"ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის წინაშე მორალური უფლება არა აქვს, ეს არჩევნები წააგოს

გვესაუბრება მწერალი ერეკლე საღლიანი:

_ ბატონო ერეკლე, საზოგადოება მეორე ტურის მოლოდინშია. რა უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს?


_ მეორე ტურს დიდ უბედურებად არ მივიჩნევდი, რომ არა ერთი ფაქტორი: პოლიტიკურ ძალას, რომელმაც საქართველო გააცამტვერა, საშუალება მიეცა ხელისუფლებაში ისევ მობრუნდეს. რასთან გვაქვს საქმე? _ "ქართული ოცნების" არასწორმა მიდგომამ, სტრაგეგიული გეგმის უქონლობამ, უნიათობამ პირდაპირ გაუხსნა გზა "ნაციონალურ მოძრაობას". ნურავინ დაიჯერებს, რომ 600 ათასმა კაცმა "ნაციონალებს" მისცა ხმა. ამ 600-ათასიდან 400-ათასამდე პირი "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებულია, მაგრამ მათ, მინდა ერთი რამ ვუთხრა: როცა გვინდა რამე შევცვალოთ, ეს უკეთესობისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ რამეს ვცვლით და არჩევანი უარესობისკენაა, ამ შემთხვევაში, ქვეყანას ვღუპავთ. გავიხსენოთ, რა მოხდა "ვარდების რევოლუციის" დროს: სამწუხაროდ, ქვეყნის, სამშობლოს სიყვარულს იმდროინდელი ხელისუფლებისადმი სიძულვილმა აჯობა, რამაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა ტერიტორიების დაკარგვამდე, ზნეობის მოშლამდე და ა.შ. ნუღარ გავიმეორებთ ერთიდაიმავე შეცდომას თორემ, ისტორია აღარ გვაპატიებს.

_ "პატრიოტთა ალიანსი" ამ დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას ყოველთვის ითხოვდა. როგორ ფიქრობთ, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენა?

_ პირდაპირ გეტყვით: ქალბატონი ირმა, მოუწოდებს ხელისუფლებას ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, მიეცეს სწორი შეფასება, თუ გასამართლებას არ იმსახურებენ, ესეც საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ფაქტებით ვიმსჯელოთ: რა მოხდა, რა გაკეთდა იმ პერიოდში და ამის მიხედვით მოხდეს შეფასება. რაც შეეხება, ამ კუთხით, ხელისუფლების შეცდომას, შემდეგნაირად გეტყვით: საწყის ეტაპზე, მას სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, რადგან ქვეყანაში არეულობა რომ აგვეცილებინა, ამისათვის გარკვეულ კომპრომისზე წასვლა გახდა საჭირო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. შემდგომ უკვე კოაბიტაცია პირდაპირ ჩახუტებაში გადაიზარდა. ანუ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აწყობს ისეთი სახელგატეხილი ოპოზიცია როგორიც "ნაცმოძრაობაა". არადა, წმენდა თანდათანობით უნდა მომხდარიყო, რაც არ გაკეთდა. ქალბატონი ირმას რეაქციაც აქედან გამომდინარეა.

_ "პატრიოტთა ალიანსმა" შეიმუშავა საგანგებო რეზოლუცია. რას გვეტყვით, მის შინაარსზე?

_ ქვეყნის წინსვლას ყველაზე მეტად ის აბრკოლებს, რომ წარსულის გაანალიზება არ ხდება. მოდით, გავიხსენოთ: რამ გადაარჩინა გერმანელი ერი? _ მათ გააცნობიერეს, რა უბედურების მომტანი იყო ფაშიზმი. ამის გაცნობიერება რომ არ მომხდარიყო, გერმანელი ერი დაიღუპებოდა. შედეგად, სინათლემ სიბნელეზე გაიმარჯვა. სამწუხაროდ, დღეს, რუსეთს ყველაზე მეტად სწორედ ეს უჭირს _ როგორც კი გააცნობიერებს რა დანაშაული ჩაიდინა და დღემდე სჩადის კაცობრიობის წინაშე, მას, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი მომავალი უწერია. თუმცა, პირველ რიგში, ჩემი ქვეყანა, ხალხი მადარდებს. ჩვენ, არაფერს არ დავარქვით თავისი სახელი. ეს გახლავთ ამ რეზოლუციის არსი, სხვა არაფერი. მასში ის კი არ არის წამყვანი, რომ მაინცდამაინც ადამიანები დაისაჯონ, არამედ მათი მოღვაწეობა სამართლიანად შეფასდეს. ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს.

