რატომ არავინ ეკითხება კვირიკაშვილს და ქუმსიშვილს, რა დამსახურების გამო გადაუვადეს "ომეგა-ჯგუფს" დავალიანების გადახდა 11-ჯერ?

რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ძველი რესპოდენტი, ნაცრეჟიმის წნეხგამოვლილი სოსო ჯუღელი დაგვიკავშირდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის საფინანსო-სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელად, იყო თბილისის მერიის გენინსპექციის კორუფციასთან ბრძოლისა და საფინანსო შემოწმების განყოფილების უფროსი. ბუნებრივია, მას იმ უნიჭოდ დადგმული პოლიტსპექტაკლის შესახებაც ვესაუბრეთ, რომლის მთავარი ფიგურანტიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.

– ზაზა ოქუაშვილი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თამბაქოს ბიზნესის მონოპოლიზაციას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. ამის გამო, "ელიზის" მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი საგადასახადო ინსპექციაში ერთ-ერთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირთან დაიბარეს. მის კაბინეტში მოხდა საქმის გარჩევა, ელიზბარაშვილისგან ითხოვდნენ, რომ "ელიზს" დაეთმო ბიზნესი "ომეგასთვის", რაზეც მან უარი განაცხადა. უცებ სადღაც დაირეკა, ელიზბარაშვილი უარზეაო, მისი უწყების შენობიდან გამოსვლა იყო და ისე სცემეს, რომ ლამის მოკლეს. მაშინ არც ვიცნობდი ელიზბარაშვილს, მერე გაირკვა, რომ "ელიზის" მფლობელი იყო. იქიდან მოყოლებული ახორციელებდა ოქუაშვილი კონკურენტებზე ასეთ ზეწოლებს და ბიზნესის წართმევას.

სპეცრაზმელები შეცვივდნენ "ომეგას" საწყობებში, თანამშრომლებს ცეცხლიც კი გაუხსნეს და ა.შ. ზაზა ოქუაშვილი ახლაც ცდილობდა იგივე გაეკეთებინა, რასაც შევარდნაძის მმართველობის დროს აკეთებდა, ეს რომ არ გამოუვიდა, იმიტომაც ააგორეს ეს ამბები. "ნაცებმა" გმირად რომ აქციეს ოქუაშვილი, გმირი კი არა, სამშობლოს გამყიდველია, ყველაფერს აკეთებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს. მე ლევან ყიფიანის მიკვირს, რომელსაც 1997 წლიდან ვიცნობ (მე საფეხბურთო კლუბ "ყაზბეგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი ვიყავი, ლევანი "ლოკომოტივის" დირექტორი) და ნორმალურ ადამიანად ვთვლიდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ სიბინძურეში გაერეოდა. ოქუაშვილი ამბობს ფულს ვუხდიდიო, ყიფიანი ასე როგორ დაეცა, რომ ფულის გულისთვის ბინძურ თამაშში ჩაება, თან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. მე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოქუაშვილის ნათქვამი, რომ ივანიშვილმა ოთხი მილიონი სთხოვა (გვარამიამ უკვე გაზარდა ეს "სტავკა" ხუთ მილიონამდე — მ.ს.), თან თურმე თითებითაც აჩვენა, არის სრული აბსურდი. ადამიანს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, უზარმაზარი თანხები აქვს დახარჯული, როგორ დავიჯერო, რომ ვიღაცას ოთხი მილიონი მოსთხოვა. დარწმუნებული ვარ ყველა ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მათი ავთენტურობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდგაირკვეს, თავად ხელისუფლება უნდა იყოს ამით დაინტერესებული. ბიძინა ივანიშვილს ბევრი გამყიდველი რომ ყავს გვერდით, ესეც ფაქტია. 

- ბატონო სოსო, ოქუაშვილს ხელისუფლება 51-მილიონიან საბიუჯეტო დავალიანებას ედავება. საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, რატომ მისცეს ოქუაშვილს იმის უფლება და საშუალება, რომ ამხელა დავალიანება დაეგროვებინა?

