არა ნაცჯალათებს! არა სადისტებს! არა კაცისმკვლელებს!

4 ნოემბერს ვერის ბაღში ნაცმოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქცია, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, ასევე, რიგითმა მოქალაქეებმა.

გოგა ხაინდრავა (კინორეჟისორი): არჩევნებზე ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ, რომ ეს არის დიდი სირცხვილი ქართული საზოგადოებისთვის. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს 600.000 მოქალაქე ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნებას დაუჭერდა მხარს, ხმას მისცემდა ძალადობას, ცილისწამებას, სიცრუეს, საპატიმროებში არსებულ იმ უბედურებას, რომლის გამეორებაც ძალიან მიჭირს და მრცხვენია. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ეს თუ მისაღებია, მე არ ვიცი როგორ აპირებენ საკუთარი შვილებისთვის თვალებში ჩახედვას. საბედნიეროდ, ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ქართველი ხალხი ვერასოდეს შეეგუება ძალადობას, სიცრუესა და სიყალბეს, რასაც ძალიან მარტივად დავადასტურებთ უახლოეს დღეებში საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ძალადობისთვის არასდროს მიგვიმართავს და არც ახლა ვაპირებთ, იქნება ქართველი ხალხის მტკიცე ნების მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა, რათა ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს. სამწუხაროდ, პირველ ცდაზე ეს არ განხორციელებულა იმ მასშტაბით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური სექტა, რომელიც წამლავს საზოგადოებას. ამიტომ ნაციონალები პარლამენტში კი არ უნდა ისხდნენ, მაგალითად, ბოკერია, რომელიც მათი იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალაა, არამედ განსასჯელის სკამზე. ახლა ეს ვაშაძე გამოგვიგზავნეს რუსეთის უშიშროების სამსახურიდან, რიგითმა სააკაშვილმა ნაწილობრივ შეასრულა მათი დავალება, ქართული მიწების მხოლოდ 20% გადასცა რუსებს, ამიტომ ოფიცერი ვაშაძე გამოგვიგზავნეს, ხოლო გენერალი ალასანია მოსკოვში ზის, მაგრამ განწირულია მათი მცდელობები. საქართველოს მიმართულება განსაზღვრულია, ეს არის ევროპა, ცივილიზებული სამყარო, სახლი, რომელსაც განათლებულ ერებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით. ნაციონალები ყველაფრის მკადრებლები არიან. გრიგოლეტო ვაშაძემ საპატრიარქოსა და პატრიარქის ნათქვამი "გააყალბა" და პენსიონერები რომ მოეტყუებინა, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის რუსეთის უშიშროების სამსახურიდან გამოგზავნილი სიცრუეზე აგებული ტექნოლოგია. მე ორი თვის წინ ვამბობდი, რომ ნაციონალების ამ კამპანიის იდეოლოგი შკლიაროვი იყო ჩამოსული თავისი ათი დამქაშით და ცდილობდნენ რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულებას. სააკაშვილისა და ვაშაძის ამოცანაა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა შეჩერდეს, მაგრამ ახლა სხვა დროა. ნაციონალები და მათი "პატრონები" ასე ვთქვათ, კალენდართან არიან წინააღმდეგობაში, ვერ ხვდებიან რომელი საუკუნეა, სად არის საქართველო და თვითონ სად არიან, ასე რომ, განწირულია მათი მცდელობები. სიმართლე გითხრათ, კარგია არჩევნებზე ეს შედეგი რომ დაიდო, ცივი შხაპი ყველას უხდება.