_ ჩვენ თუ ვაცნობიერებთ, რა გვჭირს?

_ სამწუხაროდ, ვერ ვაცნობიერებთ, დღეს, ყველაფერს ამღვრეული გულის კარნახით ვწყვეტთ. მეორეც, პირდაპირ ჩაწერეთ: სანამ საარჩევნო ყუთებთან მივალთ, "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს აღსარება უნდა ჩააბაროს. აი, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში _ ვიმეორებ, მათ ქართველ ხალხს აღსარება უნდა უთხრან თუ არადა, სხვა შემთხვევაში, ქვეყნის ბედს სასწორზე შევაგდებთ.

_ ვაშაძის გაპრეზიდენტდების შემთხვევაში, რა მომავალი გველის?

_ ვაშაძე სააკაშვილის და სხვა ქვეყნიდან გაქვეული დამნაშავეების შეწყალებას გვპირდება. იმ შემთხვევაში თუ "ნაცმოძრაობის" ეს ლიდერები, რომლებიც ახლა სხვადასხვა მხარეს არიან დაფანტულნი, ქვეყანაში შემოვლენ, ეს ახალი არეულობის საფუძველი იქნება. ყველაზე მეტად რაც ჩემს ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე. ამ ხელისუფლებით რაოდენ უკმაყოფილოც არ უნდა ვიყო, მასთან ბრძოლა იმად არ მიღირს, რომ ჩემი ქვეყანა შევწირო. ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის, მაგრამ ისე როგორც ეს მწერალს შეეფერება. პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ აშკარაა, რომ ვაშაძის მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საწინდარი იქმნება, ამის რეალური საშიშროება არის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველი განცხადება, რაც ვაშაძემ გააკეთა იმ პირების შეწყალებაა, ვინც იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს ყველაზე მეტი დანაშაული ჩაიდინა. ღმერთმა იცის, საერთოდ, ადამიანის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ სამართლიანობის მომხრე ვარ. სიმართლე უნდა დადგინდეს. რატომ გაურბიან სიმართლის გამოაშკარავებას? ეს ყველაფერი რიგითი მოქალაქეებისთვის თვალნათელი, ხელშესახები უნდა გახდეს. რატომ წყდება ესა თუ ის საკითხი ყოველთვის კულისებში?!

_ როგორ ფიქრობთ, მთავარი განმაპირობებელი რა არის, რამაც ხალხში ნიჰილიზმი გააჩინა?

_ მოგახსენებთ: ხელისუფლება ხალხს დაშორდა, მან საკუთარი სამეტყველო, სალაპარაკო ენა შექმნა, რომელიც ხალხს არ ესმის. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, თუმცა გამოსწორებადი. შეიძლება არსებული შეცდომები ერთბაშად, ერთ თვეში ვერ გამოასწორონ, მაგრამ იმედია, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ.

_ მეორე ტურის წინ სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ გააქტიურდა, რასაც ვერ ვიტყვით "ქართულ ოცნებაზე".

_ მართალი ბრძანდებით. იცით, ასე რატომ მოხდა? _ ხალხმა უფრო მეტად დაინახა მოსალოდნელი საფრთხე, ვიდრე თავად მმართველმა გუნდმა. დიახ, მოსახლეობამ საფრთხე იგრძნო. ხელისუფლებას ვურჩევდი: ცოტა მეტად მიაყურადონ ხალხის მაჯისცემას, მეტი ურთიერთობა, კონტაქტი იქონიონ ხალხთან. ეს გახლავთ დღევანდელი მმართველი გუნდის ყველაზე დიდი ხარვეზი.

_ რა მოლოდინი გაქვთ მეორე ტურზე?

