თარხაანთ გაგას წინასწარმეტყველება

"გავა ერთი საუკუნე, ასი წელი და დადგება უკეთესი დრო, როცა თამარ მეფის მერე საქართველოს "ხელმწიფედ" მოვა ქალი და ქვეყანას მაშინ ეშველება. ელოდეთ იმ დროს და უფლის რწმენით აღიჭურვეთ"

უძლიერესი იყო ხევსურეთის (ფხოვის) ქადაგთა ინსტიტუტი. მათ ჰქონდათ უნიკალური მიკრო და მაკროსამყაროს ხედვა. ფხოვის სივრცეში მოძრაობდნენ ხილული და ნახევრადხილული არსებანი. რასაც უახლესი მეცნიერება ხედავს ვაკუუმში, ისინი ხედავდნენ ასტრალში. გლობალური და ვირტუალური სივრცის არსებანი და ფხოვის ნათელმხილველნი ხევისბერნი და ქადაგნი ერთად ცხოვრობდნენ.
ერთი ინფორმაციით, რომელიღაც ქადაგი, რომელიღაც დროში სამ ვირტუალურ არსებას (ნახევრადხილულს) მთვარიან ღამეს აჰყავს მაღალი ციხის ქონგურზე და იქიდან აგდებენ. მოტეხენ ხელს და ფეხს და მყისიერად შეუხორცებენ და ეტყვიან: თუ წმიდად არ იქნება და ზოგიერთ გადაცდომას დაუშვებს, კიდევ გადმოაგდებენ და აღარ უშველიან.

ნათელმხილველი ქადაგი თემის (საყმოს) იმედი და მყარი ეთნო-ფსიქიკური აურის შემქმნელი იყო.
როგორც შუმერთა ნათელმხილველი ზიუსოდრა წინასწარმეტყველებს წარღვნას, ასევე ხევსურთა ქადაგი ალდი (ალდია) წინასწარმეტყველებს მიწისძვრას და ხევსურეთის საყმოს მოუწოდებს, ყველანი სახლებიდან გარეთ გამოდითო. მართლაც მოხდა ისეთი მიწისძვრა, რომ კლდეები ჩამოიშალა და კოშკები და ქვითკირები წელში გადატეხა.

ხალხი გარეთ გამოვიდა და გადარჩა. მაშინ, თურმე, არც ერთი ხევსური არ დაღუპულა მიწისძვრით.
ამავე ქადაგმა ზვავებისგან გარიყულ თემს დაკარგული ადამიანი აპოვნინა. შემოუთვალა: წუხელ ღამით ჩემთან მოვიდა "გარდაცვლილი" და მითხრა, აქა და აქ ვარ, სხვაგან ნუ მეძებენო!

მივიდნენ, გათხარეს და სწორე იქ ნახეს ზვავში დაპრესილი!.

ხევსურეთის ნათელმხილველთა ქადაგთა და ხევისბერთა ინსტიტუტი ისეთივე ძლიერი და მისტიკური იყო, როგორც შუმერის, ბაბილონის, დელფოსის წინასწარმეტყველთა კასტა. როგორც ბიბლიურ რჯულისკაცთა და ნათელმხილველთა ინსტიტუტი! `ალდეას~ სახელწოდებაც კი თითქოს ქალდეური წარმომავლობისა იყო. ყველა თემში იყო თითო ნათელმხილველი მაინც. დადუში, ახადში (ფშავი), გუდანში, მადალიგოში, ზეისტეჩოს, ატაბეს თუ კარატის ჯვარის და არხოტის თემებში. მაგრამ გამოჩნდებოდა ხოლმე რომელიმე ასტრალური კავშირის მისტიკური მედიუმი, რომლის სიტყვა-წინასწარმეტყველება არამარტო ხევსურეთის, არამედ მთიანეთის ყველა თემში ვრცელდებოდა!

იგი გუდანის ჯვარის ან ბაცალიგოს პირქუშის სალოცავის "კვრივში" ჯდებოდა და აქედან აცხადებდა საყმოს ბედისწერას, დროში ჩამომდგარი ხიფათის და მისი არიდების შესაძლებლობას. თემი არ მოქმედებდა მისი ჩარევის გარეშე და მით უფრო, არც სალაშქროდ წავიდოდა! როგორც ცნობილია, ქადაგმა კრწანისის ომში წამსვლელ ლაშქარს "დიდი ხიფათი" უწინასწარმეტყველა: "დაიღუპებით, მაგრამ რაღაცას გადაარჩენთო!.." მე ვფიქრობ, რომ ქადაგმა მეფის გადარჩენა იგულისხმა, რომელიც გუდანის ჯვარის საყმოს მეომრებმა მართლაც ტყვეობიდან იხსნეს.

აქ უნდა გავიხსენოთ სტრაბონის ინფორმაცია, რომ "იბერებს და კოლხებს მთვარის ტაძრები ედგათ და იქ ქადაგ-მისანთა ძლიერი ინსტიტუტი არსებობდა…"
ივანე ჯავახიშვილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ ასეთი მკვეთრად გამოხატული მნათობთა სარიტუალო-საკულტო კერები შეომრჩენილია ხევსურეთში ძლიერი ქადაგ-მისანთა ინსტიტუტით.

ეს მართლაც ასეა კარატეს ჯვარის, კოპალა-იახსარის თუ სანეს სალოცავთა რიტუალები მთვარის (და, ზოგადად, მნათობთა) კულტთან შერწყმული წმიდა გიორგის მისტერიებია, ხევისბერი, ქადაგი და დასტურ-მაგანძულთა ძლიერი ინსტიტუტით.
ხევსურეთის და, ზოგადად, მთიანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნათელმხილველი-წინასწარმეტყველი თარხანათ გაგა იყო. მისი ქადაგებანი დღემდე მოჰყვება ფხოვის თემს და ვრცელდება მთელი ერის სივრცეზე.

