ფრანკფურტის პარადოქსები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულ საქართველოს დელეგაციაში იმდენი ნაციონალი და ნაციონალების მიერ მწერლებად, პოეტებად, ზოგადად, ხელოვნების მუშაკებად დანიშნული იმდენი ტიპი ვიხილე, გულმა მიგრძნო, აქ აუცილებლად სააკაშვილიც გამოჩნდება-მეთქი. 
ისე თქვენ აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მე ეს წინათგრძნობა ამიხდა _ სააკაშვილიც გამოჩნდა და დამატებად კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც თან მოჰყვა, რითაც, როგორც იტყვიან, კომპოზიცია შეიკრა.


_ ვინ დაპატიჟა ეს მსჯავრდებული კაცი იქ და რა სტატუსით ესწრება ამ ღონისძიებასო? _ იკითხა ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა ამ პასუხგაუცემელ კითხვას "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, ნაწილობრივ, თავად სააკაშვილმა გასცა პასუხი: _ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება. ჩვენი პროექტია, ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანზე აგებული კონცეფციაც ნიკა რურუას ეკუთვნისო.

ბოდიში, თქვენ ყოფილხართ, ბატონებო, ყველაფერი…

კი, მაგრამ, თუ თქვენ ხართ ყველაფერი, ესენი ვინღა არიან, ხელისუფლების წარმომადგენლების სტატუსით რომ დაეხეტებიან ამ თქვენს მიერ მოხატულ-მოჩუქურთმებულ-მოვარაყებულ პავილიონებში?

_ ვინ არიან და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საქართველო ოკუპირებულია, ხარატიშვილს რომ არ ეთქვა ეს, მთელი ეს ღონისძიება ისე ჩაივლიდა, ვერავინ გაიგებდა, რა დღეშიც ვართო, _ ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენთ, მაგრამ სააკაშვილის განცხადების შინაარსის შენარჩუნებულია.

ხარატიშვილი ვინ არის?

ხარატიშვილი დრამატურგი ყოფილა თურმე…

_ საქართველო ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ გაღატაკებული და გაუბედურებულია, მაგრამ ამ ბრწყინვალებას, რაც აქ არის, ჯერჯერობით ვერ მოერივნენო, _ თქვა სააკაშვილმა.

რა აიჩემა ამ კაცმა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რისი თქმა უნდა ამით? იმის ხომ არა, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხალხს კი არ აურჩევია, ის თვითმარქვიაა, რომელმაც ძალად მიიტაცა ძალაუფლებაო?

ეტყობა, გრიშას (ვაშაძეს) მიშამ ასწავლა, ასე და ასე თქვიო და ისიც გაზეპირებულივით იმეორებს _ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაო.
თქვენ საკუთარ თავში ხომ არ გეშლებათ "ქართული ოცნება", პატივცემულო ნაცებო?

ეგრეთ წოდებული თუ ვინმეა, სწორედ რომ თქვენ ხართ, თქვენ, ვინც 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების გზით მოხვედით ხელისუფლებაში, ოღონდ ამ გადატრიალებას პოეტური და რომანტიკული სახელი დაარქვით _ "ვარდების რევოლუცია", თითქოს მხოლოდ ვარდები გეჭირათ ხელში და ამ დროს კი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ქვეშ "ფიშტოები" და ავტომატები გქონდათ მოყუჩებული.

სააკაშვილმა ფრანკფურტში თავი შეიკავა და არ თქვა, რომ არა მარტო პავილიონებში გამოფენილი ეს ბრწყინვალება, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფო მან შექმნა, რომ ის არის დავით, უკაცრავად, მიხეილ აღმაშენებელი, რომელმაც ქართული სახელმწიფო აღაშენა და აღაყვავა, რომ ის არის სტრატეგოსი და უძლეველი მთავარსარდალი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა, ეს ომი მაინც "მოიგო" და გამარჯვება ცეკვა-თამაშით და დიდი მხიარულებით აღნიშნა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მისულ გერმანელს, ინგლისელს თუ ფრანგს, რომელსაც შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, საქართველოს დელეგაციის ხილვისას შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ საქართველოში კვლავ "ნაცმოძრაობაა" ხელისუფლების სათავეში, პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილია, კულტურის მინისტრი ნიკა რურუაა, "ნაცმოძრაობის" მიერ აღზევებულ ეგრეთ წოდებულ მწერალთა და ხელოვანთა "სასტავიც" იგივეა, რომელსაც მხოლოდ ერთი "ახალბედა" ავტორი ბესიკ ხარანაული დაემატა.

დიახ, ფრანკფურტში სტუმრად მიწვეულ დელეგაციაში ხატია ბუნიათიშვილის მოშიშვლებული ძუძუებით დაწყებული, ლაშა ბუღაძის თვალების ბრიალით და სააკაშვილ-რურუათი დამთავრებული, ყველაფერი ისე იყო, როგორც ამ ექვსი თუ შვიდი წლის წინანდელ საქართველოში!

