ცავატანემ, ზაზაჯან, შენ სინდისი ვაბშემ ჩუნეს?

წინა კვირას, "რუსთავი 2"-ზე კვესიტაძე-გვარამიას მორიგი "შედევრი" ვიხილეთ, რასაც ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ ერქვა. მსგავსი "საცოდაობა" ჯერ არ მინახავს, ხსენებულმა დუეტმა ამჯერად საკუთარ თავსაც აჯობა. რაც შეეხება ლონდონიდან ჩართულ რესპონდენტს, მის გამოსვლებს "იბერიის" ეთერში იმ პერიოდში ვუყურებდი, როცა ნაციონალები აქტიურად ემზადებოდნენ ოქუაშვილის "გასაკულაკებლად". სიმართლე გითხრათ, არც მაშინ ვყოფილვარ ამ "დიდი" ბიზნესმენის გონებამახვილობა-მჭევრმეტყველებით აღფრთოვანებული, მაგრამ "აქცენტებში" საერთოდ, "რეკორდი" მოხსნა.

მეორე დილას, ეზოში ჩემუბნელი, როგორც თვითონ ამბობს, "კარენოი" ქალაქელი ედიკა შემომეყარა და მეუბნება, მანანაჯან, ამ ზაზას საერთოდ არა სცხვენია? წუხელ ვუსმინე, ეს რეებს ბოდიალობდა ტო. ჟურნალისტი ხო ხარ, ერთი ჰკითხე რა, ზაზაჯან, ცავატანემ, შენ ნამუსი სავსემ ჩუნეს-თქო? ედიკა კარგად იყოს, ჩვენ კი გავიხსენოთ, ვინ არის ზაზა ოქუაშვილი, რომელიც თავისი ბოლო ინტერვიუთი საქართველოს "მხსნელად" მოგვევლინა, თურმე მან უნდა დაიცვას დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და რაც მთავარია, ალ კაპონეებისგან უნდა გაათავისუფლოს ქვეყანა. მე აუცილებლად ჩამოვალო, ბრძანა ზაზა-"მესიამ", არ ჩამოხვიდე, რამე არ მოგწიონო, "შეშფოთდა" გვარამია, მაგრამ ვერ დაიყოლია. არა, მე აუცილებლად უნდა ჩამოვიდე, ეს რეჟიმი უნდა დავამთავროთო, გაჯიუტდა ზაზა.

ვფიქრობთ, ზაზა ოქუაშვილს შემთხვევით არ გასჩენია ამბიცია, გმირობასა და ქვეყნის მხსნელობაზე, ეტყობა გარკვეულმა ძალებმა დაარწმუნეს, 28 ოქტომბერს ყოველგვარი ეჭვის გარეშე ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს და შენც უნდა შეიტანო "წვლილი" ამ ამბავშიო. ეჭვი მაქვს, "მარწმუნებლები" მარტო ნაციონალები არ არიან, სხვა წონიანი ფიგურებიც დაიხმარეს, ნაცებს ხომ ეხერხებათ ასეთი რამეები. იმასაც ვეჭვობ, რომ ეს "ფიგურები" ქართველები არ არიან, ბატონი გრიგოლის წარსულს თუ გავიხსენებთ, დიდი ალბათობით რუსები იქნებოდნენ, რომლებმაც ოქუაშვილს "უტყუარი" ინფორმაცია მიაწოდეს, "ზემოთ" ყველაფერი გადაწყვეტილია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უკვე დამთავრებულია და 28 ოქტომბერს ვაშაძის "გამარჯვებას" ვიზეიმებთო. თანაც პირობა მიუციათ, რომ გამარჯვებისთანავე, მის კომპანიებს ყველა ვალს ჩამოაწერდნენ, შეუქმნიდნენ უაღრესად კომფორტულ პირობებს, მისი ბიზნესი კიდევ უფრო "გაიფურჩქნებოდა" და თავად ზაზას პრემიერ-მინისტრად თუ არა, მინისტრად მაინც დანიშნავდნენ. მის ინტერვიუს ყურადღებით და ობიექტური შემფასებლის თვალით თუ დააკვირდებოთ, აშკარად ჩანდა, რომ ეს კაცი, როგორც თავად კოლექტიური ნაციონალების უმეტესობა, რაღაც თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ნაცებს, როგორც ჩანს კარგად ჰქონდათ შესწავლილი მისი პიროვნული თვისებები და არ გაუჭირდებოდათ დაერწმუნებინათ, რომ გმირია, ქვეყანას უნდა უშველოს, სხვა გამოსავალი არ არის, მათი კარნახით უნდა იმოქმედოს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მარტივ ენაზე რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელიც კუდის რიკამდე გაატყავეს ნაციონალებმა, დევნილად აქციეს, ახლა მათ სიყვარულს ეფიცება, ხოლო იმ ხალხს ლანძღავს, ვინც წართმეული დაუბრუნა და ბიზნესის გაგრძელების საშუალება მისცა?! ამის გარკვევაში ზაზა ოქუაშვილის ბიზნეს-წარსული დაგვეხმარება.

არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი

ზაზა ოქუაშვილს შეიძლება "დაავიწყდა", მაგრამ ბევრს ახსოვს როგორ დაიწყო მისი "ბიზნეს-მოღვაწეობა". იყო დრო, ეს ბატონი სიგარეტებით სავსე ცელოფანის პარკებით რომ დარბოდა საბურთალოზე და სავაჭრო ჯიხურებს აბარებდა. როგორც ამბობენ, დამწყები ბიზნესმენის "სამოქმედო არეალი", მიცკევიჩის ქუჩა იყო, სადაც დევნილობამდე ცხოვრობდა ედუარდ შევარდნაძის მიერ ჯერ უშიშროების მინისტრად დანიშნული და შემდეგ №1 ტერორისტად გამოცხადებული იგორ გიორგაძე. სწორედ მან გაუკვალა გზა ოქუაშვილს დიდი ბიზნესისკენო.

სხვათა შორის, იგორ გიორგაძე არც მალავდა, რომ მისი უწყება სიგარეტის კონტრაბანდით იყო დაკავებული, რა ვქნა, სახელმწიფო ხაზინა ცარიელია, ჩემს თანამშრომლებს მშიერს ხომ ვერ დავტოვებო. ცხადია, მინისტრი გიორგაძე მარტო ვერ შეძლებდა "ბიზნესის" გაძღოლას და ოქუაშვილის სახით, საქმეში "სანდო" და "გამოცდილი" კაცი ჩართო. ამ ქართველ "ბიზნესმენებს" კავშირი ჰქონდათ ამერიკულ კომპანია "ფილიპ-მორისის", მოსკოვში მდებარე რეგიონალურ ოფისთან, რომელიც თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავდა. სწორედ იგორ გიორგაძეს შეუთავაზებია ამ ოფისისთვის, რომ საქართველოში თავიანთ წარმომადგენლად ზაზა ოქუაშვილი დაენიშნათ. ასევე, გიორგაძემ დააკავშირა ოქუაშვილი ასლან აბაშიძეს და ერთობლივი დიდი ბიზნესი ააწყობინაო. ოქუაშვილის კომპანიის დასახელებაც ("ომეგა"), ალბათ უშიშროების სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობებიდან მოდის, თავის დროზე, სწორედ იგორ გიორგაძემ ჩამოაყალიბა სპეცდანიშნულების რაზმები სახელწოდებით "ალფა" და "ომეგა". კომპეტენტური წყაროს ცნობით, გიორგაძის ხალხი იყო ამ აწ უკვე საერთო ბიზნესის კონკურენტებს რომ დაერეოდნენ ხოლმე, ავტომატებით უსაფრდებოდნენ და აყაჩაღებდნენ, იყო საგადასახადო სტრუქტურებში ჩივილი თუ მივარდნები. ოქუაშვილი იგორ გიორგაძის მფარველობით "გულაობდა", ის თავადაც მონაწილეობდა კონკურენტების დარეკეტებაშიო. გიორგაძე კი გააქციეს საქართველოდან, მაგრამ ოქუაშვილის ბიზნესს პრობლემა არ შექმნია, წარმატებით აგრძელებდა თავის საქმეს. ეს არც არის გასაკვირი, გიორგაძე რუსეთს "შეეხიზნა", ასე რომ, არ გაუჭირდებოდა ოქუაშვილის დახმარებოდა, ხოლო ასლან აბაშიძე კვლავ აჭარის ერთპიროვნული მმართველი და ბუნებრივია, არავის დააჩაგვრინებდა ბიზნესპარტნიორს. ბოლო ხანს, ერთ-ერთმა ფეისბუქელმა ზაზა ოქუაშვილს წარსული შეახსენა, ცოლ-ქმარი რომ ამბობთ, ნაციონალების დროს სამართალს მივაღწიეთ, ნაციონალებმა მართალია, ზარალი მოგვაყენეს, მაგრამ რესტრუქტურიზაცია გაკეთდა და აქედან გამომდინარე, როგორ შევადაროთ ერთმანეთს ნაცმოძრაობა და "ქართული ოცნება", ეს უკანასკნელი უარესიაო. შეგახსენებთ, "შავბნელ" 90-იან წლებში როგორ იშოვეთ პირველი მილიონი. გვახსოვს, "ომეგასა" და თამაზ ელიზბარაშვილის "ელიზის" თანაცხოვრების პერიოდი, ამ ორ კომპანიას რომ გქონდათ მონოპოლიზებული სიგარეტის ბიზნესი. მოკლე ხანში, ერთმანეთს დაუპირისპირდით, როდესაც "ომეგა" და "ელიზი" ერთი გუნდი აღარ იყავით, ბაზრის გადანაწილების გამო, სისხლიანი გარჩევები დაიწყეთ, რაც თქვენი კომპანიის გამარჯვებით დასრულდა. მაშინდელ სს-ის საქმეებს რომ გადავხედოთ, უამრავია "ომეგას" მფლობელების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, რომლებიც ბურუსით იყო მოცული და მალევე გაურკვეველ ვითარებაში იფარცხებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ოქუაშვილმა მფარველად ასლან აბაშიძე გაიჩინა და მისი ბიზნესიც ხელშეუხებელი გახდაო.

