"ნაციონალების" დაბრუნება საქართველოს დაღუპვას ნიშნავს!

გვესაუბრება პოეტი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი ბაღათერ არაბული:

_ ბატონო ბაღათერ, არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთ თვეში მეორე ტური გაიმართება. რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

_ "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე პრობლემა შექმნა, რადგან საკუთარ ამომრჩეველს გამოკვეთილად არ უთხრა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს თუ საკუთარს შესთავაზებდა. როცა გაირკვა, `ქართული ოცნება~ სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს, ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო, რადგან "ნაციონალებს" კარგა ხნის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონული მასშტაბით. "ქართულმა ოცნებამ" სტარტი ძალიან გვიან აიღო, მათი სააგიტაციო-პროპაგანდისტული მანქანა, ფაქტობრივად, ჩავარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელევიზიები მთლიანად გრიგოლ ვაშაძეზე მუშაობდნენ, "იმედი" აქა-იქ, წყვეტილ-წყვეტილ აშუქებდა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებს მაშინ, როცა "რუსთავი 2" ყოველდღიურად დგამდა შოუებს, სადაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით ანტიპროპაგანდა მიდიოდა. ეს დიდი შეცდომა იყო. ასევე, შეცდომა იყო, როცა მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, პარტიული მუშაობა მოშალა _ არც საქალაქო შტაბი არსებობდა, არც რაიონული. რეგიონული შტაბები ყველა დახურული იყო. რეგიონებში ჩავდიოდი და მპასუხობდნენ, რომ ყველა შტაბი დახურულია. ამ დროს "ნაცები" გამწარებულები მუშაობდნენ. ჩემი აზრით, სამართლიანი ფაქტი დადგა. თავის დროზე  "ნაციონალებმა" ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაში მარადიულად იქნებოდნენ, ასე დაემართა `ქართული ოცნების~ გუნდსაც _ მათ დაიჯერეს, რომ ხალხთან ურთიერთობის, კომუნიკაციის გარეშე, ამ არჩევნებს, მაინც მოიგებდნენ. მათ მოსახლეობასთან კონტაქტი დაკარგეს.

"ქართული ოცნების" მთავარ შეცდომად ასევე, კოაბიტაციის შემოღებას მივიჩნევ. დამნაშავე სისტემის შემქმნელების საკვანძო თანამდებობებზე დატოვება არაფრით შეიძლებოდა. ეს ხალხი ყველგან დარჩა, მათ შორის, პარლამენტშიც. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი, რომელბიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს მთავარ ბრძოლაში მხარში ედგნენ გარიყულნი დარჩნენ. ჩანერგილმა "ნაციონალებმა" ივანიშვილის გვერდით მისი მხარდამჭერების ადგილი აღარ დატოვეს. შედეგად, ფაქტობრივად, "ნაცებმა" ყველა თავისი მხარდამჭერი არჩევნებზე მოიყვანეს. "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული ხალხი კი, ვინც მათ 2012 წელს აქტიურად უჭერდა მხარს, საარჩევნო ყუთთან აღარ მივიდა.

_ როგორ ფიქრობთ, მეორე ტურზე მივა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი?