კერძოდ, მან იქადაგა: აიყრება ხევსურეთი, უდაბურ ნასახლარებად იქცევა, დაიცლება ქვეყანა თავისი ხალხისგან, მთლიანად ამოწყდება(დამთავრდება) ფუნჩიას გვარიო! ფუნჩიამ, როდესაც ეს ქადაგება გაიგო, ფარ-ხმალი აისხა და თარხანათ გაგას მოსაკლავად წავიდა: "ჩემი მაწყევარი ჩემს წინო!" მაგრამ ფუნჩიას გზაში ადიდებულ მდინარეზე ხიდი ჩაუტყდა და წყალმა წაიღო. ასე გაუცხადდა ქადაგის სიტყვა…
ხოლო მისი მთავარი ბედისწერული ქადაგებაც გაცხადდა: ხევსურეთი მართლაც "უდაბურ ნასახლარებად და ნასოფლარებად" იქცა. ხევსურები იძულებით აყარეს 50-იან წლებში და ნახევარუდაბნოებში ჩაასახლეს. ზოგადად კი, მთელი ქართველი ერი დაიძრა თავისი მიწა-წყლიდან და ლტოლვილად იქცა!
თარხანათ გაგამ თავისი ქვეყნის აპოკალიფსი დაინახა და საკუთარი ბედისწერაც იწინასწარმეტყველა: "ცეცხლში მწვავენო!"

მან იქადაგა, რომ მოვა "ყვითელთმიანი ხალხი. იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მთებსა და კლდეებსაც კი ტილივით შეაცოცდებიანო. ჩვენ შევებრძოლებით მათ, ბევრსაც ამოვწყვეტთ, მაგრამ ვერ გავათავებთ მათი სიმრავლის გამო. ეს ტომი კაცის ხელით არ დაილევა, თუ ღმრთმა არ ამოწყვიტაო!.. შესთხოვეთ უფალს, მოგვცეს ძალა და შევებრძოლოთ ამ კალიისფერ ეშმაკებსო…"

ეს იყო რუსის ჯარის შესვლა ხევსურეთში. ხევსური მეომრები გავიდნენ სახლებიდან და ბუნებრივი დაცული სიმაგრეებიდან დაიწყეს პარტიზანული ომი.
რუსებმა სოფლები და ყანები გადაწვეს. თარხანათ გაგა საკუთარი სახლის ცეცხლში ჩაიწვა. ეს იყო მისი წინასწარმეტყველების გაცხადება.

დააკვირდით, როგორ ჰგავს ფხოველი (ხევსური) ქადაგის სიტყვა ბიბლიური იოველის ქადაგებას:
"დრო დგება ისეთი, როდესაც მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი _ კუტკალიამ, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა… გაიღვიძეთ ლოთებო და მეძავნო, იტირეთ და ივალვალეთ ღვინის მსმელნო, რადგან მოადგა ჩვენს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, რომელსაც კბილები ლომის და ყბები ძუ ლომისა აქვს. ჩაჰბერეთ საყვირი სიონზე, შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები, გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი (!) დაუბრუნდით თქვენს ღმერთს. ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში: აბა, სად არის მათი ღმერთიო?!"
მრავალი საუკუნის წინ წარმოთქმული ეს ქადაგება თითქოს დღევანდელი ტექსტია, ჩვენი ხიფთის და ვითარების მაუწყებელი.

თარხანათ გაგას ყველაზე ბოლო ქადაგება გახლავთ მეტად საგულისხმო და ნიშანდობლივი სწორედ დღევანდელი ვითარებისთვის მისადაგებული, როცა ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს…
კერძოდ, მან იწინასწარმეტყველა: გავა ერთი საუკუნე, ასი წელი და დადგება უკეთესი დრო, როცა თამარ მეფის მერე საქართველოს "ხელმწიფედ" მოვა ქალი და ქვეყანას მაშინ ეშველება. ელოდეთ იმ დროს და უფლის რწმენით აღიჭურვეთ…

მე ვხედავ, ჩვენს ხეობებში უკან მიბრუნებულ ფეხშიშველ, მშიერ-ტიტველ ხალხს, მაგრამ იქ თემ-სოფლები და სახლები აღარ დახვდებათ და მოუწევთ ქვაბებში და ნახიზნარებში შესვლა. არ ექნებათ საკვები, ბევრი ამოწყდება შიმშილით, მაგრამ მაინც დარჩებიან იმდენი, რომ ჯიში არ გადაშენდეს.

გაგას ეს ქადაგებანი ხევსურთა ყველა თემსა და სალოცავში გააქტიურდა: ხევსურეთის თემის კითხული კაცები მიიჩნევენ, რომ ნათელმხილველის ეს წინასწარმეტყველება სწორედ სალომე ზურაბიშვილზე მიანიშნებს და ის უეჭველად გახდება საქართველოს "ხელმწიფე", ანუ პრეზიდენტი.

ეს მართლაც ასე იქნება, რაკი მან იქადაგა! დაველოდოთ და ვნახოთ! 100 წელი გადის ამ მისტიკური მედიუმის ქადაგებიდან. იქნება, მართლაც შებრუნდეს ერი საკუთარ ისტორიულ კუთხეებში მამა-პაპის მიწა-წყალზე და აღიდგინოს (გადაირჩინოს) საკუთარი თავი!

კობა არაბული,
მწერალი, ეთნოლოგი
скачать dle 12.0