დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს

გვესაუბრება ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, ანალიტიკოსი რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი.

"საერთო გაზეთს" და მის მკითხველს პატივს რომ არ ვცემდე, ამ ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ინტერვიუზე არ დაგთანხმდებოდით. რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენი მოსაზრებები საქართველოს მოსახლეობამაც იცოდეს, სახეზეა უღირსი მეთოდებით მიზნის მიღწევის მცდელობა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ამდენი, ბოდიში მომითხოვია და ნაბოზარი კაცი თუ ცხოვრობდა საქართველოში. 80-იან წლებში, საქართველოში მამაკაცების უმრავლესობა კაცობაზე დებდა თავს, როგორც ჩანს, მაძღარ ადამიანს სურვილი უჩნდება მორალური ავტორიტეტიც იყოს, ამ სიტუაციამ ყველას ჩამოხსნა ნიღაბი და მათ თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს. მე კაცი-მამის და კაცი-პაპის გარემოცვაში ვარ გაზრდილი და ვიცი, ადამიანი საიდუმლოს რომ გაგანდობს, ის სამარეში უნდა წაიღო, თუნდაც ის კაცი მერე შენი მტერი გახდეს. ახლა პირიქით, ერთმანეთთან იმისთვის მიდიან, რომ საუბარი ჩაიწერონ და მერე ეს ადამიანი ან დააჭერინონ, ანდა ჩირქი მოსცხონ. რატომღაც ვისი საუბარიც ჩაიწერეს ის ცუდია, "ჩამწერი" კი არა. ვთვლით, რომ ძალიან ბინძური წინასაარჩევნო კამპანიაა, სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების ისტერიას ჰგავს ეს ყველაფერი. განსაკუთრებულს არაფერს ველოდებით, არჩევნების მერე ერთი გაფართხალება ექნებათ ოპოზიციონერებს, ერთს კიდევ გაიბრძოლებენ, მაგრამ ვერც პოლიტიკურ ტემპერატურას აწევენ და მით უმეტეს ვერც რევოლუციამდე მიიყვანენ ვითარებას, რომ ძალით დაამხონ ხელისუფლება.

90-იანი წლების ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელ ხელისუფლებას თვითონაც საკმაო ძალა აქვს და ქვეყნის გარედანაც ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს. წინა ინტერვიუშიც გითხარით და გავიმეორებ, არჩევნების შემდგომ, უახლოეს 5–6 თვეში, საქართველოში არნახული მასშტაბების ინვესტიციები შემოვა, რაც არ ყოფილა არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მმართველობის დროს. ნაცმოძრაობის და ზოგიერთი ოპოციზიური ორგანიზაციის ისტერია იმის შესახებ, რომ საქართველომ პროდასავლურ კურსს გადაუხვია, არის მცდარი და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თვითონ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან ეს არის ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ოპოზიციამ 28 ოქტომბრის არჩევნებში თუ ვერ შეძლო მოსახლეობის მობილიზაცია და მისთვის სასურველი `პროცენტის~ დაფიქსირება, შეიძლება ბევრი პოლიტიკური პარტია 2020 წელს საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სარბიელიდან. ამიტომ ყველა ცდილობს ხმების რაღაცა რაოდენობა დააფიქსიროს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ხმებით კოალიციის შესაქმნელად სხვებთანაც ივაჭროს და საზღვარგარეთაც მოაწონოს ვინმეს თავი. აი, ეს არის ამ საპრეზიდენტო არჩევნების მთელი ანატომია, სხვა არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ ხდება. 

საქმის კეთება თუ გინდა, სულაც არ არის საჭირო უმრავლესობაში იყო, დეპუტატის სტატუსი, ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსი სავსებით საკმარისია, რომ რისთვისაც ხელისუფლებას აკრიტიკებ, შენ გააკეთო ის საქმე. ჩვენს ორგანიზაციას სახელისუფლებო სტატუსი არ აქვს, მაგრამ უამრავი საქმე გვაქვს გაკეთებული ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ ისე, რომ ხელისუფლებისთვის დახმარება არ გვითხოვია. 2019 წელსაც იმდენ ინვესტიციას შემოვიტანთ საქართველოში, შევარდნაძემ და სააკაშვილმა რომ ვერ შემოიტანეს. სამშობლოს სიყვარულს და ხალზე ზრუნვას სტატუსი არ ჭირდება, თუკი ქვეყნის გარეთ ავტორიტეტი გაქვს და როგორც სერიოზულ კაცს, ისე გელაპარაკებიან. ბევრს კი ხმაურობენ, მაგრამ საქართველოში ფაქტობრივად არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენი აზრით, ოპოზიციონერი ის არის, ვინც უკეთესად აკეთებს იმას, რასაც ხელისუფლება ვერ აკეთებს. სააკაშვილის გუნდს, რევოლუციის გარდა, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შანსი არ აქვს, ამიტომ სააკაშვილი შეეცდება სიტუაციის არევას. სააკაშვილი და მისი გუნდი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ გაიმარჯვებენ, პირველი — მიშა სააკაშვილს აღარ ყავს ლობი დასავლეთში, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ იგი გააგდეს კიევიდან და მისი დამცირება-შეურაცხყოფები ხახვივით შერჩა უკრაინის ხელისუფლებას. სააკაშვილს საქართველოში კიდევ უფრო შეუმცირდა მომხრეები, ემიგრაციაში წასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ ნაციონალების მხარდამჭერია. გარდა ამისა, ვერც 2012 წლის ვერც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისევე, როგორც ადგილობრივ და შუალედურ არჩევნებში ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა თავისი მომხრეების ოპერატიული მობილიზაცია და არჩევნებზე მიყვანა. ამდენად, ხელისუფლებას უფრო მეტი შანსი აქვს თავისი მომხრეების მობილიზაცია მოახდინოს და საარჩევნო ყუთებთან მიიყვანოს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ანუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

