ახლაც ის ხდება, რაც აფხაზეთსა და ქვემო ქართლში უკვე მოხდა - რუსეთი "ნაცმოძრაობის" და ვაშაძის ხელით საქართველოს დაპყრობას ცდილობს, ოღონდ ტანკების გარეშე, არჩევნების გზით

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტ.პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

_ ქალბატონო ნანა, არჩევნებზე დამდგარი შედეგის მიხედვით, რა მესიჯი გაუგზავნა ხალხმა ხელისუფლებას?

_ ეს გახლდათ ხალხის რისხვა ხელისუფლების მიმართ. არადა, თავისუფალი საქართველოს პერიოდში ასეთი დიდი ნდობა, რაც "ნაცების" შეცვლის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ჰქონდა, სხვა არ მახსენდება. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სახელმწიფო გუნდმა არჩევნების დროსაც კი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხმები დაეცვა, რაც ქართველმა ხალხმა მათ მისცა. სამწუხაროდ, კომისიებში, ყველგან, "ნაციონალები" ჰყავდათ და დღემდე ჰყავთ. პროკურატურაში, სასამართლოში, მერიაში, საკრებულოშიდა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ყველგან "ნაცმოძრაობაა" გაბატონებული. კომისიებში "ქართული ოცნების" და ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კვოტითაც, ძირითადად, "ნაცების" წარმომადგენლები იყვნენ. მათ, ფაქტობრივად, არავინ აკონტროლებდა და არ უშლიდა ხელს ეკეთებინათ ის, რაც სურდათ. 

დღეს, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩაერთო და ფაქტობრივად, საარჩევნო შტაბს თავად მართავს. მას არამარტო პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია, არამედ პროცესების მართვაც. მან დაინახა, რომ მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანები ისე გაზულუქდნენ და გათავხედდნენ, რომ არჩევნების დროსაც კი არ გაინძრნენ, რათა მათთვის მიცემული ხმები დაეცვათ. ვფიქრობ, მეორე ტური უფრო მეტად გაკონტროლდება. საზოგადოებამაც დაინახა, რომ მხოლოდ "ქართული ოცნების" იმედად არ უნდა იყოს. ხალხი მიხვდა, რომ საკუთარი მომავალი მათი დასაცავია. ჩვენ, რუსთაველის #34-ში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ოფისი გავხსენით, სადაც დიდ მუშაობა მიდის. გაერთიანებული ვართ საზოგადოებრივ საწყისებზე, როგორც შვილმოკლული ოჯახის წევრები ისე, ბიზნეს, ქონებაწართმეული ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უბრალოდ, აქტიური მოქალაქეები. ჩავთვალეთ, რომ მეტად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხისგან დავიცვათ. მოქალაქეებს რომლებიც თავიანთი სახსრებით ვერ ახერხებენ რეგიონებში ჩასვლას და ხმის მიცემას, საშუალებას ვაძლევთ, უფასო ტრანსპორტით გადაადგილდნენ და გააკეთონ არჩევანი. ჩვენი დევიზია _ არა ნაციზმს, არა ფაშიზმს, არა ნაციონალებს! მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიებით რეკლამირებას ვერ ვახერხებთ, საზოგადოების დიდი ნაწილი მოდის ჩვენს ოფისში და რეგისტრირდება, რათა ქვეყანა დაიცვას. მადლობა ღმერთს ქართულ საზოგადოებას შენარჩუნებული აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი და მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობს. საზოგადოების გააქტიურება არის სწორედ იმის გარანტი, რომ ჩვენ, აუცილებლად, გავიმარჯვებთ და "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დავუშვებთ. ჩვენი გაერთიანება აღარ დაუშვებს იმას, რომ ეს საფრთხე ოდესმე განმეორდეს. ამის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ყველა დანაპირების შესრულება, მათ შორის, უმთავრესის _ სამართლიანობის აღდგენა და "ნაციონალების" ხელისუფლებიდან არა ფორმალურად, არამედ რეალურად ჩამოშორება. 

_ ქალბატონო ნანა, ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არჩევნებზე არ წავიდა. როგორ ფიქრობთ, ერი გამოფხიზლდა, მზად არის საკუთარი ხმების დასაცავად?

