ტრამპი ჯორჯ სოროსს მოსისხლე მტრად მიიჩნევს

ტრამპი ასრულებს წინასაარჩევნო დანაპირებს და ანახლებს ძველ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

აშშ-ის სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა დონალდ ტრამპის მიერ უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატი ბრედ კავანო. მისი უმაღლეს სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცება, რაც სენატის უფლებამოსილებაა, თითქმის ერთი თვე გაიწელა. კავანო ჯგუფური გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა თანაკურსელმა. ნუ გაგიკვირდებათ, მაგრამ თითქოს მომხდარს 30 წლის წინ ჰქონდა ადგილი. თუმცა გამოძიების გედერალურმა ბიურომ, რომელიც იკვლევდა საჩივარს, ერთი მოწმეც ვერ მოძებნა, რომელიც ბრალდებას დაადასტურებდა.

სენატის სხდომა კავანოს და ტრამპის საწინააღმდეგო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე მონაწილემ სენატის შენობაში შეჭრაც კი სცადა. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამის გამო რამდენჯერმე მიმართა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. ათეულობით აქციის მონაწილე პოლიციამ დააკავა. სენატმა გვიღალატაო, აცხადებდნენ პროტესტანტები. კავანის მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ. პოლიტოლოგებმა ბრედ კავანოს უმაღლეს სასამართლოში განწესება საშინაო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასეს. თავად დონალდ ტრამპმა სენატთან გამართული აქციების ორგანიზებაში "მოსისხლე მტერი" მილიარდერი ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა.
 
უსაფუძვლო ბრალდებებმა აშშ-ში უკვე ქრონიკული სახე მიიღო, რაც პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების შეშფოთებას იწვევს. ქვეყანაში უკვე გაჭირდა სიმართლისა და ტყუილის გარჩევა. სავარაუდოდ, ამიტომაც განაცხადა მაიკლ პენსმა, "ქვეყანაში დასაცავია უდანაშაულობის პრეზუმფცია, თორემ სიტუაცია სენატორ მაკარტნის დროინდელი გახდებაო". 

აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ს კვლავ დაძაბული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება აქვს. ჩინეთმა უარი განაცხადა ამერიკული ნავთობის შეძენაზე. პეკინი ეძებს პარტნიორებს, ვისთანაც იუანით განახორციელებს ანგარიშსწორებას. მაიკ პენსი გასულ კვირას ჩინეთის კრიტიკით გამოვიდა. მისი განცხადებით, პეკინის პოლიტიკა სავაჭრო ომს გასცდა. მათი გემები ჩინეთის ზღვაში და სხვა რეგიონებში პატრულირებენ, რაც ვითარებას ძაბავს. პენსმა ჩინელები ტრამპის ადმინისტრაციის დამხობის სურვილშიც დაადანაშაულა. გეგმის მიხედვით, გასულ კვირას მაიკლ პომპეო ფხენიანში გაემგზავრა, იქინად კი ჩინეთში ჩავიდა. მართალია, იგი თბილად მიიღეს, მაგრამ შეძლო თუ არა თავისი ვიზიტით სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის ვითარების შერბილება, მომავალი გვიჩვენებს. 

რუსეთისა და ინდოეთის მჭიდრო თანამშრომლობა საყოველთაოდ არის ცნობილი. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენრე მოდისთან ბოლო ექვს თვეში მესამედ გამართა პირადი შეხვედრა. საუბრის თემა მრავალფეროვანი იყო _ სირია, რეგიონი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. 20-ზე მეტი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ვიზიტისას მთავარი გარიგება საჰაერო დაცვის კომპლექსის შ 400-ის ინდოეთისთვის გადაცემა იყო. ინდოეთი კომპლექსებში რუსეთს 5,5 მილიარდს გადაუხდის. გარიგება იმითაა საინტერესო, რომ ინდოეთმა ყურად არ იღო აშშ-ის მუქარა, რომ მკაცრ სანქციებს დაუწესებენ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან იყიდიან შეიარაღებას. ვიზიტის ბოლოს პუტინმა მოდი გაისად აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე საპატიო სტუმრად მიიწვია.

ინტერპოლი ერთი კვირის მანძილზე ეძებდა საკუთარი ორგანიზაციის პრეზიდენტს. იგი საფრანგეთიდან ჩინეთში, თავის სამშობლოში გაემგზავრა შვებულების გასატარებლად, აეროპორტიდან კი გაქრა. ორი დღის წინ ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ იგი დაკავებულია ფინანსური მაქინაციებისთვის. ჩინეთში არსებული კანონებით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა ელოდება.

უცნაურად დასრულდა არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ლატვიაში, სადაც პრორუსულმა პარტიამ "სოგლასიემ" (თანხმობა) პირველი ადგილი დაიკავა. მართალია, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო, მაგრამ ლატვიის სეიმში 21 ადგილი პრორუსული პარტიისთვის ბევრი და გაუგებარია. როგორ განვითარდება მსოფლიო პოლიტიკაში მოვლენები, ბურუსით არის მოცული. პროგნოზები კი უადგილოა.

გია ბურდული
скачать dle 12.0