პოლიტიკა, თუთუნი და ნატოს კალმის წვერი

იცით, ყველაზე მეტად რა მაწუხებს? ის, რომ ადამიანები ძველ, დაჩხაპნილ “პლასტინკას” დაემსგავსნენ, გინდა გადაატრიალე, გინდა – გადმოატრიალე, აზრი აღარ აქვს.

როდესაც ნიღბიანი და ავტომატიანი “მიხუინები” “იბერიაში” შეცვივდნენ, მთელი ღამე იქ ვიყავი, თავისუფალ სიტყვას ვიცავდი. ახლა კი ზაზა ოქუაშვილი ლონდონიდან აცხადებს, ჩემთვის არაფერი წაურთმევიათ, ბუზიც არავის აუფრენია, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ სხვანაირი პოლიტიკური აზრები მაწუხებდაო. რა გამოდის? ესე იგი, მე (ჩვენ) ვიცავდით არა “იბერიას”, არა თავისუფალ სიტყვას, არამედ ოქუაშვილის პოლიტიკურ ორიენტაციას. როგორც სააკაშვილი ამბობს მასთან შეთანხმებით, ავტომატებით შეცვივდნენ იმიტომ, რომ მეთუთუნე ზაზა ასლან აბაშიძეს უჭერდა მხარს. მაშინ ამიხსენით, თუ ასე იყო, მე რა მინდოდა იქ, მე ხომ არასოდეს ვემხრობოდი ასლან ბაბუს? მოგვატყუეს, მაკააარ, მოგვატყუეს, ამ შობელძაღლებმა და ახლაც გვატყუებენ!

ნატო ჩხეიძე – ზაზა ოქუაშვილის კნეინა. ცნობილი მწერლის, ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი. ბავშვობაში ბატონ ოთარის მოთხრობებს ხშირად ვკითხულობდი (ის დრო იყო, ყველაფერს რომ კითხულობდნენ). მართალია, ცოტა რთული ენით წერდა, ერთი და იმავე სიტყვას ერთ წინადადებაში მრავალჯერ იმეორებდა, მაგრამ ამბის მოყოლა მაინც იცოდა. როგორც ჩანს, ნატოს მამისგან მხოლოდ წერის სირთულე დაჰყვა, ამბის მოყოლა კი ვერა და ვერ ისწავლა. უფრო სწორად, ამბავს ყვება, მაგრამ მიზანი, გარემოება, სიტუაცია და მორალი გაუგებარია. ამ დღეებში, როცა ოქუაშვილი დაუკრეფავში გადავიდა და ნიკა გვარამიას კარნახით საზოგადოებას თავისი პრუწუნ-პრუწუნი ამცნო, ნატომ ეგრევე კალამს წამოავლო ხელი და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, ფრთხილად იყავ, ბალღო, თორემ ზედ კალმის წვერზე მიზიხარო:

“უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს – კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში”.

ეს კიდევ არაფერი… ნატომ საკუთარი თავი მიხეილ ჯავახიშვილს შეადარა. ეს როგორო? იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით… აბა, სად ქალბატონი ნატო და სად – მიხეილ ჯავახიშვილი? თუმცა ნუ ჩქარობთ, ჯერ მისი ნათქვამი წავიკითხოთ:

“მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა: – კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და ვინ არის ბახჩო ქობულოვი. უნდა განვმარტო, რომ “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, “იბერიას“ დაბრუნებაში და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე”.

აი, ხედავთ? არაო, ხალხო, არა და არაო… ჩვენ, გორელი ჩხეიძეები, მეთუთუნე ოქუაშვილები და მით უმეტეს, ჯავახიშვილის შთამომავლები იგეთი მაგრები ვართ, ბიზნესს ვერც ვერავინ წაგვართმევდა და ვერც ვერავინ წაგვართმევსო… ჰო, აბა, რეებსა ჩმახავთ, 2004 წლიდან მოყოლებული “იბერია” წარმატებით მუშაობდა, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავდითო… ჰო, აბა, პაპიროსსაც შეუფერხებლად ვუშვებდით და ზაზას კიდე ნეტა რა სჭირდა თქვენი დასაბრუნებელიო? ჰოდა… ისევ, მოგვატყუეს, მაკაააარ, მოგვატყუეს და ისევ გვატყუებენ, ეს შობელძაღლები. გამოდის, ესენი 2004 წლიდან სააკაშვილთან ყოფილან შეკრულები, ჩვენ კიდე გვეგონა, ესაო და ისაო!

