ერთადერთი, ვინც ამომჩეველს რეალურ დაპირებებს აძლევს, სალომე ზურაბიშვილია..

გვესაუბრება უფლებადამცველი, "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე.

_ ბატონო გრიგოლ, საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოგვადგა. თქვენი ორგანიზაცია აკვირდებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. როგორ შეაფასებდით პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაწეულ კამპანიას?

_ დიახ, ჩვენი ორგანიზაცია 2012–13 წლებიდან მოყოლებული, აქტიურად აკვირდება საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვმონაწილეობთ იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში. აქვე მინდა გითხრათ, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია განვლილ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე. რაც შეეხება ახლანდელ წინასაარჩევნო პერიოდს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აგრესიულობით გამოირჩევა. მათთვის ჩვეული რიტორიკით, ქმედებებით, რიტმით წარმართეს წინასაარჩევნო კამპანია. გაავრცელეს ფარული ჩანაწერები, იყო ზეწოლა სხვადასხვა მედია-საშუალებებზე, მუქარა საზოგადოებაზე. გვახსოვს დანაქადნი, ვინც კონკურენტ კანდიდატს, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, სათითაოდ დაგიმახსოვრებთ და გაგისწორდებითო. იყო ასევე აგრესიული მოწოდებები, რამაც "ქართული ოცნების" მიმართ გულგრილი ამომრჩეველი ოპოზიციის წინააღმდეგ განაწყო. განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო პრეზიდეტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადება კახეთში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას: "ქეჩოთი მოათრიეთ საარჩევნო უბნებზე ურჩი ამომრჩეველიო", რაც, ფაქტობრივად, ამომრჩეველზე მუქარა და ზეწოლაა.

_ ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასაშვებია? კანონის დარღვევად არ ითვლება?

_ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი გამოთქმებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე მოხსნილი იქნებოდა არჩევნებიდან. წარმოიდგინეთ, მსგავსი ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს რომ ეთქვა, რა აჟიოტაჟს ატეხდა აქაური ოპოზიცია. იმავე დღეს დააყენებდა კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის საკითხს, გამართავდნენ ბრიფინგებს, საელჩოებს აუტალახებდნენ კარებს. თუმცა ჩვენი მოქმედი ხელისუფლება აგრესიული ოპოზიციის მიმართ შემწყნარებლურად იქცევა.

_ კიდევ რითია გამორჩეული წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი, აქვთ თუ არა რეალური პროგრამები კანდიდატებს?

_ აგრესიული რიტორიკის გარდა, წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი "მამალი" ტყუილი დაპირებებითაც გამოირჩევა. ზოგიერთი კანდიდატი გაპრეზიდენტებისთანავე მოსახლეობას პენსიების მომატებას ჰპირდება, რაც ჩანასახშივე ტყუილია. მართალია, პრეზიდენტი საქართველოში ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირია, ქვეყნის შინაურ და საგარეო საკითხები, თავისათავად უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ეკონომიკური საკითხები, მით უფრო, პენსიების მომატება, მის კომპეტენციაში არ შედის. ზოგიერთი კანდიდატი ამომრჩევლის გულის მოგებას ტყუილებით ცდილობს. ცრუ დაპირებები პოლიტიკაში ხშირია, მაგრამ მსგავსი შეუსრულებელი იმედი მისცე მოსახლეობას, ვფიქრობ, არაეთიკურია. ამის გარდა, უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებს ზოგიერთი კანდიდატი ჰპირდება, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მიეცემათ საზღვარგარეთ ლეგალურად მუშაობის საშუალება. ესეც ტყუილია. ლეგალურად მუშაობის უფლების მოპოვებას სჭირდება მთელ რიგ ქვეყნებთან შეთანხმება, რაც იოლი არ არის. იმის ნაცვლად, უცხოეთში სამუშაოდ გახიზნულ საკუთარ მოქალაქეებს შეჰპირდნენ სამშობლოში დასაქმებას, დარჩით, სადაც ხართო, ეუბნებიან. საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა არ უნდათ და არც აინტერესებთ. არადა, საკუთარ კერაზე ყოფნა რომელ ადამიანს არ უნდა.

_ ბატონო გრიგოლ, თქვენი აზრით, რატომ იბრძვის ასე გააფთრებით აგრესიული ოპოზიცია პრეზიდენტის სავარძლისთვის?

