მანანა ნიკოლაიშვილი: ამის გაკეთება არ შეიძლება! სკოლის მაღალი კლასები საერთოდ დაიცლება მოსწავლეებისგან!

საქართველოში სკოლის საატესტატო (CAT) გამოცდები 2011 წლიდან, ორ ეტაპად, მე 11 და მე 12 კლასებში ტარდება. მე 11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) ტესტირებას მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან. მიუხედავად იმისა, რომ საატესტატო გამოცდებისთვის მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე ემზადებიან, გამოცდებზე ჩაჭრილთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2016 წელს 47 098 მოსწავლიდან ზღვარი ვერ გადალახა 11 519-მა. 2017 წელს 48 434 მოსწავლიდან ზღვარის გადალახვა 12 803-მა ვერ შეძლო, ამიტომ უფროსკლასელებისა და მათი მშობლებისთვის სასიხარულო აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ გამოსაშვები გამოცდების რაოდენობა შესაძლოა, რვიდან ოთხამდე შემცირდეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, შესაძლოა, ცვლილებების განხორციელების დროს გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები მხოლოდ ოთხ ძირითად საგანში ბარდება – მშობლიური ენა, მათემატიკა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი.

„ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები – სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის” – განაცხადა ჯაშმა.

რა შედეგებს მოუტანს გამოსაშვები გამოცდების შემცირება სკოლას და როგორ იმოქმედებს ქვეყანაში განათლების ხარისხზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

– რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდები რვიდან ოთხამდე შემცირდება. შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნები: ინგლისური, ქართული, მათემატიკა და ერთი არჩევითი საგანი დარჩება და ფუნდამენტური მეცნიერებები ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია გაუქმდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან სკოლის დაცლას გამოიწვევს. სკოლა თავზე დაგვემხობა. ეს „კინო“ ერთხელ ხომ ვნახეთ? და რა შედეგები მოგვცა? ეს არის საქმის ყოვლად გაუმართლებელი, მტრული და მზაკვრული გამარტივება იმისთვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ნაკლები ჩაჭრილი გვყავდეს და პოლიტიკოსებმა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ — აი, ბატონო ავწიეთ განათლების ხარისხიო.

თავის დროზე, მე და თქვენ ვწერდით, რა მოუტანა სკოლას გამოცდების გაუქმებამ. ჯერ მეთორმეტე კლასი დაიცალა, შემდეგ მეთერთმეტე და მეათე ანუ მთლიანად, სკოლის მესამე საფეხური, შემდეგ გაცდენები მეორე საფუხურზე დაიწყო და ბოლოს სკოლაში აღარავინ დადიოდა. იმდენად კატასტროფული ვითარება შეიქმნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება 2010 წელს იძულებული გახდა გამოცდები აღედგინა. ახლა ზუსტად იგივე წრეზე მიდის ოცნება, ამიტომ ვამბობ, რომ ეს „კინო“ ნანახი გვაქვს. ასე აპირებენ გამოცდების ფორმატის შეცვლას და ღრმა რეფორმის გატარებას? რეფორმა კი არა, მთლიანად დაიცლება სკოლები.

– ხელისუფლება ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე საუბრობს, სადაც გამოცდები მხოლოდ ძირითად საგნებში ბარდება.

– სად, რომელ ევროპულ ქვეყანაში არ არის სასკოლო გამოცდები? როგორ შეიძლება ბავშვს 12 წელი ასწავლო და სკოლა ისე დაამთავრებინო, რომ სახელმწიფო გამოცდა არ ჩაუტარო? 8 კი არა, წლების წინ 12 გამოცდა იყო. მერე 11-მდე და 10-მდეც შეამცირეს და ახლა 8 გამოცდაა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა დარჩეს. გამოსაშვები გამოცდების შემცირების ნაცვლად, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა მოხსნან და საატესტატო გამოცდებს ფორმატი შეუცვალონ. საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავსად, უნდა შემოვიდეს სამი სავალდებული კრიტერიუმი: ატესტატის რეიტინგი, ატესტატის ქულა და დახასიათება -რეკომენდაცია, რომელსაც სკოლა იძლევა.

–უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს?

– ამ კრიტერიუმებისა და გასაუბრების საფუძველზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რომ იქმნებოდა, რეფორმის სათავეში უცხოელი კონსულტანტები იდგნენ და იქიდანვე განსაზღვრული იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არის, გაუქმდებოდა.

– როგორც იცით, მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის უცვლელი დირექტორი თანამდებობიდან გაუშვა და მის ნაცვლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე დანიშნა. თქვენი აზრით, რამდენად გაუმკლავდება გორგოძე ამ მისიას?

