ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუხაზა "ნაცბანდას"!

ალბათ, სულ რაღაც ორი-სამი თვის წინ ბიძინა ივანიშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამდენი ბრძოლა დასჭირდებოდა, ამდენი ხარჯის გაღება მოუხდებოდა და მეტიც, ნოემბრის შუა რიცხვებში ტელე "იმედის" ეთერში ისევ მოუწევდა ბოდიშნარევი მტკიცება, რომ ხალხი სამართლიანად არის გაბრაზებული. გრძნობადობა არ იყო პარტიაში, მთავარი გუნდი მოსწყდა ხალხსო. იქამდე მიმიყვანეს, რომ მეც კი გამამწარეს და გამომიყვანეს მწყობრიდან, მკაცრი საუბრები მქონდა, წინასაარჩევნო კვლევებიც კი ვერ ჩაატარეს ხეირიანად, რა ცდომილებაც იყო, თავად ნახეთო. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ვერ წარმოიდგენდა, თუ მეორე ტურის წინა დღეებში თეონა გეგელიას და ნიკა ლალიაშვილის წინაშე მოუწევდა თავის მართლება. არადა, ამ კაცს არაფერი აქვს საბოდიშო და თავის გასასამართლებელი, ამდენი სიკეთე ქვეყნისთვის არავის გაუკეთებია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმადურები, როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი.

ბიძინა ივანიშვილის ახალი იდეა: აღარ არის ყალბი გუნდურობის დრო, მხოლოდ ერთგულებაზე ორიენტირება არ არის სამართლიანი. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ პროფესიონალები. იმედია, პროფესიონალები მხოლოდ "ნაციონალები" არ აღმოჩნდებიან.

ივანიშვილის აზრით, ძალიან ცუდია, რომ დღეს ბრძოლა ისევ მიდის თეთრსა და შავს შორის. "ოცნებას" არ ჰყავს ღირსეული ოპონენტი, "ნაცმოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა. სწორედ ამიტომ დაიწყო რღვევის პროცესი "ქართულ ოცნებაში". დიახ, მმართველმა ძალამ უნდა შეძლოს, რომ სიცრუის მძევლად არ დატოვოს მოსახლეობა, ანუ "რუსთავი 2"-ის მძევლად. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნათლად და ჯანსაღად აფასებს მოვლენებს, ეს კი იძლევა იმის იმედს, რომ მეორე ტურის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება.

რაც შეეხება 600 ათასი ვალჩამოწერილის ხსენების დღეს, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებას, მისი აზრით, ხალხს უნდა შევუმსუბუქოთ ყოფა. ეს პროცესი გაგრძელდება ადგილობრივი მმართველობების დონეზე. ესეც მართალია, ხალხზე ზრუნვა არ უნდა იყოს ერთჯერადი. დაქირავებული ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივად აქტიურ რეჟიმში. ბიძინა ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ პარტია და მთავრობა იზრუნებს ხალხზე, ერთ წელიწადში, უფრო ადრე, მე ყველაფერს გავაკეთებ იმას, რაც შესაძლებელია.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც თვითონ ამბობს, შეხვედრა ჰქონია საარჩევნო შტაბების უფროსებთან და უთქვამს, ან იმუშავეთ განსაკუთრებულ რეჟიმში, ან დატოვეთ თანამდებობებიო. მოგეხსენებათ, შტაბების ხელმძღვანელებად არჩევნების წინ ავტომატურად გახდნენ რაიონების მერები. სხვათა შორის, უკვე არის კულუარული ინფორმაცია, რომ მეორე ტურის შემდეგ მერების უმეტესობა დაემშვიდობება თანამდებობას, შესაბამისად, "ბორჯომისა" და ყავის სმას, აღარაფერს ვამბობ "ნაშებსა" და რესტორნებზე.

