„გვახსოვს 7 ნოემბერი“ – რუსთაველის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შეკრება გაიმართება

„გვახსოვს 7 ნოემბერი“ - სამოქალაქო ორგანიზაციები მშვიდობიანი აქციისთვის ემზადებიან. შეკრება დღეს რამდენიმე ადგილას გაიმართება. მოქალაქეები 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში, 16:00 საათზე კი ოპერასთან შეიკრიბებიან.

ამის შემდეგ დაგეგმილია საერთო სახალხო მსვლელობა. ორგანიზატორების თქმით, საზოგადოების წარმომადგენლები გაიხსენებენ 11 წლის წინ მშვიდობიანი აქციის სასტიკ დარბევას და მათივე ცნობით მოუწოდებენ მოქალაქეებს, ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ უთხრან - არა.

„დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც – სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს – ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება. 7 ნოემბერს 14:00 საათზე, ყველაზე სიმბოლურ დღეს, მოდი რუსთაველის თეატრში თავისუფლების დასაცავად!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“ წარმომადგენლები.

საზოგადოებამ – „მე ვიცავ თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა, რომლის ხელმომწერების განცხადებითაც, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

7 ნოემბერს სამი დარბევა იყო: აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.


скачать dle 12.0