დღეს და გუშინ

ნაციონალური ხელისუფლების არჩევნების გზით ქვეყნის სადავეებიდან მოშორების შემდეგ, საზოგადოებამ ნახა ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულობების ამსახველი ვიდეო-მასალა (რასაც თავად მწამებლები იწერდნენ), რაც პირდაპირ ამხელდა ნაცხელისუფლების ფაშისტური რეჟიმს, მაგრამ ხელისუფლებამ, რომლითაც ნაცები ხალხმა ჩაანაცვლა და რომელსაც ენდო, ეს ფირები „გაანადგურა“, ყოველშემთხვევაში ასე განაცხადეს.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ევროპისაკენ მომზირალი ხელისუფლება, მოიქცა „აფრიკულად“, კრიმინალს ხელი დააფარა! ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის გარიჟრაჟზე და ამით გაცხადდა ხელისუფლება შემდეგ რა ნაბიჯს გადადგამდა და ეს ნაბიჯი იყო – კოჰაბიტაცია. საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც დღემდე მხარს უჭერს ხელისუფლებას, კოჰაბიტაციას და კრიმინალზე ხელის დაფარებას, არ და ვერ შეეგუა, რაც „ვერ გაიგო“ ხელისუფლებამ, იმ ფონზე, როცა მისი წინამორბედი ხელისუფლების პირობებში, ნაცების მომხრეები, კრიმინალის არსებობის მიუხედავად, ნაცების მომხრეებად დარჩნენ. ამიტომ, როცა დღეს, მკვლელის დაკავების მოტივით, ზაზა სარალიძემ კარვები გაშალა თბილისის ცენტრში, ხელისუფლება, ამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, დაიბნა. ეს ყველაფერი კი გამოიწვია, იმან, რომ როცა კანონის აღსრულების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა, შვილმკვდარმა მამამ და მისმა მომხრეებმა ნაციონალური მოძრაობიდან (ნაცებისაგან ვითომ გამოყოფილმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა) შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციას და ამაზე სათანადო რეაგირება ხელისუფლებას არ მოუხდენია. ეს გამოიწვია იმან, რომ როცა ზაზა სარალიძემ აგინა, აფურთხა და თავი გაუტეხა პოლიციელს, ხელისუფლებამ ესეც „გადაყლაპა“. ამიტომ მივიღეთ დღეს კარვები ქალაქის ცენტრში. ეს იმ დროს, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ხორავას ქუცაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე და როცა დაკავებულია ყველა, ვისაც კი ოდნავ შემხებლობა ჰქონდა ამ ფაქტთან.

სარალიძე ამბობს, რომ მას უნდა მკვლელის დაკავება და მან იცის ვინ არის ეს, მაგრამ არც სარალიძე და არც მისი მომხრეები, „გამომძიებლები“ კააა და ზვიად კუპრავა მკვლელის ვინაობას, რომელიც თურმე „გამოძიებით“ დაადგინეს, არ ასახელებენ. მაშ, რატომ დგას ქუჩაში სარალიძე და სანაცეთი? რატომ შლიან კარვებს? სრულიად საქართველო ციხეში რომ ჩასვან? რას ითხოვენ? და, აი, აქაც, როცა ხელისგულზე დევს ყველაფერი, ხელისუფლება უძლურია შეაჩეროს პროცესები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მკვლელობაში დამნაშავის დაკავებას, ნამდვილად არ ეხება. საოცარია, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ კონკრეტულ საქმეში, ამ ხელისუფლების მომხრეებიც აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, ისე, რომ არავინ აქცევს დეტალებს ყურადღებას.

აქციის დროს სარალიძის დედას გული რომ შეუწუხდა, სიმართლის მაძიებლებმა გამოაცხადეს, პოლიციამ სცემაო, ამ დროს სარალიძის დედა აცხადებს, რომ მას გული შეუწუხდა და თავად დაეცა. მაგრამ ეს არაფერია, ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მთავარია ითქვა რომ ხელისუფლება შვილმკვდარ მამას დედა გაულახეს. რაც ეხება კარვების გაშლას, რაზედაც ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ თურმე კანონში აკრძალვა არ არსებობს. თბილისის მერიის ოფიციალური წერილიდან ირკვევა, რომ სარალიძისათვის არავის აუკრძალავს პროტესტის გამოხატვა, მას შესთავაზეს მოახლოებული ახალი წელი რომ არ ჩაეშხამოთ თბილისელებს, კარავი სხვაგან, სადაც თავად მოისურვებდა იქ გაეშალა. თუ სამართალზე და სამართლიანობაზე საუბრობს სარალიძე, წესით სასამართლოს წინ უნდა გაშალოს კარავი, იქ, სადაც საქმე განიხილება. მაგრამ არა, სარალიძეს იქ უნდა სადაც უნდა და სულ არ აინტერესებს, ახალ წელს, ბავშვები ნაძვის ხის ზეიმზე თუ მივლენ. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? არაფერს! რას გააკეთებდა სააკაშვილი? ყველაფერს. განა 26 მაისის აღლუმი სისხლით მორწყულ რუსთაველზე არ ჩაატარა?