ბიძინა ივანიშვილს არ შეცვლია აზრი "ნაცმოძრაობაზე". ამ დესტრუქციულ ძალას ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები საერთაშორისო არენაზე. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც იცის, ვინ არიან ესენი. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ძალა ისევ შემობრუნდეს, ასე დავაბნევთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ესენი ვერ მობრუნდებიან, ამის პირობას გაძლევთ, უბრალოდ ამათი მოქმედება აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას. თუმცა, ნიკა ლალიაშვილის შენიშვნის თანახმად, ყველაფერი მზადაა რევოლუციისთვის. ივანიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობას" კი აქვს მზად რევოლუციური სცენარი, მაგრამ არ გააჩნია რესურსი, 8 ათას კაცზე მეტის გამოყვანა არ შეუძლიათ. საზოგადოებამ კარგად შეაფასა მოვლენები, როგორ მოვახერხეთ, რომ ამხელა ნდობა აქამდე მივიყვანეთ? ხალხი ნაწყენია, მაგრამ არა გაბრაზებული. ზუსტი შეფასებაა, ხალხი ნაწყენია და არა გაბრაზებული. დასკვნა, რევოლუციის "მამებს" აქვთ სურვილი, მაგრამ არ აქვთ რესურსი და დასავლეთის მხარდაჭერა.

ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბნებზე, ნუ დავსხდებით სახლში. ყველამ ვიცით, ვინ არიან ესენი და რას წარმოადგენენ. რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა? აქ თვალშისაცემია ისიც, რომ ეს კაცი უფრო თვითკრიტიკულია, ვიდრე ოდესმე:
„ჩართულობა გუნდის წევრებისა იყო ძალიან დაბალი. იგივე ხდებოდა ზუსტად რეგიონებშიც. სანამ მეორე ტური დადგებოდა, პირველი ტურის შემდგომ უფრო სწორად, მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა ყველა მუნიციპალიტეტთან, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეები, შტაბების უფროსების, სამწუხაროდ რასაც ვხედავდი, იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, რაც იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთერთობა, უფრო სწორად, არ იყო კარგი, ისეთივე დამოკიდებულება იკვეთება ბევრ რეგიონში. პრობლემაა მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის ურთიერთობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ის პრობლემები, რომლებიც უხვადა გვაქვს ჩვენ და უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს, მხარი მხარს შეუდგან და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემის დაძლევა, დაეხმარონ ერთმანეთს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ხალხს ის გაჭირვება, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ამას არც ვმალავდით, დღესაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც გვაქვს. ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ჩვენ ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე მაქსიმალური გრძნობადობა უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, რომ ეს მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ყოფა შეუმსუბუქოს".

როგორც ხედავთ, ივანიშვილს გაცილებით ადრე სცოდნია იმ პრობლემების შესახებ, რამაც მეორე ტურამდე მიგვიყვანა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, ალბათ სხვანაირად "ქართული ოცნება" ვერც გამოცოცხლდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს კრახით დაასრულებდა. ეს იქნებოდა მოულოდნელი კატასტროფა ქვეყნისთვის. იგივე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმაც — ზოგი ჭირი მარგებელია:

"აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამას მრავალგვარი მიზეზები აქვს, მე ყველას არ ჩამოვთვლი. ერთ-ერთზე გეტყვით, რომ გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი, თვითდაჯერებულობა ემატება, ერთ-ერთზე გავაკეთებდი მე მახვილს, რომ ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუგინდ ის, რომ პირველ ტურში შედეგებს, რასაც ველოდებოდით და რაც თქვენს კითხვაშიც ჩანს, მე ვიყავი ჩართული რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ ძველ გუნდზე და ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით. იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებია თ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება, ეს იყო სირცხვილი. ის, რასაც ელოდნენ, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს მწყობრიდან, ეს იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ და არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ქვია, დამეთანხმებით. ძირითადზე ვსაუბრობ მე. მე კარგად დავინახე, ვხედავდი, ზოგი ჭირია მარგებელია, მე ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი და ყველაზე სასიამოვნო რაცაა, დავინახეთ რომ თურმე საზოგადოება აფასებს, როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია".

აი, ეს გახლდათ ძირითადი შინაარსი ამ ინტერვიუსი. რაღა დაგიმალოთ და… მე პირადად კმაყოფილი დავრჩი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუხაზა "ნაცბანდელებს". პრინციპში, ამას მოხაზვა კი არა, "მოყომარება" უფრო ჰქვია. ისე, ვერც იმას დაგიმალავთ, რომ ბატონმა ბიძინამ საკუთარ გუნდსაც კარგა გვარიანად მოუხაზა. ეს კი, გამოგიტყდებით და უფრო სასიამოვნო იყო...

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0