მე ვიცავ თავისუფლებას!

7 ნოემბერს, სამოქალაქო მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" ინიციატივით მოწყობილ შეკრება-აქციას უამრავი ადამიანი დაესწრო. რუსთაველის თეატრის დარბაზი მოკლე ხანში ისე გადაიჭედა, რომ ხალხი იძულებული გახდა ქუჩაში დალოდებოდა გამომსვლელებს და სავალი ნაწილი გადაეკეტა. აქციის მონაწილეთა შორის იყო მხცოვანი პოეტი რეზო ამაშუკელიც, რომელიც მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, დამიჯერეთ, ახლა ეს ამდენი ხალხი და მათი ხმაური უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩემი ინტერვიუო.

"საერთო გაზეთი" ხსენებული სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს და აქციის სხვა წევრებსაც გაესაუბრა.

ლევან გოგიჩაიშვილი (ყოფილი უფლებადამცველი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი)
: საზოგადოება აქ იმისთვის შეიკრიბა, რომ დაიცვას თავისუფლება, სამწუხაროდ, ისევ დაგვჭირდა ქუჩაში გამოსვლა. `მე ვიცავ თავისუფლებას~ არის წმინდა საზოგადოებრივი მოძრაობა და მეც, როგორც საზოგადოების წევრი ისე ვიმყოფები აქ. თავისუფლება და დემოკრატია ისეთი ღირებულებებია, რომელსაც დაცვა ჭირდება, რადგან ყოველთვის არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ მათ შეზღუდვას. ძალზე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება, რადგან თავისი კონკურენტისგან განსხვავებით, ის სიკეთის მხარეს დგას. სხვათა შორის, ეს არჩევნები ძალიან კარგი იყო იმ სამარცხვინო ადამიანების ბუნების კიდევ ერთხელ გამოსავლენად, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლის წინ რიგში დგანან თავიანთი შეთავაზებებით. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი სერიოზულ შედეგს დადებს, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება იმ ბოროტი ძალებისთვის, რომელსაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა და გრიგოლ ვაშაძე. ახლა მთავარია მობილიზაცია, საზოგადოება უნდა დაირაზმოს. ის ხალხი, რომელიც პირველი ტურის დროს არჩევნებზე არ წავიდა, ახლა აპირებს წასვლას, მათ ძალიან დიდი მადლობა ვუხდი, სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერას რომ აპირებენ. ბუნებრივია, პირველი ტურის შედეგი "ქართული ოცნებისთვის" კარგი გაკვეთილი იყო, შესაბამისად ჩვენ სრულიად რადიკალურად სასიკეთოდ შევცვლით პროცესს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ის სიკეთე, რასაც ჰქვია ქვეყანაში პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების ყოლა.
ირაკლი მეძმარიაშვილი (სამოქალაქო მოძრაობის წევრი, საზოგადოება "თბილისელის" გამგეობის თავმჯდომარე): ძალიან ცუდია, რომ 11 წლის შემდეგ ისევ მოგვიწია ჩვენი თავისუფლებისა და მეობის დაცვა, მაგრამ ასეთია დღევანდელი მოცემულობა და ეს უნდა გავაკეთოთ. ვთვლი, რომ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც დაივლის მთელ საქართველოს, ყველასთან მივა და შეახსენებს, ვისაც დაავიწყდა რა ხდებოდა ნაცრეჟიმის დროს. ექვსი წელი გავიდა, რაც ნაციონალები ხელისუფლების სთავეში აღარ არიან და მე არ მინახავს მათგან ერთი ადამიანი გამოსულიყო და თუნდაც ბოდიში მოეხადა იმ სისასტიკეზე, რაც მათი მმართველობისას იყო გამეფებული ქვეყანაში. პირიქით, ბრალდების რეჟიმში არიან, აქეთ გედავებიან. არადა, ჩვენ რომ ვყოფილიყავით მაგათ ადგილზე, ამდენს ნამდვილად არ გვალაპარაკებდნენ, ციხის საკნებში ვიქნებოდით გამომწყვდეული. თითქმის ყველა ტელევიზია მათ ხელშია და რევოლუციურ რეჟიმში მუშაობენ, ვთვლი, რომ "მე 9 არხი", ინფო 9 არ უნდა დახურულიყო, არც "ჯიდიე"-ზე უნდა გაეუქმებინათ საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური თოქ-შოუები. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ არ იყოს განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზია. მედიასაშუალებების უმეტესობა დღეს როგორც იქცევა, ეს არ არის ნორმალური ქვეყნის მახასიათებელი. რაც შეეხება არჩევნებს, ჩემი აზრით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღეს, რის გამოც ხმები დაკარგა სალომე ზურაბიშვილმა, გასაგებია, რომ გაბრაზებულები არიან ხელისუფლებაზე და სამართლიანადაც არიან გაბრაზებულები, ახლა გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ მისცენ შანსი "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ შეასრულონ დაპირებები. იმ ჯგუფმა, რომელიც ახლა შეიქმნება და დაივლის საქართველოს, როცა საზოგადოებისთვის სასურველი შედეგით დამთავრდება მეორე ტური, აუცილებლად უნდა აკონტროლოს მთავრობა. ხალხის მიერაა დაქირავებული ხელისუფლება და სწორედ მან უნდა აკონტროლოს.

