ცავატანემ, ზაზაჯან, შენ სინდისი ვაბშემ ჩუნეს?

ზაზა ოქუაშვილი - ოსტაპ ბენდერის  ზეაღმატებული "მემკვიდრე"?!
(გაგრძელება, დასაწყისი იხ. "სგ" N37)

მოდი და გაიგე, როდის ცრუობს და როდის ღაღადებს სიმართლეს ზაზა ოქუაშვილი, თუ "ქართული ოცნება" ასე ატერორებდა, 2016 წელს რატომღა უხდიდა მადლობას ხელისუფლებას? მადლობას კი იხდიდა, მაგრამ გულს თურმე სხვა ზრახვები უღრღნიდა "პატივცემულ" ზაზას, როგორც ირკვევა, მადლიერების გამოხატვამდე გაცილებით ადრე დაუწყია ინტრიგების ხლართვა. საქმეში ჩახედული ადამიანების ცნობით, ის ჯერ თავის ძველ ნაცნობს, იმჟამად სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს დაუკავშირდა, თავის რომელიღაც კომპანიაში დაპატიჟა, დროებით სარგელობაში "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანაც გადასცა ნდობის გასაღრმავებლად. ყიფიანი უმუშევარი რომ დარჩა, ოქუაშვილმა თავისთან "დაასაქმა", თუმცა 2-3 წელი ხელფასს არ უხდიდა. "ქართული ოცნების" სხვა წევრებზეც რომ ჰქონოდა "კომპრომატები", ოქუაშვილს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მეუღლეც დაუპატიჟებია ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, რაც ვიდეოზე გადააღებინა, ანუ "მტკიცებულება" შექმნა. ნოდარ ხადურს ავტომანქანების გამოძალვასთან კავშირში რომ "ამხელდა" და ვინიცობაა ეს უკანასკნელი იუარებდა, ზაზა-ბატონი ამ "კომპრომატს" გამოუქვეყნებდა, მაშინ შენს ცოლს ჩემს კომპანიაში რა უნდოდაო. ოქუაშვილს სხვების მიმართაც გამოუჩენია "გულუხვობა", ავტომანქანებით დაუსაჩუქრებია დიდი ბრიტანეთის ელჩი, ტურიზმის დეპარტამენტი, ერთ-ერთი აჭარელი კოლეგა-დეპუტატი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც სთხოვდა, სხვადასხვა ღირებულების ავტომობილები საჩუქრად წაიყვანეთო. "ავი ენები" იმასაც ამბობენ ზაზა ოქუაშვილმა `ფილიპ მორისი~ და "საქართველოს ბანკი" მილიონობით თანხაში "გადააგდო", "ომეგას" ამერიკული კომპანიის 120-მილიონიანი დავალიანება ჰქონდა, ამიტომ "ფილიპ მორისი" მათთან ხელშეკრულებას წყვეტდა, ოქუაშვილმაც შემდეგი გეგმა მოიფიქრა, თუ ამერიკელები "ომეგასთან" აღარ ითანამშრომლებდნენ, 120 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მხოლოდ "ომეგას" კუთვნილი შენობა-ნაგებობები შერჩებოდათ ხელში. ოქუაშვილმა მთელი თავისი ქონება "საქართველოს ბანკში" ჩადო 30 მილიონ დოლარად, მიღებული თანხა ოფშორულ კომპანიაში (პანამა) გადარიცხა, ანუ ფული გადამალა. ბანკის ხელმძღვანელობამ რომ გაიგო "ფილიპ მორისი" "ომეგასთან" თანამშრომლობას წყვეტდა, მიხვდნენ 30 მილიონ დოლარში მხოლოდ ვაშლიჯვრის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები რჩებოდათ, ანუ გაცილებით ნაკლებად ღირებული ქონება. ბანკის წარმომადგენლები მაშინვე დაუკავშირდნენ ოქუაშვილს, ამან სესხის აღება არ უარყო, მაგრამ ფულს ვეღარ დავაბრუნებ და სესხის გადახდა არ შემიძლიაო. "საქართველოს ბანკმა" სასამართლოს მიმართა და მხოლოდ ოთხწლიანი დავის შემდეგ მოახერხა პროცესის მოგება. 

