ქართული ქვევრის ღვინო ნიუ-იორკში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში – RAW Wine მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთ პროდუქციას 11-12 ნოემბერს ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ამავე ფორმატის გამოფენაზე – RAW Wine LA წარადგენენ.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მსგავსი სახის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც ერთი პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოფენას RAW WINE სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
1tv.ge
скачать dle 12.0