ყველა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ამით ჩვენი შვილების მომავალს ვუჭერთ მხარს

"საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს, ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, თუ არ გვინდა 2004–2012 წლების რეალობაში დაბრუნება", აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს, რადგან არ გვინდა იმ წარსულში დაბრუნება, სადაც არბევდნენ ჟურნალისტებს, ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს. ჩვენ ეს გადმოცემით ხომ არ ვიცით, საკუთარი თვალით ვნახეთ. ამიტომ ნურავინ შემეკამათება, რატომ ლაპარაკობ ნაციონალების მმართველობის ცხრა წელზეო, თუმცა ახლა უკვე 15 წელზე ვლაპარაკობ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, არაერთ ფაქტზე გვქონდა მწვავე პოზიცია და მომავალშიც გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვართ, ჩვენს ქვეყანას არ ვუდგავართ ოპოზიციაში, არ ვართ სახელმწიფოს მტრები. პოლიტიკური ეგოიზმის, რაღაც ამბიციების გამო ვერ ვიტყვით, არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო. ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ბოღმა-შურიანობა, სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკოსებს ზოგჯერ გაუკეთებიათ არჩევანი არა ქვეყნის, არამედ საკუთარი პარტიების სასარგებლოდ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, რადგან ეს არის საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი შვილების მომავლის მხარდაჭერა. მინდა ქალბატონმა სალომემ კარგად გააცნობიეროს და დარწმუნებული ვარ გააცნობიერებს, რომ მას ახლა მხოლოდ "ქართული ოცნება" კი არა, ქართველი ხალხი ირჩევს, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, და გაამარჯვებინებს კიდეც. ქალბატონი სალომე მომავალში სწორედ ამ ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული, იმედი მაქვს, პრეზიდენტი რომ გახდება, სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებს ქართველ ხალხს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ხალხი კარგად აცნობიერებს შექმნილ ვითარებაში რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს. პირველ ტურში პრაქტიკულად არ მიგვიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ჩვენმა მხარდამჭერებმა ან გადახაზეს ყველა კანდიდატურა, ანდა არ მივიდნენ არჩევნებზე. ამომრჩეველთა იმ 53%-ში, ვინც არჩევნებზე არ მივიდა, ჩვენი მხარდამჭერების დიდი წილი იყო. ახლა მათ მოვუწოდებთ იაქტიურონ, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, თუ არ გვინდა ჩვენი შვილების მომავალი საფრთხის წინაშე დავაყენოთ. 

სააკაშვილი, ბოკერია, ვაშაძეები, ბაქრაძეები და ა.შ. არც მალავენ, რომ მათ ინტერესში შედის გარკვეული პროვოკაციების აგორება, ვფიქრობ, უფრო არჩევნების შემდეგ ვარაუდობენ ამის ორგანიზებას. ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ, რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ საზოგადოება აშკარად შუაზეა გაყოფილი, მიდის ფარული დაპირისპირება, ფაქტობრივად ფარული ომი. ძალიან დიდია რადიკალიზაცია საზოგადოების სხვა და სხვა ჯგუფებს შორის, რასაც აღრმავებს ის ამორალური საქციელი, როცა მწამებელი, მკვლელი, ქართული მიწების გამჩუქებელ-გამყიდველი და სხვა არაერთი დანაშაულის ჩამდენი, სალომე ზურაბიშვილს ეძახის მოღალატეს. ამის ჩამდენები და ის ხალხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გონორით რომ გვესაუბრებიან, მათი ხმა არ გამიგია, როცა ხელ-ფეხი დაგვამტვრიეს 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე. ვინც ვერ მოგვკლეს, დაგვაზიანეს, თითქმის ყველას ჯანმრთელობა აქვს შერყეული. 50.000-ზე მეტმა მოწმემ სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ვაშაძე, რომ ამბობს გაპრეზიდენტების შემთხვევაში შევიწყალებ ამ დამნაშავეებს და გავათავისუფლებო, ესენი გარეთ რომ გამოვლენ და იქ დახვდება ეს 50.000-ზე მეტი მოწმე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება. ამიტომ მინდა საღი გონებით, მშვიდად გავაკეთოთ მეორე ტურში არჩევანი. ვერავის ვერ შეაშინებს ვაშაძე, ვერც სააკაშვილი, ეს უკანასკნელი ამსტერდამში დარჩება, სანამ არ ჩამოვიყვანთ და "მატროსოვზე" არ მივაბრძანებთ. 

