"ვაშაძე რომ მოვიდეს პრეზიდენტად, ჩათვალეთ, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა. ეს გვინდა?"

"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი ნიკუშა შენგელაია:

_ ბატონო ნიკუშა, არჩევნები ახლოვდება. რა გადალაგებებია პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე?

_ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე დიდ გადალაგებებს, ახალ მოთამაშეებს ვერ ვხედავ. თუმცა, მმართველმა პარტიამ უარი თქვა ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატი წარედგინა და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა, რაც შეიძლება სიახლედ ჩაითვალოს. ვფიქრობ, ეს დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ყველაფერს დრო, ბევრი რამის გააზრება, გაანალიზება და პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალების გამოჩენა სჭირდება. ყოველდღიურად მიწევს მოსახლეობასთან საუბარი და მათი განწყობები ჩემთვის ცნობილია. პროცესი ერთიდაიმავე რეჟიმში მიდის, ხალხი ცოტა დაიღალა. წარმოდგენილ კანდიდატთა შორის, რა თქმა უნდა, ბევრი რამის გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილი ნდობას ყველაზე მეტად იმსახურებს თუნდაც თავისი ბიოგრაფიის, წესიერების გათვალისწინებით. დანარჩენ კანდიდატებში პოლიტიკური ავანტიურიზმი შეიმჩნევა, ისინი მხოლოდ რევანშიზმით, ძალაუფლების წყურვილით არიან შეპყრობილნი. საშინელი საყურებელი და მოსასმენია მათი დებატები, აქ, მჟღავნდება რასაც წარმოადგენენ _ საქართველოში ქალბატონის ლანძღვა არასდროს ყოფილა მოსაწონი და ღირსეული საქციელი. მათ, საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოამჟღავნეს. მასმედიით მუდმივად გვესმის გაუთავებელი ქილიკი, ბრალდებები, ცილისწამება, ჩანაწერები, რამაც საკმაოდ მახინჯი ფორმა მიიღო. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი მოსურნენი დამოუკიდებელი კანდიდატის დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ამიტომ, ამომრჩეველს არ აქვს საშუალება გაიგოს რისთვის მოდის ეს ხალხი, რა პროგრამა აქვთ, რას გააკეთებენ ქვეყნისთვის და ა.შ. "ნაცმოძრაობის" წევრებს რომ ვუსმენ ერთი შთაბეჭდილება მრჩება, ისინი გაბრაზებულები, დაბოღმილები, რევანშიზმით შეპყრობილი ადამიანები არიან.

ვფიქრობ, ქართველ ხალხს ეყოფა გონიერება და სწორ არჩევანს გააკეთებს. ადამიანებისაც მესმის, რომლებშიც ძალიან დიდი ნიჰილიზმი სუფევს. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს უფრო და უფრო უკეთესი უნდოდეთ, ეს ნორმალური გამოვლინებაა, მაგრამ ხანდახან, ეს ყველაფერი რეალობას უნდა შევადაროთ _ რა ქვეყანა ვართ, რისი საშუალება გვაქვს და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობაა და ამ ფონზე, საშუალება გვაქვს ვისაუბროთ, ვიკამათოთ თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ხელისუფლება, რამდენად სწორია მათი მართვის სტილი _ ამაზე დავა და კამათი ნორმალურია. საზოგადოებას და, მათ შორის, მეც გვაქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი საკვანძო პოსტი არაკომპეტენტურ კადრებს აქვთ ჩაბარებული. მართვის სტილი ნდობაზე, კომპეტენციაზე უნდა იყოს დამყარებული და ა.შ. ვფიქრობ, უფრო ღრმა, გახსნილი პოლიტიკა უნდა იქნას წარმოებული. ჯანსაღი საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში და მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივები ხელისუფლებამ მეტად იღოს ყურად. მოცემულ ეტაპზე, სჯობს ეს ვითარება დარჩეს, ვიდრე ისევ არეულობაში, დესტაბილიზაციაში აღმოვჩნდეთ, რაც არავითარ ფასეულობებს, ღირებულებებს არ მოიტანს. პირიქით, მერე, წყნარ ვითარებაში უნდა ვისაუბროთ თუ რა ღირებულებების მატარებელი ხალხია შეკრებილი მმართველ ძალაშიც. იქ, ძალიან ბევრი სხვადასხვა ფასეულობის ადამიანია, ბევრიც ყოფილი ხელისუფლების მომხრე თუ თანამდებობის პირი. უნდა მოვითხოვოთ პასუხი: რა პრინციპით ხდება ეს შერწყმა. ხალხის უკმაყოფილებასაც სწორედ ეს იწვევს _ რიგ სფეროებს მორალური, ზნეობრივი და პროფესიონალი კატეგორიები არ ხელმძღვანელობენ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს საზოგადოებისთვის ამაზე პასუხის გაცემა. 