_ ეს რაც მოხდა, კარგია იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" გამოფხიზლდება და თავის მხარდამჭერებს უფრო მეტად დააფასებს. მათ გუნდური მუშაობა უნდა დაიწყონ და მომხრეები კვლავ გვერდზე დაიყენონ. დღეს, ასეთი მოცემულობაა _ ერთ მხარესაა "ნაცმოძრაობა" თავისი ნგრევებით, ციხეებით, მკვლელობებით, ქუჩაში დახვრეტებით, გაუპატიურებებით. ხალხო კაცების გამაუპატიურებელი, უბირია არ მომკვდარა, ცოცხალია, "ნაცები" ვიაგრას ისევ იშოვიან და თუ არ გამოვფხიზლდებით კიდევ არაერთ ქართველს გააუპატიურებენ. ნუ გვავიწყდება, რომ რობაქიძის, გირგვლიანის მკვლელები ისევ შემართულები არიან. ვაშაძეს, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს იმდენი ჭკუა არ ყოფნის ახლა მაინც მოთოკოს თავისი ვნებები და ხმამაღლა აცხადებს: ბედუკაძეს შუბლს გავუხვრეტდიო. არადა, ამ კაცმა მთელი იმ სისტემის ბოროტება წარმოაჩინა. სააკაშვილი _ "ნაცების" ბელადი, მსოფლიო პოლიტიკური მაწანწალა გვემუქრება: ჩამოვალ და ყველას ტყავს გავაძრობო. ამიტომ, კარგად უნდა გავიაზროთ, რას მოგვიტანს ვაშაძის გამარჯვება. ეს ნიშნავს: დესტაბილიზაციას, მკვლელობებს, ციხეებს, მასიურ დაპატიმრებებს. თუ ადრე 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა, ახლა 500 ათასი გახდება. იმიტომ, რომ ვინც მანამდე დაუსჯელი დარჩათ ყველას დაერევიან, პატარა გამონათებასაც კი ჩააქრობენ, არ გააჭაჭანებენ დამოუკიდებელ პრესას, ტელევიზიას, სრული დიქტატურა დამყარდება. ვაშაძე ამბობს: შევიწყალებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას, უბირიას, ქარდავას. ეს გვინდა?! ამ მკვლელებმა საქართველო გაანადგურეს, 150 ახალგაზრდა ქუჩაში ჩახოცეს, ციხიდან ყოველთვე 5–10 მოკლული პატიმარი გამოჰყავდათ. ნუთუ, ქართველებს ამ მკვლელების დაბრუნება უნდათ? იმ შავბნელი დროის დაბრუნება გვინდა?! ჩემო ძვირფასო ქართველებო, მინდა გთხოვოთ, გონს მოვეგოთ. კი, შეიძლება გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ვის ვუბრაზდებით _ საქართველოს, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს? ჩვენ ხომ საქართველოსთვის ვიბრძვით და არა კონკრეტული პიროვნების მხარდასაჭერად. ჩვენ, პოზიციებისთვის, იმ მდგომარეობისთვის ვიბრძვით, რომელიც ხვალინდელი, უკეთესი საქართველოსთვის გვინდა. ბრძოლა არ დამთავრებულა, ის ახლა იწყება.

_ რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ხალხი?

_ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის პიროვნებაა, ვისაც ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. იგი არის ევროპაში დაბადებული, ღირსეული წინაპრების შთამომავალი. მოგეხსენებათ, საქართველოში ქალის, დედის ფენომენს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვახსოვს, თამარის მეფობისას რა დიდი რეფორმები განხორციელდა, დაიწერა "ვეფხისტყაოსანი". არაერთი გმირი ქალი გვყავდა _ ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი, თინა ვაშლოვნელი. ასევე, მეოცე საუკუნეში მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის 19 წლის ქალიშვილი _ მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს თავისუფლებას შეეწირა. ამ ქალების მხრებზე, წესიერებაზე, სინდისზე, ოჯახებზე იდგა საქართველო. სწორედ მათი შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი. იგი საფრანგეთში საქართველოს სიყვარულით გაიზარდა. მისი შვილები ქართულად ფანტასტიურად ლაპარაკობენ. სალომე საფრანგეთის დიპლომატიის წარმომადგენელი იყო, საქართველოში ჩამოვიდა, დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და მისი უშუალო მოლაპარაკებებით რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოდან გავიდა. იგი ასევე, არის ლიტერატურის, ხელოვნების მოყვარული, კულტურის, ხელოვნების ფასი იცის. მშვენიერი ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც წარმოჩენილია საქართველოს დღევანდელობა. ასე, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატურაა. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქრთველო სტაბილური ქვეყანა იქნება და ევროპული განვითარების საშუალება მიეცემა, რასაკვირველია, ქართული ტრადიციების დაცვით. უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესია თავად ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ამჟამად, კვლავ გამარჯვებისთვის საჭიროა წესიერი, პატიოსანი კადრების გვერდით დაყენება. ჩვენ, თავისთავად ცხადია, გამარჯვებისთვის წინ დიდი ბრძოლა გველოდება, მაგრამ ამას სამართლიანი, კანონიერი გზით მოვიპოვებთ და მჯერა, ქართველი მოსახლეობა, აუცილებლად, მოვა არჩევნებზე და ღირსეულს დაუჭერს მხარს. ჩვენ, უნდა დავიცვათ საქართველო, ბრძოლა გრძელდება.