რა ხდებოდა "გუშინ", ნაცმოძრაობის დროს. გავიხსენოთ 2009 წლის თუნდაც ერთი თვის, აპრილის, ამბები.

2009 წლის 9 აპრილს მოჰყვა შემდეგი დღეები: 10 აპრილს მოძრაობის – „რატომ?“ – წევრებს: ირაკლი ხუხუნეიშვილს, ლაშა კოპალიანს, ოთარ ჭელიძეს, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეს ნიღბიანები მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ელექტროშოკით იყვნენ შეიარაღებული და მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს ირაკლი ხუხუნეიშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

10 აპრილს ავლაბრის მეტროსთან დავით ახალაძეს ნიღბიანმა პირებმა მანქანა დაუმტვრიეს და მანქანაში მჯდომ ერთ-ერთ მგზავრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
10 აპრილს შარაშიძის ქუჩა N 24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ პარლამენტარ ბაკურ გულუას კუთვნილ ავტომანქანას მინები ჩაუმსხვრიეს. ყოფილი დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
12 აპრილს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა ხელკეტებით აღჭურვილი 50-მდე პირი. დაიწყეს ჩხუბი, დაამტვრიეს აპარატურა და მოშალეს სცენა.
12 აპრილს "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს"~ სამ წევრს სცემეს.
70 წლის მომიტინგეს თავდამსხმელებმა თავი გაუტეხეს და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აღმოუჩინა.
13 აპრილს "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წევრებზე თავდასხმა მოხდა. სცემეს გოჩა თევზაძეს, ლაშა კუჭავასა და ლევან კოტეტიშვილს, ასევე ტაქსის მძღოლ თემურ ბუნტურს. დაზარალებულებს საკვები მიჰქონდათ მომიტინგეებისთვის. ისინი პეკინის ქუჩიდან მიემართებოდნენ რუსთაველის გამზირისკენ. ტაქსიში ჩასხდომის დროს მათ თავს დაესხა 10-მდე პიროვნება და სცემეს.
ტაქსის მძღოლის განმარტებით, თავდამსხმელები იყვნენ “ BMW”-ს მარკის ავტომობილით, რომლის სერიაა LAS433. თავდამსხმელებმა დაამტვრიეს ტაქსი.
13 აპრილს ორგანიზაციის "ალიანსი – საქართველოსთვის"~ – სამგორის რაიონის ახალგაზრდული შტაბის უფროსს შმაგი გელბახიანს სასტიკად სცემეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
14 აპრილს ავლაბრის მეტროსთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სცემა ჰამლეტ გულორდავას, რომელიც აქციიდან სახლში მიდიოდა. თავდამსხმელი "მერსედესის" მარკის "ჯიპიდან" გადმოვიდა.
14 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა – გიორგი ონიანი და მამუკა გირგვლიანი დაჭრეს.
15 აპრილს ძმები იოსებ, ოთარ და ზურაბ მანჯავიძე ნიღბიანმა და ხელკეტებით შეიარაღებულმა პირებმა, (დაახლოებით 8–9 კაცი) ხელკეტებით შეამტვრიეს მანქანის წინა მინა და მანჯავიძეები სასტიკად ცემეს.

ზვიად ლიჩელისა და ვახტანგ ივანიშვილის განმარტებით, ისინი იმყოფებოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციაზე. დაახლოებით 24 საათზე მათ დატოვეს აქცია. საკვების საყიდლად წასულებმა შენიშნეს თეთრი ფერის “ნივა”, რომელიც მათ სიახლოვეს საეჭვოდ მოძრაობდა. ზვიად ლიჩელმა და ვახტანგ ივანიშვილმა გადაწყვიტეს უკან, აქციაზე დაბრუნება. ამ დროს ავტომანქანიდან უცნობმა პირმა დაუძახა: – “ერთი წუთით, ბიჭებო”… ამის შემდეგ მათ წინ გადაუდგათ “მერსედესის” მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ხელკეტებით შეიარაღებული ოთხი უცნობი პირი. შემთხვევის ადგილზე ოთხი ავტომანქანა იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა ზვიად ლიჩელსა და ვახტანგ ივანიშვილს სცემეს.

