გამოვაცხადოთ 2 დეკემბერი "ნაცმოძრაობის" დასაფლავების დღედ!

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე.

როცა სახლი იწვის, ხალხი იმას ფიქრობს ჯერ ცეცხლი ჩააქრონ და მერე არკვევენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. დღეს ჩვენც ამ სიტუაციაში ვართ, ჯერ თავი უნდა გადავირჩინოთ მერე დავიწყოთ კვლევა, რატომ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ. ვიმეორებ, რა ვითარებაშიც დღეს აღმოვჩნდით, ეს სამწუხაროდ, პირველ რიგში "ქართული ოცნების" ბრალია, მაგრამ მეორე ტურში აუცილებლად სალომე ზურაბიშვილს უნდა მივცეთ ხმა, მერე გავარკვიოთ რა მოხდა, "ქართულ ოცნებას" კატეგორიულად მოვთხოვოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გააუქმოს ნაცმოძრაობა, არ შეიძლება თამაში ასეთ საშიშ ძალასთან. თუ ნაცმოძრაობა მობრუნდა ხელისუფლებაში, არც დემოკრატია გვექნება და არც რაიმე სახის თავისუფლება, კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორია გვექნება, უფრო მეტ ტერიტორიას დავკარგავთ. მე უბრალოდ ხალხის მიკვირს, რაც არ უნდა გაღიზიანებული იყო "ქართულ ოცნებაზე", მეცოცხეებსა და გამაუპატიურებლებს რატომ უნდა მისცე ხმა?!

ვფიქრობ, არჩევნების ამგვარ შედეგს დადებითი მხარეც აქვს, ხომ გაგიგონიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს "ქართული ოცნება". წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი უპრობლემოდ რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, მერე საპარლამენტო არჩევნები მოდის, იქ რომ მიეღო მმართველ პარტიას ასეთი სავალალო შედეგი, მერე უკვე ვეღარაფერს ვიზამდით ხომ? ამიტომ ხელისუფლებამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს. სხვათა შორის, ეს შედეგი შიდა ღალატის ბრალიც იყო. ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრებმა გაყიდეს ქალბატონი სალომე, გრიგოლ ვაშაძეზე იმუშავეს, ყველა "სიკეთესთან" ერთად, ღალატთანაც გვაქვს საქმე. მე არასდროს მითქვამს არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა, მაგრამ არც გამილანძღავს და არც ის მითქვამს ვაშაძისთვის დაეჭირათ მხარი. შეიძლება არ ვარ სალომე ზურაბიშვილის ფანი, მაგრამ იმას კარგად ვაცნობიერებდი, რომ არ შეიძლებოდა მისი ლანძღვა, რადგან ამით ნაცების წისქვილზე დავასხამდით წყალს, აბა, სხვა ვინ გაიმარჯვებდა გელა სალუაშვილი თუ თემურ შაშიაშვილი, რომელთა მიმართაც არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ხომ გამოჩნდა ზღაპარი იყო, ვიღაცები რომ ყვიროდნენ (აქ კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა), ბიძინამ იყიდა ვაშაძე, ჯიბეში უზისო, ისიც კი თქვეს, თან ძალიან "დამაჯერებლად", ბიძინა ვაშაძეს გახდის პრეზიდენტადო. ძალიან მაინტერესებს, სად არის ახლა ეს ხალხი?

მე არაერთხელ მითქვამს მათ შორის, თქვენს გაზეთთანაც, რომ ნაცების ვითომდა გაყოფა იყო ბლეფი, არავითარი გაყოფა არ მომხდარა, ისევ ერთნი არიან, ხომ ხედავთ, ვაშაძე, კოლექტიური ნაცები თავიანთ სატელიტებიანად და "ენჯეოშნიკ"-მედია საშუალებებიანად კვლავ ერთი გუნდია. ცხოველი სისხლს რომ იგრძნობს და დაიგეშება, ესენიც ზუსტად ასე არიან, იგრძნეს რომ შეიძლება რამე გამოდნეს და ბოლომდე დაიგეშნენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. პლიუს ამას უკრაინიდან ჩამოყვანილი ყავთ 500 "ბოევიკი" და სხვა სცენარისთვის ემზადებიან. ახლა რომ გვაჩვენებენ, ახალქალაქში ვიღაცამ სცემა ნაცების წარმომადგენელიო, ესეც დადგმული სპექტაკლია, ამას იმიტომ აკეთებენ ნაცები, რომ მერე თვითონ გამოიყენონ ძალა და თავი იმართლონ, თავს ვიცავდითო. ვიმეორებ, ესენი ყველაფერის მკადრებლები არიან. მე არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს ნაცებზე რომ ამბობს, ესენიც ჩვენი ხალხიაო. ფაშისტებიც გერმანელები იყვნენ, იცით, გერმანიაში დღესაც რამდენი ფაშისტური მიმდინარეობებია, რომლებიც ზარზეიმით აღნიშნავენ ჰიტლერისა და ჰებელსის დაბადების დღეებს, მაგრამ გერმანია იმ მოტივით, ჩვენი ხალხიაო, თავზე ხელს არ უსვამს. დღემდე სჯიან ღრმად მოხუცებულ ნაცისტ დამნაშავეებს. რას ნიშნავს ჩვენი ხალხია, მაშინ რატომ აკრძალეს კომუნისტური პარტია, კომუნისტები არ იყვნენ ჩვენი ხალხი, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყანა ფაქტობრივად მათ ააშენეს? ნაცმოძრაობაც უნდა აიკრძალოს, კანონი გვაძლევს ამის უფლებას და საშუალებას, პარტია, რომლის ლიდერებიც ეწევიან ძალადობას, მათ მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენები, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშეობით შეგვიძლია ავკრძალოთ. როდემდე შეიძლება 2012 წლის შემოდგომაზე ბუჩქებში შემძვრალი ნაცმოძრაობა პოლიტიკურ სივრცეში დავაბრუნოთ, დავმარხოთ, ამოვთხაროთ, მერე ისევ დავმარხოთ, ისევ ამოვთხაროთ, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?