ერთი სიტყვით, ზაზა ოქუაშვილი შევარდნაძის მმართველობის დასრულებამდე მშვენივრად გრძნობდა თავს, მის ბიზნესს სასათბურე პირობები ჰქონდა შექმნილი და ყვაოდა. სანდო წყაროს ცნობით, სწორედ იმ დროს იშოვა ზაზა-ბატონმა ძალიან დიდი ფული. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ "ფილიპ მორისის" რუსეთის რეგიონალური ოფისი ანგარიშს უწევდა რუსულ პოლიტიკურ ინტერესებს, აქედან გამომდინარე, სიგარეტის ბიზნესი ძალზე სერიოზული ბერკეტი იყო რუსეთისთვის, კავკასიის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ასე რომ, ზაზა ოქუაშვილი თავის ახალ "პატრონებთან" ერთად ვინმესკენ ხელს გაიშვერს, რუსეთის ინტერესების გამტარებელია, ჯერ თავის ბიოგრაფიას გადახედოს. მისი სრული "პორტრეტისთვის" უფრო დეტალურად უნდა გავიხსენოთ "ელიზის" დაყაჩაღების ამბავი, რომელზეც ლამის მთელი საქართველო ლაპარაკობდა და მთავარ ფიგურანტად, სწორედ "ომეგას" მესვეურებს თვლიდა. ეს სისხლიანი ანგარიშსწორება კინაღამ ფატალური შედეგით დამთავრდა. როგორც ამბობდნენ, ავტომატის კონდახებით დაუმტვრიეს "ელიზის" თანამშრომლებს ცხვირპირი და პროდუქციაც წაართვეს. იმავე პერიოდში სასტიკად გაუსწორდნენ თავად თამაზ ელიზბარაშვილსაც, რამდენადაც მახსოვს, ის გისოსებს მიღმაც გამოამწყვდიეს. აი, ეს კაცია ოქუაშვილი თავისი "უმწიკვლო" წარსულით, რომელიც დღეს "მაღალ მატერიებზე" გვესაუბრება, ამ წარსულის მქონე კაცი, სახელმწიფო ინტერესების დამცველად და ქვეყნის მხსნელად წარმოგვიჩენს თავს.

მელას თავისი მახრჩობელა მართლა უყვარს?!

სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, სად და როგორ მოხდ ზაზა ოქუაშვილისა და ნაციონალების "დაძმობილება", გავიხსენოთ, როგორ "გააკულაკეს" ოქუაშვილი "ვარდოსნებმა" და "ყარიბადაც" აქციეს. მიხეილ სააკაშვილმა რა თქმა უნდა, კარგად იცოდა სინამდვილეში ვისი იყო ის რუსების მიერ "დაკრიშული" ბიზნესი, რომელსაც ოქუაშვილის ბიზნესს ეძახდნენ. გასაკვირიც იქნებოდა, არ სცოდნოდა სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "კაგებეს" გენერლის დისშვილსა და თავადაც "კაგებეს" ჯარში ნამსახურებ კაცს. სააკაშვილს კატეგორიულად მოუთხოვია "ფილიპ-მორისის" ხელმძღვანელობისთვის, ოქუაშვილი მოაშორეთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, დავით კეზერაშვილი დავნიშნოთ საქართველოში თქვენს წარმომადგენლადო. მათ უარი უთქვამთ, ოქუაშვილთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, ეს რომ გავაკეთოთ, ძალიან სერიოზულ ჯარიმას "ავიკიდებთო". ამ "პაექრობაში" უკრაინის მხარეც ჩაერთო, რომელთანაც სააკაშვილს მაშინ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უკრაინელები "ფილიპ მორისის" ხელმძღვანელობას დამუქრებიან, თუ ოქუაშვილის ადგილზე კეზერაშვილს არ დანიშნავთ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ, თქვენ პროდუქციას უკრაინაში არ გავასაღებთო. "ფილიპ მორისი" მაინც უარზე იყო, ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევსო, ბოლო ჯამში ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ოქუაშვილს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ "ფილიპ მორისის" ნაცვლად გადაუხადა 70 მილიონი დოლარი, ოქუაშვილი მეტს ითხოვდა, მაგრამ ეს თანხა მისცესო. ჩვენი წყარო დაზუსტებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის მოხდა ეს "აღებ-მიცემობა", სავარაუდოდ ოქუაშვილისთვის ბიზნესის "ახევამდე" მოხდა. მან ეს ფული აიღო, მაგრამ ჩვევული მეთოდი გამოიყენა (რასაც ახლა აკეთებს) სცადა ბიზნესის შენარჩუნება და სასამართლოში უჩივლა "ფილიპ მორისს", ამიტომაც დასცხო სააკაშვილმა და თავიდან ბოლომდე გაანადგურაო. მოგეხსენებათ, ოქუაშვილი საქართველოდან გაიქცა, მის მთელ ქონებას ნაცმოძრაობა დაეპატრონა, ეს ყველაფერი დავით კეზერაშვილმა გადაიბარა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ოქუაშვილს "ემიგრანტობის" პერიოდშიც გაუგრძელებია საქართველოში "მოღვაწეობა". ნაცხელისუფლების მაშინდელმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ოქრუაშვილმა მას დიდძალი თანხის "ქეშად" გადახდის სანაცვლოდ, მუშაობის უფლება მისცა, მაგრამ რამდენჯერმე კვლავ გახდა ნაცჩინოვნიკების რეკეტის მსხვერპლი, ოღონდ ამჯერად ხმა არ ამოუღია. ოქუაშვილ-ჩხეიძის წყვილი ახლა ათას სისულელეს რომ ლაპარაკობს, იქნებ გვითხრან რატომ "აახია" ერეკლე კოდუამ "ბმვ"-ს მარკის ავტონქანები 40.000 ევროსთან ერთად, როგორ გაეხვივნენ სკანდალში და ჩაფარცხეს დამტვრეული ავტომანქანების საქმეო. ოქუაშვილის კომპანიას, გადაზიდვის დროს დაზიანებული რამდენიმე ავტომანქანა შეუკეთებია და კონვეიერიდან ახლად ჩამოსულის ფასში გაუყიდია. "ომეგას" ერთ-ერთი მენეჯერი თაღლითობის ბრალდებით ყოფილა დაკავებული. ზაზა ოქუაშვილს აქტიური კომუნიკაცია ჰქონია "ქვეყნისხერხემალ" მერაბიშვილთან, "პაბეგში" მყოფი ოქუაშვილი საქართველოში ყველა ჩამოსვლაზე დღიურად დაწესებულ თანხას (50.000 აშშ დოლარი) იხდიდა, ოქუაშვილს სამშობლოში ერთკვირიანი `ვიზიტი~ 350.000 დოლარი უჯდებოდა...

ფულს თუ არ გადაიხდიდა, არ შემოუშვებდნენო. აქვე ერთი ძალზე საგულისხმო დეტალი, როგორც ანონიმი ფეისბუქმომხმარებელი წერს, ის პიროვნება, რომელიც თიბისი ბანკში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, ზაზა ოქუაშვილის თანამშრომელია, რომელიც დამტვრეული ავტომანქანების რეალიზაციასთან დაკავშირებით, თაღლითობის ბრალდებით იქნა გასამართლებული.

