რა დასკვნები გამოიტანა მსოფლიომ ასი წლის წინათ დაშვებული შეცდომებიდან?

საუკუნე გავიდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან, ანუ იმ ომიდან, რომელიც ისტორიკოსებმა ერთ-ერთ უდიდეს სისხლისმღვრელ ომად აღიარეს. ამ ომმა 18 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, იმ დროს `ისპანკად~ წოდებული გრიპიც მძვინვარებდა, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საომარმა მოქმედებებმა თავისი გააკეთა. 1918 წლის 11 ნიოემბერს, დილის 5 საათზე, პარიზის შემოგარეში, კამპენსკის ტყეში, მატარებლის მარშალ პოშის ვაგონში ანტანტის წარმომადგენლებმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე. დილის 11 საათიდან კი შეწყდა საომარი მოქმედებები. აღნიშნული ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ გერმანიის დელეგაციისთვის დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინათ. უნდა გავიხსენოთ 1940 წელი, როდესაც პირსისხლიანმა ჰიტლერმა სწორედ ამ ვაგონში მოაწერინა ხელი ფრანგებს კაპიტულაციაზე, რის შემდეგაც ის დაწვეს. თუმცა ფრანგებმა ისტორიული ვაგონი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღადგინეს. გამარჯვებულმა მხარემ ანტანტამ გერმანიას მკაცრი რეგულაციები დაუწესა. თუმცა ისტორიკოსების მტკიცებით, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული არ ყოფილა.

ადამიანური მსხვერპლის გარდა, ომმა სხვა უმძიმესი შედეგებიც მოუტანა სამყაროს. კერძოდ, დაინგრა ოთხი დიდი იმპერია _ ოსმალეთის, ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და გერმანიის. მსოფლიოში დაისადგურა ეკონომიკურმა კრიზისმა, რუსეთში მოხდა ერთბაშად ორი რევოლუცია (გადატრიალება), რომლებმაც თავისი უარყოფითი როლი ითამაშეს სამყაროში. ისტორიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ სწორედ ომში დამარცხებამ შეუწყო ხელი გერმანიაში ფაშიზმის აღორძინებას.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავად პარიზში პომპეზური ღონისძიება გაიმართა. საფრანგეთის დედაქალაქში 70-მდე ქვეყნის პირველი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. ღონისძიება 11 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. თავდაპირველად პარიზს ორი დღით ადრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ეწვია, რომელმაც ყვავილებით შეამკო ბრიტანელი ჯარისკაცების საძმო საფლავი. თუმცა ძირითად ღონისძბემაზე არ დარჩა. რატომ, უცნობია.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დღეს, 11 ნოემბერს დილით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიიც კანცლერმა ანგელა მერკელმა კამპენსკის ტყეში დადგეს მემორიალური დაფა, ისტორიულ ვაგონში ისაუბრეს და მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზეიმო ცერემონია მართლაც პომპეზური და სანახაობრივადაც ლამაზი იყო. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მაკრონისთვის საუკუნის ღონისძიება იყო, მან შეძლო დაპირისპირებული ქვეყნების თუნდაც ერთი დღით შეკრება. მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამომსვლელი პოლიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

მიუხედავად საუკეთესოდ გამართული საზეიმო ცერემონიისა, მაკრონს გულში ხინჯი მაინც დარჩა _ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჯერად აშკარად ცივად შეხვდა, ხელიც არ ჩამოართვა, რაც შეუმჩენეველი არ დარჩათ ექსპერტებს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მაკრონის იდეა ევროკავშირში შეიქმნას დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემა, ტრამპმა შეურაცხყოფად მიიღო. მით უფრო, მაკრონმა განაცხადა, ევროკავშირს დამოუკიდებელი სამხედრო შენაერთი რუსეთის, ჩინეთის და აშშ-სგან თავდაცვისთვის სჭირდებაო. ტრამპმა უკმაყოფილება ჯერ კიდევ პარიზში გამგზავრებამდე აშკარად გამოთქვა სოციალურ ქსელებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპას დასახელებული ქვეყნებიდან არავინ შეუტევს, მაკრონმა ტრამპს ამით პასუხი გასცა ნატოს საწევრო გადასახადის გაზრდაზეო. როგორ დასრულდება ტრამპის და მაკრონის დაპირისპირება, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია.

