"სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბადებულ ბევრ ქართველზე დიდი ქართველია!"

"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი შოთა გლურჯიძე:

_ ბატონო შოთა, არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. რა მოლოდინი გაქვთ?

_ ჩემი აზრით, წლევანდელი არჩევნები, სახელისუფლო, უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უზომოდ საშინელი დევნით ხასიათდება. ოპონენტების მიერ არჩეული ბრძოლის ეს ფორმა დიდი ხანია პოლიტიკის ფარგლებს გასცდა და პირად შეურაცხყოფაში, უზნეო დევნასა და ცილისწამებაში გადაიზარდა. პირადად, ქალბატონ სალომეს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან ურთიერთობა იმ დროიდან მაქვს, რაც საქართველოში ჩამოვიდა. სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტობა ანდა ამ ქვეყნის მიმართ ლოიალური განწყობა დააბრალო, ეს აბსოლუტური უნამუსობაა. მეტიც, ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე ზედმეტად რუსოფობიც კი არის. ზოგადად, იგი, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია. მის ბიოგრაფიაში, ჩვენთვის საყვარელი ემიგრაციის ბედ-იღბალი, სრულად არის ასახული. ამიტომ, ვთვლი, თუ იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ჩვენი მხრიდან ეს იქნება პატივისცემის გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც წლების მანძილზე ქართული კულტურა შეინარჩუნეს. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა, საკუთარი ხარჯით, პატარა მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა, რაც ბევრმა არ იცის. შეკითხვა _ კათოლიკეა იგი თუ მართლმადიდებელი, უადგილოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქალბატონი ამ წიაღში გაიზარდა, საკუთარი მართლმადიდებლური ეკლესია აქვს და როგორ შეიძლება კათოლიკე იყოს. ანუ, იგი, ბავშვობიდან ამ სივრცეში იზრდებოდა, მეტად ქართველია, ვიდრე აქაური ქართველები.

ასე ვიტყოდი, სალომე ზურაბიშვილი, ყველა თვალსაზრისით, სამაგალითო ქართველია. მას თავისუფლად შეეძლო საკუთარი ცხოვრება საფრანგეთში გაეგრძელებინა, მაგრამ ამ ოჯახის მისია ყოველთვის საქართველოში დაბრუნება, მისით სუნთქვა იყო. ამიტომ, ჩემთვის, სალომე ზურაბიშვილი უალტერნატივო კანდიდატია. წინა არჩევნებში ქალბატონ სალომეს რაღაც სისულელეები მოუგონეს და მონაწილეობის საშუალება არ მისცეს, რის გამოც `ქართულ ოცნებაზე~ ძალიან გაჯავრებული ვიყავი. ამის გამო, მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა. მას, ჩემი აზრით, სალომესთვის მხარი უნდა დაეჭირა. გასაგებია, რომ იგი თავად იყო კანდიდატი, მაგრამ სალომესაც უნდა ჰქონოდა საშუალება, რათა კენჭი ეყარა. ძალიან მინდა, რომ ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს. პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ `საერთო გაზეთის~ ფურცლებიდან, ამ ინტერვიუს მეშვეობით მინდა ქართველებს მოვუწოდო: მხარი ღირსეულ კანდიდატს დაუჭირონ. ეს არამარტო სალომესადმი, არამედ, იმ ადამიანებისადმი მხარდაჭერა იქნება, რომლებმაც ქართული გენი, კულტურა წლობით შეინარჩუნეს და ატარეს. ეს, ჩვენი, ერთგვარი ვალია. ამ საკითხს ასე ვუყურებ.

_ როგორ დაახასიათებთ "ნაციონალების" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს?

