„მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პროგრამა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპი "მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტი" წარადგინეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება. 

"ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს", - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოკლე დროში შეცვლის ავტოპარკს ელექტრომობილებით.

მამუკა ბახტაძის თქმით, ელექტრომობილებზე გადართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი შეიქმნას. 
პრემიერმინისტრის თქმით, შიდა წვისძრავიან მანქანებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ელექტროტრანსპორტს მიეცა. 

"მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე", – თქვა მამუკა ბახტაძემ. 

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ელექტრომობილების მძღოლებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება ზონალური პარკირების საფასურზე, ასევე პარკირების ადგილებზე; იგეგმება ელექტრომობილების სპეციალური დამტენების მონტაჟიც.
პრემიერმინისტრის თქმით, აუცილებელია, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან თბილისში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა.

მამუკა ბახტაძემ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტიც ახსენა, რომელზეც თქვა, რომ პროექტი კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული იყო.

"შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროქტი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობილები ხდება უფრო და უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო და უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქათველოში დ რაც უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს და საბოლოო ჯამში მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია",- თქვა ბახტაძემ.

imedinews.ge

скачать dle 12.0