დიახ, არჩევნები კი არა დიდგორია ეს, 21-ე საუკუნის ახალი დიდგორი!

მეორე ტური _ ეს არ არის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის ორ კანდიდატს _ ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, მეორე ტური _ ეს არ არის დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის, მეორე ტური _ ეს არ არის შეჯიბრი ამ ორი ძალის მხარდამჭერებს შორის.

მეორე ტურში ასპარეზზე გამოდის ახალი, დამოუკიდებელი მოთამაშე _ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომლის მიზანია – საკუთარი სამშობლოს, საქართველოს, გადარჩენა.

ეს არის ის 2 მილიონამდე ქართველი, რომელიც პირველ ტურში არჩევნებზე არ მივიდა, რითაც თავისი პროტესტი და უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა მთლიანად იმ პოლიტიკური სპექტრისადმი, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს ვერ უპატრონა.
ახლა ქართველი ხალხი თვითონ აპირებს თავის ქვეყანას უპატრონოს და არჩევნების დღეს `ნაცმოძრაობის~ სახით კარზე მომდგარ მტერს და მოძალადეს საკადრისი პასუხი გასცეს.

მეორე ტურის არჩევნების დღე ეს არის ახალი დიდგორი 21-ე საუკუნის საქართველოსთვის, სადაც ერთ მხარეს დგას უახლესი პოლიტტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველაზე უტიფარი და ქვებუდანი მტერი, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰყოლია, მეორე მხარეს კი 2 მილიონი ქართველი, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ თუ დღეს ამ ბრძოლას დათმობს, ამით დათმობს აწმყოსაც და მომავალსაც.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ახალი დიდგორის მოგების შემდეგ აუცილებლად დაიბადება თვისობრივად ახალი საქართველო, რომელიც, ამიერიდან, პოლიტიკური პარტიების ნება-სურვილს კი არ გაჰყვება მორჩილად, არამედ თვითონ გახდება მოვლენათა მთავარი წარმმართველი ძალა.

თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.

"ნაცმოძრაობამაც" თხარა, თხარა და მეორე ტური გამოთხარა, რომელიც მას აუცილებლად გადასანსლავს თავის განაყოფებიანად და ბიძაშვილ-მამიდაშვილებიანად.
მეორე ტური "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ საფლავად იქცევა, საიდანაც ის ვერასოდეს ვერ მოახერხებს წამოდგომას და რეინკარნაციას.
რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?
რა მაძლევს და ის, რომ "ნაცმოძრაობამ" I ტურში მთლიანად ამოწურა ყველა რესურსი, ის მეორე ტურში თითქმის იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს (შეიძლება, უფრო ნაკლებს), რაც პირველ ტურში მიიღო.
ამომრჩეველთა 54%-იდან, რომელიც I ტურში არჩევნებზე არ მივიდა, ერთი პროცენტიც კი არ არის `ნაცმოძრაობის~ მხარდამჭერი.

"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებიდან I ტურში არავინ დარჩენილა სახლში, სახლში დარჩნენ `"ქართულ ოცნებაზე" მიზეზთა და მიზეზთა გამო განაწყენებული "ქართული ოცნების" მხარდამჭეები და ის ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი ჩარევის გარეშეც "ქართული ოცნება" ადვილად დაამარცხებდა "ნაცმოძრაობას".

ამ 54%-ის უმრავლესობა მეორე ტურში აუცილებლად მივა არჩევნებზე, რომ ხმა "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ მისცეს და ამით გამორიცხოს "ნაცმოძრაობის" ბნელი და ფაშისტური რეჟიმის ხელისუფლებაში მობრუნება.
ამ არჩევნებში გამარჯვების მთავარი მოტივი ის არის, რომ კარზე მომდგარი მტერი შევაჩეროთ, ამისთვის კი აუცილებელი პირობაა ხმა სალომე ზურაბიშვილს მივცეთ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს იგი.


