საია: სააკაშვილის სიძულვილის ენას იყენებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდს აკვირდება და ამ დროისთვის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.

საიას განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. მისი განცხადებით, კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.

საიას ცნობით, კამპანიაში ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

"აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა (მიხეილ სააკაშვილი 2016-2017 წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და საიას არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა), იგი 2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენასაც იყენებს. მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: ,,ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი...“ მიხეილ სააკაშვილი ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ იყენებს სიტყვა ,,ჯღანს“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ჯღანის წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს", - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
imedinews.ge
скачать dle 12.0