_ ოპოზიციას პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლის მადა გიორგი მარგველაშვილის მიერ წარმოქმნილმა ნიშამ გაუღვიძა. პრეზიდენტის სავარძელი მათ სურთ პლაცდარმად გამოიყენონ, რათა ქვეყანას შიგნიდან მიაყენონ პოლიტიკური დარტყმა. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ღიად აცხადებს, რომ პოსტის მიღების შემთხვევაში უმალ შეიწყალებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, მის ჯალათებს, მკვლელებს. აღნიშნული გარემოება მიგვანიშნებს, რომ ოპოზიციონერების გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანაში ანარქია, ქაოსი დაისადგურებს, რაც დემოკრატიულ პროცესებს დააზარალებს. სწორედ ეს უნდათ საქართველოს შინაურ თუ გარეშე მტრებს. გავიხსენოთ სააკაშვილის გამონათქვამი: "…თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილაო". სამწუხაროდ, ვაშაძეს ან მის მრჩევლებს დაავიწყდათ და შევახსენებ, რომ მწამებლების, მკვლელების შეწყალება დანაშაულია. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე "გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". თუმცა მოსახლეობამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ დღევანდელი აგრესიული ოპოზიციონერები. საქართველოს მოსახლეობას აგრესიით ვერ დააშინებენ. ჩვენი მოქალაქეები აგრესიულ იდეოლოგიას ადეკვატურ პასუხს გასცემს ფარული თუ ღია ფორმით. ნახეთ, ვინ გამოირჩევა თავიანთი აგრესიით _ ვინც 2003 წლიდან მოყოლებული აშატნაჟებდა მოსახლეობას.

_ ბატონო გრიგოლ, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-გასაღება საქართველოში დასჯადია. ამ დროს პრეზისდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ მარიხუანის `ფესტივალი~ მოგვიწყო. რასთან გვაქვს საქმე? ან ეპატიება დანაშაული თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატს?

_ ვინმე ჯაფარიძემ კარგად იცის, პრეზიდენტი ვერასოდეს გახდება. იგი ცდილობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მიიმხროს ის ახალგაზრდები, რომლებიც იზიარებენ მის "კრეატიულ"-კრეტინულ აზრებს. ვინმე ჯაფარიძეს, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ამოძრავებთ მიზანი, უკანონო ქმედებებში ჩაითრიონ ახალგაზრდები, რომელთა ბედი და მომავალი არ ანაღვლებთ.

_ დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაზე მინდა გკითხოთ, რომელსაც მხარს "ქართული ოცნება" უჭერს.

_ მიუხედავად საჯარო არაარგუმენიტებული თავდასხმებისა აგრესიული ოპოზიციის მხრიდან, ქალბატონი სალომე დაბალანსებულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. იგი ტყუილ დაპირებებს არ აძლევს მოსახლეობას. მისი განცხადებით, გაპრეზიდეტნების შემთხვევაში იქნება ქვეყნის აქტიური დიპლომატი საერთაშორისო მასშტაბით. სწორედ ეს არის პრეზიდენტის ძირითადი მოვალეობა. ახლა თავად საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რას დაუჭერს მხარს _ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რასაც გვპირდება ქალბატონი სალომე, თუ აგრესიას, დესტრუქციულ გამოვლინებებს ქართულ პოლიტიკაში.

_ არჩევნები ხარჯთან არის დაკავშირებული. როგორც ვხედავთ, ოპოზიცია უფულობას არ უჩივის. საიდან ფინანსდებიან?

_ წინა რეჟიმისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს არ აშანტაჟებს და არც ატერორებს. ავიღოთ თუნდაც "ომეგა", რომელსაც საბიუჯეტო დავალიანება 51 მილიონი ლარი აქვს. მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე გადაუვადეს გადახდის ვადა. მათი ტელეკომპანიის "იბერიის" დახურვას ხელისუფლებას აბრალებენ, რაც არალოგიკურია.

_ და ბოლოს, ბატონო გრიგოლ, თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის არჩევნები, ვინ გაიმარჯვებს?

_ როგორც დამკვირვებელს, ჩემი პოზიციისა ღიად დაფიქსირების უფლება არა მაქვს. ერთს გეტყვით, გაიმარჯვებს ღირსეული. საქართველოს მოსახლეობა ბრძენია და შეუძლია ცუდის და კარგის გარჩევა. მთავარია, საზოგადოებამ იაქტიუროს. საერთოდ, იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, გარკვეულ ძალებს კი არ ექნებათ საფუძველი და მიზეზი, მოაწყონ არეულობა.

გია ბურდული
скачать dle 12.0