_ "ნაციონალები" კვლავ შავი პიარით ცდილობენ ფონს გასვლას. პრო-დასავლელად მონათლული ვაშაძე ზურაბიშვილს მოღალატეობას აბრალებს.

_ მთელი უბედურება იცით რა არის, `ქართულ ოცნებას~ ამაშიც დაასწრეს _ გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო. ვაშაძე რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში ატომისა და კოსმოსის განყოფილებაში მუშაობდა, სადაც არავინ მიგიღებდა თუ კაგებეში ჭიპმოჭრილი არ იყავი. კაცი ასეთ თანამდებობაზე იყო და ახლა, თურმე, რუსეთის წინააღმდეგია. ვინმეს დაავიწყდა, რომ ვაშაძემ 2008 წელს ხელის კანკალით დათმო რუსული პასპორტი. თავად ამბობს: რუსეთი ჩემი ნაწილიაო. ასეთი ადამიანის გაპრეზიდენტება, ამაზრზენია. ეს უსირცხვილოები სალომე ზურაბიშვილს სწამებენ ცილს, თურმე, რუსეთიდან შემოგზავნილია და ვაშაძე ყოფილა ევროპიდან შემოსული სინათლის სხივი. ეს კოშმარი, სირცხვილია. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისულები ვიყავით, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დაგვეჭირა, მაგრამ ტელევიზიებმა არ გააშუქეს. თითქმის ყველა ტელევიზია "ნაცებს" ემსახურება. იგივე ითქმის არასამთავრობო ორგანიზაციებზე _ ყველა "ნაცმოძრაობასთანაა" მიბმული. ისინი იმ თეორიის, ფილოსოფიის გამომხატველნი არიან, რასაც "ნაცმოძრაობა" ქადაგებს, ეს ერთი მთელი ნაწილია. მინდა ხელისუფლებას ვთხოვო: გაკონტროლდეს მათი დაფინანსების წყაროები და იდეოლოგია. ერთი რამ მინდა ვთქვა: "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს "პიარშიკები", მრჩევლები. აბა, როგორ შეიძლებოდა წინასაარჩევნოდ კანაფის პლანტაციების თემის წინ წამოწევა. ანდა, როგორ შეიძლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოლიბერალიზაციის კანონი მიეღო. საზოგადოება გადაირია. ეს თემა "ნაციონალებმა" სათავისოდ გამოიყენეს, მაშინვე აყვირდნენ: ჩვენ მოვალთ და ხელისუფლებას კანაფის პლანტაციების გაშენების უფლებას არ მივცემთო. ამით მოაგროვა ვაშაძემ ხმები. აქეთ, ტაქსების თეთრად გადაღებვაზე დაიწყეს საუბარი. მოკლედ, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში `ქართული ოცნება~ საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობდა. ყველაფერმა, ჯამში, გამოიწვია ის, რა შედეგიც დადგა.

_ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ "ნაცებმა" "ევრონაცებთან" ერთად არჩევნებში 800 ათასი ხმა მიიღეს?

_ ამას ვერაფრით დავიჯერებ, რომ "ნაციონალებმა" 800 ათასი ხმა მიიღეს, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, მათ საარჩევნო კომისიებში ისევ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომელთაც კარგად იციან შედეგები როგორ გააყალბონ. შეცდომები იყო, მაგრამ ახლა, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ხვალინდელი დღე კი არის ის, რომ იმ ხალხმა, ვინც განვითარებულ, მშვიდ საქართველოზე, თავისი შვილების კარგ მომავალზე ფიქრობს ორ დეკემბერს მხარი საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს დაუჭიროს. დრო აღარ გვაქვს. "ნაციონალების" მოსვლა, ჩემი აზრით, საქართველოს დაღუპვა იქნება.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0