სალომე ზურაბიშვილის სურამის ციხე

ესოდენი ისტერიკული საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას დროს ვიხილეთ. ახლაც მახსენდება წერეთლის გამოსვლა, კატეგორიულობით რომ მოუწოდებდა მოსახლეობას განზე გადგომოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს.

ამ გამოსვლამ ხმების ლამის 20–25 პროცენტი შემძინაო, იტყვის მოგვიანებით ნეტარხსენებული ზვიადი.

სალომე ზურაბიშვილთან როგორ არის საქმე? დაახლოებით იგივე სურათია, იგივე ისტერიკა, იგივე ყაყანი და წიკვინი:
მქონდა ბედნიერება მცნობოდა ცხონებული გერმანე ფაცაციას მეშვეობით რაინდული ბუნების ჯანრი კაშია, რომელიც გასაოცარი გემოვნების ესთეტიკისი გახლდათ და ამავდროულად მაღალი ერუდიციის პოლიტოლოგიც. აზროვნების მისეული მოდელი ბატონ სერგი საჯაიას დიდებულ ნაშრომშია აღბეჭდილი, რომელიც საქართველოს გეოსტრატეგიულ პლატფორმის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ყველაფრის გათვალისწინებით რატომ უნდა გვიკვირდეს ქალბატონი სალომეს პრაგმატული ინტელექტუალობა – "ბრძოლა, რომელიც იწყება, არ არის მოგებული, მაგრამ ჩემს გვერდით ქართველები არიან, დღევანდელი და მომავლის ქართველები; ჩემთანაა აგრეთვე ისტორია, კულტურა, ფესვები, ტრადიციები, ყველაფერი ის, რამაც ეს ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა შემოსევებსა და დამონებას; რაღაც ძალზე ძლიერი, მაცოცხლებელი ენერგია, რომელიც დღესაც მჟღავნდება იმ ადამიანებში, რომლებიც ჩემს შესახვედრად მოდიან და მეუბნებიან: "დარჩით!"

მერედა, ჟანა დ,არკის ქვეყნის შვილია, ეს მშვენიერი მანდილოსანი ჩვენი, მაია წყნეთელისა და ქეთევან დედოფლის სულიერი მემკვიდრეა ეს გონებადაუნჯებული ქალბატონი, რომელიც თავისი 18-თვიანი მინისტრობის წლებში არნახულ წარმატებებს მიაღწევს რუსეთის მიმართულებით, ამას არ პატიობენ, ამას უცაცხანებენ, რადგანაც ჩვენ ხომ ნიადაგ მტრულ დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ ჩრდილოელ მეზობელთან, რომ ვერადროს გავთავისუფლდეთ.

ერთი, НТВ-ს გადაცემა მახსენდება, სადაც თავგადაკლული ერთგულების მტკიცებაა მავანისაგან რუსებისადმი, ცხადია, ქართველების გთახსირების ხარჯზე. პირდაპირი ეთერია და ჩაერთვება ჟირინოვსკი მისთვის დამახასიათებელი სიფიცხით: თქვენისთანა ათას ცოცხალს ერთი მკვდარი ქართველი მირჩევნიაო – მოსჭრის. ამისთანა ვითარებაში რატომ არ ვიქნებით ანექსირებული? განა "რუსთავი 2"-ის ლოგოც ამას არ ღაღადებს ცისფერი ეკრანიდან, მეორე ტროას გაგიმართავთ დღეს იქნება თუ ხვალ-ზეგო.

წარუშლელია ქალბატონ სალომეს ზურაბიშვილის წიგნი "საქართველოსკენ". ქალბატონ სალომეს მოვლილი აქვს ტიბეტი, მსოფლიოს ეზოტერიკული ცენტრები, ორიგინალში დაწაფებია ჟან-პოლ სარტრს, ალბერ კამიუს, ჯეიმზ ჯოისს, უილიამ ფოლკნერს, "ცნობიერების ნაკადის" ფასეულობებს თუ კლასიკას ზოგადად, ძირეულად გარკვეულა თავისი დედასაქართველოს მისსიაში, რომელიც იგივე სურამის ციხეა მისთვის, მისი უწვერული წინაპარი რომ ჩაეშენება საკუთარი ნებით. აი, როგორ საქართველოსკენ მოეშურება მეორე მანდილოსანი პოლიტიკური ფიგურა ქართულ სინამდვილეში 8 საუკუნის მერე.