- ეს კითხვა კვირიკაშვილს და ქუმსიშვილს უნდა დავუსვათ. კვირიკაშვილის წესიერება როგორღა უნდა გწამდეს, მაფიოზი დიმიტრი ქუმსიშვილი რომ ყავდა გვერდით, ფაქტობრივად, ქუმსიშვილი ატრიალებდა ყველაფერს. ეს ბატონი ოქუაშვილის საქმეშიც არის გარეული, ახლა რომ იმალებიან და ქუმსიშვილზე სიტყვას არ ამბობენ. რატომ მივიდა ლევან ყიფიანი კვირიკაშვილთან და არა ბიძინა ივანიშვილთან, როცა მასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა? იმიტომ არ მივიდა ბატონ ბიძინასთან, რომ ამ ყველაფერს გიორგი კვირიკაშვილი განაგებდა, მას გააცნო ყიფიანმა რა ვითარება იყო თამბაქოს ბიზნესში, ეპატიებოდა თუ არა ოქუაშვილს ვალი. "ომეგა" ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, რომ 11-ჯერ გადაუვადეს დავალიანების გადახდა, რატომ გადაუვადეს, შემოსავალი არ ჰქონდა, ვერ გადაიხდიდა თუნდაც ნაწილ-ნაწილ თუ რა იყო? ხომ ხედავთ როგორ შემოუბრუნდა ხელისუფლებას ეს ნალოლიავები "ბიზნესმენი", ბიძინა ივანიშვილიც გარიეს ამ სიბინძურეში, ესეც სპეციალურად გაკეთებული მგონია. ოქუაშვილი გარიგებაში რომ არის შესული ნაცმოძრაობასთან, უკვე აშკარად ჩანს, საერთოდ ნაციონალები ყველგან არიან შემძვრალები, აქ მარტო სახელმწიფო უწყებებს არ ვგულისხმობ, ყოფილ თავიანთ კომპანიებსა თუ ფირმებში, გამოაქვთ ინფორმაციები და როცა მოესურვებათ, მაშინ იყენებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

ოქუაშვილი რომ ბრძანებს, ორი დღის გახსნილი მქონდა ის ფირმა, საიდანაც ოთხი მილიონი გამოვიტანე, ორი დღის გახსნილი ფირმის ანგარიშზე რა უნდოდა ოთხ მილიონს? როგორ შეძლო ოქუაშვილმა ამხელა თანხის გამოტანა? კარგი, გამოიტანა, მაგრამ ოქუაშვილის დირექტორებმა გამოიტანეს ხომ ბანკიდან ეს ფული ორ ეტაპად, მაგრამ ვის მისცეს, სად წაიღეს? იქნებ ოქუაშვილს მიუტანეს უკან? აქვთ იმის მტკიცებულება, რასაც ლაპარაკობენ? 
პირდაპირ ნაცმოძრაობის მიერ, ოქუაშვილის ხელშეწყობით დადგმული სპექტაკლი. მათ კარგად იცოდნენ, ოქუაშვილს უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანება რომ ჰქონდა და ეს კარგად გამოიყენეს. ოქუაშვილების წყვილს "ქართულ ოცნებასთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსიც" ალანძღვინეს, გაჭირვებაში როგორ მიატოვეს ეს "უმწიკვლო~ ბიზნესმენი? თუ ორი წლის წინ დაიწყო ხელისუფლების მხრიდან "ომეგას"დატერორება, პარლამენტარი ქალბატონი ნატო ჩხეიძე აქამდე რატომ დუმდა, რატომ არ გამოიყენა მაღალი ტრიბუნა, მაინც და მაინც არჩევნების წინ გაახსენდა "გასაჭირი". "აქცენტების" წამყვანებს გვარამია-კვესიტაძეს ისე გაუხარდათ ზაზა ოქუაშვილის პირით გაჟღერებული მორიგი სიცრუე, ბიძინა ივანიშვილი მთხოვდა "პატრიოტთა ალიანსი" დააფინანსეო, რომ ლამის სკამებიდან წამოხტნენ და დავლური დაუარეს. მოკლედ, ერთი სული აქვთ "ქართულ ოცნებასთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსი" ტალახში გასვარონ, ირმა ინაშვილს ვერაფრით პატიობენ ნაცრეჟიმის მესაფლავეობას.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0