როცა ქვეყანაში ცოტაა მდიდარი და ბევრია ღარიბი, ანუ როდის იწყებენ ღარიბები მდიდრების შეჭმაზე ფიქრს?!

გვესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:

_ ბატონო ვაჟა, "ეროვნულმა ბანკმა" კომერციული ბანკებისთვის, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისთვის, მოსახლეობაში ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები შემოიღო. რა საფრთხეებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ შემთხვევაში?

_ უწინარეს ყოვლისა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ მთავარი ამოცანა მოსახლეობის კეთილდღეობაა. ჩვენი ეკონომიკის არცთუ სახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხალხის დასაქმების პრობლემა სერიოზულია. ამიტომ, მოქალაქეები იძულებულნი არიან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხები აიღონ და ასეთ ვითარებაში, ისინი, ხშირად, არ ითვალისწინებენ საკუთარ გადახდისუნარიანობას. შედეგად, რთულდება პრობლემა, რასაც ჭარბვალიანობა ჰქვია. ამდენად, მთავრობა, "ეროვნული ბანკი" იძულებულნი გახდნენ, ამ მიმართულებით, რეგულაციები შემოეღოთ. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს რეგულაციები საჭირო და აუცილებელია იმდენად რამდენადაც მოსახლეობას მომავალში პრობლემებისგან აზღვევს. მაგალითად, როგორ ხდება ახლა? _ ხალხს ბანკში ჩადებული აქვს უძრავი ქონება _ საცხოვრებელი ბინები, ვალებს ვეღარ იხდიან და სახლის დაკარგვა ემუქრებათ. პროცესი რომელიც მიდის _ სესხების გაპრობლემურება, რასაც თან შესაბამისი საფინანსო, სამართლებრივი პროცედურები ახლავს, მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს. ერთი მხრივ, ეს რეგულაციები, ამ თვალსაზრისით, კარგი საშუალებაა შემდგომი პაუპერიზაციის _ მოსახლეობის გაღატაკების თავიდან ასარიდებლად. მეორე მხრივ, ამ პრობლემას კრიტიკულად უნდა შევხედო თ. კერძოდ, მთავრობა და ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ჭარბვალიანობა სიღარიბის სერიოზული განმაპირობებელი და ფაქტორია. თუმცა, მე, არ დავეთანხმებოდი ასე ცალსახად პრობლემის გაშიფვრას. რეალურად, ჭარბვალიანობა კი არ არის სიღარიბის წარმომშობი, არამედ სიღარიბე არის ჭარბვალიანობის განმაპირობებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვაგვარად ვებრძვით _ შედეგს და არა მიზეზს. ზოგჯერ, საარსებო პრობლემების გადასაჭრელად მოქალაქემ თუნდაც, დროებით, პრობლემის მოსაგვარებლად, საფინანსო ორგანიზაციას უნდა მიმართოს. ამ დროს, თუ მას აღარ ექნება საშუალება, რომ მომავლის იმედით პრობლემა დროებით მაინც მოიგვაროს, მაშინ იგი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, წინა პლანზე წამოიწევს სიღატაკის პრობლემა და შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნიდან რუსეთში, ევროპაში, თურქეთში გაიხიზნება როგორც ეს დღემდე ხდება და დეპოპულაციის პროცესი ანუ, შრომისუნარიანი მოსახლეობის ქვეყნიდან დაცლა კიდევ უფრო გაღრმავდება. საბოლოო ჯამში, ამას შედეგად ქვეყნის და სოციალური პრობლემების კიდევ უფრო მეტად დაბერება მოყვება. ქვეყანაში დარჩებიან მოხუცები და ბავშვები როგორც 90-იან წლებში რაჭის სოფლებში გვქონდა. იქ, ეს ვითარება დღემდე შენარჩუნებულია. ამიტომ, ჭარბვალიანობის თემა და რეგულაციები უნდა განვიხილოთ როგორც საფინანსო-ეკონომიკური პრობლემა და ამასთანავე, ქვეყნის სოციალური სატკივარი. 

_ ამ რეგულაციების შედეგად, აშკარაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საბანკო მომსახურებით ვერ ისარგებლებს, ვერ აიღებს სესხს და იძულებული გახდება მევახშეს მიმართოს. დროთა განმავლობაში, შეიძლება, მევახშეს თანხა ვეღარ გადაუხადოს და სახეზე კრიმინალური სამყაროს რეანიმაცია მივიღოთ როგორც ეს 90-იან წლებში იყო.

_ ცხადია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვეღარ ისარგებლებს საბანკო მომსახურებით. ეს გასაგებია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ იმ მოტივით, რომ ვთქვათ, მევახშეობა უფრო მასობრივი გახდება, არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ პრობლემაზე და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს საშუალება მივცეთ მოსახლეობა ძარცვოს და შედეგად, სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდეს.

_ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია გაგვძარცვავს თუ მევახშე?

_ ეს კომპლექსური თემაა და მასშტაბური ხედვიდან გამომდინარე, ცალსახად, მოგვარებული უნდა იყოს. რაც შეეხება მევახშეობას, ამასაც, ასევე, კანონი არეგულირებს. მევახშეობაც აბსოლუტურად ლეგალური უნდა გახდეს, ანუ, ცალკეული პირების მიერ ფულის გასესხება კანონს უნდა დაექვემდებაროს. თუ ადამიანები მაინც გააგრძელებენ დაურეგისტრირებლად, არალეგალურად სესხების მიცემას და მოქალაქეების დაკაბალებას, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მევახშეს, ისე მოქალაქეს, რომლებიც არალეგალურ, არასამართლებრივ ურთიერთობაში შედიან ერთმანეთთან. ამიტომ, აქ გამოსავალი ისევ და ისევ კანონის და კონტროლის გამკაცრებაა, რათა სხვა ნეგატიურ მოვლენას ვთქვათ, მევახშეობის მიმართულებით აქცენტის გადატანას, ადგილი არ ჰქონდეს.