_ დღემდე, სალაპარაკო თემაა წინა არჩევნებში "ნაცმოძრაობის" მიერ აღებული 27%. იგივე შედეგის აცილება რამდენად შესაძლებელია?

_ ეს პროცენტი ყოველთვის იქნება. ჯერ ერთი, ადამიანები ამით თავის პირად უკმაყოფილებას გამოხატავენ: ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაუსაქმებელი, ღატაკია, რაც პირდაპირ ტვირთად აწევს არსებულ ხელისუფლებას. ამიტომ, ასეთი ციფრები ყოველთვის იქნება. ამ ადამიანების ნაწილი, რა თქმა უნდა, უბრალოდ, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და ისე აძლევს ხმას, ხოლო ნაწილი _ ტყუვდება-ხოლმე, ჰგონიათ, რომ პენსიას 50 ლარს დაუმატებენ. აქვე, ვიტყვი: ისეთი სარეკლამო რგოლები, დაპირებები გადის, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, ეს ხომ ტყუილია. ამიტომ, მგონია ხალხმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს და საკუთარი უკმაყოფილების გამო ქვეყნის სათავეში ის ძალა არ მოიყვანოს, რომელიც, ქვეყანასაც დააზარალებს და მათაც. ეს დასაფიქრებელია. თორემ, ეს პროცენტი ნებისმიერ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ჩვენში ნორმალურია. 

_ გრიგოლ ვაშაძე პრო-დასავლელად აცხადებს თავს, მის კონკურენტ სალომე ზურაბიშვილს კი პრო-რუსულობაში დებს ბრალს. ეს რამდენად ლოგიკურია?

_ სალომეს საგარეო საქმეთა მინისტრობისას, საქართველოდან რუსეთის ბაზები გავიდნენ. ამ საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. ზოგადად, ზურაბიშვილს ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ვამბობთ, რომ ჩვენი გზა ევროპისკენაა. ამ ქალბატონს დიპლომატია სწორედ ევროპაში აქვს ნასწავლი და პრაქტიკაც იქ გაიარა. ვაშაძეზე რა უნდა ვთქვა. იგი მიშას ახლობელი იყო, მოიყვანა მინისტრად და რა ქნეს?! ეს პირადი ინტერესების სფეროა. მათ მიერ ქვეყნისთვის კარგი გაკეთებული საქმე, არაფერი მახსენდება. სხვისკენ თითების ქნევას, სჯობს საკუთარ წარსულს გადახედონ. ეს ქვეყანა მართლა ჩალით კი არ არის დაფარული _ ყველამ ვიცით ვაშაძე სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა და რას აკეთებდა. სხვათა შორის, ჩეკისტების თვისებაა: თუ ჩეკისტი თავად ხარ, ეს სასწრაფოდ სხვას უნდა გადააბრალო. ეს კაგებეს სკოლაა. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლიდერი მინახავს, რომელიც თავად იყო ჩეკისტი და სხვას აბრალებდა, ლაფს ასხამდა. არ გვინდა ამაზე საუბარი, ყველამ ყველაფერი იცის, ხალხს თვალებში ნაცარს ნუ აყრიან. შეიძლება ადამიანი ღარიბი იყო, მაგრამ ღირსეული და ფასეულობებზე ორიენტირებული. საქართველო ყოველთვის ღარიბი ქვეყანა იყო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ღირსეული ადამიანები იყვნენ. ტყუილად როდი დაგვიტოვა ილიამ ეს ტრიადა _ ენა, მამული, სარწმუნოება. ჩვენ ისევ ამაზე უნდა ვიდგეთ და არა ფუფუნებაზე, ქონებაზე და ჭამა-სმაზე. მერე, ნელ-ნელა ყველაფერი განვითარდება. ამიტომ, დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურობა, არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება, რათა საკუთარი ნიჰილიზმი, უკმაყოფილება ცუდმა ძალამ არ გამოიყენოს და მერე, სანანებელი არ გაგვიხდეს. რაც შეეხება ვაშაძის პრო-დასავლელობას, იცი რა, ძალიან ცუდია, რომ დღევანდელი პოლიტიკა საერთოდ, თავის თავში ისე მარტივად მოიცავს დაპირებებსა და ტყუილს, რომ ამ ყველაფერზე ხალხს გული უცრუვდება. ვაშაძემ რაც უნდა ილაპარაკოს, ხალხმა ხომ იცის სიმართლე. გაიძახის: ევროპული სახალხო პარტია მიჭერს მხარსო. ევროპარლამენტში სხვა პარტიებიც არის. ან ვინ უჭერს ერთი მხარს? ამ პარტიის რომელიმე ლიდერმა გააკეთა მსგავსი განცხადება? მე, არ მომისმენია. შუბლზე ძარღვი აქვს გაწყვეტილი და რაც თავად აწყობს, იმას ამბობს.