ამ "შავ" საარჩევნო კამპანიაში, ნაცმოძრაობის მთავარი თემა, რასაც თავიანთი რუსი პიარსპეციალისტების დახმარებით ავითარებდნენ, აგვისტოს ომის თემა იყო. დღემდე აქტუალურია სამხედროების დაპირისპირების მცდელობის საკითხი სალომე ზურაბიშვილთან. ჩემი აზრით, ეს მარტო ქალბატონ სალომესთან კი არა, სახელმწიფოსთან დაპირისპირების მცდელობაა. მინდა ქართველ სამხედროებს მივმართო, ჰააგის ტრიბუნალი რიგით ჯარისკაცებსა და ოფიცრებს არ ემუქრება, ის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ემუქრება, რომლებმაც მთელი რიგი კანონები დაარღვიეს ომის პირობებში. პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ემუქრება ჰააგის ტრიბუნალი. აგვისტოს ომის კონტექსტში მთელი კამპანია მიდიოდა მოღალატის თემაზე აპელირებით, ჯერ ერთი, სიტყვა მოღალატეს ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, თანაც ვინ ლაპარაკობდა ღალატზე? სააკაშვილი, ბოკერიები, ვაშაძე და მთელი მათი გუნდი ის ხალხია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს, სხვაზე რომ აღარაფერს ვთქვათ, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მიატოვეს კონფლიქტის ზონაში, პატრიარქი რომ არ ჩასულიყო და არ გამოესვენებინა, იმ სიცხეში ბუზი ჭამდა და ნადგურდებოდა. მე აფხაზეთის ომის დროს 22 წლის ვიყავი, ყველას ახსოვს ვინც იქ მნახა, ხელით თუ ზურგზე მოკიდებული რომ გამომყავდა დაჭრილები და გარდაცვლილები, წინა ხაზზე არცერთი არ დამიტოვებია. მე ჩამოვასვენე დაღუპული ჟურნალისტები თბილისში. ამათ მთელმა გენერალიტეტმა, სააკაშვილებმა, კეზერაშვილებმა, ბაქრაძეებმა ასე დატოვეს ქართველი ჯარისკაცები ტრიალ მინდორზე. პატრიარქი ტიროდა, ჯარისკაცებისადმი, ჩვენი თანამემამულეებისადმი ასეთ დამოკიდებულების შემხედვარე. ჩვენი მიზანი ხომ ის არის, შვილი ისე აღზარდო, სამშობლოს სამსახურში იყოს და თუ საჭირო გახდა, თავი შესწიროს. მე იმიტომაც მოვუწოდებ ქართველ ხალხს მხარი არ დაუჭირონ ნაციონალებს, რადგან ჩვენ შვილებს, რომლებსაც სამშობლოს დასაცავად ქართულ ჯარში გავუშვებთ, ასე გაწირავენ და მიატოვებენ ბრძოლის ველზე. ნაციონალებზე დიდი მოღალატე ვინ არის, როცა კოდორის ხეობა, სადაც არავითარი საომარი მოქმედებები არ ყოფილა, მარტო კი არ ჩააბარეს, სამარცხვინოდ გაყიდეს, იქ კონკრეტული გარიგება მოხდა. კიდევ ერთხელ ვითხოვ მთავარი პროკურორისგან, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი სიმამაცე, ნუ მიაქცევს ყურადღებას აბსურდულ მოსაზრებებს, ამერიკელები რას იტყვიან, ბრიუსელი რას იტყვისო. ვერავინ ვერაფერს იტყვის, როცა დავადასტურებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა 2008 წლის ომის დროს. 

ამ ომის თემა რომ არ გამოვიძიეთ, იმიტომაცაა ნაციონალები სხვებს რომ დასძახიან მოღალატეებს. ესენი მოღალატეობაზე როგორ უნდა ლაპარაკობდნენ, მე საქართველოს უახლეს ისტორიაში ამათზე დიდი მოღალატე არ მეგულება. 

"პატრიოტთა ალიანსის" ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის შეფასებას, იყო თუ არა ის რეჟიმი, 300.000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. თუ რეჟიმი იყო, მაშინ დაგვიჭიროს მხარი "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციამ. ეს ხალხი 25 ნოემბერს, დღის სამ საათზე თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით. არამარტო ამ რეზოლუციის მხარდამჭერები, არამედ ყველა, ვინც სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდება. 23 ნოემბერს, ბათუმში, ამავე დროს ერას მოედანზე შევიკრიბები თ. ჩვენ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ამერიკას, ბრიუსელს, სტრასბურგს, სადაც კარგად თამაშობენ ეს ბატონები, გრიგოლ ვაშაძე და დანარჩენი ამხანაგები, საერთოდ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ რამდენნი ვართ, ვისაც არ გვინდა წარსულში, სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმში დაბრუნება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი ვიყოთ. ველოდებით უამრავ ადამიანს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დააბრუნებს საქართველოს სააკაშვილ-ბოკერიების რეალობაში. კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია, საზოგადო მოღვაწე თუ რიგითი მოქალაქე, ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი, უფლება არ გვაქვს, მიზეზთა გამო არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. ყველა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ამით ჩვენი შვილების მომავალს ვუჭერთ მხარს. ვაშაძის გამარჯვება ნაციონალების მობრუნებას ნიშნავს, რომლებიც ყველას სახლთან მივლენ, ყველას აწამებენ, გაასმაგებული ძალებით გააძრობენ ტყავს ჩვენს ერს. თუ მმართველმა პარტიამ რაიმე დააშავა, ამ არჩევნების მერე მოვთხოვოთ პასუხი. გპირდებით, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც "ქართულ ოცნებას" არაფერს არ აპატიებს.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0