ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

სოფელ კლდეისში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომო ბილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. სოფელ კლდეისში მისასვლელი გზის მონაკვეთი სტიქიის შედაგად მრავალჯერ დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა მგზავრთა გადაადგილებას. საავტომობილო გზის სირთულის გათვალისწინებით, 260 მ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება და წყალამრიდი არხის მოწყობა. სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 98 028 ლარს შეადგენს.

სოფელ ასურეთს სტუმრად ეწვია გერმანიის ასპერგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელიურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი გოეც მარტინ-როზინი. უცხოელ სტუმრებს შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, თეთრიწყაროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ლაბახუა.

სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელი ასურეთი და იქ არსებული გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ფასეულობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ღვინის მარანი, ლუთერანული ეკლესია. ეწვივნენ აგრეთვე საოჯახო მარნებს, იმყოფებოდნენ გერმანელთა სასაფლაოზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ასურეთის განვითარების გეგმა, განიხილეს ასპერგის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების დამეგობრებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის ახტალის პარკში უკვე მეორედ, "ღვინის ფესტივალი 2018" გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქვევრში დაყენებული გლეხური ღვინო, დიდ და მცირე მარნებში წარმოებული 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელი. ფესტივალზე გაიმართა ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული ნიმუშების ექსპოზიციები… სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები. სტუმრები თავად გახდნენ ყურძნის დაწურვისა და თათარაობის მონაწილენი. დღის ბოლოს ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი გაიმართა.

"გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018" ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი იყო სს "მ² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვემო ქედი-არხილოსკალოს გაზიფიცირება, რომლის დასრულების შემდეგაც დაზიანებულ ასფალტის საფარს აღადგენენ. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში სამუშაოები ზემო ქედსა და ცენტრალური მაგისტრალზეც დაიწყება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გორაბერეჟოულში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება. სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია სოფლის ხელმძღვანელ პირთან ერთად გაეცნო. პროექტს ახორციელებს შპს GEORGIAN BUILD.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.ქ. ლაგოდეხში, 9 აპრილის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 294 953 ლარით აფინანსებს.

ქ. ლაგოდეხში, ამირან ცინცაძის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ცინცაძის ქუჩაზე დაიგება ასფალტბეტონის საფარი, რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 62 310 ლარია გამოყოფილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სიღნაღში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო- სამაშველო დეპო აშენდება. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. უწყების ცნობით, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო დეპო ქალაქის ერთიან იერსახეზე იქნება მორგებული.

"მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო-სამაშველო დეპოები ყველა ქალაქშია, დღეისთვის დამატებითი საჭიროებაც არსებობს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გარკვეული სოფლები რაიონული ცენტრიდან, სადაც სახანძრო ტექნიკაა განთავსებული, 20–25 კილომეტრითაც კი არის დაშორებული, რაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს ახანგრძლივებს. ამ ეტაპზე მუშავდება სპეციალური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორია იმგვარად უნდა დაიფაროს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საგანგებო სიტუაციისას სახანძრო მანქანის კონკრეტულ ადგილას მისვლის დრო“, — აღნიშნავს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ახალი დეპოები, სადაც განთავსდება საზოგადოებრივი ცენტრები, სპორტული დარბაზები და საფეხბურთო მოედნები, ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. დეპოები იქნება აღჭურვილი კომპიუტერებითა და ინტერნეტით. ახალ დეპოებში გაუმჯობესდება მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთის "ჯეო ჰოსპიტალსის" მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა უფასო სამედიცინო აქცია. ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას დუშეთის "ჯეო ჰოსპიტალსის"
სამედიცინო ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმები მთელი დღის განმავლობაში უწევდნენ. აქციით ისარგებლა 53-მა ადამიანმა, რომლებმაც მიიღეს ექიმების კონსულტაცია.

დუშეთის რაიონის ინვალიდთა კავშირის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ უნდილაშვილმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, 15 დასახელების პირველადი მედიკამენტი გადასცა მჭადიჯვრის ადმინის- ტრაციულ ერთეულში არსებულ ამბულატორიას.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ვანკუპრეიშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერიის სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოს გააცნო მიმდინარე წელს განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები. ამასთან, მრჩეველთა საბჭოს წევრები მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნენ. სხდომა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე განიხილეს 20 ოქტომბერს სახალხო დღესასწაულ,, ეგრისობაზე“ დაგეგმილი ღონისძიებები. სხდომაზე იმსჯელეს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ სენაკში, აკაკი ელიავას ქუჩაზე დაათვალიერეს ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაო, რომლის ღირებულება 90 119 ადგენს.


ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ფოთში დიდების მემორიალის  კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია თვითონ მემორიალის სარემონტო სამუშაოები, ღობისა და ტროტუარის რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარეგანათების სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ახალაბასთუმნისა და ინგირის № 1 საჯარო სკოლებში მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში ორი საკლასო ოთახის რეაბილიტაცია დასრულდა, ინგირის № 1 საჯარო სკოლაში კი სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლების რეაბილიტაციაზე 138 000 ლარი იხარჯება.

მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს. მერია მიმდინარე წელს 25 სახლს ააშენებს. სახლების მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია. პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015–2016–2017 წლებში 66 სახლი აშენდა. სოციალური სახლების მშე- ნებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რისთვისაც მუნიციპალიტეტს 2015 წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა. სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდში, საერთაშორისო პროექტის — „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ — მონაწილეთა ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შვედეთის, სერბეთის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჯგუფის წევრებმა მშენებარე სახლთან ერთად შარშან აშენებული სახლიც დაათვალიერეს და პროექტით დაინტერესდნენ.

ზუგდიდის მერია სოფლებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების საკვებ პროდუქტს დაურიგებს. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირას გამოაცხადა. 413 ოჯახს ზამთრისთვის 10 კგ შაქარს, 5 კგ მაკარონს, 25 კგ ფქვილს, 5 ლ. ზეთს, 10 კგ კარტოფილსა და ამავე რაოდენობით ხახვს დაურიგებს.

ქალაქ მარტვილში შიდასაავტომობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში იგეგმება თბილისის, შეროზიას და დადიანის ქუჩების რეაბილიტაცია, ჯამში დაიგება 1 464 მეტრი საფარი. თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულება 351 303 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა სოფელ კირცხში სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო. მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ განახორციელა. ადგილობრივებს სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები ემსახურებოდნენ. აქციის მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო ინიციატორი — საქართველოს წითელი ჯვრის ჩხოროწყუს ფილიალი. ჩხოროწყუს მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში, კერძოდ — ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. სამედიცინო გამოკვლევები გაიმართა აგრეთვე სოფელ ჭოღაში და სოფელ ნაფიჩხოვოში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ გიორგი ხვიბლიანს წვიმიანი ამინდის აღარ ეშინია, რადგან წლების განმავლობაში დაზიანებული სახლის სახურავი ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შეიცვალა. გიორგის მსგავსად პრობლემა ამ დრომდე უკვე 23 ოჯახს მოუგვარდა. ელისო მენაბდიშვილის ნატვრაც რეალობად იქცა. სახლი, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს, ავარიული იყო. დაზიანებულმა სახურავმა პრობლემა კედლებსა და იატაკსაც შეუქმნა. როგორც ქალბატონი გვიყვება, სახლში ღამის გათენების აღარ ეშინია და არც წვიმასთან გამკლა- ვება უწევს, მისი სახლიც რამდენიმე თვის წინ გადაიხურა. სახურავის პრობლემა ნაზი ქვარცხავასაც მოუგვარდა, რის შემდგომაც ოჯახის დიასახლისმა, საკუთარი სახსრებით, საცხოვრებელ ფართში სხვა პრობლემების მოგვარება დაიწყო. გაჭირვებაში ცხოვრება უწევდა მარტოხელა პენსიონერ თამარ ხუციშვილს, რომელსაც მეუღლე ახალგაზრდობაში გარდაეცვალა. გერმანული სტილით ნაგები სახლი მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა სახურავიც. ძველი კრამიტი ახალმა, თუნუქის სახურავმა ჩაანაცვლა.

გარდა ქალაქისა, სახურავების პრობლემები სოფლებშიც გვარდება. მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისია მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე იკვლევს ოჯახების მდგომარეობას და ვისი სოციალური პირობებიც უკიდურესად მძიმეა, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული
პრობლემები უგვარდება. 2015–2016 წლებში 25-მდე კერძო სახლი შერემონტდა, 2018 წლის ბოლომდე კი 48 ოჯახს გაეწევა დახმარება და მათს საცხოვრებელ სახლებს სახურავის პრობლემა მოუგვარდება"…
მაგდა დევნოზაშვილი, გაზეთი "ბოლნისი NEWS".

დმანისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორ, შოთა რეხვიაშვილსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებთან ერთად, საქართველო-ლატვიის რეგიონების ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება რეგიონების განვითარების შესახებ, ისაუბრეს საინვესტიციო პოტენციალზე და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კონკრეტული წინადადებები განიხილეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

სოფელ წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს.

სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე შვიდი ავტომოსაცდელი ეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გამოიყო. სოფელში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფრიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 73 370 ლარს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. სოფელში დასრულებულია 1 600 გრძივი მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია და აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფრიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 79 450 ლარს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან სამუშაოების ღირებულების 95 პროცენტი დაფინანსდა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 5 პროცენტია.
скачать dle 12.0