_ საზოგადოება თვითორგანიზებულია. გავხსენით თუ არა ოფისი სახელწოდებით _ არა ნაციზმს, უცებ, აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან მალე მსგავსი ოფისები გაიხსნა რუსთავში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში. ასეთი ორგანიზაციები მასშტაბურად ფუძნდება, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ თავად ხალხმა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გადავრჩეთ. ვინ გაიმარჯვა 2012 წელს? _ ამაში ბიძინა ივანიშვილის დიდი ღვაწლი იყო, მაგრამ ხალხის როლსაც ნუ დავივიწყებთ. ეს იყო აჯანყება, რომელიც ქართველმა ხალხმა ამ პროვინციულ ფაშიზმს მოუწყო და კიდეც დაამარცხა. მაშინ ხალხი საარჩევნო უბნებთან მივიდა და "ნაცმოძრაობას" უარი უთხრა. დღეს, საზოგადოებაში ზუსტად ანალოგიური გამოფხიზლებაა. ხალხმა ზუსტად იგივე საფრთხე იგრძნო და მიხვდა, რომ ქართული სახელმწიფო და საკუთარი მომავალი მათი დასაცავია. სწორედ ამის იმედი მაქვს, თორემ, "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებული ადამიანები, რომლებიც დღესაც საბოტაჟის მდგომარეობაში იმყოფებიან, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოსთვის არაფერს გააკეთებენ. ხალხმა უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი _ არა ფაშიზმს, არა ნაციზმს და გამარჯვების მერე ხელისუფლებას "ნაცებთან" კოაბიტაციური არსებობის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუმცა, ამას კოაბიტაცია არც ქვია. კოაბიტაცია არ ნიშნავს ხელისუფლების კრიმინალთან თანაარსებობას. კოაბიტაცია არ არის ის, რასაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ვხედავთ _ კრიმინალების ყოფნას. ეს არის დანაშაული. "ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა გაგვცეს, რატომ დაუშვეს კრიმინალები პოლიტიკაში. მჯერა, ქართველი ხალხი ბოლომდე გაწმენდს პოლიტიკურ სივრცეს კრიმინალებისგან. ეს ორგანიზებული საზოგადოება არის გარანტი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩება და გაიმარჯვებს.

_ "ნაცების" გამარჯვების შემთხვევაში არსებობს აგრესიული რევანშის საფრთხე. რა ძალას წარმოადგენენ "ნაციონალები"?

_ არ მგონია, რომ ეს ძალა დღეს გაშიფრული არ იყოს. უდაოა, რომ "ნაცმოძრაობა" სრულიად რუსეთის მიერ მართული და მათ მიერ მხარდაჭერილი ძალაა დაწყებული 2003 წლიდან დღემდე. `"ვარდების რევოლუციის" დროს ყველას კარგად გვახსოვს ვინ ჩამოვიდა რუსეთიდან და გვერდით დაუდგა "ნაცმოძრაობას", რათა მათ გაემარჯვნათ. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი, აბსოლუტურად, რუსულია, იქ, ქართულ სიტყვასაც კი ვერ გაიგონებთ, არათუ რაიმე ქართულ აზრს ან იდეას. მთლიანად რუსული კამპანია, პიარი, პოლიტიკა მიდის. ეს უკვე ღია თამაშია პრო-დასავლურსა და რუსულ პოლიტიკას შორის. ხალხი ხედავს: ვაშაძე თავად აღიარებს, რომ მისი მშობლიური ენა ქართულთან ერთად რუსულიც არის. იგი, თავისი აზროვნებით, ოჯახით, შვილით, რომელიც დღემდე რუსეთის მოქალაქეა და ქართული ერთი სიტყვა არ ესმის, პრო-რუსია. მას რუსული ორიენტაციისა და აზროვნების ოჯახი ჰყავს. ვაშაძის სახით რუსი ფიგურები, რუსული სპეცსამსახურების, კაგებეს ნომენკლატურები ღიად არიან ჩართულნი ქართული პოლიტიკური სივრცის შესაცვლელად. აქ, გასაშიფრი არაფერი არ არის, ღია თამაშს ეწევიან. გაიძახიან: რუსები არ ვართო, მაგრამ ღიად, ლუსტრირებულად გვაჩვენებენ, რომ რუსეთი მოდის, რაც იკვეთება ვაშაძის შტაბიდან დაწყებული მისი ოჯახის წარმომავლობით დამთავრებული. ის აქტიურობა, რაც დღეს საზოგადოებისგან გამოიხატა სწორედ გარანტია იმისა, რომ საქართველო რუსულ წიაღში დაბრუნებას აღარ დაუშვებს და შეეცდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, რაც თავისთავად, გამორიცხავს პოლიტიკაში ვაშაძესთან თანაარსებობას. ასე, რომ მეორე ტურს იმედიანად ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, იგი, არა რომელიმე კანდიდატის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება. 