– ბატონო ზაალ, ხელისუფლების მხარდაჭერია ერთია, მაგრამ თავად საზოგადოებაც აქტიურობს, რომ კოლექტიური ნაცების საპრეზიდენტო კანდიდატებს შანსი არ დაუტოვონ. ინტერნეტსივრცეში უამრავი ადამიანი წერს, რომ სწორედ ამ კონტიგენტის არაჯანსაღმა აქტიურობამ გადააწყვეტინა არჩევნებზე მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

– სააკაშვილს, ნაციონალებს, მათ მომხრეებს და სხვა ოპოზიციონერებს ჰგონით, რომ "ქართული ოცნების" ალტერნატივა არიან, რომ საქართველოს მოსახლეობას გემოვნება არ აქვს და ის იძულებულია ან მმართველ ძალას მისცეს ხმა, ან ნაციონალებს. თუ ვინმეს არ მოწონს "ქართული ოცნება" (არ ვგულისხმობ დედაბუდიანად ნაციონალებს), ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კოლექტიური ნაციონალები მოწონთ და მათ მისცემენ ხმას. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ფიზიკურადაც დაუპირისპირდებიან ნაციონალებს და მხოლოდ "ქართული ოცნების" ასე ვთქვათ, დამსახურებაა, რომ ამ ადამიანებმა შურისძიების სერია არ წამოიწყეს. მეორე საკითხია კოჰაბიტაციის პოლიტიკა, რის გამოც ბევრი ლანძღავს "ქართულ ოცნებას". ჩვენ არ ვლანძღავთ, იმიტომ, რომ საქართველოს ვალდებულებები აქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან. მსოფლიომ ნახა, რომ 2012 წელს, დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და შემდეგ აღარ იყო შურისძიებები, იგივე პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამომწყვდევა და ქუჩებში ხალხის დახვრეტა, რასაც ნაციონალები და მათი წინამორბედი, ედუარდ შევარდნაძე აკეთებდა. ეს "ბიჭები" შევარდნაძის დროსაც რომ ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში, რატომ გავიწყდებათ, მაშინაც ციხეები პოლიტპატიმრებით რომ იყო სავსე და ქუჩაში ხვრეტდნენ განსხვავებული პოლიტიკური ქშეხედულების მქონე ადამიანებს, ხმას რატომ არ იღებდნენ? აღარაფერს ვამბობ, თავად რომ მობრძანდნენ ხელისუფლების სათავეში, რა უბედურება დაატრიალეს.

რაც შეეხება კომპრომატებს, თუ დასაშვებია კომპრომატებით ჭიდაობა, მაშინ წინა ხელისუფლებაზე არსებული კომპრომატებიც ვნახოთ, ყველას კომპრომატი გამოვამზეუროთ, გავხსნათ არქივი. რამდენი წელია საქართველო დამოუკიდებელია, რატომ არ მივიღეთ ლუსტრაციის შესახებ კანონი? ჩვენ სულ ამას ვითხოვთ, კომპრომეტირებული ადამიანები ძალიან ადვილი გადასაბირებელი და სამართავები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან. ვისზეც არსებობს კომპრომატები, ნუ გამოვაქვეყნებთ, საჯაროს ნუ გავხდით, მაგრამ მაგრამ ვინც უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობაშია შემჩნეული თუნდაც ერთხელ, მივიღოთ კანონი, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში აღარ მოვიდნენ. ასევე აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამების შესახებ და სამშობლოს ღალატის შესახებ, ნაციონალებმა ეს ბრალდებაც გააუქმეს. სანამ ეს სამი კანონი არ ამოქმედდება, ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორება ფანტაზიის სფეროა. ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, მმართველ ძალას, რომ ეს სამი კანონი სასწრაფოდაა მისაღები.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0