ჰააგის სასამართლოს საერთოდ არ აინტერესებს, თუ ვინ დაიწყო ომი. ის მხოლოდ ომის დროს ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულს იძიებს

,,საერთო გაზეთის” სტუმარია ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე.

- ბატონო ამირან, მოგეხსენებათ,,, ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი წინა საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილის ერთ გამონათქვამზე ააგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების საკითხს შეეხება. ნაცმოძრაობა საქმეს ისე წარმოაჩენს თითქოსდა ზურაბიშვილის ამ განცხადების გამო ჰააგის სასამართლოში საქართველომ შეიძლება წააგოს პროცესი და ქართველი სამხედროები და სხვა პირები დაექვემდებარონ, ასე ვთქვათ, მძიმე სანქციებს. რას იტყვით ამაზე?

– ახლა მოგახსენებთ რასთან გვაქვს საქმე – ჰააგის სასამართლო განიხილავს ომის დანაშაულებს და არა იმას თუ ვინ დაიწყო ომი. ეს ერთი, მეორეც, მე ვერ ვიპოვე და ვერც ვერავინ წარმომიდგინა სალომე ზურაბიშვლის განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგრამ დღეს, მეტ აქცენტს აკეთებენ არა ამაზე, არამედ ცხინვალის დაბომბვაზე, რომ ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი. სხვათა შორის, მსგავსი განცხადებები უამრავ ქართველ პოლიტიკოსს აქვს გაკეთებული და ამის გამო ქვეყანა არ დაუნგრევიათ. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის ძირითადი ოპონენტი გაცილებით მწვავე შინაარსის განცხადებებს აკეთებდა, ვიდრე ზურაბიშვილი, დიახ, ის აცხადებდა, რომ რუსეთი არაფერ შუაშია და ა.შ.და ა.შ. ბოლო დროს მისი ახალი ინტერვიუც გავრცელდა, რომელსაც არავინ უარყოფს, უბრალოდ, მათ უნდათ დაგვიმტკიცონ, რომ ზურაბიშვილის განცხადებას იყენებენ ჰააგაში და სხვის განცხადებებს კი არ იყენებენ. აი, აქ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვაშაძის ინტერვიუ, რომელიც ახლახან გავრცელდა, მაშინ იქნა ჩაწერილი როცა ვაშაძე საქართველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი კი ექსმინისტრი. აი, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამაზე ისინი არაფერს ამბობენ, ესეც ორმაგი სტანდარტი წინასაარჩევნოდ და სხვა არაფერი.

ახლა საუბრობენ იმაზე სალომე ზურაბიშვილი, რომ გახდება პრეზიდენტი შესაძლოა მან იგივე განცხადება გააკეთოს და სახელმწიფო მეთაურის რანგში მისი განცხადებები უფრო დამაზიანებელი იქნებაო და ხომ შეიძლება იგივე განცხადება გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთოს? ამაზე არავინ სვამს კითხვას. მე ასეთ რამეებზე ცოტა უხეშად ვიტყვი – არ ვბოლდები. და აქ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რაც მან ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი თუ არა. ძმათა სასაფლაო პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის, ამაზეც ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ რატომღაც ჩვენს პოლიტიკოსებს ეს არ ესმით.

ახლა რაც შეეხება ცხინვალის დაბომბვის თემას და ამის გამო, მისი განცხადების გამო ზურაბიშვილისთვის მოღალატის იარლიყის ჩამოკიდებას. მოღალატე რას ნიშნავს? იმას რომ მას უნდა ჰქონდეს ჩადენილი ღალატი. ღალატი არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც უნდა დაადგინოს სასამართლომ, ისევე როგორც მკვლელობა, ქურდობა, ძალადობა და ა. შ. სასამართლოს განჩინების შემდეგ შეიძლება უკვე, რომ კონკრეტულ პირს, დამნაშავეს ვუწოდოთ მკვლელი, მოღალატე, მოძალადე და ა. შ. ანუ ჩვენ აქაც ვარღვევთ ყველანაირ სტანდარტს და ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დასავლურ ღირებულებებზე და ყველა დამნაშავის მიმართ მკვლელი იქნება თუ მოძალადე იცავენ უდანაშაულობის პრეზუმციას, რატომღაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ეს სტანდარტი მთლიანად დაირღვა, რასაც ასევე არ ვეთანხმები. ხაზს ვუსვამ, მე არ ვიზიარებ არც მის განცხადებას, ასევე არც იმას რა დევნაც მოუწყვეს მას და მის ოჯახს.