_ "ნაცმოძრაობა" ბინძურ პიარ-კამპანიას არ ეშვება. მათ დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ ქართული ჯარის ამხედრებაც კი მოახერხეს.

_ დიახ, "ცმოძრაობა" პირდაპირ საბოტაჟს მიმართავს. სამწუხაროდ, ეს საბოტაჟი, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია. სალომე ზურაბიშვილის კი არა, ეს, რეალურად საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებაა, რათა ჩვენი ქვეყანა კრიმინალურმა ძალამ დაიპყროს. სამშობლოს ზოგი გულუბრყვილოდ, ზოგიც შეგნებულად ყიდის. ოდითგანვე ასეა: საქართველოს შინაური მტრები ყოველთვის უფრო მეტად აზიანებდნენ და აზარალებდნენ, ახლაც, ასე ხდება. ყველაზე დიდი მტერი, რაც დღეს საქართველოს ჰყავს, არის "ნაცმოძრაობა", რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. მჯერა, აქაც ქართული გენი გაიმარჯვებს და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არ გაიწირება. უფალი არ დაუშვებს, რომ ქართული სახელმწიფო გადაშენდეს, რაც ავტომატურად, ნაცების დამარცხებას ნიშნავს.

_ ნაცები გვეუბნებიან: დავივიწყოთ 9 წლიანი რეჟიმიო. განა ეს შესაძლებელია?

_ დიახ, "ნაცმოძრაობა" სულ ამას გაიძახის: ნუ გვახსენებთ ამ ცხრა წელს, რაღადროს ეგ არისო. კი მაგრამ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი აგეს? გერმანულმა ფაშიზმმა ხომ აგო პასუხი, იქ, განაჩენიც გამოიტანეს, მაგრამ ერი ფაშიზმს არ ივიწყებს იმიტომ, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს. როგორ შეიძლება ისეთი დანაშაულებების დავიწყება, რაც "ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა?! დავივიწყოთ, რათა იგივე ჯოჯოხეთი კიდევ მოგვიწყონ? რას ნიშნავს დავივიწყოთ. დავივიწყოთ კი არა, მათი ქმედებების შესახებ ჩვენმა შთამომავლობამ უნდა გაიგოს, რათა ის, რაც ნაცების დროს ხდებოდა, აღარასდროს განმეორდეს.

ამ პროცესებმა ძალიან ბევრი სიბინძურე ამოატივტივა _ ხელისუფლებაში დაშვებული შეცდომები და სახელმწიფოს მტრების უზარმაზარი არმია, რომლებიც სერიოზულ დონეებზე არიან მოკალათებული, მათ შორის, მედიაში, პოლიტიკაში, სამოქალაქო სექტორში. ეს ქართველმა ხალხმა კარგად უნდა გაიაზროს. ცვლილება ყველა რგოლს უნდა შეეხოს და მთელი სპექტრი გაიწმინდოს ფაშისტური წარმონაქმნებისგან და ფაშისტური რეჟიმის მხარდამჭერებისაგან. ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ანტიქართული ძალების ჩამოშორება. დიდი მადლობა "საერთო გაზეთს" და ბატონ ვახტანგს იმისათვის, რომ ინარჩუნებთ სისუფთავეს, იბრძვით ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0