პრეზიდენტმა უსაფრთხოების მე-12 კონფერენციაზე რუსულ ოკუპაციაზე ილაპარაკა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და რუსულ ოკუპაციაზე ვრცელი განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დაპყრობითი ომი აწარმოა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთმა საქართველოში ჰიბრიდული ომი ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოსინჯა, მას შემდეგ კი მოსკოვმა კიდევ უფრო დახვეწა მისი გამოყენების მექანიზმები. 

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში ჰიბრიდული ომის მეშვეობით, საქართველოს ევროატლანტიკური, დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება ხდებოდა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად, 2008 წელზე საუბრობენ, როგორც რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს ასე არ არის და თითქოს, რაღაც ლოგიკა იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით, რადგან საქართველოს ჰქონდა გადაწყვეტილი ნატოში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება. ეს არის სრული პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ძალიან აქტიურად მუსირებდა, მაგრამ რომელსაც ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პროპაგანდასთან მიმართებით უნდა გავიაზროთ, რომ დღეს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მარგველაშვილის თქმით, ყოველთვის სხვადასხვა ქვეყანაზე გავლენის მოხდენის წინააპირობა ხოლმე, თავის განვითარების აგრესიულ ფაზაშია. 

"როდესაც საბჭოთა კავშირის დემონტაჟზე ვფიქრობდით მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბჭოთა კავშირის დასრულების, ვარშავის პაქტის დასრულების და კრახის შემდეგ 25 წლისთავზე, საბჭოთა იმპერიის ნარჩენი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იქნებოდა პროაქტიული თავის პროპაგანდისტულ საქმიანობაში. ამ პროაქტიულობას სჭირდება ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი. შესაბამისად, ასეთი შეკრებები მშვენიერი ფორუმია ამ პროპაგანდისტული მანქანისთვის პასუხების ჩამოსაყალიბებლად. ეს უნდა იყოს ფუნდამენტი ერთიანი პოზიციის, ერთიანი მესიჯის, ერთიანი გზავნილის, ყველა იმ ქვეყნის კონსოლიდაციისთვის, რომელსაც სჯერა საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ერის უფლების, თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი, სჯერა, რომ ერთა შორის ურთიერთობა უნდა წარმოებდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ თანამშრომლობის ფონზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მაღალი ხარისხითა და ინტენსივობით ვითარდება.

„ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომელიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა მათ უდიდეს ღვაწლს, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. დიდება ჩვენ თანამემამულეებს, ვინც ბრძოლის ველზე, ამ ღირებულებებზე თავისი სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დატოვა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

1-2 ნოემბერს ბათუმი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“скачать dle 12.0