საქართველოს მთავრობის ისტორიული გადაწყვეტილება - 600 000 მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადება

"დღეს მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამისი ნათელი დასტურია იუნისეფის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადჰყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე.

ეს პრობლემა წლების მანძილზე ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც, პრაქტიკულად, მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას.

ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.
ამაზე ვსაუბრობდი მეც, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.
მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა.

მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.
ამ 600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ.

ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას.

ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა."

"საერთო გაზეთის" კომენტარი:

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმდებით და 600 000 ადამიანის საბანკო დავალიანების დაფარვა თავის თავზე აიღო.

ბანკების მიერ წლების განმავლობაში შავ სიაში ჩაკეტილი და მძევლებად აყვანილი ყველა მიმართულებით გზამოჭრილი 600 000 ადამიანი, ამიერიდან, თავისუფალია და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.

რა უნდა იყოს ამაზე უფრო სასიხარულო ამბავი ქვეყნის ცხოვრებაში _ საქმე ხომ ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს ეხება და თუ მთლად წყალწაღებული ნაძირალა არ ხარ, ეს ამბავი, ცხადია, უნდა გიხაროდეს, მაგრამ ის, რაც მთელი ერისთვის მართლაც საზეიმო მოვლენაა, "ნაცმოძრაობისთვის" გლოვისა და მწუხარების საგნად იქცა.

"ნაცმოძრაობა" შოკშია და დამბლადაცემულივით ლუღლუღებს: არ დაიჯეროთ, ივანიშვილი გატყუებთო.

"ნაცმოძრაობას" მისი სატელიტი რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაცია აჰყვა და განგაში ატეხა: ყველაფერი ეს ამომრჩეველთა მოსყიდვას ჰგავსო.
არა, ძვირფასო ასო-ებო, ეს არ არის მოსყიდვა _ მოსყიდვის კლასიკური მაგალითი ის იყო აგერ, სულ ახლახან, "ნაცმოძრაობა" ხელშეკრულებებს რომ აფორმებდა მოსახლეობასთან და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვალების დაფარვას, სახლების გამოსყიდვას და სახლების აშენებას რომ ჰპირდებოდა.
ასო-ებს მაშინ ხმა არ ამოუღიათ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, სინამდვილეში ვისი ასო-ები არიან ეს სინდისგარეცხილები.

_ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მოგვპარა ეს იდეა. გუშინ თუ გუშინწინ რომ დავაანონსეთ, ის იდეა მოგვპარაო, _ წიკვინებენ ნაციონალები.
გუშინ და გუშინწინ კი არა ნახევარი წლის წინათ დაიწყო ამ თემაზე საუბარი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საბანკო სექტორში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ნახევარი წლის წინათ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ისაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც პირდაპირ განაცხადა: არ შეიძლება ამის მოთმენა, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანაო.

თუმცა არის ერთი გარემოება, რაზეც ამომრჩეველი განსაკუთრებით ვაშაძის, ანუ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.
გამორიცხულია ეს ამბავი, მაგრამ, ვთქვათ და, რომ გაპრეზიდენტდეს ვაშაძე, ის ამ მილიარდნახევრის გადამხდელი რომ არ არის, ხომ ფაქტია, მისი შეფიც, სააკაშვილიც, როგორც თვითონ ამბობს, ჯიბექესატადაა, თუმცა, არაუშავსო, ირწმუნება მიშა _ თქვენ გრიშა აირჩიეთ პრეზიდენტად, მერე მე ჩამოვალ და იმ მილიარდნახევარს სასწრაფოდ მოვატანინებ ივანიშვილს და ვალებსაც გაგინულებთო.

არ გეგონოთ, ვხუმრობდეთ, სიტყვასიტყვით ასე თქვა სააკაშვილმა ამ ორიოდე დღის წინათ.
არა, არ იქნება ამ კაცის გამოსწორება _ ხომ ხედავთ, ისევ წართმევაზე, დაყაჩაღებაზე, წაგლეჯაზე უჭირავს თვალი.

კი, მაგრამ, ყაჩაღი და ბანდიტი რაში გვჭირდება ივანიშვილთან `შუამავლად~, როცა ეს ადამიანი თავისი ნება-სურვილით და თავისი ინიციატივით აპირებს თანამემამულეებისთვის ხელის გამართვას, როგორც ეს ათასჯერ გაუკეთებიათ მანამდეც.

რაც შეეხება ბანკებს, რაკი ყინული დაიძრა და საბანკო სექტორში რეფორმები დაიწყო, ეს პროცესი მხოლოდ შავი სიების გაუქმებით და მოქალაქეთა ნაწილისთვის ვალების ჩამოწერით არ დამთავრდება.

"საერთო გაზეთი"
скачать dle 12.0