მინდია უგრეხელიძე - 75

ახლახან ქართველმა საზოგადოებამ სიყვარულით და პატივისცემით აღნიშნა გამოჩენილი ქართველი იურისტის მინდია უგრეხელიძის დაბადებიდან 75 წლისთავი.

ცნობილი იურისტის იუბილეს მიეძღვნა ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალის "სამართალი და მსოფლიო" სპეციალური ნომერი. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ გამოცემიდან:

მინდია უგრეხელიძე დაიბადა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ქუთაისში. მისი ბავშვობა სწორედ ქუთაისს უკავშირდება. მამა _ გურამ უგრეხელიძე, ცნობილი იურისტი, ორატორი და მთარგმნელი იყო. ამიტომ მას ოჯახიდან გამოყვა სამართლის მსახურის და დიდი კაცობის მადლი.

მინდია უგრეხელიძე გახლავთ თინათინ წერეთლის მიერ დაარსებული, საყოველთაოდ აღიარებული ქართული სამართლებრივი სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი _ უახლოესი მოსწავლე, ერთგული თანაშემწე და თაოსნობათა გამგრძელებელი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა სწორედ ამ დიდი სამართალმცოდნის მიერ არის შთაგონებული, რაც მის ღვაწლს ერთი-ორად ამშვენებს და ფასს მატებს.

მინდია უგრეხელიძეს საქართველოში უკავშირდება მთელი რიგი თაოსნობანი:

  • _ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ იგი იყო უზენაესი სასამართლოს პირველი თავმჯდომარე (1990-1999) და მისი რეფორმატორი;
  • _ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგომ იყო პირველი ქართველი მოსამართლე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში (1999-2009);
  • _ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პირველი გამოყენება სახელწოდებით `სახალხო სასამართლო~, ანუ `ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას...~ (2010). 
  • _ მას უკავშირდება მასშტაბური დანერგვები, როგორც ეროვნულ და ყოფილ საკავშირო სივრცეში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯერ ექსპერიმენტად, ხოლო შემდეგ ოფიციალურად დაარსება ე. წ. `კოლონია დასახლებებისა დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩამდენთათვის~, რასაც საფუძვლად დაედო იუბილარის მეცნიერული დასკვნები და რეკომენდაციები მისი დისერტაციიდან, რომელიც აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას ეყრდნობოდა. 
  • _ საერთაშორისო მართლმსაჯულებამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წარმატებით გამოიყენა მიზეზობრიობის ქართული კონცეპტი (თინათინ წერეთლის ფორმულა) ცნობილ საქმეზე `ნაჩოვა და სხვ. ბულგარეთის წინააღმდეგ~ (2007), რაც მინდია უგრეხელიძის, როგორც დიდი პალატის მომხსენებელი მოსამართლის წინადადებით და ქართული გამოცდილების წყალობით საფუძვლად დაედო მსგავსი საქმეების ანალოგიურ პრაქტიკას. 
  • _ მინდია უგრეხელიძის თაოსნობით, ჯერ კიდევ წინარე საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი 254-ე მუხლის რედაქცია, რომელმაც კულტურის ძეგლების დაცვა სრულიად ახალ პრინციპებზე დააფუძნა;
  • _ მისივე ინიციატივით, სისხლის სამართლის მოქმედ კოდექსს ამშვენებს მუხლი 8 მიზეზობრივი კავშირის შესახებ, რომელიც ერთადერთი შემთხვევაა ევროპაში ურთულესი პრობლემის საკანონმდებლო რეგულაციისა;
  • _ მას ეკუთვნის სისხლის სამართლის ისეთი საკანონმდებლო პრინციპი, როგორიცაა `ტიპობრივი ვალენტობის პრინციპი~;
  • _ იგი გახლავთ შემოქმედი ისეთი ქმედითი კვლევითი ინსტრუმენტისა, როგორიცაა რეტროსპექტიული მეთოდი;
  • _ მინდია უგრეხელიძემ შემოიტანა, ავითარებს და ნერგავს სამართლის მიეცნიერების სრულიად ახალ მიმართულებებს, როგორიცაა ნომოლოგია, ლეგიმერტრია და სამართლის დიმენსიოლოგია.
  • _ მის სახელს უკავშირდება `ქართულ (საბჭოთა) ენციკლოპედიაში~ ატომური სამართლის (კანონმდებლობის) ტერმინის მეცნიერული განმარტება, რომელიც უცხოა ყველა სხვა უნივერსალური ენციკლოპედიისათვის;
  • _ სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად მან შემოიღო და დანერგა ინოვაციური და პერსპექტიული პროექტები, პროგრამები და სილაბუსები.

მინდია უგრეხელიძის მეცნიერული ნაშრომები გამოქვეყნებულია 10 უცხოურ ენაზე. ლექციები და გამოსვლები ჰქონდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გფრ, საფრანგეთი, ინგლისი, ისრაელი, და ა. შ.
მინდია უგრეხელიძეს აღზრდილი ჰყავს ქართველი იურისტების მრავალი თაობა. მასზე მოწიწებით საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის იურისტები, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ შეხება მინდია უგრეხელიძესთან. ეს არის ადამიანი, რომელზეც შეიძლება გქონდეს სწორება, როგორც იურისტზე და როგორც ადამიანზე. მისი აღზრდილები ყოველთვის იამაყებენ, რომ მათი მასწავლებელი იყო მინდია უგრეხელიძე.

საიუბილეო საინიციატივო ჯგუფი

ბატონ მინდია უგრეხელიძეს გულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 75 წლისთავს.
მან წინააღმდეგობებით სავსე გზა ღირსეულად განვლო, საეთაშორისო აღიარება მოიპოვა და ყველგან და ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
დიდად გვახარებს, რომ ასეთი მაღალი რანგის იურისტი დღეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორია და მომავალ თაობებს ზრდის.
ღმერთმა დალოცოს ბატონი მინდია და კვლავაც დიდხანს ამსახუროს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ილია მეორე
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
скачать dle 12.0