მტერი! _ ბევრჯერ ვახსენე ეს სიტყვა ამ წერილში.
_ მტერი კი არა, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან! _ შემომედავებიან, ალბათ.
_ დიახ, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც შეიძლება იყოს მტერი და თან გარედან მოსულ მტერზე უფრო საშიში მტერი.
საქართველოს ისტორია ამ შინაური მტრების, ამ შინაური დამპყრობლების მიერ უამრავჯერ გაუბედურებული ქვეყნის ტრაგიკული ისტორიაა.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ზოგჯერ სულაც არ გამოდგება იმის დამასაბუთებელ დოკუმენტად, რომ ესა თუ ის ვიგინდარა, ქართული გვარ-სახელით, საქართველოს დიდი პატრიოტია.

რამდენიც არ უნდა იფარისევლონ ნაციონალებმა, რამდენიც არ უნდა იდემაგოგონ, ფაქტი სახეზეა: მათ მიერ ჩადენილი საქმეები ეს არის სახელმწიფოს ინტერესების ღალატის გრძელი, ერთმანეთზე გადაბმული ჯაჭვი, ქვეყნის ღია და დაუფარავი მტრობა, ხოლო მათ მიერ ბოლო დროს ჩადენილი დანაშაული _ ქვეყნის პრეზიდენტად თხემით ტერფამდე რუსი პოლიტიკოსის,. რუსეთის ზესაიდუმლო სამსახურების მაღალჩინოსანი თანამშრომლის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა, თავისი ცინიზმით და უტიფრობით ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

ამხანაგი გრიგოლი, რომელიც ზოგჯერ ისეთ სიბრიყვეებს დაახეთქებს, რომ მის ჭკუათმყოფელობაში შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროს, არც მალავს, თუ რა დავალება აქვს მიღებული თავისი პატრონებისგან _ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის პროვოცირება:

_ მე, პრეზიდენტის რანგში, ვინ დამიშლის პოლიტიკურ პროცესებს ჩავუდგე სათავეში და ქუჩაში 50 000, 100 000 ადამიანი გამოვიყვანო? _ აცხადებს ვაშაძე და ვერც კი ხვდება, რომ ეს არ უნდა ეთქვა. 

ასეა თუ ისეა, ცხადზე ცხადია: მტერია ამხანაგი გრიგოლი, მტრის მიერ სააკაშვილის ხელით გამოგზავნილი ბომბია, რომლითაც საქართველოს უპირებენ აფეთქებას.

დიახ, არჩევნები კი არა დიდგორია ეს, 21-ე საუკუნის დასაწყისის ახალი დიდგორი, ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის ისეთივე საბედისწერო და გადამწყვეტი მნიშვნელობის, როგორიც ათი საუკუნის წინანდელი დიდგორი იყო.
ამიტომაც ვამბობ: ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად!!!

ვახტანგ ხარჩილავა
®
P.S. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იმ 600 000 ადამიანიდან, რომლებმაც I ტურში ხმა ვაშაძეს მისცეს, ყველა საქართველოს მტერი და მოღალატეა.

არა, ქვეყნის მტერი და მოღალატე არა, მაგრამ ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიად წოდებული სატანისტური ორგანიზაციის "ნაცმოძრაობის" მიერ მთელი სიმძლავრით ამუშავებული ტვინების გამომრეცხავი მანქანის მსხვერპლია. ისინი, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ტერორის ქვეშ იმყოფებიან და ამ დამთრგუნველი ზემოქმედებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

მათ არ აინტერესებთ რეალური ფაქტები, არ აინტერესებთ სიმართლის დადგენა და გაგება _ ისინი თითქოს ზომბირებულ მდგომარეობაში არიან, შეპყრობილები, მონუსხულები იმ ვირტუალურ-მოდელირებული "რეალობით", რომელშიც ისინი "ნაცმოძრაობამ" ცხვრის ფარასავით შერეკა და კარები გარედან დაუკეტა.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო ამ ადამიანების დაცვა და მათი დახსნა ამ მდგომარეობიდან.
იმედია, არჩევნების II ტურში ქართველი ხალხი დაამთავრებს ამ მარაზმატიკულ-შიზოფრენიული სექტის პარპაშს და ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
ვ.ხ
скачать dle 12.0