ჯაბა ჯიშკარიანი (ყოფილი უფლებადამცველი, დედაქალაქის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"):
დღევანდელი შეკრების მიზანი საზოგადოების საბოლოო კონსოლიდაციაა, ყველამ ერთად (მათ შორის ხელისუფლებამ), ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა. ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ რეჟიმის ჩასახვიდანვე დაიწყო, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი, მაგრამ იყო ძალზე შეუპოვარი და პრინციპული. შემდეგ მოხდა 7 ნოემბერი, სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე ფართო პროტესტის დღე, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ ერთად ჩამოვხსენით ნიღაბი სააკაშვილს. ჩვენ მოვისმინეთ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედი" არ იყიდება, ჩემს რესურსს ბოლო ცენტამდე გამოვიყენებ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ მოუსავლეთში გასასტუმრებლადო, რაც მას არ აპატია სააკაშვილის ხელისუფლებამ. 11 წლის შემდეგ ვნახეთ ჩანაწერი, როგორ გეგმავდა მაშინდელი ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მოცილებას, როგორ გეგმავდნენ მაღალჩინოსნები ბატონი ბადრის ლიკვიდაციას. რომ არ განმეორდეს 7 ნოემბერი, 26 მაისი, გირგვლიანები, ვაზაგაშვილები, გამცემლიცეები, რობაქიძეები, შავაძეები და სხვა რეჟიმის მიერ განადგურებული ადამიანები, აღარ მოხდეს პატიმრების წამება-გაუპატიურება, ყველა უნდა დავირაზმოთ, გავერთიანდეთ და უარი ვუთხრათ სისხლიან წარსულში დაბრუნებას, რადგან ისევ ჩვენი საომარი გახდება. დღეს შეიძლება საკრებულოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ჩემი ფუნქციები და მოვალეობები მაქვს ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ პირველ რიგში მოქალაქე ვარ, ყოველთვის ძალიან აქტიური მოქალაქე ვიყავი და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოში ამაზრზენი ძალების პარპაშს, არ დავუშვებთ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების დაკარგვას. არჩევნებამდე დავივლით მთელ საქართველოს, ქუდზე კაცს გამოვიყვანთ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ძალიან კულტურული, დემოკრატიის ამრჩევი ერი, რომელიც უარს ეუბნება წარსულს, ხალხის მჩაგვრელ რეჟიმებს, რომელიც იყო ფაშიზმის მანიაკალური გამოვლინება. სააკაშვილის ენა სიძულვილის ენაა, ხომ მოვისმინეთ, როგორ მოიხსენიებდა "კაგებეშნიკ" ბიძამისთან ერთად ქართველ ერს. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ავირჩიეთ სიყვარულის ენა, მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, რასაც არაფრით დავთმობთ და არაფერზე გავცვლით.