"ფილიპ მორისი~ და "საქართველოს ბანკი" რას მიქვია, როცა ზაზა ოქუაშვილს საკუთარი მამა ჰყოლია ორგზის "გადაგდებული" და სასამართლო დავებიც ჰქონია ამ საქმეებზე. ბოლო ხანს, ინტერნეტტელევიზიით გავრცელდა სიუჟეტი ზაზა ოქუაშვილის "საქმენი საგმირონის" შესახებ. 2003 წელს, ზაზა-ბატონს სამი სასამართლო დავა ჰქონდა, ორ მათგანში მამამისი, აწ გარდაცვლილი რობერტ ოქუაშვილი უჩიოდა, მესამეში თავისი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების დროს შეძენილი ბავშვის შვილად აღიარებას ითხოვდა ზაზა ოქუაშვილისგანო. რობერტ ოქუაშვილის მტკიცებით, ზაზამ მინდობილობაზე მამის ხელმოწერა გააყალბა და ამ ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მას მალულად გაუყიდა სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართი (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), სადაც ახლა "ომეგას" სტამბაა განთავსებული. რაც შეეხება მეორე სარჩელს, რობერტ ოქუაშვილის განცხადებით, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი ფართი (1020,66 კვ.მ), ტელეკომპანია "იბერიის" ტერიტორია, იჯარით ჰქონდა შვილისთვის გადაცემული, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში მისგან ერთი თეთრი არ მიუღია. ზაზა ოქუაშვილმა გავლენიანი მფარველების წყალობით, სამივე დავა მოიგო, მარტოხელა დედაზე ისიც უთქვამს, ეგ ჩემი კი არა, მამაჩემის საყვარელი იყოო, რაც მისმა დაცვის წევრებმა დაუდასტურეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალბატონის სარჩელი უამრავი მოწმის ჩვენებით იყო გამაგრებული, სასამართლომ მხოლოდ ზაზას "ტელახრანიტელების" ვერსია მიიჩნია სარწმუნოდო. "ომეგაში" უმუშავია ოქუაშვილის დედასაც, მაგრამ მამაზე გამწყრალ ზაზა-ბატონს თანამშრომლების თანდასწრებით, ხელისკვრით გაუგდია დედამისი სამსახურიდან. როცა ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ზაზა ოქუაშვილის თანამეცხედრეს, ქალბატონმა პარლამენტარმა მოკლე პასუხით გამოისტუმრა, ჩემი მამათილი რვა წლის გარდაცვლილია, მოდით, ცოცხლებზე ვილაპარაკოთო. ვერაფერს იტყვით, "რკინისებური" არგუმენტია. ძალზე საინტერესოა 51-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების ამბავი, რომელმაც კოლექტიური ნაცები უნისონში ააჟრიამულა "ყარიბ" პრეზიდენტყოფილთან. კომპეტენტური წყაროების ცნობით, როდესაც ზაზა ოქუაშვილი მთავრობის გარკვეულ წევრებთან "სიამტკბილობაში" გახლდათ, სამი თვით ადრე გაარკვია, რომ აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე 1 სექტემბრიდან 50 თეთრით ძვირდებოდა. მან მაშინვე ე.ი. წინასწარ გამოიტანა აქციზური მარკები ფინანსთა სამინისტროდან, 24-საათიან რეჟიმში ამუშავა საწარმოები, დაამზადა დიდი რაოდენობით სიგარეტი, გამოიყენა იაფად ნაყიდი მარკები, მაგრამ თამბაქოს ნაწარმი ძვირად გაყიდა, რამაც დიდძალი მოგება მოუტანა. მან პარალელურად ხელოვნურად დააგროვა საგადასახადო ვალდებულებები და დაცვის მექანიზმების შექმნას შეუდგაო.

პოლიტიკოსობა და მედიამფლობელობა

მოგეხსენებათ, ზაზა ოქუაშვილის თანამეცხედრე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მეორეგზის პარლამენტარი გახლავთ. "ვარდების რევოლუციამდე" ასლან აბაშიძის "აღორძინების" სიით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არც არის გასაკვირი, ზაზა ოქუაშვილსა და აბაშიძეს წლების განმავლობაში ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ, ადგილობრივ ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის მონოპოლისტის პოზიცია ეკავათ. ზაზა ოქუაშვილმა თავის ბოლო ლონდონურ "აღსარებაში" ბრძანა, ნაციონალებს არასდროს დავუყაჩაღებივარ, ერთობლივად ვმოქმედებდითო. თუ ეს სიმართლეა, გამოდის სააკაშვილ-ოქუაშვილის ტანდემმა ასლან აბაშიძეს, როგორც ძველი თბილისელები იტყოდნენ, "კუკლა" გაუთამაშეს, რომ "ომეგას" ასლანისეული წილიც უშფოთველად მიეთვისებინათ. ისე, თუ მართლაც თავიდანვე "ჩაბრატებულები" არ იყვნენ ეს ორი "პატიოსანი გვამი", ნაცები ოქუაშვილს "ფილიპ მორისის" ნაცვლად რატომ გადაუხდიდნენ იმ 70 მილიონ დოლლარს, რომელზეც "საერთო გაზეთის" წინა ნომერში ვისაუბრეთ? 