_ არ მინდა იმ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებიც პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბინძურ პიარს იყენებენ. ჩემთვის სავსებით საკმარისია ის, რომ გრიგოლ ვაშაძე კენჭს 5 ნომრით იყრის. ეს ციფრი ქართველებისთვის, უკვე, საძულველია. აქედან გამომდინარე, მგონია, ეს მისი ოჯახის მთავარი პრობლემაც არის, რომელსაც წესით, უწინაც სხვა არჩევანი უნდა გაეკეთებინა, როცა დაინახა თუ რა ძალასთან ჰქონდა ურთიერთობა. ახლაც, ამ სივრცეში, დარჩენა, ჩემი აზრით, კულტურული, ნორმალური ადამიანისთვის, სამარცხვინოა. 

_ სალომე ზურაბიშვილისადმი შავი პიარის აგორება, ძირითადად, მისი განცხადებიდან დაიწყო, რაც ომის თემას უკავშირდებოდა. ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება როგორია?

_ ეს იმდენად ღრმა საკითხია, ასე მარტივად პასუხს ვერ გაგცემ. შესაძლოა მერე, ამ ინტერვიუდან მავანმა რაღაც ნაწილი ამოგლიჯოს და ათასგვარი სიბინძურე დამაბრალოს, როგორც ეს სალომეს შემთხვევაში მოხდა. ეს ძალიან რთული საკითხია, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამ თემის გამოსაძიებლად შექმნილი იყო კომისია თუმცა, ისეთი პირებით დაკომპლექტებული, რომელთა მიმართ ნდობა არც საზღვარგარეთ აქვთ და არც ქვეყნის შიგნი თ. საკითხი კვლავ აქტუალურია, ამიტომ, მე, პარლამენტის ადგილას კიდევ ერთხელ მოვიწვევდი საგამოძიებო კომისიას, ოღონდ, ამჯერად საერთაშორისო დონისას და ამ საკითხს წერტილს დავუსვამდი. რა თქმა უნდა, საქმის მოკვლევა "ნაცმოძრაობას" არ აწყობს და კოაბიტაციაში მყოფი "ქართული ოცნებაც" ამ საქმის გამოძიებას არ ჩქარობს. სალომეს განცხადებიდან რამდენიმე ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ბინძურად ატრიალებენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს არ გტკიოდეს, ამ თემის მიმართ მკაფიო პოზიცია არ გქონდეს. ამიტომ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამ თემით სპეკულირებას საბოლოოდ წერტილი დაესვას. ასეთია ჩემი პოზიცია.

_ ხშირად მსმენია: ვაშაძე და ბაქრაძე საარჩევნო სიაში კი არა, არამედ ციხეში უნდა იჯდნენ. "ქართული ოცნება" აქაც ხომ არ ტყუის, როდესაც თავის დროზე "ნაცმოძრაობის" გასამართლების საკითხი არ დააყენა?

_ ყველაფერზე მკაფიო პასუხი უნდა გვქონდეს. ამ ადამიანებს იგივე, ვაშაძეს ხელფასს ვუხდით, რაც ჩვენი ჯიბიდან მიდის. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ანგარიშვალდებულია პასუხი გაგვცეს იმ თემებზე, რაც ცოტა ხნის წინ "პატრიოტთა ალიანსმა" დააყენა. ჩემი აზრით, ეს ინიციატივა ძალიან დაგვიანებულია. სულაც არ არის საჭირო 300 ათასი თუ მეტი ხელმოწერის შეგროვება იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, იგივე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელმაც 2003–2012 წლები უნდა შეისწავლოს. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ამას მთელმა საქართველომ ხელი მოაწეროს. ეს ხალხი სწორედ იმისთვისაა არჩეული, რომ მსგავსი მწვავე საკითხები განიხილოს. მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ბუსუსებიანი პრეზერვატივი. გამოიძიონ რა, როგორ მოხდა, რამდენად აქვს ამ ხალხს მორალური, ზნეობრივი უფლება, რათა პარლამენტში ისხდნენ. ბევრი მათგანი "ქართულ ოცნებაშია" გადაბარგებული. მათ არ აქვთ ზნეობრივი უფლება საქართველოს პარლამენტის წევრებად იწოდებოდნენ.