პარიზში საზეიმო ღონისძიებას პოლიტოლოგები განსაკუთრებულად ელოდნენ. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაანონსებული იყო, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ერთმანეთს პირისპირ შეხვდებოდნენ დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. თუმცა საზეიმო ცერემონიამდე ემანუელ მაკრონმა მხარეებს სთხოვა, მათი შეხვედრა პარიზში არ გამართულიყო, რათა ამას საზოგადოების ყურადღება ძირითადი ღონისძიებიდან სხვა თემაზე არ გადაეტანა. მასპინძელ მხარეს პროტოკოლის შეცვლაც მოუხდა _ ელისეის სასახლეში საზეიმო სადილზე ტრამპი და პუტინი არა გვერდიგვერდ, არამედ პირისპირ დასვეს. ასეთ პირობებში პირისპირ საუბარი შეუძლებელი იყო. თუმცა სადილის შემდეგ სასახლე ყველაზე ბოლოს, საკმაოდ მოგვიანებით, ტრამპმა და პუტინმა დატოვეს. ჟურნალისტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მათ ისაუბრეს. მათი ვარაუდი დაადასტურა პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რა თემაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა. ცნობილი გახდა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა თვის ბოლოს არგენტინაში, `დიდი ოცეულის~ სამიტზე გაიმართება. არგენტინის პრესის ინფორმაციით, ტრამპმა ორგანიზატორებს სთხოვა, მისი არგენტინაში ვიზიტი ერთი დღით შეემცირებინა თ. პუტინი-ტრამპის პირისპირ შეხვედრა არგენტინაში კვლავ სათუო გახდა. მართალია თუ არ არგენტინული პრესის ინფორმაცია, უცნობია. თუმცა მიმომხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ორივე პრეზიდენტის მოქმედების წინასწარ გათვლა შეუძლებელია.

პოლიტოლოგები ვარაუდობდნენ, რომ გასულ კვირას აშშ-ში გამართული არჩევნები ტრამპისთვის ერთგვარი რეფერენდუმიც იქნებოდა. რესპუბლიკური პარტია ცდილობდა პროვინციული ქალაქების ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოეპოვებინა, დემოკრატები სხვადასხვა ელექტორატზე მუშაობდნენ. არჩევნები დასრულდა, მაგრამ ვინ გაიმარჯვა, ტრამპმა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად თუ დემოკრატებმა, გაურკვეველია. ექსპერტები მიიჩნევენ, ანგარიში საყაიმოაო. დონალდ ტრამპს სენატში უმრავლესობა აქვს, კონგრესში კი დემოკრატებმა მოიპოვეს უპირატესობა. ექსპერტების განცხადებით, ძალთა ასეთი გადანაწილებით დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებენ, რადგან კონგრესის გადაწყვეტილებას სენატი დაბლოკავს. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებაში ტრამპს კონგრესი შეუშლის ხელს, რადგან ეს უწყება კურირებს საგარეო პოლიტიკას.

მრავალი ათწლეულის მანძილზე აშშ-ში რომ მწვავე პერიოდია, ამას თავად ამერიკელი პოლიტოლოგებიც ადასტურებენ. იმასაც ამბობენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 1860 წლის არჩევნებს დაემსგავსოს (იმ წლებში მოხდა აშშ-ში სამოქალაქო დაპირისპირება). ექსპერტები შიშობენ, რომ საზოგადოების დაყოფამ, შესაძლოა, ამერიკაში ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ასევე აღნიშნავენ, რომ დღეს აშშ-ში `ცივი სამოქალაქო ომი~ უკვე მიმდინარეობს. ტრამპი დანებებას არ აპირებს. არჩევნების შემდეგ მან უკვე შეცვალა მთავარი პროკურორი. ამასთან, უკვე დააანონსა, რომ მეორე ვადითაც აპირებს პრეზიდენტობას, რისთვისაც უკვე დაიწყო ფინანსების მოძიება.

ახალი კონგრესი, რომელიც მუშაობას იანვრიდან შეუდგება, მრავალფეროვანია. იმის გარდა, საკანონმდებლო ორგანოში რომ ბევრი ქალია, არიან მუსულმანები, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებიც. არჩევნების დროს მოხდა კურიოზული შემთხვევა _ ერთ-ერთ შტატში გაიმარჯვა პირმა, რომელიც არჩევნებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. ფლორიდასა და ჯორჯიის შტატებში გუბერნატორების გამოსავლენად ხმების ხელახალი დათვლა მიმდინარეობს. რას მოუტანს აშშ-სა და სამყაროს იქ არსებული ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობა, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება.
გერმანიაში გასულ კვირას გამოააშკარავეს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეთა რადიკალური დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურ მკვლელობებს გეგმავდა. დაწვრილებით საქმის დეტალები გერმანულ პრესას ჯერ არ გაუშუქებია.

პოლიტიკური ვითარება ბუნდოვანი რჩება არა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში, არამედ მსოფლიოში. გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსების საუკუნის წინანდელ შეცდომებს დღევანდელები და ააცილებენ თუ არა სამყაროს კატასტროფას, საკითხავია. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე გაიმეორეს საუკუნის წინანდელი შეცდომები. როგორც ჩანს, ისტორია მართლაც მეორდება.

გია ბურდული
скачать dle 12.0