გადამწყვეტი ბრძოლა ტროასთვისო, თუ განაცხადა ჰექტორმა, ყველაფერი გასაგებია, რომ პროტოიბერიული რასის გადარჩენაზეა საუბარი, მაგრამ იგივე სიტყვები თუ გაიმეორა ბერძნების წინამძღოლმა აგამემნონმა, აქაც ცალსახადაა გადმოცემული განწყობა, ოღონდ პროტოიბერიელის მიწის პირისაგან აღსახოცად. მხოლოდ მეტისური წარმომავლობის სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის შემთხევაშია გაურკვეველობა, რებუსები, ორჭოფობა, კონკრეტულად რომელ საქართველოზეა საუბარი, ქართველები რომ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ, თუ უქართველებო, და მიკვირს, დიდად გავსახრტებულვარ ამისთანა კატეგორიის ხალხს ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან გულუბრყვილონი. მოღალატეა ის, ვინც შენი თანამემამულე იყო ოდესღაც, ესენი კი პირწავარდნილი სახელმწიფი დამნაშავენი არიან, სამხედრო ტრიბუნალის პერსონაჟები, საერთაშორისო ტერმინოლოგიით – რეზიდენტები. ჩინებულად რომ ასრულებენ თავიანთი სულიერი მამების მითითებებს და თვალში ნაცარს აყრიან უბირ მოსახლეობას, აქაოდა, შეხეთ, რა კარგად ვაგებდით ასფალტს, როგორ მძლავრობდა ჩვენს დროში ელექტროენერგია, როგორ ვმღეროდით "თბილისოს" და იმაზე დუმან ეს დუმაშეჩვენებული ყურუმსაღები, საღ-სალამათ მამაკაცებს რომ წაკუზავდნენ ხოლმე ახოსპირა ბუნკერებში ნამუსის ასახდელად; სასიცოცხლო ორგანოებს რომ ამოაცლიდნენ სხეულიდან ჯერაც სულმოხანტალე ადამიანებს.

დრაკონის ხიდს გვიშენებდნენ მშვიდობის ხიდის სახელწოდებით; ცილინდრის ფორმის, სპილოგადაყლაპული პითონის აღნაგობის პარლამენტის შენობას გვიგებდნენ ქართული კანონშემოქმედების შესასანსლად, ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის" მაგალითისამებრ; არქიტექტორ მიკელე დე ლუკს რა ენაღვლება, შეუკეთეს ურჩხული და გამოაჩონჩხა. შლაპანცებით გვაბიჯებენ თოხლო კვერცხებს და გვაბრტყელენბენ თავიანთი ჭკუით; ლოტოსის ყვავილის სახურავიან იუსტიციის სახლში 24-საათის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერ უცხოელს შეიძინოს 100, 200, 300 ჰექტარი ქართული მიწა, რომ შემდგომ კანაფის ნარკობიზნესში გაჰხვიოს სრულიად საქართველო.

პოლიტიკურ არენასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. გაიკრიახა ჟუჟუნა წვიმასავით გვალვიან ცაზე ჯონდი ბაღათურიამ და ეგრევე მიკულისდა; ედეპეელი ბაჩუკი ქარდავა (შეხვედრაზე რამდენიმეგზის შეხმიანებულს ციებიანივით გამირბის), ხაბაზობს ძველებურად და არის პირში წყალჩაგუბებული; ვსტუმრებივარ თავიანთ ოფისში თენგიზ ჯგუშიას და კახა კუკავას, მაგრამ რუსული ვოიაჟების შემდეგ რატომღაც მივავიწყდით – არადა, ჩამიდის ხმები – 200-ზე მეტი ქართველი დიასპორელი მილიონერი და რამდენიმე მილიარდელი სერიოზულ თანხებს გაიღებენ თურმე ქართული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცაკი ეს ფულადი რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური ასპარეზის გაშლის ნაცვლად უნიტაზებისა და ჯაკუზების შეძენას ხმარდება ამათგან სავალალოდ.
ღონემიხდილი და დაუძლურებული საქათველოს საშველად მოეშურება მარადქალური მადლით ცხებული სალომე ზურაბიშვილი, იგივე სურამის ციხისკენ, საუკუნეების წინათ პირტიტველა მისიანი რომ ჩაშენებია საკუთარი ნებით იმ კედლების ურყეობასა და რა უფლება გვაქვს ხაბარდა-თქო, არ შევძახოთ რიგითებმა, რადგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარ თავზე; რადგანაც საჭიროა ახალი მიძრაობის შექმნა, რომელიც ამიერიდან ვერ იქნება მხოლოდ პატროფილურ ფასეულობებზე აგებული, ალბათ, გაითვალისწინებს მომავალში სამოქალაქო ინტეგრაციასაც, და რაც მთავარია, გზას გაუხსნის ნიჭიერებას, შიდა ბაზრის დაცვას, ინვესტიციების მოზიდვას ენდემური ჯიშების ასაღორძინებლად და ვინ მოსთვლის.

აი, როგორი საქართველოსკენ, როგორი სურამის ციხისკენ მოეშურება სალომე ზურაბიშვილი და ფეხბედნიერი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის თავდადებული მსწრაფველობა მისი.

გური ოტობაია,
მწერალი.
скачать dle 12.0