– არ ვიცი ასეთი საკადრო ცვლილება ვის მოუვიდა თავში, რადგან მაია მიმონოშვილი უმაღლესი დონის პროფესიონალია და განათლების დონითაც და სპეციალობითაც სრულიად შეესაბამებოდა იმ თანამდებობას. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ აბრუნებენ სისტემაში ძველ კადრებს, რომლებიც თავის დროზე გაუშვეს. სოფო გორგოძე, მასწავლებელთა სახლის ახალი დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და მინისტრის ახალი მოადგილე ირინა აბულაძე განათლების სამინისტროში ალექსანდრე ლომაიას დროს მუშაობდნენ და მათი დაბრუნება წარსულთან დაბრუნების ასოციაციას ქმნის. საინტერესოა, რატომ გაუშვეს ეს ხალხი სამინისტროდან? კარგი მუშაობისთვის? ხარისხიანი რეფორმა გატარდა რომელიმე? ჯერჯერობით, რა კადრებიც მოიყვანეს, თითქმის ყველა ლომაიას კადრია. ამ ხაზით თუ აპირებენ საკადრო ცვლილებების განხორციელებას, მაშინ ჯობია, პირდაპირ ლომაია მოიყვანონ, უფრო ქმედითიც იქნება და ღრმა რეფორმების გატარება სხვა მინისტრებზე უკეთაც შეუძლია.

– საუბრის ბოლოს აუცილებლად სახელმძღვანელოების გრიფირებაზეც უნდა გკითხოთ. სამინისტროს განმარტებით, გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, ამიტომ სამინისტრომ ინსპექტირების სამსახურის დასკვნა პროკურატურაში გადააგზავნა. თქვენი აზრით, დადგება თუ არა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი?

– სასკოლო სახელმძღვანელობის საკონკურსო წესით შერჩევისა და გრიფირების პროცესი რომ დარღვევებით ჩატარდა, ამაზე არაერთხელ ითქვა. შედეგად, სკოლამ აირჩია სულ სხვა წიგნები და მიიღო სულ სხვა, რაც არის გაუმართავი და კორუფციული ხვრელებით სავსე გრიფირების დებულების დამსახურება. 2015 წელს უნდა გამოცხადებულიყო სახელმძღვანელოებზე კონკურსი, მაგრამ რატომღაც გადაიდო და 2018 წლამდე ორჯერ გაუგრძელდა ვადა. საინტერესოა, რატომ გამოცხადდა კონკურსი დაგვიანებით? 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინათ საკონკურსო მასალა, კონკურსის დაგვიანებით გამოცხადების გამო ძალიან მცირე იყო სახელმძღვანელოების დაწერისადა საკონკურსო მაკეტების დამზადებისათვის გამოყოფილი დრო.

სახელმძღვანელოებისდაწერისთვის იყო შვიდი თვე, რაც არის გამაოგნებლად მცირე დრო და ექსპერტიზისთვის იყო ექვსი თვე. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ იყო ექსპერტიზისთვის ასეთი გაწელილი დრო, რომლის განმავლობაშიც სოლიდურ ხელფასებს ირებდნენ? ავტორებს წაართვეს ექსპერტებთან შეხვედრისა და აზრის დაფიქსირების უფლება, ხშირ შემთხვევაში არ იყო აპელაციის საშუალება, გრიფირებული სახელმძღვანელოების პრეზენტაცია მოხდა სახელმძღვანელოების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეული იყო ანონიმურობა. ზოგიერთი ავტორის წიგნები გრიფირების შემდეგ ვერ მოხვდა ე.წ. შესყიდვების სიაში, როგორც ვთქვი მასწავლებლებმა აირჩიეს სხვა წიგნები და სრულიად სხვა წიგნები მიიღეს, რითაც დაირღვა მასწავლებელთა, სკოლების, ავტორების და გამომცემელთა უფლებები. სახელმძღვანელოების ფასი სამინისტროსთვის გაცილებით ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მათი შინაარსობრივი და მეთოდური გამართულობა. რატომ არ აღმოჩნდა შესყიდვების სიაში ის სახელმძღვანელოები, რომლებიც საუკეთესო იყო და აღმოჩნდა ის სახელმნძღვანელოები, რომლებიც პირველი გრიფირების დროს საერთოდ არ იყო გრიფირებულთა სიაში..როგორც ხედავთ, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საკმარისზე მეტი დარღვევაა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ეს სხვა სტრუქტურების დასადგენია და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

ნელი თორდია
скачать dle 12.0