_ ხშირად გვესმის: რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, მას მაინც არავითარი უფლებები არ აქვსო. ამ ლოგიკით, არაუშავს თუ ქვეყნის სათავეში ვაშაძეს ან ბაქრაძეს ვიხილავთ?

_ იცი რა, მართლაც ხშირად გვესმის: მთავარია ინსტიტუცია იყოს და მნიშვნელობა არ აქვს მას ვინ წარმოადგენსო. ვთვლი, რომ ეს არასწორია. ეს ინსტიტუცია მართლა პატივსაცემი რომ გახდეს, ჰქონდეს ძალა, სათავეში ღირსეული ადამიანი უნდა ედგეს. მის სათავეში ღირსეული ადამიანი თუ იქნება, დამერწმუნეთ, რამდენიმე წელში იგი საზოგადოებაში უზარმაზარ როლს შეიძენს და შესაბამისად, პოლიტიკაშიც. ვიცი, რომ ქალბატონი სალომე ამ ინსტიტუციას ღირსეულად ჩაუდგება სათავეში. შესაბამისად, ასე ქვეყანაც მოიგებს, პრეზიდენტის ინსტიტუტიც გაძლიერდება და მის მიმართ პატივისცემაც გაჩნდება. მთავარია, მის სათავეში ზნეობრივი, წესიერი ადამიანი იდგეს.

_ წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვაშაძეა, რომელიც სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას შეწყალებას გვპირდება. როგორ საქართველოში გავიღვიძებთ?


_ ახლახან, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა: ხმა ვაშაძეს უნდა მივცე, რა ვქნა, მიყვარს ბალეტიო. არ ვიცი, ვისაც ბალეტი უყვარს, შეიძლება ხმა მას მისცეს. ჩემი აზრით, მისი გაპრეზიდენტება შეუძლებელია. საერთაშორისო, ძალიან ბნელი ძალების მხარდაჭერა რომ არა, "ნაცმოძრაობა" არც იარსებებდა. ფანტასმაგორიაა, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, საქართველოში სამოქალაქო ომს გამოიწვევს. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას არ შეეგუება, ვერც ვაშაძეს მოგვახვევენ თავს და ვერც ბაქრაძეს. ასე, რომ ეს ცუდი სიზმარი უფროა. ვაშაძე სააკაშვილის ხელში მარიონეტია და რასაც მიშა ეტყვის, იმას გააკეთებს.

_ არჩევნებთან მიმართებაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის როლზე რას იტყვით?

_ ჩვენი საზოგადოების ეს ორი კომპონენტი, საქართველოში, ყველაზე დიდი პრობლემაა. ვთვლი, რომ ასეთი ძალების გარედან დაფინანსება მაინც მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, ენ-ჯე-ოების გარედან დაფინანსება კანონით, მაქსიმალურად, უნდა შეიზღუდოს. იმიტომ, რომ როდესაც ისინი ფინანსდებიან რაღაც ფონდების მიერ, რომლებიც განლაგებულია სხვა ქვეყნებში ან მის კონგლომერატებში, ეს ხალხი მათ ინტერეს ატარებს. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან იბადება, იმ პრობლემებს ასახავს, რაც საქართველოში არსებობს და არა იმას, რაც ეფხანებათ ევროსაბჭოში, ევროკავშირში, აშშ-სა თუ რუსეთში. ჩემი აზრით, ასეთი აკრძალვა უპრიანი იქნებოდა. ამაზე, შესაძლოა, ერთი ამბავი ატყდეს: საზოგადოებრივ სექტორს ხურავთო და ა.შ., მაგრამ ენ-ჯე-ოებმა იმ თემებზე უნდა იმუშაონ, რაც საქართველოში ადამიანებს მართლა აწუხებთ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0