მართალიაო. ისე, კი “ამათრახებენ” ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოქუაშვილს დაჭერით დაემუქრაო. არა, ეს ვერ აღვიქვი მუქარად, მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში გასაგებად თქვა, თუ ოქუაშვილი ყიფიანს ქრთამს სთავაზობდა, ეგეც დასაჭერიაო. დიახ, ამას ამბობს კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანაბარია – ქრთამის მიმცემიც ისჯება და ამღებიც!

ალბათ, გახსოვთ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, პირველივე შეხვედრა ჰქონდა აფთიაქარებთან, ანუ ფარმაცევტული კომპანიების მე- პატრონეებთან. საუბარი დაძაბული გამოდგა, ბატონი ბიძინა მათ აკრიტიკებდა, რომ ქვეყანაში იყო კარტელური გარიგებები და მედიკამენტების ფასებს ეკიდა ცეცხლი. ამ შეხვედრის შემდეგ “ავერსის” თანამშრომლები მიყვებოდნენ, ჩვენი “უმფროსი” პაატა კურტანიძე ბრილიანტებით გაწყობილი ფეხ- საცმელებით აღარ დადის, მზადაა, თუ საჭირო გახდება, “კალოშებიც” ჩაიცვასო. გამიკვირდა, რა ბრილიანტები, რის ატამი, რომელი კურკა-მეთქი? რას ამბობ, პაატა სულ ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ფეხსაცმელებით დადის, მაგრად ევასება, ეგეთი გემოვნება აქვს, ბი- ძინას გაპრემიერების შემდეგ გაიხადა და ჩვეულებრივი “ტუფლები” ჩაიცვა, ეტყობა, შიში შეეპარაო. გავიდა ცოტა დრო, რამდენიმე თვე და კურტანიძის იმავე თანამშრომლებს ვკითხე, თქვენი “უმფროსი” რას შვრება-მეთქი? ბუნებრივია, მოვი- კითხე, დაჩაგრულ კაცს უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებდი? ჰოოო… კარგადაა, ისევ ბრილიანტიანები ჩაიცვაო, თავი სამშვიდობოს დაიგულაო. არ ვიცი, შეიძლება კურტანიძემ რაღაც დონეზე “ჩააწყო”. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ფარული ჩანაწერი აუცილებლად ექნება, რა იცი, რა ხდება?!

აი, ასე, ჩემო ძვირფასო მკითხველებო… ამას წინებზე დავწერე, ბიძინა ივანიშვილის სახელი ბევრმა გამოიყენა, დღესაც ბევრი იყენებს და მომავალშიც ბევრი გამოიყენებს-მეთქი და ამ წუთასაც ამავე აზრზე ვარ. ალბათ, ივანიშვილმა იმის მეასედიც არ იცის, რაც მისი სახელით კეთდება და რასაც მისი სახელით კადრულობენ. კიდევ ბევრის თქმა და გახსენება შეიძლება, ამას მომავალში პერიოდულად გავაკეთებთ, ამჯერად კი აქ დავსვათ წერტილი.
скачать dle 12.0