სხვათა შორის, სანამ ზაზა ოქუაშვილის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან "დატერორების" ამბავს შევიტყობდით, რასაც ცნობილი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება და ზაზა-ბატონის მხრიდან ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატისადმი ღია მხარდაჭერა მოყვა, ტელეკომპანია "იბერიას" უკვე ეტყობოდა, კოლექტიური ნაცებისადმი "გულგრილი" რომ არ იყო. ყველა თოქ-შოუში, როგორც წესი ჩამომწკრივებულები ყავდათ ხსენებული კონტიგენტის ოდიოზური სახეები, წამყვანები ისეთი მოწიწებით უსვამდნენ კითხვებს და უსმენდნენ, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში, გაკვირვებას გამოთქვამდა ტელეკომპანიის მფლობელებისა და თანამშრომლების მიმართ, ამათ ამნესია ხომ არ დაემართათ, კარგი, ის არ ადარდებთ ხალხმა რა გადაიტანა ნაცრეჟიმის დროს, ის როგორ დაავიწყდათ თავად როგორ მოექცნენ ნაციონალები, დითირამბებს რომ უმღერიან და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტებს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენო. აკაკი გოგიჩაიშვილის მეთაურობით, "რუსთავი-2"-ის "ნაღებიც" რომ გამოჩნდა "იბერიის" ეთერში თუ მის მიღმა, აშკარა გახდა, რომ რაღაც ბინძურ თამაშს ჰქონდა ადგილი.

სანდო და კომპეტენტურმა წყაროს ცნობით, ბოლოდროინდელ ამბებს წინ უძღვოდა ე.წ. რეფორმები და გადალაგებები "იბერიაში". გაიხსენეთ რამდენი წამყვანი და ასე ვთქვათ, სახე წავიდა თუ გაუშვეს ტელევიზიიდან, გიორგი გასვიანი, ლალი მოროშკინა, მაკა რაზმაძე და ა.შ. ეს მოვლენები ტელეკომპანიაში ვანო პავლიაშვილის, ანუ ვანიჩქას მისვლის შემდეგ განვითარდა. ვანო პავლიაშვილის ჟურნალისტური `მოღვაწეობის~ ისტორიაში უფრო ღრმად ქექვას არ დავიწყებთ, ახლო წარსულიდან ვიტყვით, რომ ვანიჩქა ჯანსუღ ჩარკვიანის გაზეთის "ქართული სიტყვის" რედაქტორი გახლდათ და პარალელურად, მისი ქალიშვილის, თაკო ჩარკვიანის უახლოესი მეგობარია. როცა ეს გაზეთი დაიხურა, სწორედ ამ ახლად განაციონალებული ქალბატონი თაკოს რეკომენდაციით იქნა მიღებული პავლიაშვილი "იბერიაში". აქედან გამომდინარე, ეს "ობიექტური" ტელევიზია პირდაპირ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან არის მიბმული. როგორც ირკვევა, ოქუაშვილს "საქართველოს ბანკისთვის" დაახლოებით 85 მილიონამდე აქვს გადასახდელი. ასე რომ, ამ კაცისთვის ეს არის ჩვეულებრივი მაქინაციები, ვალების აღება, მერე ვიღაცების გადაგდება რაღაც ინტრიგებით და ა.შ. იგივე ყიფიანიც მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, მასთან ოფიციალურად მუშაობდა, მაგრამ სამი წლის განმავლობაში ოქუაშვილი ხელფასს არ უხდიდა. ბოლოს, როგორც თვითონ ლევან ყიფიანი ამბობს, ოქუაშვილმა უთხრა, თუ გინდა დავალიანება აგინაზღაურო, ახლა ეს ჩანაწერები გავაკეთოთ, ამას არსად წავიღებ, შიდა მოხმარებისთვის გვჭირდებაო. ოქუაშვილს წესიერ ბიზნესი არასდროს უკეთებია, მთელი თავისი "მოღვაწეობის" მანძილზე სულ მაქინაციებში იყო ჩართული. "ქართული ოცნებამ", ოქუაშვილს სააკაშვილის მიერ წართმეული ბიზნესი და ტელეკომპანია "იბერიაც" დაუბრუნა, ამან კი, იმის მაგივრად მადლობა მოეხადა, ახალ ხელისუფლებას აქეთ სთხოვს 25 მილიონს, სააკაშვილმა წამართვა და თქვენ უნდა მომცეთო. დალოცვილო, სააკაშვილმა წაგართვა და" ქართულ ოცნებას" სთხოვ ამ ფულს? ოქუაშვილმა ახლა რა მოიფიქრა, გვარამია-კვესიტაძესთან ინტერვიუში რომ თქვა, ოფშორული კომპანია შევქმენიო, იცრუა, არავითარი ოფშორული კომპანია არ იყო, საქართველოშია რეგისტრირებული. ჩარიცხა იქ ის ვითომდა ვიღაცებისგან მოთხოვნილი ოთხი მილიონი, იმედი ჰქონდა, რომ ბანკიდან ახლადშექმნილ კომპანიას ასე ადვილად ვერ მისცემდნენ ამხელა თანხას, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ყველაზე კურიოზული ის არის, რომ ეს თანხა "ომეგას" დირექტორებს საკუთარი ხელით აქვთ გამოტანილი ორ ეტაპად.