ახლა, რაც შეეხება სააკაშვილ-ოქუაშვილის "ჩახუტებას". ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში, სავარაუ- დოდ იანვრის თვეში, ზაზა ოქუაშვილი ევროპაში ხვდება "რუსთავი-2"- ის წარმომადგენლებს, ოღონდ არა გვარამიას და სხვა წვრილფეხობას, არამედ ტელეკომპანიის ე.წ. მეპატრონეების ნდობით აღჭურვილ პირებს და სწორედ მაშინ იგეგმება ის "აბსურდის თეატრი", რასაც დღეს ვუყურებთ. როგორ აღმოჩნდა ოქუაშვილი სააკაშვილთან, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი წაართვა და დევნილადაც აქცია. ერთია, თვითონ ზაზა ოქუაშვილის მორალურ- ზნეობრივი თვისებები, რაც ემატება "ბიზნესინტერესი" და შურისძიება. მოგეხსენებათ, სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის კაი ხნის წინ გაირბინა "შავმა კატამ", ეს უკანასკნელი ნაცმოძრაობას აღარ აფინანსებდა, მაგრამ "ეჭვმიტანილი" იქნა, რომ აფინანსებდა "ევროპულ საქართველო. ისე, დღეს ამას დამფინანსებელ-დაფინანსებულები აღარ მალავენ. ოქუაშვილმა ამ შემთხვევით ისარგებლა, მართალია, ორივე კეზერაშვილიც და სააკაშვილიც მისი მტრები იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, ერთმანეთს ჭირდებოდნენ და მოხდა კიდეც მათიჩაბრატება". ოქუაშვილი ხვდება რუსთავი-2"-ის მესვეურებს და სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით იწერება სცენარი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ოქუაშვილს დაევალა ყველაფერი ჩაეწერა, მერე აქედან სხვა მასალას შევქმნით, ოღონდ ეს საპრეზიდენტო არჩევნების დასაწყისამდე დღის სინათლეს ვერ იხილავს, ერთი თვით ადრე გამოქვეყნდებაო.

ოქუაშვილი და კოლექტიური ნაცები ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დაპირებებზე რომ ქირქილებენ, თუ ამნეზია დაემართათ, ჩვენ გავახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში რომ შეხვდა სააკაშვილის რეჟიმის დროს დატერორებულ ბიზნესმენებს და მათ სამართლებრივი თუ ეკონომიკური დახმარება გაუწია. მან უამრავი კომპანიას გამოუყო ფინანსები საკუთარი თანაინვეს- ტირების ფონდიდან, მუშაობა რომ გაეგრძელებინათ, აქედან გამომდინარე ბატონმა ბიძინამ ათასობით ადამიანი იხსნა უმუშევრობისგან.

ის "პატივცემულ" ოქუაშვილსაც შეხვდა, რასაც არც ეს უკანასკნელი არ უარყოფს, ოქუაშვილი თურმე თავზე ნაცარს იყრიდა, ბიზნესმენი კაცი, პოლიტიკაში არ უნდა ჩავრეულიყავი, არც მედიასაშუალება უნდა მქონოდა, რადგან ამის გამო გავხდი დევნის ობიექტიო. ეს ახალი მოდის "ძე-შეცთომილი" თურმე ყველაფერს იფიცებდა, მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებო და იხვეწებოდა ბიზნესის წარმოებაში დამეხმარეთო. სარწმუნო წყაროს ცნობით, ბატონმა ბიძინამ მას პირობა მისცა, რომ არაფერი ემუქრებოდა, თუ რაიმე პრობლემა შეექმნებოდა, ნებისმიერ დროს შეხვდებოდა და დაეხმარებოდა. ამ საუბრის შემდეგ, საგადასახადო სამსახური შევიდა ოქუაშვილის კომპანიაში, აღიწერა წარმოება, ყველაფერი გასწორდა, ფინანსთა სამინისტრომ ბევრი რამ აპატია კიდეც, საბოლოო ჯამში, "ომეგა ჯგუფის" რამდენიმე მილიონი ლარი დავალიანებაც ჩამოაწერეს და "განწმენდილებმა" დაიწყეს მუშაობაო.


მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0