არ შეიძლება სისხლის მღვრელების სათავეში მოსვლა!

ასმათ ჯავახიშვილი (თბილისის 51-ე სკოლის პედაგოგი): ნამდვილად არ ველოდი ნაციონალების ცხრაწლიან რეჟიმგამოვლილ ქვეყანაში არჩევნებზე ასეთ შედეგს თუ მივიღებდით. ხალხმა იმდენი სიბინძურე, სისასტიკე გამოიარა, რომ არ მეგონა სახლში თუ დასხდებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არ დაუდგებოდნენ ერს გვერდით. ნაციონალებმა რამდენიმე ჩემი ნამოწაფარი დაიჭირეს, ერთ-ერთი იყო შოთა იამანიძე (ცნობილი ფეხბურთელის შოთა იამანიძის შვილიშვილი), რომელიც სიგარეტსაც კი არ ეწეოდა და ვითომ ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ის მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოუშვეს ციხიდან. ჩემი მეგობრის ოჯახს ბიზნესი წაართვეს, 12 წელია ეტლსაა მიჯაჭვული ეს კაცი, მისი შვილი ორჯერ დაიჭირეს, ეს ახალგაზრდა კაცი ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული გამოვიდა ციხიდან. ოჯახს მისი მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა, კვდებოდა, მეგობრებმა წაიყვანეს საფრანგეთში და იქ გადიოდა ხანგრძლივ მკურნალობას. ისე გაპარტახდა ოჯახი, რომ საარსებო წყარო აღარ აქვთ. ამისთანა ათასობით ოჯახია. როგორ შეიძლება თუნდაც ის 300.000 პრობაციონერი, რომელმაც ციხეში ტანჯვა-წამება გამოიარა, არჩევნებზე არ მივიდეს, აღარაფერს ვამბობ მათ ოჯახის წევრებზე, ნათესავებსა და ახლობლებზე. ეტყობა ერი ისეთ დეპრესიაშია, რომ განსაზღვრის უნარი წაგვერთვა. ახლა თუ არ გამოფხიზლდებიან, უარესი დაგვემართება, ნაციონალები თუ დაბრუნდნენ, 37 წელი მოგონილი იქნება. ამიტომ მათი დანდობა არ შეიძლება, მათი მხარდაჭერა არის დანაშაული მარტო საკუთარი ოჯახის კი არა, სახელმწიფოს წინაშე.

ლონდა ჯიქია (ტელეჟურნალისტი): გულისამრევი საყურებელი იყო ეს "სამეული", ღრიღორი (მას სხვა სახელს ვერ ვუწოდებ) ვაშაძე, ნიკა რურუა და მეორე ვაშაძე პატრიარქთან როცა მიდიოდნენ. მათ დანახვამ გამახსენა გიგი უგულავა და სოსო თოფურიძე "ზეობის ხანაში" როგორ სტუმრობდნენ საპატრიარქოს. როგორც ახლობლებმა მითხრეს, უგულავა ფეხის კვრით აღებდა პატრიარქის ოთახის კარს, თოფურიძე თურმე მეორე სართულზე არ ადიოდა, ქვემოდან აყურადებდა. ვაშაძეებმა და რურუამ ვერ გაბედეს კარის ფეხით შენგრევა, ეტყობა არც გადაუღიათ პატრიარქთან შეხვედრა, გამოსვლისას ვერც კარი ვერ გამოიჯახუნეს, მაგრამ იქვე ჭიშკართან ჩამომდგრებმა გვამცნეს, რომ თურმე პატრიარქმა აკურთხა როგორ უნდა დაანგრიონ ეს "პირსისხლიანი რეჟიმი". მოკლე ხანში საპატრიარქოს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ პატრიარქს ასეთი რამ საერთოდ არ უთქვამს და პირიქით, სიმშვიდისკენ და ერთმანეთთან კორექტული საუბრისკენ მოუწოდა. ნაციონალები საპატრიარქოს კართან იტყუებიან და ამათგან კარგს რას უნდა მოველოდეთ. 

დავით იაკობიძე (ყოფილი ფინანსთა მინისტრი): პირველ ტურის შედეგები არ გამკვირვებია, რადგან ამომრჩეველმა ინერციით მისცა ხმა. იმდენი კანდიდატურა იყო, ისეთი დაულაგებელი იყო საარჩევნო პროცესები, თავიდანვე ჩხუბში იყო გადაზრდილი, რომ ხალხი დაიბნა. ახლა უკვე ყველა დაფიქრდება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი აზრით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ხმების 60%-ზე მეტს მიიღებს.

გეგე სულხანიშვილი: მოგეხსენებათ, წარმოშობით თელავიდან ვარ, ძალიან გამიკვირდა და მეწყინა სალომე ზურაბიშვილმა იქ არჩევნები რომ წააგო. ჩვენ, ანუ "ქართულ ოცნებას" არსად არ უნდა წაგვეგო არჩევნები, მით უმეტეს კახეთში. გეხსომებათ, როგორ დაუდგა გვერდით კახელებს ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია. არ ვიცი, ეს ხალხი როგორ მალე ივიწყებს სიკეთესაც და ცუდსაც. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ არ დავუშვებთ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაწყენია "ქართულ ოცნებაზე", რადგან მათ შეცდომები დაუშვეს. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, გამოფხიზლდეს ხელისუფლებაც და ხალხიც, მეც ბევრ კარგს ველოდი ხელისუფლებისგან, მაგრამ არ გაკეთდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა ნაციონალებს მივცე ხმა, არავითარ შემთხვევაში. მირჩევნია ისევ "ქართული ოცნება" იყოს ხელისუფლებაში, ესენი მოვიყვანო გონზე, რაც შესაძლებელია, ნაცების გონზე მოყვანა კი გამორიცხულია. 

ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი: გაოგნებული ვარ, როგორ მიიღო, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობამ" ამდენი ხმა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისევ ჩვენი, ხალხის გულარხეინობაა. ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. საერთოდაც, როგორ შეიძლება ქვეყნის სათავეში მობრუნდნენ საკუთარი ხალხის მკვლელები, გამაუპატიურებლები. იმედია, მოსახლეობა გაითვალისწინებს ყოველივეს და არჩევნების მეორე ტურში გააქტიურდება.

გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი: არაფრით არ შეიძლება ჯალათი, სადისტი ხალხის ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლა. დღევანდელ ხელისუფლებაზე ხალხი განაწყენებულია არა უსაფუძვლოდ. ამიტომაც ბევრი არ მივიდა არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც არ მივიდნენ, გააანალიზებენ, დაინახავენ, რა საფრთხე ელოდება ქვეყანას ნაცების სათავეში მოსვლით, მაქსიმალურად გააქტიურდებიან, მივლენ მეორე ტურში არჩევნებზე და არ მოუშვებენ პირსისხლიან მიშას და კაგებეშინკ ვაშაძეს.

მანანა უგულავა, საქართველოს მენეჯერთა სკოლის დამფუძნებელი: დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. პირველ ტურში საზოგადოება პასიური იყო. ამჯერად მოსახლეობა გააქტიურდება, ბევრი წავა ხმის მისაცემად. სწორედ ეს იქნება ქვეყნის სიყვარული აირჩიო და სათავეში მოიყვანო ღირსეული პიროვნება. მართლაც ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს, რომელსაც გაფრთხილებ, უფრო მეტი სიყვარული სჭირდება. ვხედავთ, ახლა განვითარების გზაზე დგას და ხელის შეშლა არ შეიძლება, ამის უფლება არავის აქვს.

გია სულავა, თბილისის მკვიდრი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სისხლის მსმელების და სისხლის მღვრელების სათავეში მოსვლა! ნაცების რეჟიმის დროს მაიძულეს, ქვეყნიდან წავსულიყავი, თავი გადამერჩინა. მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, ჩემს დღეში ათასობით ადამიანი იყო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დავბრუნდი ასამშობლოში, მაგრამ ახლაც უყურადღებოდ ვარ. არჩევნებზე პასიურობით ხალხმა უპასუხა ხელისუფლებას მათდამი გულგრილობაზე. მართალია, დღევანდელი ხელისუფლებით ბევრი უკმაყოფილო და გაბრაზებულია, მაგრამ ახლა გაბუტვის დრო არ არის, ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენოთ და სასიკეთოდ შევცვალოთ ვითარება საქართველოში. რაც მთავარია, არ დავუშვათ ნაცების რეანიმაცია.

მანანა სალუქვაძე, ფინანსური მენეჯერი: დღევანდელმა ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა სათავეში მოსვლისთანავე. ერთ-ერთი მთავარი კოჰაბიტაცია იყო. იმასაც გეტყვით, რომ ბევრი უგუნური აღმოჩნდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ჭკვიანი, პროფესიონალი ხალხი გვერდზე არ დაიყენეს. ახლა უხდებათ შეცდომების გამოსწორება. მთავარია, ნაცების მოცილება, რის შემდეგაც უნდა დავიწყოთ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი.

გრიგოლ გაგნიძე, ადვოკატი: მეორე ტური მოსალოდნელი იყო. საარჩევნო კამპანია "ქართულმა ოცნებამ" გვიან დაიწყო, ნაკლებად აქტიურობდნენ. ამასთან, ხელისუფლებამ კომუნიკაცია დაკარგა ხალხთან. არჩევნებზე პასიურობით ამომრჩევლის მხრიდან ერთგვარი გაფრთხილება იყო მმართველი ძალისთვის. თუ საზოგადოებას ყურადღებით არ მოეკიდებიან, ადვილი შესაძლებელია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ კიდეც. აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ მთავრობის, პარლამენტის წევრები, გავიდნენ ხალხში. მოსახლეობასთან კომუნიკაცია საკრებულოს წევრებისთვისაც არის სავალდებულო. ნაცრეჟიმთან შედარებით ახლა დამოკრეტიის ხარისხი ამაღლდა, მაგრამ საკმარისი არ არის ხალხისთვის. მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. მეორე ტურში დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში.

ლექსო ბაშარული, მოქალაქე: ნაცები მიშას ხელმძღვანელობით ქვეყნის სათავეში ცხრა წელი იყვნენ და რაც გააკეთეს, ვნახეთ. ხელისუფლებაში მათი ხელახლა მოსვლა როგორ შეიძლება. ახლა ხალხმა უნდა გამოიჩიჩქნოს ყურები, არ უნდა იზარმაცონ და მივიდნენ არჩევნებზე. პასიურობით ქალბატონმა სალომემ უამრავი ხმა დაკარგა. ახლა მსგავსი აღარ უნდა დავუშვათ და ვიაქტიუროთ.

დათო ფაცაცია, პოლიტიკოსი: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსახლეობის პასიურობის გამო გახდა საჭირო. მართალია, ბევრი გახმაურებელი საქმე გამოუძიებელია, სამართლიანობა სრულიად არ აღმდგარა, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება უკან, ბნელეთში დაბრუნება. მჯერა, მეორე ტურში ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს. არაფრით არ უნდა დავუშვათ საქართველოში ფაშიზმის მობრუნება.скачать dle 12.0