გიორგი იაკობაშვილი (ინტერნეტგამოცემა "ფორ-გეს" დირექტორი, ჟურნალისტი): ჟურნალისტებიც ვცოდავთ იმ მხრივ, რომ არ ხდება მეტი ახალი სახის წარმოჩინება საზოგადოებისთვის, რაც ძალზე საჭიროა. ვიღაც-ვიღაცებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, არა აუცილებლად ცნობადი სახეები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელზეც გადადის ამ ქვეყნის მომავალი. ზოგი ჭირი კი არა, ლამის ყველა ჭირი მარგებელია, შექმნილ ვითარებაში, როცა ნაცმოძრაობას რაღაც იმედი გაუჩნდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება, აქაც არის დადებითი მომენტი, "ქართულმა ოცნებამ", იმ ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ქვეყნის ბედი აბარიათ, ყურები გამოიჩხრიკონ, მოუსმინონ იმ ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ მოხდებოდა ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. სხვათა შორის, არ არსებობს დედამიწის ზურგზე მთავრობა, რომელსაც შემოძახებაა არ ჭირდებოდეს, ეს ქვეყნისთვისაა აუცილებელი. ისე გამოვიდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ 1 ოქტომბერს დაამთავრა ბრძოლა და დაელოდა დადებით შედეგს. სახელმწიფოს მშენებლობა, მითუმეტეს ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც 200 წლის განმავლობაში კოლონია იყო, მათ შორის, 70 წელი ბოლშევიკური რეჟიმის ნაწილი, ხოლო შემდეგ სამოქალაქო ომები და სააკაშვილის სისხლიანი ხელისუფლება, ასეთი სახელმწიფო 1–2 დღეში და თუნდაც ხუთ წელიწადში ფეხზე ვერ დადგება, საერთოდაც ვერ დადგება თუ არ იქნება საზოგადოებრივი აქტივობა, თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს არ არის უბრალოდ ხმამაღალი სიტყვები. ჩვენ ველოდებით, რომ ვიღაც რაღაცას გააკეთებს, ერთმანეთის იმედზე ვართ, ამან მოიტანა ის შედეგი, რომ თუნდაც ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი არ წავიდა არჩევნებზე, სხვები მაინც მიდიანო და დღეს თავში ხელს ირტყამს. ამ სავალალო შედეგიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს როგორც მმართველმა ძალამ, ისე თითოეულმა მოქალაქემ, გასაგებია, რომ არჩევნების დროს ის ამომრჩეველია, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოქალაქეა და ვალდებულებები გააჩნია. მედიასაშუალებებზე ვსაუბრობდით, მე იმას არ ვამბობ, რომ "ქართული ოცნების" აპოლოგეტები იყვნენ, იმის აპოლოგეტები იყვნენ, ვინც ამას იმსახურებს, ეს არის ჩვენი სამშობლო თავისი ისტორიით, ერი და თუნდაც ჩვენი ხვალინდელი დღე, რომელიც კარგი ლამაზი მინდა იყოს. ჟურნალისტებისგან მე უბრალოდ იმას ვითხოვ, რომ შავზე შავიაო თქვან და თეთრზე თეთრი, ნუ აპიარებენ და ნუ ქმნიან ცნობად სახეებად იმ პერსონებს, რომლებსაც ქვეყნისთვის კი არა, საკუთარი ახლობლებისთვის არ გაუკეთებიათ არაფერი. მაგალითად მე, ერთად აღებულ ამ "ცნობად" სახეებს საქართველოსთვის დაღუპული ერთი უცნობი ჯარისკაცი მირჩევნია.

დინა მირცხულავა (ინფო 9-ის ყოფილი ჟურნალისტი): ყველაზე მეტად ვიყავი მოვლენების ეპიცენტრში, ამიტომ გული მტკივა, რომ 2018 წელს ისევ ნაციონალებთან ბრძოლა გვიწევს. ეს ჩემი თაობის ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას ბოლოჯერ უნდა მივცეთ შანსი. უხეშად გამომდის, მაგრამ არჩევნების შედეგი კარგი ალიყური იყო ხელისუფლებისთვის იმდენად დაშორდნენ ხალხს, ძალიან შორს არიან რეალობისგან. ბიძინა ივანიშვილმა სწორად ბრძანა, რომ უნდა დაბრუნდნენ ძველი გვარდიელები, რომლებიც ახლა უბრალოდ ფეისბუქში ვაჩხაკუნებთ, არსად გვაქვს რაიმეს კეთების უფლება, იმიტომ, რომ ყველანაირად ჩაჩოჩებული ვართ. დღევანდელი შედეგი იმან მოიტანა, რომ "ქართულ ოცნებას" იდეოლოგები კი არა, მხოლოდ ტაშის დამკვრელები ყავდა დაშვებულ შეცდომებზეც კი. მოყვარეს პირში უძრახო, ეს დავწერე კიდეც, როდესაც ჩვენს რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი) "ქართულმა ოცნებამ~" ყველაზე ცუდი შედეგი დადო. ნაციონალებს მცხეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ მოუგიათ, იმდენად ოპოზიციურად განწყობილი რაიონი იყო, დღეს კი მათმა კანდიდატმა დაახლოებით 1600 ხმით (ზუსტი ციფრი არ ვიცი) მოუგო სალომე ზურაბიშვილს. ვფიქრობ, კარგი რაღაც მოხდა, რომ ხელისუფლების გასააქტიურებლად. ჩემს თაობას ვურჩევდი, რომ არ ჭირდება ეს 30-წლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსები, თუმცა ახალგაზრდობა არც რეაგირებს მათზე და არც ცოცხებისა და "დუბინკების" ეშინია. ჩენს თაობას რეალური საქმე და კომუნიკაცია ჭირდება თავისივე არჩეულ ხელისუფლებასთან და დეპუტატთან. მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს "ქართულ ოცნებას" მცხეთაში პულსი რომ არ ესინჯება, ჩემი აზრით, ამაში დიდი "წვლილი" მიუძღვის მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს. მე არ ვიცი ეს მიზანმიმართულად მოხდა თუ უნებლიედ, მაგრამ ვითარებამ აჩვენა, რომ ბატონი ხუნდაძე ნამდვილად არ არის "ქართული ოცნების" კადრი.скачать dle 12.0