დავით უსუფაშვილის ვნებები

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, "რესპუბლიკელები" უღალატებდნენ, განზე გაუდგებოდნენ, მაინც მისცა მათ სრული კარტბლანში – ადგილები პარლამენტში, ადგილები სამინისტროებში და რაც მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა.

ამავე დროს ახდა ჩემი ნათქვამიც (ამას დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდებოდა), უჯიშოთა მოდგმა ტრადიციულად გადგა გვერდზე და ყველაფერზე დაიწყო ვაჭრობა. სწორედ ამ ვაჭრობის შედეგი გახლდათ, თინა ხიდაშელი რომ გახდა თავდაცვის მინისტრი. რა იყო ვაჭრობის საგანი 5 წლის განმავლობაში? უსუფაშვილს უნდა მიეღო ის კანონები და ცვლილებები, რასაც იღებს დღეს ირაკლი კობახიძე. ფაქტობრივად, დავითმა დაიწყო იმნაირივე მოქმედება, როგორც დაიწყო კომუნისტურ პარტიაში – შეყო თავი და შიგნიდან თხარა გვირაბი, დააზიანა "ქართული ოცნება". როდესაც მას ახსენებდნენ, რომ ესა და ეს კანონიაო მისაღები, ასე და ასეა საქმე გასაკეთებელიო, ის ყოველთვის თავს იკატუნებდა და დრო გაჰყავდა. მიუხედავად ამისა, როცა წინა პარლამენტს ყავლი გაუვიდა, დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, დატოვე უჯიშოთა ჯოგი, გადმოდი "ოცნებაში", მაინც გამოსადეგი კაცი ხარო. უარი თქვა დავითმა, თანაპარტიელებს გაუწია ანგარიში თუ რამე სხვა მოსაზრება ჰქონდა, არ ვიცი. პრინციპში, თანაპარტიელების ხათრით რომ მოქცეულიყო ასე, მაშინ აღარ დატოვებდა "რესპუბლიკურ პარტიას" და აღარ შექმნიდა "შენების მოძრაობას", ყოვლად უსახურ ორგანიზაციას, სადაც არც არავინ შედის, არც არავინ გამოდის.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, დავითმა (ერთი შეხედვით) პოლიტიკური გზის გაკვლევა დამოუკიდებლად დაიწყო. დაუკვირდით, ის ყოველთვის ასე იქცეოდა, ყოველთვის იყო ურეიტინგო და თითქოს უპერსპექტივო, მაგრამ ცხოვრებაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ხოლმე, რაღაცებს გაარტყა – ბოლოს და ბოლოს, 5 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის მეორე პირი, 1%-იანი ადამიანისთვის განა ეს ცოტაა? კაი, ახლა იტყვით, ეგ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებააო, მაგრამ ხომ იყო, ხომ "გაარტყა" კაცმა რაღაცას?!

რა შანსი აქვს ბატონ უსუფაშვილს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი? არავითარი. მაშ რატომ იყრის კენჭს, არ იცის? აი, მე მყავდა ერთი დიდი ბებია, თუ ისეთ რაღაცას ჰკითხავდნენ, რაც არ იცოდა, ეგრევე უპასუხებდა ხოლმე: ეშმაკმა რო სილა გკრათ, მე რა ვიცი?! მთლად ასე არ გიპასუხებთ, მაგრამ საქართველოში ვის თავში რა იხარშება, როგორ იხარშება, რატომ იხარშება, ძალიან ძნელი გასარკვევია!

ისე, რაღა დაგიმალოთ და… დავითი ხშირად ბასტი-ბუბუსაც მაგონებს თავისი ჰაბიტუსით და საუბრის მანერით. ეს ნამდვილად არ არის კომპრომატი, დამიჯერეთ.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0