_ ამის თქმა ცოტა ძნელია, მაგრამ იმედია, ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს.

_ მთავარი ბრალდება რაც "ნაცმოძრაობამ" ხელზე დაიხვია, სალომე ზურაბიშვილის მიერ ომის თემასთან დაკავშირებულ განცხადებას მოჰყვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხზე?

_ ქალბატონი სალომე გამოცდილი პოლიტიკოსია. მან ომის დაწყებაში საქართველო კი არა, არამედ მის პროვოცირებაში სააკაშვილი დაადანაშაულა. ამ თემაზე შემიძლია შემდეგი ვთქვა: ომი რუსეთმა დაიწყო. სხვათა შორის, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთმა ეს ომი 2008 წელს დაიწყო, ძალიან მწარედ ცდება. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ პეტრე I დროიდან მოყოლებული დაიწყო, როდესაც ჩვენი გასაცოდავებული მეფე _ ვახტანგVI გააცუცურაკა. შემდგომ, 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი შეაგულიანეს და პირდაპირ წააქეზეს, რომ თბილისში შემოსულიყო. აი, ეს პროცესი, აქედან მოყოლებული დღემდე გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადებით თქვა, რომ მაშინ პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდითო. ერთი რამ არის: ყოველ სიტყვას დიდი სიფრთხილით უნდა მოკიდება მაშინ, როდესაც იცი, რომ საპირისპირო სიბრტყეზე ისეთი ძალა დგას, რომელიც ყოველ შენს სიტყვაზე ჩასაფრებულია და მზადაა მას თავისებური ბინძური ინტერპრეტაცია მიანიჭოს.

_ "ნაცები" სალომე ზურაბიშვილს პრო-რუსულობაშიც სწამებენ ცილს, თავად კი, პრო-დასავლელეებად გვევლინებიან.

_ ეს უკვე სასაცილოა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპულ პოლიტიკასთან მთელი თავისი მოღვაწეობით არის დაკავშირებული. "ნაციონალური მოძრაობა" კი ყოველი მხრიდან მართული ძალაა.

_ როგორ ფიქრობთ, მაინც საიდან იღებს სათავეს "ნაცმოძრაობა", მისი ფესვები სად არის?

_ მაგას, მე, მეკითხებით, კაცო, მე, მეკითხებით? "ნაციონალებმა" ხონჩით მიართვეს რუსეთს სამაჩაბლო და დალის ხეობა. ხალხი ვინც დალის ხეობას იცავდა, ყველა იქედან გამოყარეს. რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, თუ სად არის "ნაცმოძრაობის" ფესვები, ამ კითხვას როგორ მისვამთ? ხომ ყველაფერი დღესავით ნათელია.

_ თქვენთვის კოდორის მოვლენების შესახებაც ბევრი რამ არის ცნობილი.

_ დიახ, ასეა, "ნაცმოძრაობას" ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მაშინ ვთქვი: კიდევ კარგი, მადლობა უფალს, რომ თავად იმ ბიჭებმა, ვინც საზოგადოება `მონადირეს~ სათავეში ედგნენ, არ გაისროლეს. ბოლობოლო, მათ საქართველოს შუაზე გახლეჩვას, იქედან გაცლა ამჯობინეს. სხვათა შორის, ჩვენ გვახსოვს ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", სადაც ბავშვი შუაში დააყენეს, ძიძა და დედა კი მას თავისკენ ეწევიან. ბოლოს, ბავშვს ძიძამ გაუშვა ხელი, შუაზე ხომ არ გავგლეჯდიო. ანუ, ბავშვი ძიძას უფრო შეეცოდა. კოდორის შემთხვევაშიც ანალოგიური რამ მოხდა, ოღონდ, დედობისას მათ ვერაფერს ვატყობ. იმ მომენტში, მათ საქართველო შუაზე გასაგლეჯად გაიმეტეს, ფაქტობრივად, ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშე დააყენეს. ერთსაც გეტყვით: დღემდე აფხაზეთის აღიარება რომ არ მოხდა იმანაც განაპირობა, რომ აფხაზეთის ტერიტორია ბოლომდე გაწმენდილი არ იყო. ამიტომ, ამ სეპარატისტულ რეჟიმს არავინ აღიარებდა. ახლა, უკვე "ნაცმოძრაობამ" ესეც მოშალა. ღმერთმა დაიფაროს რამე მოხდეს, თორემ, ერთი ხელის გაწვდენაზე არიან. ტერიტორია ბოლომდე გააწმენდინეს სამაჩაბლოშიც და იქაც. რა არის ამაზე იოლი: გამოხვიდე, ლანძღო, აგინო რუსეთი და დაანგრიო საქართველო. ამაზე ადვილი არის რამე?!

