ერთი ურემი ხმა რომ მქონდეს, ვაშაძეს ერთს არ ვუწილადებდი...

შორიდან დავიწყებ:
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისის პირველი საპროტესტო აქციის მონაწილე ვარ.
მას მერე მიტინგები თითქმის არ გამიცდენია.


აქვე ვიტყვი: ცუდია, რომ ლუსტრაციის კანონი არა გვაქვს მიღებული. უფრო ცუდია და სირცხვილიც, თუ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გაბედა!

9 აპრილის შემდეგ ყველაზე სამარცხვინო და ქვეყნისთვის გამანადგურებელი რბევა, ალბათ, 2007 წლის 7 ნოემბრის დღე იყო.
დილით ტელევიზორი ჩავრთე…

სასწაულები მესმის, საშინელებები ხდება…

არ მახსოვს, რით და როგორ მივედი.
ქაშუეთის წინ ვდგავარ და კიდევ არ მჯერა, რაც ხდება…
გაშეშებული ვარ ჩემი ასაკისა და ჭაღარის იმედად…
უცებ დავინახე, სამი ნიღბოსანი მორბის ჩემკენ…

შევბრუნდი, ვიკადრე გაქცევა… ერთი და ორი ხელჯოხი კი არა, გვარიანად მომხვდა ბეჭებში, მარჯვენა ხელი საფეთქელზე ავიფარე და… თითქოს მაჯა წამაცალეს, ერთბაშად მარცხენა მუხლი ბეტონს დავკარი, ეკლესიის შიგნით შევგორდი. რომელიღაც მღვდელმა მტაცა ხელი, წამომაყენა, გრძელ სკამზე დამსვა… სამ-ოთხ წუთში მტევანი გამიშავდა, დამისივდა… ხელისგული გადმომიბრუნეს, სისხლიანი მაქვს, დამსხვრეული ძვალი ლურსმანივით მაქვს ამოსული… უცნობი ქალბატონი ცხვირსახოცით თუ თხელი კაშნეთი მწმენდს სისხლს და მიხვევს…

კარგა ხნის მერე წამოვედი. მშრალ ხიდთან, მშობლიურ "ცისკარში" ავედი. თანამშრომლები შემომეხვივნენ. დასამშვიდებელ წამლებს მასმევენ, საავადმყოფოში წაყვანა უნდათ. უარს ვამბობ. ერთადერთ სიტყვას ვიძახი _ უარესი მხვდება! რატომო? _ უკვირთ. თავს ძალად ვიბრუნებ: აბა, ამათგან სხვა რას ველოდი?!. მე ხომ ესენი (ნაციონალები) არც მაშინ მიყვარდა, როცა ხელისუფლებაში არ იყვნენ. რა ნაგვებიც იყვნენ, მაშინაც ვიცოდი! _ ლამის ვყვირი.

ტაქსი გამოიძახეს. სახლში გამიშვეს.

თითქმის ორი თვე მკლავი ბინტით მეკიდა მკერდზე.

26 მაისის ღამეს ვინც იქ იყო, ეხსომება, შეღამებულზე, 9–10 საათისთვის საშინელი თავსხმა წვიმა მოვიდა. თავი ვერსად შევაფარე. საშინლად დავსველდი. გადავწყვიტე, უფროს ძმასთან ავსულიყავი ავლაბარში, წელს ზემოთ მაინც გამომეცვალა. იქნებ გაციებას გადავურჩე, _ ვფიქრობ. ამ დროს ჩემი უმცროსი, თხუთმეტი წლის ბიჭი მირეკავს, მიტინგზე ხარო? ხო-მეთქი. ახლავე მოდი სახლშიო.მაშინვე გადავწყვიტე შინ წასვლა. დიდი დიღმის ბოლო "მარშრუტკას" მივუსწარი. სახლში რომ მივედი, უკვე კინო "რუსთაველიდან" გამოჰყავდათ თავგახეთქილი, ნიკაპებდალეწილი, გაფითრებული და დათრგუნული ადამიანები…

გადავურჩი!.. _ რომელს გადავურჩი, ცემას თუ სიკვდილს, ახლაც არ ვიცი.
ბევრს უთქვამს და მეც გავიმეორებ.

იმ ტრაგიკულ 9 აპრილს რუს ჯარისკაცებს გასაქცევი გზა მაინც არ ჩაუხერგავთ… ქართველმა (!) "ნაციონალებმა" კი ქართველები პირუტყვებივით სასაკლაოზე შერეკეს და გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს.

ნაცებს სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეთ, არც უნდა ფიქრობდნენ უკან მობრუნებაზე!


ახლა იმას ვიტყვი, ქალბატონ სალომესთვის წინა ტურში ხმა რომ არ მიმიცია!
მიუხედავად იმისა, ბატონ ჯანრის კარგად ვიცნობდი, "ცისკრის" ხშირი ავტორიც იყო. ვახლობლობდით. სტუმრადაც ვყოფილვართ მათ ოჯახში, კარგი ფრანგული ღვინო და ყავაც დამილევია… თუმცა მე ჩემს უახლოეს მეგობარს და გულმართალ ქართველ კაცს _ ბატონ თემურ შაშიაშვილს მივეცი ხმა.

ახლახან ქალბატონმა სალომემ ბრძანა _ დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორისო!
ვეთანხმები.

მხარს ვუჭერ!

მის მოწინააღმდეგეს, ბატონ ვაშაძეს, ერთი ურემი ხმა რომ მქონდეს, ერთს არ ვუწილადებდი. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ვპირდები, ათ-თხუთმეტ ხმას ოჯახში და საახლობლო-სანათესაოში მაინც მოვიპოვებ მის სასარგებლოდ!

ზაურ კალანდია
P.S.
წინა კვირას ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში ვიყავი. ორი-სამი "ბრძოლა" გადავიხადე; ვიფიქრეთ, ვიკამათეთ… დავრწმუნდი, მეგრელები საღად აზროვნებენ და ფიქრობენ და 28 ნოემბერს სწორ და გონივრულ არჩევანს გააკეთებენ.
ზ.კ.
скачать dle 12.0