15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს ახსნა-განმარტება მისცა საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა გოჩა სახლთხუციშვილმა. მისი განმარტებით, 15 აპრილს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე მას თავს დაესხა 3–4 ადამიანი, რომელთაც გადმოაგდეს სახლთხუციშვილი მანქანიდან და სცემეს.

15 აპრილს ხალხის პარტიის, თავისუფლების პარტიისა და გაერთიანების – “ალიანსი საქართველოსთვის” – სამ წევრს: გიზო სართანიას, ჰამლეტ გულორდავასა და მალხაზ ჩარკვიანს სცემეს. შემთხვევა ავლაბრის მეტროსთან მოხდა. მიტინგის მონაწილეები მანქანაში ჩასხდომას აპირებდნენ. მათ თავს დაესხნენ “მერსედესისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანებით და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი განმარტებით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.

15 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ყოფილი პარლამენტარი, “ახალი მემარჯვენეების” წევრი დავით უჯმაჯურიძე გაიტაცეს. მას პირზე “სკოჩი” ააკრეს და სცემეს, წაიყვანეს ქალაქგარეთ და საგურამოში დააგდეს, ხოლო მისი ცეცხლწაკიდებული მანქანა ვაშლიჯვარში გადააგდეს.
16 აპრილს შალვა სადაღაშვილსაც დაესხნენ თავს. მისი განმარტებით, იგი “ეროვნული ფორუმის” წევრია და 16 აპრილს, გამთენისას, მორიგეობდა აქციაზე. ნიღბიანმა მამაკაცებმა სადაღაშვილი გადმოიყვანეს მანქანიდან და ხელკეტებით სცემეს.

16 აპრილს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა ის პიროვნება ამოიცნეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იგი სისხლის სამართლის სამძებროს რუსთავის სამსახურის უფროსი იყო, თუმცა პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ წარმოუდგენია. სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და რაზმაძე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გაიყვანეს, რაც იგი გაილახა.
18 აპრილს ინციდენტი მოხდა ქუთაისის მახლობლად. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები: მალხაზ ბალაძე, თეიმურაზ მდივანი, ჯონი ტერეიშვილი და გელა დათუნიშვილი თბილისიდან ბათუმში ბრუნდებოდნენ. თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანთან ისინი ოთხმა ავტომანქანამ ალყაში მოაქცია. 15-ოდე ნიღბიანმა მათ მანქანის ტყეში შეყვანა მოსთხოვა, თუმცა, ოპოზიციის აქტივისტებმა მოასწრეს საპატრულო პოლიციის გამოძახება.

25 აპრილს თბილისში, ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩების კუთხეში, განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, რომლის მოვალეობაა, გააკონტროლოს, პოლიციელები იცავენ თუ არა კანონსა და პოლიციის ეთიკის კოდექსს, თავად „ნადირობდა“ თანამშრომლებთან ერთად პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე. მოქალაქე თენგიზ ბერიძეს ესროლეს ე.წ. „კისტის“ თოფი, ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე მომიტინგეებისთვის წყლით სავსე პარკების სროლით „ერთობოდა“. თუმცა 2008 წლიდან იგი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

ეს არის ერთი საპროტესტო აქციის მოკლე ქრონოლოგია, მსგავსი არა ერთი აქციის შედეგების გახსენება შეიძლება. არაფერს ვიტყვით, 26 მაისის, 7 ნოემბრის დარბევებსა და უკანონობაზე, ამ თემებზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

"ნაცმოძრაობა" არბევდა თავის ამომრჩეველს, მაშინ, როცა ხედავდა, რომ ამომრჩეველი არ ეგუება უკანონობას, უსამართლობას, კორუფციას, ჩინოსანთა ჩადენილ ყველა იმ დანაშაულს, რასაც ზიანი მოაქვს ხალხისთვის, "ნაცმოძრაობა" საპროტესტო განწყობის ჩასახშობად მიდიოდა ყველა სახის დანაშაულზე, მათ შორის, ისეთზეც, რასაც უმძიმესი დანაშაული – სიცოცხლის მოსპობა ქვია.

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0