_ მოქალაქეს ვინც ვეღარც ბანკიდან აიღებს სესხს და ვერც მევახშეს მიმართვას, რა გზა რჩება?

_ თუ შრომისუნარიანია საზღვარგარეთ ემიგრაცია და იქ სამუშაოს ძებნა. შრომისუუნარო მოსახლეობის მდგომარეობა კი, ვისაც ქვეყნიდან თავის გადასარჩენად გასვლა არ შეეძლება, კიდევ უფრო დამძიმდება. ცალსახად შემიძლია ვთქვა: ადამიანმა სესხი აიღოს იმ შემთხვევაში, როდესაც არ აქვს შესაბამისი შემოსავლები, რითაც ამ სესხს მოემსახურება, გამოსავალი არ არის.

_ თქვენ, თქვით: ხალხი ქვეყნიდან გაიქცევაო. ხომ არ დადგა დრო, ხელისუფლებამ იმოქმედოს იმ მიმართულებით, რომ განვითარდეს ადგილობრივი ეკონომიკა?


_ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგული ორგანიზაციების მონაცემებით საქართველო საკმაოდ მაღალ პოზიციას იკავებს ბიზნესის კეთების სიიოლით და ბიზნესგარემოს მდგომარეობით, ეს არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს. თუმცა, გარკვეულწილად, სწორი ტენდენციის მანიშნებელია. ეს აქცენტები უფრო მეტად უნდა დაისვას. აქვე ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია ჩვენს დიდ მეზობელთან _ რუსეთთან, ადვილი არ არის. არასახარბიელო ეკონომიკური ფონია თავად რუსეთში, თურქეთში, სხვა მეზობელ ქვეყნებში. ისევ და ისევ გაბედული ნაბიჯები, რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, ბევრი მიმართულებით, საშუალებას მოგვცემს ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ, გამოსავალი არ გვაქვს იმიტომ, რომ დასავლური ბიზნესი აღმოსავლეთისკენ ხალისით არ მოდის, ხოლო რუსული კაპიტალის აქტივობას ქვეყანაში, ჩვენი დასავლეთელი, სტრატეგიული პარტნიორები არ მიესალმებიან. 

_ რამდენად არის პრობლემატური საკითხი: ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, ღარიბ და მდიდარ ფენებს შუა დიდი უფსკრულია. ეს ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უშლის?

_ ამ სიტუაციის შეცვლა ძალიან ძნელი იქნება, რადგან ის, რომ ჩვენ, გვყავს ცოტა მდიდარი და ბევრი ღარიბი, შუა ფენა კი არ არსებობს, ესეც არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ყველა ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდა დამაიმედებელია, ეს წინსვლა საშუალო ბიზნესის ხარჯზე ხდება. ჩვენთან, როცა ინვესტიციები მოცულობით საკმარისი არ არის, რეგიონში ვითარება საკმაოდ მძიმეა თუნდაც, საბაზრო ეკონომიკის საკმაოდ სერიოზული ხარვეზების შემცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ძნელი იქნება, სოციალური ნარჩენების სტრუქტურა, რაც დღეს გვაქვს, მოკლე ხანში შეიცვალოს. ცოტა მდიდარი ადამიანი რომ გვყავს და ტრანსფორმაციული პერიოდის ეკონომიკა საშუალებას აძლევს ცალკეულ პირებს, ხშირად, უკანონოდაც გამდიდრდნენ, ეს მათი ბრალი არ არის, რადგან ბიზნესი კეთდება ისე როგორც კეთდება. რა თქმა უნდა, ბიზნესი ლეგალურ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პროცესის რეგულირება გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფერხდება. მაგრამ ჩვენ, ამის გამო, სიღარიბის ფილოსოფიით არ უნდა ვიცხოვროთ. რაც უფრო მეტი მდიდარი იქნება, რაც უფრო მეტი ადამიანი არ დამალავს თავის ქონებას, ანუ, არ გადამალავს საკუთარ მოგებას და ფინანსებს ოფშორებში, საიდანაც მერე, ხშირად, შემოდის როგორც ინვესტიცია, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. რადგან ასეთ ვითარებაში ადამიანები მდიდრდებიან, საზღვარგარეთ მიდიან და იქ, აკეთებენ ბიზნესს, სადაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ჩვენი მასის ფსიქოლოგია, რომელსაც მდიდრები სძულს, ზოგჯერ, ქვეყანას დათვურ სამსახურს უწევს. ამიტომ, ჩვენ, ყველანაირად უნდა წავახალისოთ საშუალო და მცირე ბიზნესი, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. თუმცა, ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, ხელშესახები ცოტაა. ისევ და ისევ, ტურიზმის იმედად ვართ. თავისთავად, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც საქართველოში ტურისტი ჩამოდის და მიირთმევს თურქულ ბოსტნეულს, სომხურ ხილს, აზერბაიჯანულ ნაწარმს და ა.შ. ჩვენ, მხოლოდ მომსახურების სფერო გვრჩება, რაზეც წარმოება მიბმული ვერ არის. ჯერჯერობით, არ ხერხდება რომ იგივე, სოფლის მეურნეობის პროდუქცია _ კიტრი, პომიდორი, კარტოფილი და სხვა ჩვენთან იწარმოებოდეს და ადამიანებს ასაქმებდეს. ასე, რომ ეს პრობლემებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ვიდრე ეს ყველაფერი ეკონომიკური რეფორმების ჭრილში არ იქნება განხილული, ვითარების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0