პოლიტიკური სუპერმენი და ჩაფლავებული ჟურნალისტები, ანუ `ჭირხვნაი საკვირველი~

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, მუდმივად შეკითხვები რომ აწუხებთ, იმ ტელეჟურნალისტებს შეხვდეს და ინტერვიუ მისცესო, – გავრცელდა ინფორმაცია… პრინციპში, გავრცელდა კი არა, მეხივით გავარდა და ჩვენი “ტელევარსკვლავები” დააბნია კიდეც. “რუსთავორელმა” ნიკა გვარამიამ ეგრევე დაიწყო მიეთ-მოეთი, გიორგი გაბუნიას მაგ დროს (სამშაბათ ღამეს, 22 საათზე) თავისი გადაცემა აქვს, ვერ მივა, გადაცემას ვერ ჩააგდებსო. იგივე გაიმეორა “პირველის” “სასტავმა”, კერძოდ ინგა გრიგოლიამ, ვერც მე ჩავაგდებ ჩემს `რეაქციას~, მაყურებლის ინტერესები უფრო მეტად მიღირსო. დარჩა მხოლოდ “იმედის” ირაკლი ჩიხლაძე. თუმცა მოგვიანებით “გაგვახარეს”, გიორგი გაბუნიას ეკა კვესიტაძე ჩაენაცვლება, ხოლო ინგა გრიგოლიას – დიანა ტრაპაიძეო. მთელი საქართველო ელოდა “ჭირხვნაი საკვირველს”, მაგრამ ჩემი აზრით, ვინც ივანიშვილმა ამოარჩია, მათ თავი აარიდეს მოტივით – “შარშანწინდელიც კი გვახსოვს, შენგან მაგარი ჭირხვნაო”. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მიუგდეს “ამგენმა” “იმგენი” გასაშავებლად პოლიტიკურ სუპერმენს.

* * *
მაშ ასე, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირა – არჩევნებამდე 6 დღით ადრე პარტია,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების პირისპირ “იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისიდან. ფაქტია, ეს გამოსვლა არის “ნაციონალური მოძრაობის” თავზე მეხის დაცემა, ამ დამნაშავე პარტიის პოლიტიკურ კუბოზე საბოლოო ლურსმნისა და საკონტროლო ტყვიის დაჭედება. უნდა ვაღიაროთ, საინტერესო ფორმა მოძებნა ბატონმა ივანიშვილმა, ამას ჰქვია: “თან საქმე, თან – ჭირხვნა”, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება 6 დღით ადრე, სამშაბათ ღამეს, 28-ში ქაღალდზე გაფორმდება და ეგაა. 29-დან “ნაციონალებს” და მათთან გათანაბრებულ პირებს შეუძლიათ, თუკი სალომე ზურაბიშვილის საქართველოში არ სურთ ცხოვრება, სხვა პლანეტაზე, ან სულაც ამსტერდამში გადასახლდნენ.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემის წამყვანის როლში მოგვევლინა – ამჯერად მედიატორი მე ვიქნებიო. კვესიტაძე გამოპარულივით ზის. მაინც წაჰკბინა, ნინო ჯანგირაშვილი მაკლიაო. ტრაპაიძემაც აუბა მხარი. კაცმა აუხსნა, დანარჩენებს მომავალში შევხვდებიო. ტრაპაიძე სვამს პირველ შეკითხვას, მაგრამ თავისივე მსჯელობაში იბლანდება, ძლივს აკონკრეტებს. კვესიტაძე უკვე ჩხუბობს, მას ასეთი როლი აქვს, ასეა დარიგებული გვარამიასგან. ოქუაშვილზე მიდის ბაზარი. ამ ჟურნალისტებისთვის გაუგებარია, რატომ ხვდება ბიზნესმენი ივანიშვილი ბიზნესმენებს. ივანიშვილს უკვირს, რომ ამ ჟურნალისტებს ეს უკვირთ. არ აცდიან ადამიანს, რომ ჩამოაყალიბოს აზრი ნორმალურად, ყველანაირად ცდილობენ, რომ გადაცემა არიონ. შეიძლება არც ცდილობენ, უბრალოდ, ასე გამოდის – ორი დედაკაცი ეჩხუბება ერთ ადამიანს, ხოლო “იმედის” ირაკლი ჩიხლაძე ზის მდუმარედ. ივანიშვილი ახერხებს და აკონკრეტებს – ბიზნესმენებს მომავალშიც შევხვდებიო.

კვესიტაძე ნერვიულობს, ასე არ გამოვაო, მარტო ტრაპაიძეს რომ ელაპარაკებითო. დაელოდეთ, დაელოდეთ, – პასუხობს ივანიშვილი. “რუსთავორელს” მხოლოდ ის აინტერესებს, ჩაიყვანა თუ არა ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში. პირველივე 15 წუთში თვალშისაცემი ხდება ამ ჟურნალისტების მწირი აზროვნება, მათ არ შეუძლიათ, თავიანთი ინტელექტით დაუპირისპირდნენ ივანიშვილს.

ბატონმა ბიძინამ პენალტი დაარტყა! კვესიტაძეს ეკითხება, ოქუაშვილს რაში უნდა გადაეხადა ფული ჩემთვისო? ჟურნალისტი იბნევა, მე რა ვიციო? ამათი მთავარი თემა ფარცხალაძეა, “რუსთავორელი” ყვება, თუ რა ქონება გააჩნია ყოფილ პროკურორს, თან სიაც მიუტანა.

ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2” არის სიცრუის მანქანა, თქვენი ფურცლები არაფერს წარმოადგენს. მე სხვა დოკუმენტები მაქვს მოტანილი. თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ. თქვენ მთავრობის რამდენიმე წევრის ბინები გამოიტანეთ, არც ერთს არ ჰკითხეთ არაფერი. ქალბატონო ეკა, კულტურა იქონიეთ, ორ ხმაში ვერ ვილაპარაკებთ, შეეცადეთ, რომ დაელოდოთ, ასე ძალიან დავიღლებით. თქვენ მაყურებლის ნაწილი გყავთ მძევლად აყვანილი და ატყუებთ”!
კვესიტაძე ვერ ჩერდება, როგორც ჩანს, გვარამიამ გამოცილებისას წიწაკა აჭამა. ივანიშვილი შენიშვნას შენიშვნაზე აძლევს. ისევ ფარცხალაძე და მისი ბოტასები, ისევ სარდაფი. ეს არ არის საუბარი, ეს არის ორი ჟურნალისტის წიკვინი. ვერ გავიგე, ჩიხლაძე რისთვის მიიყვანეს. 

რა ოთხი თითი ვაჩვენე ოქუაშვილს, როგორ გეკადრებათო? – ლაპარაკობს ივანიშვილი, რომელიც აშკარად მაგრადაა მომზადებული, ყველა დეტალი იცის. ამას გრძნობს კვესიტაძე და ცდილობს, არ მისცეს ახსნა-განმარტების საშუალება. დიანა ტრაპაიძეც იმსახურებს შენიშვნას, თქვენ “რუსთავი 2”-ის ფილიალი ხართო.

გადის 40 წუთი. ისევ ფარცხალაძე, ისევ სარდაფი, ისევ ბოტასები, ისევ ოქუაშვილი. მე 40 წუთზე ხმას იღებს ირაკლი ჩიხლაძე და სვამს შეკითხვას სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციაზე. დღეს რომ “რუსთავი 2” გამორთო, ქვეყანაში აღმშენებლობაზე მეტს ვერაფერს ნახავთო, – არის პასუხი. რა თქმა უნდა, ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ, რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, თუ ვინმე დააშავებს, უნდა დაისაჯოს, – არის დამატება. თუმცა “რუსთავი 2” მაინც სიცრუეს ავრცელებს, – არტყამს ბეჭედს. კვესიტაძე ნელ-ნელა ჩმორდება.

ბიძინა ივანიშვილის მეორე პენალტი: `რასაც `ნაცმოძრაობა~ 9 წლის განმავლობაში აშენებდა, დღეს იმაზე მეტს მარტო მე ვაშენებ”!
კვესიტაძე ირონიულად კითხულობს, მაინც რას აშენებთო? უკვირს, რომ ივანიშვილი რამეს აშენებს. “რუსთავორელი” ამოვარდნილია “რუსთავი 2”-ის გრაფიკიდანაც კი, ის უძლურია, წინააღმდეგობა გაუწიოს ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილის მესამე პენალტი: “ძალიან მალე, ერთ წელიწადში ყველას დაერქმევა თავისი სახელი. დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს, უნდათ დახატონ, თითქოს ივანიშვილი ვიღაცებს არეკეტებს. მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”!
აი, ამის მოსმენა მინდოდა, ეს არის მთავარი, თუ ერთ წელიწადში ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ეს იქნება დიდი გამარჯვება. ამაზე ოცნებობს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი. მე პირადად, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ცოტა გულნატკენი იყო და ცოტაც ნაწყენი. თან თითქოს თავს იმართლებდა. ამ შემთხვევაში ისევ ვიხილე ძველი ბიძინა ივანიშვილი, შემტევი, ემოციური, ენერგიული, ის აშკარად მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. არადა, ხელახალი ბრძოლა საჭიროა, აუცილებელიც კი.
ზუსტად 1 საათი გადის. ისევ ფარცხალაძე, ისევ სარდაფი, ისევ ტიტველი ყიფიანი, ისევ ბოტასები. ტრაპაიძე კითხულობს, რატომ გიყვართ ასე ფარცხალაძეო? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ჟურნალისტებს ივანიშვილი პროკურორი ჰგონიათ, მან უნდა გამოიძიოს, რამდენი წყვილი ბოტასი მოიპარა ფარცხალაძემ გერმანიაში და დასაჯოს.

უსუსური შეკითხვების მთელი წყება. ადრე არ ჩანდით, ახლა კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპშიც კი გადაგიღესო. თითქოს ამ ადამიანს აკრძალული აქვს, ან კლიპში გადაიღონ, ან კიდევ ფილმში.
და ბოლოს… თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა ჟურნალისტები ჩააფლავა. იყო ბრალდებები, იყო ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ბატონმა ბიძინამ დაადასტურა, რომ ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და არა საქართველომ. მან კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რა მოხდა 2008-ში და რაც ჩვენ მშვენივრად ვიცით. რაც “ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა, სწორედ ეს არის ღალატი.
დიახ, იყო ღალატი და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი!

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0