_ როგორ მუშაობს მასმედია წინასაარჩევნოდ?

_ ტელევიზიებში არცერთ ნორმალურ ადამიანს მისვლა არ უნდა. ჭკვიან ხალხს კი ეძახიან, მაგრამ მათ, ფორმატიდან გამომდინარე, ასეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, რაც აბსოლუტურად სწორია. ჟურნალისტი რესპონდენტს აგინებინებს და ალანძღინებს კონკურენტს. მერე, ვის ეძახიან საპირწონედ, ვინ არის ეს ხალხი, რა გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. რა კრიტერიუმებით აფასებენ იმ ხალხს, ვისაც აზრს ეკითხებიან. ეძახიან დაპირისპირებულ მხარეებს, რათა ერთმანეთი დაჭამონ. ყველა ტელევიზიას არ ეხება, თუმცა რიგი მათგანი შოუებით დაპირისპირებას უწყობს ხელს. მასმედიას აკლია ანალიტიკური გადაცემები. საერთოდ, ნორმალურ ადამიანებს, ქართული მასმედიის ყურების სურვილიც აღარ გვაქვს.

_ გვარამიამ განაცხადა: ვინც ზურაბიშვილს მისცემთ ხმას, ყველას გიმახსოვრებთ და მერე, ვაი, თქვენი ტყავის ბრალიო.

_ გვარამიას მოწოდებებს არც ვუსმენ, არც ვკითხულობ. საერთოდ, ეგ პიროვნება თავის ტელევიზიიანად სრულებით არ მაინტერესებს. გაშიფრულნი არიან ვინც არიან და რა მიზნებიც აქვთ. რამდენიც უნდათ იყეფონ _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

_ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?

_ არ ვიცი, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, ჩვენთან არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც შეიძლება პრეზიდენტი სათავეში ჩაუდგეს და საზოგადოებასთან ერთად სერიოზული მოძრაობა დაიწყოს _ ეს არის ეკოლოგია და დემოგრაფია. ეს თემები, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე მეტად საყურადღებოა. ამ თემას სათანადო ყურადღება თუ არ მიექცა, მთელი ეკონომიკა და მასთან ერთად სახელმწიფოც, უკან დაგვრჩება. ჯობია, თავიდანვე ვიაქტიუროთ და სასურველ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, რათა მეორე ტური საჭირო არ გახდეს. თუმცა, ესეც არ არის პრობლემა. დემოკრატიულ არჩევნებში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სწორედ მეორე ტურში წყდება კანდიდატის ბედი.

_ ვაშაძე შეგვპირდა სააკაშვილს შევიწყალებო. ამას რა მოჰყვება?

_ ვაშაძე რომ მოვიდეს პრეზიდენტად, ჩათვალე, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა. ეს გვინდა? "ნაციონალებს" შეიძლება სწორედაც ეს სურთ. მათთვის ქვეყანა, ხალხი როგორც მაშინ, ახლაც არაფერს წარმოადგენს. თუ ცოტა ჭკუა გვაქვს, ქვეყნის წინსვლაზე, შვილების მომავალზე და მშვიდობაზე უნდა ვიფიქროთ, არჩევნებზე მივიდეთ და იმ ბნელ ძალას, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავს, უარი ვუთხრათ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0