არჩევნები, როგორც ლუსტრაცია

თუ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის საჭირო და სწორი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია, მაშინ დავღუპულვართ, გავთახსირებულვართ, 
სულიერად და მორალურად მოვმკვდარვართ და რა გვეარჩევნება?


ძვირფასო ქართველებო,
მე თქვენ არ გეკითხებით, მოგწონთ თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად;
მე თქვენ არ გეკითხებით, მხარს უჭერთ თუ არა "ქართულ ოცნებას";
მე თქვენ არ გეკითხებით, პატივს სცემთ და აფასებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს საქართველოს წინაშე;
მე თქვენ არ გეკითხებით, როგორია თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია;

კიდევ უამრავ რაღაცას არ გეკითხებით, რაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ სხვა კითხვებით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ ერთადერთ კითხვას დაგისვამთ:
გიყვართ თუ არა საქართველო?

უხერხული კითხვაა ეს, რადგან ყველა ქართველი თვლის, რომ საქართველო უყვარს და ამ კითხვის დასმაც კი შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოს. არადა, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაპირებ, უბრალოდ, კითხვას ვსვამ: გიყვართ თუ არა საქართველო?
კი, მაგრამ, როგორ შეიძლება საქართველო გიყვარდეს და, იმავე დროს, ხმას აძლევდე ვაშაძეს ან ბაქრაძეს, ანუ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს.

ვაშაძეში და ბაქრაძეში კი არ არის საქმე — სინამდვილეში მათ ზურგს უკან ატუზული სააკაშვილი აპირებს ხელისუფლებაში მობრუნებას, სააკაშვილი — საერთაშორისო მასაშტაბის ავანტურისტი, სისხლის სამართლის დამნაშავე, ქვეყნის ღალატში ეჭვმიტანილი, წაგებული ომის მთავარსარდალი, რომლის პროვოკაციულ ქმედებებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა "ნაცმოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმის ფუნდამენტური და ობიექტური ანალიზი.

საზოგადოებამ მხოლოდ მცირე ნაწილი იცის იმ შემზარავი და გამაოგნებელი დანაშაულობებისა, რაც "ნაცმოძრაობას" აქვს ჩადენილი, თუმცა დრო მოვა, აქამდე დაფარული ყველა შემზარავი საიდუმლო გამჟღავნდება და საქართველოც და, მასთან ერთად, დანარჩენი მსოფლიოც, აუცილებლად შეძრწუნდება ამ დანაშაულობების მასშტაბებით.

დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ნიურნბერგის პროცესი აუცილებლად შედგება და მაშინ ბევრს შერცხვება, ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე ორიენტირებული პროპაგანდით, მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ტერორით დაბრმავებული და გონებადაბინდული, "ნაცმოძრაობას" რომ უჭერდა მხარს.
არჩევნები, სინამდვილეში, საზოგადოების ლუსტრაციაა, ერთგვარი სოციოლოგიური გამოკვლევაა, თუ როგორი და რანაირი ადამიანებისგან შედგება მოცემულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობა. არჩევნების შედეგებით ადვილად შეიძლება გამოვიანგარიშოთ, რამდენი პატრიოტი, რამდენი გონიერი და საღად მოაზროვნე მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში და რამდენი ცუდად ინფორმირებული, რამდენი შლეგი, რამდენი ფარისეველი ადამიანი ჰყავს საზოგადოებას.
– ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, მან არჩევნები უნდა გააყალბოს. სხვანაირად ან გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ან დავით ბაქრაძე, — ამტკიცებენ "ნაცმოძრაობის" ფანები.

როგორ დავიჯერო, საქართველოში იმდენ ქართველს არ უყვარს საქართველო, საქართველოში იმდენი უღირსი და უთავმოყვარეო ქართველი ცხოვრობს, რომ, თუ არჩევნები არ გაყალბდა, ისინი ხმას იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს მისცემენ, რომელმა პოლიტიკურმა ძალამაც მათი ღირსება და თავმოყვარეობა შელახა, ასობით უდანაშაულო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, ათიათასობით მოქალაქე ციხეებში გამოკეტა, ასიათასობით ადამიანი დააყაჩაღა, გაძარცვა, გააუბედურა, მერე კი მტერს შეეკრა და ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ფეშქაშად მიართვა.

როგორ დავიჯერო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ ძალას უჭერს მხარს და, თუ არჩევნები არ გაყალბდა, ჩვენი მოქალაქეების დასტურით და ნება-სურვილით, კვლავ ეს ძალა მობრუნდება ხელისუფლებაში.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ან ამ არჩევნებს, ან ასეთი ქვეყნის არსებობას რა აზრი აქვს?!
თუ საქართველოს სწორი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია და ვაშაძის ან ბაქრაძის არჩევას აპირებს პრეზიდენტად, მაშინ დავღუპულვართ, გავთახსირებულვართ, სულიერად და მორალურად მოვმკვდარვართ და რა გვეარჩევნება?

თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ არის და ჭორებს ქართველი ერის გარდაცვალების შესახებ ნაციონალები და მათი სატელიტები ავრცელებენ, რომლებიც ჩვენი გარდაცვალების ყალბ ცნობას მათ მიერვე დაფინანსებული ყალბი სოციოლოგიური კვლევებით ადასტურებენ.

მე თქვენ არ გეკითხებით, გიყვართ თუ არა სალომე ზურაბიშვილი;
მე თქვენ არ გეკითხებით, მხარს უჭერთ თუ არა "ქართულ ოცნებას";
მე თქვენ არ გეკითხებით, პატივს სცემთ და აფასებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს საქართველოს წინაშე;
მე თქვენ არ გეკითხებით, როგორია თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია.

მე თქვენ გისვამთ ერთადერთ კითხვას:

გიყვართ თუ არა საქართველო?

და თუ საქართველო გიყვართ, მაშინ არ დაუშვათ "ნაციონალების"მობრუნება ხელისუფლებაში, რადგან ეს იქნება სრული კატასტროფა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ!

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0