და თუ მოღალატეა და ღალატს ჰქონდა ადგილი, მაშინ უჩივლონ სასამართლოში, ან მიმართონ პროკურატურას, რატომ არ აკეთებენ ამას? დიახ, რატომ არ უჩივიან? უჩივლოს პოლიტიკურმა პარტიამ ან ფიზიკურმა პირმა, აქამდეც უნდა ეჩივლათ, მაგრამ ღალატს ვერ დაამტკიცებენ, და გეტყვით რატომ.
გარდა ტალიავინის კომისიისა, რომელზეც ყველა საუბრობს 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელ რეზოლუციასაც საქართველოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, რაც ვთვლი, რომ შეცდომა იყო. 
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, ალბათ ერთმა პროცენტმა თუ იცის რაზე გვაქვს საუბარი და რაზე გვაქვს ხელი მოწერილი საერთოდ. აი, სწორედ ეს რეზოლუცია იქნება ის, რაც შესაძლოა ჩვენ წინ დაგვიდონ ძალიან ცუდად, იგივე სტრასბურგის სასამართლოში, სადაც სასამართლო განხილვები ფაქტობრივად, დასრლებულია და, რა თქმა უნდა, მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილების მიღებისასაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ რეზოლუციამ, თუმცა ჰააგის სასამართლო იხილავს კონკრეტულად ცალკეული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშაულებებს და არა იმას თუ ვინ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს იქ არავის აინტერესებს, ისევე როგორც ის ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი თუ არა.

ჩვენ დავბომბეთ, რუსებმა თუ უცხოპლანეტელებმა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო თუ დამტკიცდა, რომ ჩვენმა ქმედებებმა, კონკრეტული პირების ქმედებებმა გამოიწვია გენოციდი, ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს და სხვა მძიმე დანაშაულებებს, რასაც მთლიანობაში ომის დანაშაულებს ვეძახით, მაშინ რა თქმა უნდა, ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

- რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვის და რა შეიძლება დაემუქროს ამ გამოძიებით?

– ჩვენ სამხედროებს გენოციდი არავისთვის მოუწყია. ომის დანაშაულები ჩვენი სამხედროების მხრიდან არ იკვეთება, ახლა თუ ტანკით გადაადგილება და არტილერიის ან სხვა სამხედრო ტექნიკის გამოყენებას ვიგულისხმებთ ეს ომის დანაშაულებად არ ითვლება. ომის დანაშაულებში არის კონკრეტული ჩამონათვალი და ჩვენ ასეთ ფაქტებს არ ვიცნობთ და ვერც დაგვიმტკიცებენ. აი, ჩვენი სამხედროებისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დანაშაულები კი არის ჩადენილი, მათ შორის მძიმე ფაქტები, დაწყებული ეთნიკური წმენდიდან, დამთავრებული ჩვენი სამხედროებისა და მოქალაქეების წამების ფაქტებით. და არსებობს ამის ვიდეო მასალა. შესაბამისად იმის საფრთხეს, რომ ჩვენ სამხედროებს იქ რაიმე დაემუქროს, მე ვერ ვხედავ. 

რაც შეეხება თავად ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას და პროცესს: აქ ორი ვარიანტია, პირველი: უარი ვთქვათ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, რაც არაგონივრულია, ჩვენ იქ ჩვენ უფლებებს ვერ დავიცავთ და დარჩება ერთი მხარე — რუსეთის და სამხრეთ ოსეთის, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ, თუ არადა უნდა გავიწვიოთ ის ხელმოწერაც და საერთოდ შევწყვიტოთ რომის სტატუტის ფარგლებში თანამშრომლობა. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. შესაბამისად რჩება მეორე ვარიანტი, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა ბოლომდე სანამ პროცესები არ დასრულდება. და თუ ვთანამშრომლობთ, სასამართლო წარმოუდგენელია ორივე მხარის გამოკითხვის გარეშე ხომ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პროცესზე პროკურორებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევთ მონაწილეობა ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის რომ იქ სიმართლე დავამტკიცოთ. ჩვენ ანალოგიურად უკვე ვიმოქმედეთ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უამრავი ჩვენი მოაქალაქე იყო ჩასული. ამით არაფერი დანგრეულა და არც გაუგია მოსახელეობას რამდენი ასეული მოწმე იქნა იქ ჩაყვანილი და ალბათ, სამხედროებიც. რატომღაც ვფიქრობ, რომ ჰააგის თემა ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოიყენება.

დამაინც, რაც შეეხება სამხედროების საკითხს. მე სპეციალურად გავაკეთე ეს შესავალი იმისთვის, რომ ვინც წაიკითხავს მოქმედი თუ თადარიგში მყოფი სამხედრო კარგად გაერკვიოს ამ ყველაფერში და გაიგოს, რომ არავითარი საფრთხე მათ არ ემუქრებათ. სახელმწიფო დაიცავს, როგორც მომქმედ, ისე თადარიგში მყოფ სამხედროს და არა მარტო მათ – მოქალაქეებს. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ და თუ ეს ასე არ მოხდება, მე ვიქნები პირველი, ვინც ხმას ამოიღებს. მე აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ და კარგი იქნება თუ მეორე ტურის დარჩენილ პერიოდს მშვიდად ჩავატარებთ. 

ქეთი ხომერიკი
скачать dle 12.0