საქართველო რომ დიდი კულტურის ქვეყანაა, საქართველო რომ დიდი მწერლობის ქვეყანაა, საქართველო რომ დიდი ხელოვნების ქვეყანაა, საქართველო რიმ უძველესი დამწერლობის ქვეყანაა, ამის წარმოჩენა თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე, არც სააკაშვილის დამსახურებაა, არც რურუასი, არც გიორგაძის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დეა მეტრეველის, რადგან ის უბრწყინვალესი საუნჯე, რაც ერს დაუგროვებია თავისი არსებობის მანძილზე, თვითონ მეტყველებს თავის თავზე, თვითონ წარმოაჩენს თავის უნიკალურ ფენომენს, მაგრამ, როცა ამ თვალ-მარგალიტს "ნაცმოძრაობ", სოროსის თუ სხვა საეჭვო ღირებულებების ფონდების მიერ დაფინანსებულ ყალბ თვლებს მოაყრი სამშვენისად, აქაოდა, აი, ეს არის ჩვენი თანამედროვე მწერლობის საუკეთესო ნიმუშებიო, ეს უკვე დანაშაულია.

ვინ შეარჩია ეს წიგნები, ვინ შეარჩია ეს თანამედროვე ავტორები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ვინ შეარჩია და რა ნიშნით, რა კრიტერიუმით, როცა ფრანკფურტში წარდგენილ ავტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ უცნობია ქართველი მკითხველი საზოგადოებისთვის.
უცნაური ტენდენცია მკვიდრდება ბოლო ხანებში _ ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, თუ იჩალიჩებენ და მათ ნაცოდვილარს რომელიმე უცხო ენაზე ათარგმნინებენ, ეს მათ მდარე ნაღვაწს ხარისხს და წონას შეჰმატებს.

ჯერ სამშობლოში უნდა გიცნობდნენ მწერლად თუ პოეტად, სამშობლოში უნდა გაფასებდნენ და გაღიარებდნენ, თორემ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად თუ იტალიურად გადაღებილი უნიჭობა მაინც უნიჭობად რჩება.

მწერალთა კავშირში ნიკოლაი ზაბოლოცკი, რომელიც უნიჭიერესი პოეტი და მთარგმნელი იყო, ერთი ქართველი პოეტის ლექსების თარგმანებს კითხულობს.
გალაკტიონმა უსმინა, უსმინა და ბოლოს წამოიძახა: შესანიშნავია, ბრწყინვალეა! ახლა დაუყოვნებლივ ვთარგმნოთ რუსულიდან ქართულად ეს ლექსები და პოეტი ესა და ეს გენიალური პოეტი იქნებაო.

ჩვენც ასე ხომ არ მოვიქცეთ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად გერმანულ ენაზე თარგმნილი თანამედროვე ქართველი ავტორების ერთი ნაწილის "შემოქმედება" გერმანულიდან ქართულად ხომ არ გადმოვთარგმნოთ?

ფრანკფურტში ქართველთა სტუმრობა ფრანკფურტის მერიის ულამაზეს დარბაზში "საბას" ახალი ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალით "დაგვირგვინდა".

"საბას" პრემია, უკვე მესამედ თუ მეოთხედ, ცხადია, ლაშა ბუღაძეს მიენიჭა.

სიმართლე გითხრათ, ესეც წინასწარ ვიცოდი _ ფრანკფურტში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე "საბას" პრემია სხვა ვისთვის უნდა გადაეცათ თუ არა ლაშა ბუღაძისთვის?

ლაშა ბუღაძემ, ისარგებლა რა შემთხვევით, თავისი ქვეყანა საქართველო, კიდევ ერთხელ დააბეზღა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ის მოძალადე, ნახევრად ველურ ქვეყნად წარმოაჩინა, სადაც პოეტებს, მათ შორის ისეთ დიიიდ პოეტებს, როგორებიც არიან ზურაბ რთველიაშვილი და ზურაბ რატიანი, სცემენ, ავიწროებენ და, ისინიც იძულებულნი არიან, ქვეყნიდან გაქცევით უშველონ თავს.

დაგაფსით თავზე და ჩაგისვარეთ დღესასწაულში _ ჰქვია იმას, რაც თავის დროზე თამარ მეფის ხსოვნის შეურაცხმყოფელმა ბუღაძემ გააკეთა.
დაგაფსით თავზე ჰქვია იმას, რაც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოიმოქმედა, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს და სასჯელს იხდიდეს, მთელ მსოფლიოში დაეხეტება და ქართულ მართლმსაჯულებას და ქართულ სახელმწიფოს სამი თითის კომბინაციას აჩვენებს.

სამწუხაროა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც კი ნაციონალებმა თავიანთი პოლიტიკური ინტერესების რეკლამირებისთვის გამოიყენეს…

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0