ოქუაშვილი ბრძანებს, ეს ფული ვიღაცებმა წაართვესო, ამ "ძარცვა-ყაჩაღობის" შესახებ სხვამ კაციშვილმა არ იცის და ვერცვერავინ ამტკიცებს, რომ მათ ეს ფული ვიღაცამ წაართვა. კაცმა, რომელმაც ამხელა ამები დაგეგმა, თვითონ არ ამბობს ოქუაშვილი მე დავგეგმეო, იმას ვეღარ მოიფიქრებდა, რომ ჩემი თანამშომლები ბანკიდან ამხელა ფულითნ რომ გამოვლენ, შეიძლება ვიღაც დახვდეს და წაართვასო? თუ სხვა რაღაცაში არ იყო საქმე, ასეთი შემთხვევისთვის ხომ გაემზადებოდა, ამდენ ჩანაწერებს თუ აკეთებდა, ერთი ვიდეოკამერის შოვნა გაუჭირდა, რომ ესეც გადაეღო, რატომ არ გადაიღო, თუ გადაიღო, რატომ არ ჩანს სადმე? შეიძლება ისევ ოქუაშვილს მიუტანეს მათ ეს ფული, ვიცით ჩვენ ეს? არ ვიცით!

ვფიქრობთ, ოქუაშვილის მხრიდან სახელმწიფო რეკეტზე საუბარს, სერიოზული პოლიტიკური სარჩული უდევს. ის რასაც ოქუაშვილი ბიზნესძალას ეძახის, ეს არავითარი ბიზნესძალა არ არის, ბიზნესი უბრალოდ მიზეზია, აქ უკვე აშკარად იკვეთება სახელმწიფო შეთქმულების ნიშნები, რომელშიც ის აქტიურ მონაწილეობას იღებს. ეს შეთქმულება მარტო საქართველოში არ დაგეგმილა. სხვათა შორის, კრემლის რუპორად აღიარებულმა "ოპოზიციონერმა" ჟირინოვსკიმ ახლახანს განაცხადა, ნახეთ თუ გრიშა ვაშაძე არ გაიმარ- ჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებშიო. ოქუაშვილი რომ ჩართულია ამ პროცესში, ბევრი მტკიცება არ ჭირდება, სათანადო სამსახურებმა ყურადღებით მოუსმინონ მის ინტერვიუს "რუსთავი-2"-თან და დარწმუნდებიან ამ ინტერვიუმ ფაქტობრივად გვარამია-კვესიტაძის კარნახით ჩაიარა, აშკარად ჩანდა როგორ აქეზებდნენ ოქუაშვილს, რომელმაც მგონი, ისიც არ იცის, რა ჰქვია მისი ხელდასმით გაკეთებულ ჩანაწერებს და აუდიოფირის მაგივრად, აუდიოფილმს ამბობს. მთელ ინტერვიუს გვარამია მართავდა, ოქუაშვილმაც ჟირინოვსკივით, ღიად დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს, საიდან ხარ ასე დარწმუნებული "პატივცემულო", ვინ მოგაწოდა ეს ინფორმაცია, იქნებ ჩვენც გაგვიმხილო, რომ 29 ოქტომბრამდე
ვიცხოვროთ...


მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0