ზაზა სიამაშვილი (პროფესორი):
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხალხი დააბნიეს, "ქართულ ოცნებას" თავისი კანდიდატურა უნდა წარმოედგინა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. გარდა ამისა, ხალხი გამწარებულია, გაოგნებულია იმ პროვოკაციით, შანტაჟითა და საბოტაჟით, რასაც მსხვილი ბიზნესმენები ეწევიან, თითქმის ყოველ საათში ვხედავთ, როგორ უფასურდება ლარი და იზრდება ფასები, რასაც მმართველი პარტია არ თუ ვერ აკონტროლებს. პარლამენტში "ქართული ოცნების~" ახალგაზრდული ფლანგი (მათი გვარსახელების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ) ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის რაღაც განაყოფია "ევროპული საქართველოს" მგავსად. მიუხედავად ამისა, მაინც არ ველოდი, რომ ხალხი ასე მასიურად დაუჭერდა მხარს ამ საზიზღარ ძალას, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, თუმცა წაეხმარნენ ხელისუფლებიდანაც. ძალიან გთხოვთ, რასაც ახლა გეტყვით, ეს არ ამოიღოთ, საკუთარი თვალით ვუყურებდი ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში რაც ხდებოდა, ძალიან ბევრი ქალაქის მერმა პირდაპირ მიართვა ეს შედეგი ნაციონალებსა და "ევროპულ საქართველოს". ამიტომ ნუ გვიკვირს დამდგარი შედეგი, ზუსტად ვიცი, რომ ეს მწარე გაკვეთილი საჭირო იყო ჩვენთვის, დღეს რა მუხტიცაა, კიდევ უფრო გაიზრდება. ალბათ ეს "შეტორტმანება" პოლიტიკაში საჭიროა, რომ ნაციონალები საბოლოოდ გავისტუმროთ, არამარტო პარტია, არამედ ლამის ოჯახებიანად, იმიტომ, რომ არ გათეთრდება ყორანი. 

გიორგი აბდალაძე (ნაციონალების მიერ რეპრესირებული ფოტორეპორტიორი): შეიძლება განაწყენებული ვართ მთავრობაზე და არც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი მოგვწონს, მაგრამ ვალდებული ვართ ნაცჯალათებს დავუპირისპირდეთ, სააკაშვილს ვუთხრათ უარი. მე თუ განაწყენებული ვარ "ქართულ ოცნებაზე", წელიწადნახევარშია საპარლამენტო არჩევნები და იქ გამოვხატავ ჩემს პოზიციას. საპრეზიდენტო არჩევნები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ვაშაძე აპირებს ყველა ნაცჯალათის შეწყალებას, ბანდა ისევ უნდა შეიკრიბოს და მერე დაიწყებენ ერთიანად შეტევას. სანამ დაქუცმაცებულები არიან, კიდევ არის დრო, რომ ქვეყანაში ყველაფერი დავალაგოთ, თორემ ნაციონალებმა თუ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლებას, ამ ქვეყნის საქმე ერთხელ და სამუდამოდ იქნება დამთავრებული.

ლევან ჩიტაძე (ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებული უფლებადამცველი): ხალხმა "სათანადო" ადგილი მიუჩინა ნიანგებს, ვგულისხმობ "ნაცზონდერკამანდას", რომლებსაც წლების განმავლობაში ვებრძოდით, არაერთი ფაქტი გაგვიხმაურებია როგორ აწამებდნენ და ჩაგრავდნენ ადამიანებს. დღეს ეს "ნიანგები" ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და დაიკავონ მაღალი თანამდობები. მათ წინა საარჩევნო პერიოდშივე დაიწყეს პოლიტიკური ნიშნითა და კუთხურობით ადამიანების დიკრიმინაცია, რაც არის დაუშვებელი. ესენი თუ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, იგივე განმეორდება, რაც ნაცრეჟიმის დროს ხდებოდა. ფაქტია, ნაციონალებს ყავთ მხარდამჭერები, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე არა უთხრა ნაციონალებს, დღეს დემოკრატიული არჩევნებით ცდილობს ქვეყანაში ტირანია დააბრუნოს. როცა იცი ნაციონალების დაბრუნებას რა შეიძლება მოყვეს, იცი რომ დემოკრატიული ტარდება არჩევნები და ტირანიას აბრუნებ, ეს არის ნონსენსი, რაც საქართველოში თუ მოხდებოდა, არ მეგონა.


скачать dle 12.0