ამ ტელევიზიებს ეს ექვსი წელი ნაციონალების პიარის მეტი არაფერი უკეთებიათ, მაგათ სტუდიებში სულ კოლექტიური ნაცები, მათი სატელიტები და "ობიექტური" უფლებადამცველები სხედან და ახლაღა გაახსენდათ, რომ ნაცმოძრაობა ცუდი ძალაა. ეს ტელევიზიებიც დამნაშავეები არიან, რაიონებში ხალხი ინფორმაციას რომ არ ფლობს სასიკეთო რა გაკეთდა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. გურიიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლებში, სადაც ცხოვრებაში არ გაყვანილა გზა, სიკეთე არ უნახავს იქაურებს, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღები გაუკეთეს, ამათ კი ნაციონალებს მისცეს ხმა. მითხარით, სად არის ლოგიკა. შე დალოცვილო, ნაცების მმართველობისას კატასტროფულ მდგომარეობაში იყავი, ახლა რაღაც სიკეთეებია და ამას არ აფასებ?

სამინისტროების პრესსამსახურებში ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებენ, ქვეყანაში უამრავი კარგი გაკეთდა, მაგრამ არაფრის პოპულარიზაცია არ ხდება. ქვეყანა ვითარდება, რაიონებში გზები კეთდება, სკოლები, საბავშვო ბაღები შენდება, უამრავი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა და კაციშვილმა არაფერი იცის, აბა, რა დანიშნულება აქვს პრესსამსახურს თუ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე არ მიიტანეს? ესენი "რუსთავი 2"-ის დღის წესრიგს უყურებენ, სახელმწიფო ტელევიზია გვაქვს, საზოგადოებრივი მაყურებელი, მაგრამ რად გინდათ, ისიც კერძო ტელევიზიების მსგავსად "რუსთავი 2"-ის სწორებაზეა.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ვაშაძე, ხომ ხედავთ უკვე დაპირებებს იძლევა, რომ ყველა ნაცჯალათს შეიწყალებს. კარგი, გადალახა სალომე ზურაბიშვილმა ბარიერი და გახდა პრეზიდენტი, მერე რას ვაკეთებთ? აუცილებლად უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" რიგების გაწმენდა, თვითონვე აღიარეს შიდა მოღალატეები გვყავს და ახალი ხალხი გვჭირდებაო. თუ პარტიაში ყველაფერი კარგადაა, ახალი ხალხი რატომ დაჭირდებოდათ? როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატია. ეს ყველაფერი ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგია, 2012 წელს, ახლად არჩეულ პარლამენტს უნდა ეთქვა, რომ ის არჩევნები გაყალბდა, არადემოკრატიულად ჩატარდა და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაენიშნათ. გაყალბების გარეშე ნაციონალები იმდენ ხმებს ვერ მიიღებდნენ, ამიტომ იმ პარლამენტის ამოქმედება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ვიმეორებ, ერთადერთი გამოსავალი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაა, თორემ სისხლისღვრა, ტერიტორიების დაკარგვა, ლარის გაუფასურება და შიმშილობა მერე ნახეთ. ახლახანს ტყიბულიდან დამკავშიიდნენ, თურმე ვიღაცები დარბიან და ხალხს აშინებენ, გრიგოლ ვაშაძეს თუ არ მისცემთ ხმას, შახტები დაიხურებაო. მმართველ პარტიაში პორტირებული ყველა ნაცი ნაცმოძრაობაზე მუშაობს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ, როგორც ყოფილი "კაგებეშნიკი" არ არსებობს, ისე არ არსებობს ყოფილი ნაცი. ზოგი ამ პორტირებულთაგანზე ალბათ გადაღებული აქვთ კომპრომატები, ალბათ ცოცხგაკეთებულიც ჰყავთ გადაღებული. ნაცებმა დააკომპრომატეს, ამიტომ სხვანაირად ვერ იქნებიან. ზოგი შეიძლება არ ამბობს ხმას ნაცმოძრაობას ვაძლევო, მაგრამ მათზე მუშაობს. ყველაზე გამაღიზიანებელი მედროვე პოლიტიკოსები არიან, დავით ჭიჭინაძე გუშინ "ქართულ ოცნებაში" იყო, დღეს ამბობს დემოკრატიისთვის კარგი იქნება თუ მეორე ტურში ვაშაძე გახდება პრეზიდენტიო. მე ვხვდები ვინ ვინ არის და "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაარკვია? თითქმის ყველა რაიონის მერია თუ გამგებელი ნაცია, რანაირად შეეძლო სალომე ზურაბიშვილს ამ პირობებში არჩევნები მოეგო, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ნაცებითაა გაძეძგილი.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0