_ "ნაცმოძრაობა" მოგვიწოდებს: დავივიწყოთ 9 წლიანი რეჟიმიო, მაგრამ მათ ვინც უშუალოდ საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი, რა პასუხი გავცეთ?

_ იცით რას გეტყვით, ერთი კაცი მაინც მითხარით "ნაცებისგან", ვინც ორი კვირა მაინც წასულიყოს მონასტერში და ცოდვები მოენანიებინოს, განეცადოს ეს უზნეობა, ცუდი საქციელი. რა დავივიწყოთ, რა?! განა მათ ქმედებებს სინანული ახლავს? პირდაპირ სახეში გვიყურებენ და გვაბითურებენ.

_ ხალხს მოკლე ეხსიერება გვაქვს თუ 600 ათასმა ადამიანმა ამ ყველაფრის მიუხედავად მათ მხარი რატომ დაუჭირა?

_ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ბრძოლის ძალა კიდევ შერჩათ. იგი იმდენჯერ მოატყუეს და თვალში ნაცარი შეაყარეს, რომ მას მეტს ნუღარ მოვთხოვთ. მადლობელი არ ვართ არჩევნებზე მაინც რომ მოდიან და საარჩევნო ყუთთან დგებიან? ხალხი, თავისთავად, არ შეიძლება ან ცუდი იყოს ან კარგი. მაგალითად, გოეთეს, შილერის, მოცარტის, ბეთხოვენის და ჰაიდნის ერმა ოსვენციმის ბანაკები შექმნა. როგორ ვიმსჯელოთ ჩვენ გერმანელებზე _ როგორც ცუდზე თუ როგორც კარგზე? პირველ შემთხვევაში, ერის შიგნით, ნათელი ძალა შევიდა, მეორე შემთხვევაში _ ბნელი ძალა. ხალხს ხსნის გზა უნდა უჩვენო, ასევე ასწავლო როგორ იპოვოს თავის თავთან, შენთან მოსასვლელი გზა. ეს გზა არ უნდა გადაუკეტო.

_ ბატონო ერეკლე, მოსახლეობის 56% არჩევნებზე არ მივიდა. მათ რწმენა როგორ დავუბრუნოთ?

_ იმიტომ არ მივიდა, რომ უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. ანუ, ეს ყველაზე საშინელი რამ არის, იცით რატომ? როცა ადამიანი უსიტყვოდ უარგყოფს, ამაზე საშინელი არაფერი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ის შენ აღარ გცნობს. თუ როგორ შემოვაბრუნოთ ეს ხალხი ჩვენსკენ, ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ, მაგრამ მათ მაინცდამაინც დიდ ფიქრს ვერ ვატყობ. მეტსაც გეტყვით, რომ არ მოგატყუოთ: ჩვენი გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსი" და ვახტანგ ხარჩილავას "საერთო გაზეთი" უფრო დარდობს, ნერვიულობს ამ მოვლენებზე, ვიდრე თვითონ მმართველი გუნდი. ჩვენ _ "პატრიოტთა ალიანსი" და "საერთო გაზეთი" უფრო ვიბრძვით სამშობლოს გადარჩენისთვის, ვიდრე "ქართული ოცნება".

_ 25 ნოემბერს "პატრიოტთა ალიანსი" დიდ შეკრებას აპირებს. მიზანი რა არის?

_ იქ, ალბათ, ბევრ რამეს გადაწყვეტენ. ჩვენი მოთხოვნები იქნება ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ერს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0