ნატომ ნოველა გამოაქვეყნა თავის პარტიაზე, “პატრიოტთა ალიანსზე”, სულ გარეთ გამოიტანა შიდა სამზარეულო, თანამედროვე ენაზე “ქუხნას” რო ეძახიან. მანამდე კი ნატო პარლამენტის თავმჯდომარეს დაემუქრა, ზედ წვერზე მიზიხარ, შე ქობულოვო, მე ჯავახიშვილი გახლავართ, რომელიც ისტორიას სახელოვან ადამიანად შემოვრჩებიო. ჰოოო, შენ იკითხე, თორემ მე და ზაზა უკვე ეროვნული გმირები გახლავართო. აი, ეს ირმა ინაშვილი კიდევ საერთოდ ვის დაჰკარგვია, მაგის პარტიულ ოფისში რომ დავდიოდი, იცით, რეები ხდებოდაო? ნეტა რეები ხდებოდა? აი, მწერლური ინტრიგა. მოდით, ერთი ვნახოთ. სტილი დაცულია:

“დროდადრო”, ასე ერქვა მამაჩემის ჩანაწერებს და ასე დავარქვი მეც. გადავხედე ამ ჩემს “დროდადროს” და თვალში მომხვდა “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სხდომის შესახებ ჩემი ჩანაწერი სათაურით – გაფართოებული თათბირი.

პარტიის ლიდერები ბრიუსელში მიდიან და წასვლამდე საღამოს 7 საათზე გაფართოებული თათბირი მოიწვიეს: პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები, პარტიული აქტივი, ადმინისტრაცია. თათბირის დაწყებამდე დემოკრატიასა ა და სამართლიანობაზე იყო საუბარი და ბუნებრივად ამ სულისკვეთებითვე უნდა გაგრძელებულიყო. პირველ საკითხათ მოისმინეს: ანეგდოტი სტალინზე, რომ მან მოიწვია პოლიტბიურო და უთხრა, ქვეყნის უკეთესი აღმავლობისთვის საჭიროა “პერეკრასიტ კრემლ ი რასტრელიტ კაჟდავაჩეტვიორტავა ჩელავეკა”. სიჩუმის მერე ერთმა თქვა: “ა ზაჩემ პერეკრასიტ?” და სტალინმა, როგორც ხალხთა მამამ გაითვალისწინა აზრი და დათანხმდა: “ და მოჟეტე ი ნე პერეკრასიტტ”.

აზრი გამოითქვა, რომ სტალინმა ომში გაჟლიტა 300 ათასი ქართველი და ომამდე მთელი თავადაზნაურობა. დაადგინეს: სტალინი ტირანი იყო, მაგრამ მოიგო ომი. მეორე საკითხათ მოისმინეს დიდმარხვის შესახებ ინფორმაცია: რომ საჭიროა არა მხოლოდ საკვებით მარხვა, არამედ სულიერად, ლოცვით და აღსარებით და ფიზიკურად სექსის შეკავებ თ. ითქვა, რომ ყველანი შურიანები ვართ და საჭიროა აღსარების დროს ამ ცოდვის მონანიება.
- არა ვარ შურიანი! – გაისმა დარბაზში.
- არც მე! არც მე! არც მე!- მაშინვე აჰყვნენ დანარჩენები.
- ეგ თქვენ გგონიათ, რომ არ ხართ შურიანი. როგორ არ ხართ. და თან ქედმაღლებიც ხართ, რომ ვერ იგებთ, რომ შურიანები ხართ!- იყო მკაფიო ახსნა.
- არა ვართ, არა!.. არა!.. – არ თმობს სათათბირო.
- არა ხართ, არა?.. აბა მითხარით, არ გინდათ, რომ სხვა პარტიებს აჯობოთ?
- გვინდა!.. როგორ არ გვინდაა!.. აბა მეტი რა გვინდა!.. მაგისთვის არ ვიკლავთ თაავს?.. გვინდა!.. გვინდა!.. – მკერდში მჯიღს ირტყავს სათათბირო.
- ჰოდაა, ეგ არის, რომ შურიანები ხართ!.. თან ქედმაღლები და კიდევ ამპარტავნები!..

დაადგინეს: ყველამ ჩააბაროს აღსარება და მოინანიოს შური, ქედმაღლობა, ამპარტავნება და სხვა მისთანანი. მოისმინეს, რომ დიდმარხვის დროს საჭიროა მარხვა სექსთან მიმართებაშიც. აზრი გამოითქვა, რომ სექსის შეკავება საზიანოა მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის და სასურველია მისი დაშვება. მოისმინეს ინფორმაცია, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ შაბათს ადამიანი ფაქტობრივად ქრისტესთან ერთად კვდება და კვირას განახლდება, ასე რომ ესეც მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ ხუთშაბათი ფეხების განბანვაა და მასთან დაკავშირებული თავმდაბლობა და შესაბამისად მძიმე მარხვა და ამიტომ ვერ დაიშვება. რჩება სამშაბათი. დაადგინეს: დიდმარხვის პერიოდში სექსი დასაშვებიაა კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს. შეკითხვა დაისვა მორიდებული ხმით:

– შაბათ -კვირას არ შეიძლება?
– შაბათს როგორ შეიძლება, მკვდარი ხარ. – იყო პასუხი.
- მკვდარი როგორ ვარ, სამშაბათის გადაცვლა მინდა შაბათზე. – გაისმა ისევ მორიდებული, მაგრამ მტკიცების ნოტის მემცველი ხმა.
- არა, შაბათს მკვდარი ხარ!- იყო მკაცრი პასუხი.
- და კვირა? კვირაც არა? – სუსტად გაიბრძოლა ერთადერთმა პროტესტანტმა.
- კვირას განახლდები, ყველა ცოდვას სტოვებ და როგორ შეიძლება. მარტო სამშაბათს! – პასუხი ურყევია.
- სამშაბათი არ მაწყობს, არ მაწ-ყობს… – ხელებს იქნევს პოეტი.

დაადგინეს: მხოლოდ სამშაბათი! და ოთარაშვილი აღდგომამდე მოიცდის. უკვე რვის ნახევარია. გაჩქარებული ნაბიჯით შემოდის ერეკლე საღლიანი და ამბობს: შვიდი საათია. ზუსტად დროზე მოვედი.
- დროზე როგორ მოხვედი? – გაისმის აქეთ-იქიდან.
– შვიდია და მოვედი – არის დინჯი პასუხი.
- სად არის შვიდი, სად? – არ ცხრება შეკითხვები.
– ჩემს საათში – ისევ დინჯი პასუხი.
- გვაჩვენე საათი – არ ისვენებენ ურწმუნონი.
- საათი სახლში მაქვს. ზუსტად შვიდი იყო, რომ შევხედე.

დაადგინეს: არაფერი აღარ უთხრან საღლიანს და მიიღონ ისეთი, როგორიც არის. მოისმინეს მესამე საკითხი: პრემიერის განცხადების ტექსტი და მასზე გამოხმაურების თეზისები. დაადგინეს: პრემიერს ამ საკითხში ეთანხმებიან. მაგრამ მხოლოდ ამ ერთ საკითხში ანუ ამ თემის ასეთ მიდგომაში. ამ ერთადერთ საკითხში მხოლიდ და … ასე, რომ მაინც ჩვენი გადასაყენებელიაო. მოისმინეს: ცხინვალში მიმდინარე პროცესები, რომ საქართველოს ორი მოქალაქე გამოუშვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კათალიკოს-პატრიარქის წერილმა, ასევე ხელისუფლების განცხადებამაც. გარდა ამისა ამ საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა უამრავმა სხვა ადამიანმაც პატრიოტთა ალიანსიდან. დაადგინეს: საჭიროა შევინარჩუნოთ დუმილი. მოისმინეს: თეზისების სახით ძირითადი გასახმოვანებელი მოსაზრებები. დაადგინეს: მიღებული მითითებები ურყევად არის შესასრულებელი. და… მორჩა თათბირი".

* * *
ჩვენ, რიგით მოკვდავებს ჯერ კიდევ ბალღობაში გვასწავლიდნენ, იმ ჭაში არასოდეს ჩააფურთხოთ, საიდანაც წყალს სვამდით ან სვამთო. როცა წამოვიზარდეთ, თვითონაც მივხვდით ამ ჭეშმარიტებას და ჭაში არასოდეს ვაფურთხებთ. აი, ნატომ კი ჩააფურთხა – ანუ მსხრად აიგდო ის პარტია, ის ადგილი, სადაც ნაფტალინი ჩამოიფერთხა. მოკლედ, სახელოვანი მწერლის შვილმა ვერ ივარგა მწერლად, ვერ შემოაგდო სკანდალი ქართულ პუბლიცისტიკაში, თვითონვე გახდა საზოგადოების დასაცინი.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0